ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემების ანალიზი (წერილი I)

ლიტერატურის მასწავლებელთათვის მხატვრული ტექსტების ანალიზის კომპონენტების სწავლება  უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თანამედროვე აზროვნება, განსხვავებით საბჭოთა ეპოქის სააზროვნო უნარებისგან, მოითხოვს არა მხოლოდ ტექსტების აღქმა-გაგებას, არამედ მათ ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას. ეს პროცესი ხშირად დაუძლეველ სირთულედ ექცევათ ხოლმე მოსწავლეებს. ზოგადი სურათი ასეთია: მოზარდი ისე ამთავრებს სკოლას, რომ გარკვეული კულტურით გამართული ანალიტიკური ტექსტის შედგენის შესაძლებლობებს მოკლებულია. წლების მანძილზე მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ ამ უნარების განსამტკიცებლად, მაგრამ ხშირად – ამაოდ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო და ლიტერატურის არჩევით გამოცდებზე გამსწორებლები ისეთ კურიოზებს აწყდებიან, რომ ეს ყველაფერი არა კომიკური, არამედ უფრო ჩვენი განათლების სისტემური კრიზისის ტრაგიკული სურათია, სამწუხაროდ.

ტექსტების დეკოდირების პროცესში უმთავრესი, როგორც ყველას მოეხსენება, არის ნაწარმოების იდეურ-მხატვრული და სახეობრივი ანალიზი. ხშირად ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ტექსტის საანალიზო მითითება ფორმულირებულია ამგვარად: „იმსჯელეთ ტექსტში დასმული მორალურ-ეთიკური პრობლემების გარშემო“. ისტერიულად ეშინიათ აბიტურიენტებსა და უფრო დაბალი საფეხურის მოსწავლეებს სწორედ ამგვარი დავალებისა, რადგან ავტორისეული მიზანდასახულობის წვდომა და მორალურ-ეთიკური პრობლემების სწორად იდენტიფიცირება მათთვის არ არის იოლი ამოცანა.

ლიტერატურათმცოდნეებისგან ხშირად მსმენია, რომ მწერლობაში ახალი თემები და იდეები ძნელად იკვეთება, რომ ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, რომ ადამიანური პრობლემები, რომელთა გამოსახვა ლიტერატურის უმთავრესი მისიაა, არ ძველდებიან და მწერლის ნოვატორობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მკითხველისთვის კარგად ნაცნობი თემები ახალი რაკურსით, ახლებურ ჭრილში გააცოცხლოს, უბრალოდ ახალი პლასტებით გაამდიდროს ის. ძალიან პატივსაცემი მკვლევრებისგან მომისმენია, რომ  მსოფლიო მწერლობის თემატიკა 20-25 თემატური მოტივისგან შედგება, რადგან სწორედ ამ თემების გარშემო ტრიალებს კაცობრიობის ჰუმანისტური პრობლემები დასაბამიდან დღემდე.

მწერლები ხშირად გვთავაზობენ იდეალებს, ამაღლებულ გმირებს, თუმცა ტექსტებში მკითხველისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი და მიმზიდველი მაინც ყოველთვის ყოფის შეულამაზებლად წარმოჩენაა. მკითხველს იზიდავს ბუნებრივი, ადამიანური ცოდვა-მადლით დამძიმებული პერსონაჟი, ე.წ. „საშუალო სტატისტიკური“ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ან გარშემო მყოფ უამრავ პიროვნებას მოაგონებს. მის გზაში, მის მსოფლაღქმასა და ქმედებებში სარკის პრინციპით საკუთარი სახის დანახვა შეუძლია. კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერდა, მე მუდამ ცოდვილი, გაოფლილი, ოთხმოცპულსიანი ადამიანი მაინტერესებდაო. ლიტერატურის მთავარი თემა ხომ ყველა ეპოქაში ადამიანია, თავისი ვნებებით, ორსახოვნებით, შინაგანი ბრძოლებით, ტანჯვითა თუ დიდებით. ამიტომაც ეპიკურ ტექსტებში ყოველთვის გადამწყვეტია ბოროტისა და კეთილის ჭიდილის გამოსახვა, რაც ადამიანური ყოფის პროექციაა და დამაჯერებელია მკითხველისთვის. თუ ავტორმა თავისი გმირები მოწყვიტა რეალობას, ის კარგავს მკითხველის ნდობას. ადამიანის მორალურ-ეთიკური პრობლემების აქცენტირებით მწერალი ღიად თუ ფარულად ყოველთვის ახმოვანებს საკუთარ იდეებს, აუცილებლად კონკრეტულ იდეურ გადაწყვეტას უძებნის ამგვარი კოლიზიების პროცესში გმირის ბედს.

ბავშვებს ხშირად იმის გაგებაც უჭირთ, თუ რას ნიშნავს ცნება „მორალურ-ეთიკური პრობლემა“, უძნელდებათ მისი მარკირება ტექსტში და ვერც ავტორისეულ მიზანდასახულობას სწვდებიან. ჩვენი მსჯელობები რომ ზოგადი და თეორიული არ იყოს, შევეცდები ბევრი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო ქართული მწერლობის სასკოლო პროგრამებში შეტანილი ტექსტებიდან. მოზარდებს უპირველესად უნდა ავუხსნათ, რომ მორალური პრობლემები ადამიანის ზნეობასთან, საკაცობრიოდ მიღებულ კოდექსებთან არის დაკავშირებული, ხშირად მწვავე და გადაუჭრელია, მრავალპლანიანია,  ხოლო ეთიკური პრობლემები შედარებით მსუბუქია, ეთიკასთან, ქცევის სტანდარტებთან არის დაკავშირებული და ნათლად წარმოაჩენს პიროვნების შინაგან სამყაროს, ხშირად გმირის ღრმა ფსიქოპორტრეტს გვიცოცხლებს.

მორალურ-ეთიკური პრობლემები ამაღლებულ გმირსაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ძირითადად ის დაკავშირებულია უარყოფითი გმირის, მარგინალის, აუტსაიდერის, ამორალური ადამიანის სახელთან. თუ ამაღლებული გმირი მკითხველისთვის მოდელია ადამიანობისა, ამ ტიპის გმირი, პირიქით, იმას გვასწავლის, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.

ძალზე საინტერესო საანალიზოა იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ ანტაგონისტის, ვარსქენ პიტიახშის მხატვრული სახე. უპირველესად გმირის ქმედებების მიხედვით უნდა ამოვიცნოთ, რასთან ასოცირდება ის? ვარსქენი თვითმარქვია, მოძალადე, კოლაბორაციონისტი, უგულო, სასტიკი და ეგოისტი ადამიანია. მას უპირისპირდება რწმენისა და ეროვნული ინტერესებისთვის თავდადებული, ჰუმანური, ყველასთვის საყვარელი დედოფალი შუშანიკი. მართალია, ჰაგიოგრაფიული ტექსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ შუშანიკის სახეა ჰიპერბოლიზებული და ვარსქენი მწერლის ყურადღების მიღმა რჩება, ავტორს არც მისი სიკვდილით დასჯის ამბავი უხსენებია, მაგრამ ქვეტექსტებში მან მაინც მოახერხა მისი მარგინალიზება. ტექსტში აშკარად იკვეთება, რომ ვარსქენი ყველასთვის მიუღებელ, ძალადობასთან ასოცირებულ, საზოგადოებისგან გარიყულ პერსონად იქცა. ყველა ის პრობლემა, რასთანაც ვარსქენი ასოცირდება, მისი მორალურ-ეთიკური ფსიქოკონსტიტუციის ნათელმყოფელია. მისი სახის ჩვენებით იაკობ ხუცესმა ხაზი გაუსვა იდეას, რომ ძალმომრეობა, სისასტიკე, ეროვნული ინტერესების ღალატი დაუსჯელი არ რჩება. შესაძლოა, ამ თვისებების გამო გმირმა დროებით დიდების ზენიტს და წარმატებასაც კი მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს და ასეთი პიროვნების მორალური კრახი გარდაუვალია.

გავიხსენოთ X საუკუნის გენიალური მწერლის, გიორგი მერჩულის, თხრობის მანერა მის ჰაგიოგრაფიულ შედევრში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ის დრამატული ეპიზოდები, რომლებიც თემატურადაც სიახლე იყო სასულიერო მწერლობის ქმნილებისთვის. ამ სამ ეპიზოდს ასე დავასათაურებდი: „აშოტ კურაპალატის გარდარეული სიყვარული“, „ადარნესეს შეცოდებანი“ და „ცქირი – ღვარძლი იფქლთა შორის“.

მოკლედ განვიხილოთ ამ ეპიზოდების მოქმედ გმირთა მორალურ-ეთიკური პრობლემები და დავაკავშიროთ ისინი ავტორის იდეურ აქცენტებთან. მწერლის მიზანი აქ უპირველესად არის იმის ხაზგასმა და წარმოჩენა, რომ კლარჯეთელი უდაბნოს ბერები, მამა გრიგოლის საძმოს წევრები, თავიანთი ანგელოზებრივი ცხოვრებით, ტალანტების გამრავლებით, ღვაწლის მძლეობით ერის ზნეობრივ სადარაჯოზე დგანან, მხილება მათი იარაღია, თავად უმაღლესი ზნეობრივი მაგალითების მაჩვენებელნი, ერისკაცებსაც უცოდველი, წესიერი და სულიერი ცხოვრებისკენ უბიძგებენ, ვინც მათ დაუპირისპირდება, ქრისტეს გზის, მოყვასის სიყვარულის წინააღმდეგ ილაშქრებს.

აშოტ მეფე ახალგაზრდა, ძლიერი, მებრძოლი, დაუცხრომელი, ჰუმანური, მომხიბვლელი ადამიანი იყო, მას მამა გრიგოლი ქრისტიანთა ზღუდედ მიიჩნევდა, მაგრამ როცა ის სასიყვარულო ვნებისგან იძლია და სასახლეში, საკუთარი მეუღლისა და შვილების გვერდით, მთელი ერის სალაპარაკოდ, მოიყვანა სიძვის დედაკაცი, რომელიც თანამდებობრივადაც დააწინაურა და მეჭურჭლეთუხუცესად დანიშნა, ამით მეფემ შელახა მრავალი ღირებულება: ოჯახის ერთგულება, საზოგადოებრივი ინტერესი, დარტყმა მიაყენა მეფის რეპუტაციას, რაც, ცხადია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ხალხზე, რადგან მეფე ქვეყნის სიმბოლოა. მართალია, არ არის ძნელი გასაგები აშოტის გრძნობათა ცეცხლის სიმწვავე, „ტრფობა წამებული“, როგორც მას ვასილ ბარნოვმა უწოდა, მაგრამ მამა გრიგოლი კატეგორიულად მოითხოვს მეფისგან ამ ცოდვის დათმობას. ის თავს უფლებას აძლევს, რომ მეფის დაუკითხავად მისი ფავორიტი ქალბატონი მერეს დედათა მონასტერში დედა ფებრონიას ჩააბაროს და მისი სულის ხსნაზე იფიქროს. ქალი მორალურად მტკიცე და მორჩილი აღმოჩნდა, მან მწარე სინანული გამოხატა თავისი მდგომარეობის გამო და წმინდა მამის ეპიტიმიაც (წელზე თოკშებმულად მონასტერში წაყვანა) მორჩილად მიიღო. მორჭმული მეფე კი, ამჯერად „მართლმხილებისგან კდემული“, დედა ფებრონიას წინაშე დაუჯერებლად უძლური აღმოჩნდა, ვინაიდან „ხორციელად ძლიერსა მეფესა სულიერად ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოითა შურითა“.

მრუშობის ცოდვა, ვნების ღირებულებებზე წინ დაყენება, გულისთქმის მონობა მეფე აშოტის მორალურ-ეთიკური პრობლემებია, რომელთა დაძლევაშიც მას მამა გრიგოლისა და დედა ფებრონიას მკაცრი „სანქციები“ დაეხმარა. მეფის სინანული ეპიზოდის ფინალში სულისშემძვრელია. „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“ – ამოიგმინა გულშეჭირვებულმა და უძლეველმა მეფემ მორჩილად თავი დაუხარა უბრალო მონაზონს. ამ ეპიზოდით ავტორმა წარმოაჩინა ის იდეა, რომ სწორედ ეკლესიის მისიაა ზრუნვა მრევლის გაკეთილშობილებაზე, ამიტომაც სიკვდილის წინ თამამად ამბობს მამა გრიგოლი, რომ ის და მისი ძმები „მრავალ სულთა ნავთსაყუდელად იქცნენ“… ხოლო მეფე აშოტს თუკი ამ სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, სამეფო ტახტი უნდა დაეთმო და ხალხის თვალში ასე კომპრომეტირებული არ უნდა დარჩენილიყო. ხშირად აშოტის მხარდამჭერები აპელირებენ იმაზე, რომ ვინაიდან მეფე საქრისტიანოს ასეთი ბურჯი იყო, ვინაიდან მეფეები ძირითადად უსიყვარულოდ ქორწინდებოდნენ პოლიტიკური მიზნებით და გრძნობები სხვის მიმართ ჰქონდათ, ვინაიდან ყველა მეფეს ისედაც ჰყავდა სეფექალთა შორის უამრავი საყვარელი, ვინაიდან მეფე აშოტს „გარდარეული სიყვარულით“ უყვარდა ის დედაკაცი, ხომ არ ჯობდა, რომ მამა გრიგოლი მეფის პირად ცხოვრებაში ასე „ქირურგიულად“ არ ჩარეულიყო, თვალი მოეხუჭა მის ცოდვაზე და ამდენი პასუხისმგებლობით დამძიმებული მეფისთვის ეს ერთი ცოდვა შეერგო, თუ ეს სიყვარული მისთვის ესოდენ ძვირფასი იყო. ვასილ ბარნოვმა ამ თემისადმი მიძღვნილ რომანში („ტრფობა-წამებული“) სწორედ ამ ჭრილში წაიყვანა თავისი ქმნილების იდეური ხაზი:  აშოტი და მისი სატრფო (რომელსაც მრავლისმთქმელი სახელი  შუქია უწოდა) უკვდავი სიყვარულის სახე-სიმბოლოებად, ხოლო მამა გრიგოლი და დედა ფებრონია სიყვარულის წინააღმდეგ მებრძოლ, სასტიკ ადამიანებად წარმოაჩინა.

ადარნესე მეფის სასიყვარულო ისტორია უფრო დრამატული და დამზაფვრელია, რადგან მისი გმირი დედაკაცი, აშოტის საყვარლისგან განსხვავებით, ურჩი, ცილისმწამებელი, საკუთარი ცოდვის ვერგამააზრებელი, კონფლიქტური და შფოთის მთესველია. მან წმინდა დედათა შორის ინტრიგების ხლართვით ყველა აღაშფოთა. ამ ეპიზოდის ლაიტმოტივია ცილისწამების ცოდვის სიმძიმე, რამაც ადარნესე საღვთო შურისგებით დასაჯა – ის მძიმედ დაავადდა და სანამ ცოლყოფილს, რომელსაც სიძვა შესწამა, მიტევება არ სთხოვა, ვერ დააღწია თავი სასჯელს. საინტერესო სახეა ადარნესეს ცოლყოფილი, მეფე ბაგრატ შაროელის ასული ბევრელისი, იგივე დედა ანასტასია (ოჯახიდან უსამართლოდ განკვეთილი ქალი ფერსათის მთაზე მონაზვნად შედგა და უმძიმესი ასკეტური ცხოვრებით აგრძელებდა ღვთისმსახურებას). ის ცილისმწამებელი ქმრის მიერ მოგზავნილ კაცს გულწრფელად ეუბნება, რომ არასდროს ადარნესე არ დაუწყევლია და ახლაც სულგრძელად შეუნდობს მას მძიმე ცოდვას. ადარნესეს საყვარელმაც მწარედ ზღო საკუთარი ცოდვებისთვის. ის მალევე გარდაიცვალა და წმინდა დედათა შორის დამარხულს რაღაც შეუცნობელი ძალით საფლავიდანაც კი თხრიდნენ. ეკლესიის ეზოში დაკრძალული წმინდა დედები მონაზონთა გამოცხადებებში ჩიოდნენ ამ ანტიქრისტეს მათ გვერდით დამარხვის გამო. ამ მისტიკური სიუჟეტის მიღმა იკითხება იდეა, რომელიც დავით გურამიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე გამოიხატება: „სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი, ავსა – ავი, კარგსა – კარგი“…

პერსონაჟთა მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე დისკუსიები ხშირად მწვავე, უაღრესად საინტერესო დებატებად იქცევა ხოლმე საკლასო ოთახებში და სწორედ ამგვარი პროცესი უწყობს ხელს ყველაზე მეტად მოსწავლეთა ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამით ჩვენ მოსწავლეს ვუბიძგებთ, რომ იყოს ტექსტის მკვლევარი, უწყვეტად იფიქროს ხელოვნებაში მხატვრული სახის იდეურ დატვირთვაზე, განავითაროს სინთეზირების უნარ-ჩვევები, დააკავშიროს ერთმანეთთან ხელოვნების სხვადასხვა დარგები, რადგან ლიტერატურული გმირი დიდად ენათესავება მხატვრობასა და მუსიკალურ ხელოვნებაში გაცოცხლებულ სახეებს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მომდევნო წერილში უსათუოდ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მსჯელობებს და სიამოვნებით ველით მკითხველის გამოხმაურებებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი