პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პატრიოტიზმი და პროფესიული ეთიკა

“სამშობლო ცოტა უფრო მეტია, ვიდრე საგვარეულო სასაფლაო”, – ეს ამონარიდია ზაალ ჩხეიძის ერთ-ერთი ბლოგიდან. ლამაზად არის ნათქვამი და მართებულადაც. ამ მოსაზრების განზოგადება მრავალმხრივადაა შესაძლებელი. სამშობლოს სიყვარულიც ხომ ცოტა უფრო მეტია, ვიდრე წინაპრებისა თუ მიწა-წყლის სიყვარული…

ჩვენ ბევრი რამ გვასწავლეს პატრიოტიზმზე და სხვადასხვა თაობას მის შესახებ სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს. ის სიყვარულის თავისებური ფორმაა და სრულყოფილებისთვის “სხვადასხვა სიყვარულთა თაიგული” სჭირდება. როგორც მათემატიკოსები იტყვიან, პატრიოტიზმისთვის სიყვარული აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი…

ვინ არის პატრიოტი? პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ჩამონათვალში უმთავრესად მაინც გმირები მოხვდებიან, თან აუცილებლად შეწირულები. მათ, ვისაც შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე დგომა, სამშობლოსთვის სისხლის გაღება, ტყვიისათვის მკერდის გადაფარება მოყვასის გადასარჩენად…

მაგრამ პატრიოტიზმს იმხელა მადა აქვს, ამას არ სჯერდება და უფრო მეტს მოითხოვს. თითქოსდა, რა უნდა მოითხოვოს თავგანწირვაზე მეტი? ან როგორ ვაჩვენოთ, რომ პატრიოტები ვართ? როგორ და, რეალური, ნამდვილი მაგალითებით. პატრიოტიზმის დემონსტრირებისთვის სრულიადაც არ არის აუცილებელი ექსტრემალური პირობები. მშვიდობიან ჟამს პატრიოტად ყოფნა შესაძლოა უფრო ძნელიც იყოს, რადგან ის უამრავი, ხშირად შეუმჩნეველი და ნაკლებ პოპულარული, მოსაბეზრებელი და მომქანცველი წვრილმანისგან შედგება.

როდესაც ჩვენი რომელიმე გუნდი გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაშობს, მობურთალნიც და მათი მომზირალნიც ერთგვარ პატრიოტულ ვალს იხდიან. იქ გატანილი ყოველი გოლი თუ კალათში ჩავარდნილი ბურთი ქვეყნის პრესტიჟია. როდესაც მაღაზიაში შევდივართ და ქართული წარმოშობის პროდუქტს ვამჯობინებთ ექსპორტირებულს, ამით ჩვენს პატრიოტულ ვალს ვიხდით – ყოველი გაღებული თეთრი ქვეყნის ეკონომიკაში დარჩენილი ფულია და დიდი სტიმულია ადგილობრივი მეწარმეობისთვის. როგორც ფეხბურთსა თუ კალათბურთს, ისე ეროვნულ ინდუსტრიასაც სჭირდება მხურვალე და ერთგული გულშემატკივრობა. ქართული პროდუქციის ყიდვასთან ერთად ჩვენ ჩვენს უკეთეს მომავალსაც ვყიდულობთ. ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენით ჩვენ კაპიტალს ვაბანდებთ არა მარტო იმ კომპანიის განვითარებაში, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში. ძლიერი კომპანია კი თავს უფლებას აძლევს, კიდევ უფრო უკეთ აღიჭურვოს და კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოგვთავაზოს. მის გაიაფებაზე ფიქრიც არ იქნება უტოპიური და დამანგრეველი… გარდა ამისა, საწარმოს წარმატება არ არის მხოლოდ მის მფლობელთა კეთილდღეობა – ეს ნიშნავს არაერთი ადამიანის დასაქმებას და შემოსავალს საწარმოს შიგნით თუ მის გარეთ… არ იფიქროთ, რომ მრავალჯერ გაგონილ ფრაზებს ვიმეორებ. არა, იმაზე გესაუბრებით, რის საფუძველსაც გამოცდილება მაძლევს.

მოკლედ, ინდუსტრია – პროდუქცია – მომხმარებელი შეკრული ჯაჭვია და თითოეულმა რგოლმა თავისი წილი უნდა იტვირთოს, ისევე როგორც ფეხბურთში: მეკარემ ბურთი დაიჭიროს, თავდამსხმელმა გოლი გაიტანოს, გულშემატკივარმა ოვაცია გამოხატოს…

აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქმის სიყვარულიც პატრიოტიზმია და ამ ნუსხაში ერთ-ერთ პირველ ადგილას პროფესიულ ეთიკას დავაყენებდი.

სულ ახლო წარსულში მომხდარ ამბავს მოგითხრობთ…

საოპერატორო ოთახში ჩართულ მონიტორებზე მთელი საამქროს მაჯისცემა ჩანს. თხელი კედელი და დიდი ფანჯრები ვერ ახშობს დანადგარების გამოძახილს. მათ თავზე ორმოცმეტრიანი შენობა წამომართულა, თითოეულ სართულზე – უამრავი ხელსაწყოთი. ყველა მათგანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნედლეული მზა პროდუქციამდე ისეთსავე ზუსტად გათვლილ ციკლს გადის, როგორსაც სისხლი ჩვენს ორგანიზმში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: საამქრო აქ მომუშავეთა ხელით აშენდა, დაიტესტა და ჩადგა მწყობრში. მათი უცხოელი მასწავლებელ-კონსულტანტ-დამრიგებლებიც წავიდნენ უკვე. ახლა საამქრო მხოლოდ მათ იმედზეა. აქ ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით, თუმცა ახალგაზრდების სიჭარბე უდავოდ მოგხვდებათ თვალში, ზოგიერთი კი შესაძლოა მეტისმეტად ახალგაზრდაც მოგეჩვენოთ ამხელა აგრეგატის სამართავად.

ეს პატარა, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული გუნდია… გუშინ ყველაფერი მოამზადეს დღევანდელი წარმატებული სტარტისათვის, მაგრამ დილა მოულოდნელობით დაიწყო. საწარმოს მენეჯმენტმა სამწუხარო ამბავი მოიტანა – ხვალიდან ყველა უხელფასო შვებულებაში მიდის. მაგრამ ეს ხვალ იქნება. დღეს კი დღესაა. დღეს ჩვეულებრივი დღეა, და ამ დღემაც ჩვეულ რიტმში ჩაიარა. იყო დაღლა, გაუთავებელი გადაძახილები, პარამეტრების კორექტირება, პატარ-პატარა პრობლემები და შეშფოთება, მათი მოგვარება და სიხარული.

არც ერთ მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მათთვის უკანასკნელი სამუშაო დღე ყოფილიყო ამ საწარმოში, აზრად არ მოსვლია, საქმეს გულგრილად მოჰკიდებოდა და ეთაღლითა.

ცვლა გვიან დამთავრდა, მაგრამ ჯერ სახლში წასვლა ადრეა. ყველაფერი უნდა დაიწმინდოს, გაირეცხოს, დალაგდეს – ასე მოითხოვს პროფესიული ეთიკა, და ყველა ისევ აკეთებს თავის გასაკეთებელს.

 

კიდევ რა მახსოვს ამ დღიდან? სახლში წასვლა ბევრს არ უნდოდა. მთხოვეს, დღეს ფეხბურთია და იქნებ აქვე ერთად ვუყუროთო…

მას შემდეგ, როცა თბილ აუდიტორიაში შევდივარ და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო “გუნებაზე ვერ ვარ”, მახსენდება იმ საამქროს ცივი კედლები… და პროფესიული ეთიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი