პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არნოლდ რუიტელის გზა

ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ყოველთვის მისაბაძ მაგალითებად მიიჩნეოდნენ. დასავლეთ ევროპელები ხშირად გვირჩევენ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიმართულებით ბალტიელთა გამოცდილების გაზიარებას. ბოლო წლებში ლიეტუველები, ლატვიელები და ესტონელები საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მთავარ მხარდაჭერებად იქცნენ. მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული პოზიტიური განწყობისა, ჩვენ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორების შესახებ. სასკოლო სახელმძღვანელოებშიც იშვიათად არის გამახვილებული ყურადღება პატარა ევროპელ ერებსა და მათ ისტორიაზე.

ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი საბჭოეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ?

სსრკ-ის რღვევა ესტონეთიდან დაიწყო. პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც პერესტროიკის უპირატესობებით სარგებლობა გადაწყვიტა, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობდა. ესტონელებმა სუვერენიტეტისათვის ბრძოლა საკმაოდ ორიგინალურ და უწყინარ მოტივს დაუკავშირეს.

1869 წლიდან დღემდე ურალურ ენაზე მოსაუბრე მცირერიცხოვანი ხალხი ეროვნული სიმღერების ფესტივალს ატარებს. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ფესტივალი Laulupidu ესტონელთათვის ნაციონალური იდენტობის გამოხატვის უმთავრეს არენად იქცა. ფოლკლორული მუსიკა, მუსიკალური საკრავები, სიმღერებში გაცოცხლებული ლეგენდები და საგმირო ეპოსები ხალხის გამაერთიანებელ მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა. ხუთ წელიწადში ერთხელ, დღესასწაულის დასასრულ ათასობით ესტონელი ერთ მოედანზე ერთ სიმღერას მღეროდა, რითაც საკუთარ თვითმყოფადობას უსვამდა ხაზს. საბჭოთა და ნაცისტ დამპყრობლებს რეპრესიების შემდეგ მთავარი დარტყმა სწორედ Laulupidu-ის ტრადიციაზე მიჰქონდათ. სტალინურ ეპოქაში საერთოდ აიკრძალა ადგილობრივი ხალხური შემოქმედების შესრულება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურულ პროგრამებში მხოლოდ სოციალისტური რეალიზმის მიმდინარეობის ნიმუშები ხვდებოდა. ხალხმა აკრძალვა დიდხანს ვერ აიტანა. ესტონეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოღვიძების მომენტად 1969 წელი მიიჩნევა.  ფესტივალის ასი წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალზე, კომუნისტური სიმღერების შესრულების შემდეგ, ერთ-ერთმა გუნდმა სცენის დატოვებაზე უარი განაცხადა. მოულოდნელად, გუნდის წევრებმა ნაციონალური სიმღერა დააგუგუნეს. მილიცია შეეცადა, ხელი შეეშალა შესრულებისთვის, მწყობრიდან გამოეყვანა ტექნიკა, მაგრამ მუსიკოსებს ხალხიც აჰყვა, მიკროფონი და ხმის გამაძლიერებელი აღარავის სჭირდებოდა. ცხადია, უშიშრობის სამსახურებმა დაუნდობლად დასაჯეს პერფორმანსის ავტორები, მომდევნო წლებში უმკაცრესად აკონტროლებდნენ მუსიკალური ღონისძიების მიმდინარეობას, მაგრამ პირველი ნაპერწკალი უკვე წარმოქმნილიყო. მომღერალთა გაკიცხვას მრავალწლიანი საჯარო დუმილი მოჰყვა, მაგრამ შეფარულმა პროტესტმა ბიძგი მისცა იატაკქვეშა მუშაობას. 1970-იანი წლებიდან ესტონეთში დისიდენტური მოძრაობა იწყებს გაძლიერებას. დისიდენტები თავიანთი თვითგამოცემებითა და სუსტი პროტესტით ბევრს ვერაფერს ცვლიდნენ, მაგრამ ინარჩუნებდნენ მუხტს, რათა პირველივე შანსი გამოეყენებინათ ხალხის ასაზვირთებლად. შესაძლებლობების ფანჯარა ესტონელთათვის მიხეილ გორბაჩოვის გაპრეზიდენტების შემდეგ გაიხსნა. ბალტიელები გორბაჩოვის დემოკრატიზაციის შედეგად მოტანილ სიკეთეებს საბოლოოდ დამოუკიდებლობის მოთხოვნის გასამყარებლად იყენებდნენ. 1980-იან წლების მეორე ნახევრიდან საზოგადოებამ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კამპანიის ორგანიზება მოახერხა. დისიდენტები პროტესტს გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მოთხოვნებით იწყებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დაგმობამდე, მისგან გამომდინარე შედეგების აღმოფხვრის მოთხოვნამდე მიდიოდნენ.  პაქტი ესტონეთის დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვისა და ცინიკური, სასტიკი განადგურების მთავარი სიმბოლო გახლდათ. ესტონეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ პიკს 1988 წელს მიაღწია, როდესაც Laulupidu-ის საფესტივალო მოედანზე შეკრებილმა 300 000 ათასმა ადამიანმა, ეროვნული დროშებით ხელში კომუნისტების მიერ აკრძალული ჰიმნი  იმღერა. მაშინ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ტალინი მალე ოფიციალურად დაიხსნიდა თავს კრემლისაგან. მუსიკისა და ფოლკლორის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ბალტიელთა წინააღმდეგობას ხშირად „სიმღერის რევოლუციად“ მოიხსენიებენ.

სოფლის შენებას მხოლოდ პირველი და მეორე ხმა არ ჰყოფნის. სახელმწიფოს დასაფუძნებლად მხოლოდ დისიდენტები, ნაციონალისტები და ლიბერალები არ გამოდგებიან. რესპუბლიკის წელში გასამართად საქმიანი, პრაგმატული და მამაცი სახელმწიფო მოხელეებიც არიან საჭირო. 1980-იან წლებში ასეთი ადამიანები ესტონელებს შორის მრავლად აღმოჩდნენ, ერთ-ერთს სახელად არნოლდ რუიტელი ერქვა.

არნოლდ რუიტელი მთელი ცხოვრება მაღალკვალიფიციური საბჭოთა კოლმეურნე გახლდათ. მოგვიანებით მან ძირეულად შეისწავლა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებები, უძღვებოდა დიდ ფერმერულ გაერთიანებებსა და აგრარულ სასწავლო დაწესებულებებს. 1983 წელს გლეხური წარსულის (და არა წარმოშობის, რუიტელების გვარი ახალ ეპოქამდე რაინდები იყვნენ) მქონე მაღალკვალიფიციურმა მკვლევარმა და პედაგოგმა, კომუნისტური პარტიის ნომენკლატურის მოწინავე წარმომადგენელმა ესტონეთის სსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. უწყინარი, მშრომელი და განათლებული, პარტიის წიაღში დაწინაურებული კომუნისტისგან სისტემა წინააღმდეგობას ნაკლებად ელოდა, მაგრამ მოხდა საწინააღმდეგო. კომუნისტების მიერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული პოლიტიკოსი ეროვნული მოძრაობის ნაცვლად ოფიციალურ მოსკოვს დაუპირისპირდა. 1988 წლის ნოემბერში საბჭოთა ესტონეთის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დეკლარაცია ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ, რომელსაც ხელს არნოლდ რუიტელი აწერდა. დეკლარაციის გამოქვეყნებიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში კომპარტიის წევრს ინტენსიურად უწევდა მოსკოვში გამგზავრება. ყოველი წასვლის წინ მას საფრთხე ემუქრებოდა. მოსალოდნელი იყო, რომ რუიტელის მორიგი ვიზიტი დაპატიმრებითა და გასამართლებით დასრულდებოდა. მიუხედავად საფრთხისა, ესტონეთის დამოუკიდებლობის არქიტექტორი ყოველ ჯერზე მიემგზავრებოდა იმპერიის დედაქალაქში, რათა საბჭოეთის ლიდერთათვის დაწვრილებით აეხსნა ახალი გარემოებები, დაესაბუთებინა ესტონეთის სუვერენიტეტის კანონიერება საბჭოთა სამართლის მიხედვითაც კი. 1990 წლის 8 მაისს ესტონეთმა კომპარტიის წევრების ხელით, მათი შრომისა და ზომიერების წყალობით უკვე ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გადაარჩინა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან, გაყოფისგან, რეპრესიებისგან. მოგვიანებით, რუიტელი ესტონეთის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში შეუძღვა.

სადაც ზომიერებაა, იქ ყოველთვის რჩება შანსი დემოკრატიისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანთა პოლიტიკურ წარსულსა და იდეოლოგიურ კუთვნილებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი