ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პანდემიით გამოკვეთილი საჭიროებები – არიან თუ არა მოსწავლეები მედიაწიგნიერნი და ინფორმირებულნი

პანდემიაში გატარებულმა ერთმა წელიწადმა მსოფლიო ბევრი მიმართულებით შეცვალა. შეგვცვალა ჩვენც, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ერთიანად თავს დაგვატყდა ინფორმაცია, ვარაუდები, საეჭვო კვლევები და მათი შედეგები, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო. დაგვჭირდა ცოტა უფრო მეტად ჩავღრმავებოდით თემატიკას, რომელიც მხოლოდ სკოლაში თუ გვქონდა ნასწავლი, რომლებითაც მხოლოდ სპეციალისტები ინტერესდებოდნენ და პროფესიულ წრეში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე მსჯელობდნენ, მათთვის განკუთვნილ სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდნენ კვლევების შედეგებს.

პანდემიის ზარალი ყველა სფეროზე აისახა, ეკონომიკური კრიზისის მასშტაბები განუზომლად დიდია. ექსპერტები მსჯელობენ, მინიმუმამდე როგორ დაიყვანონ ზიანი, რაც ქვეყნებს შეზღუდვებმა მოუტანა.

ვიდრე განათლების, ეკონომიკისა თუ სხვა ნებისმიერი სფეროს სრულფასოვან ამოქმედებაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, პანდემიის შეჩერებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევუწყოთ ხელი, დავიცვათ სოციალური დისტანცირების, პირბადის ტარების წესები, ასევე გავითვალისწინოთ ხელის და ზედაპირების დამუშავების რეკომენდაციები. ამ მარტივად შესასრულებელი რეკომენდაციების გარდა, მეცნიერებმა ერთ წელიწადში მოახერხეს ვაქცინის შექმნა. თუ ვაქცინაცია მოიცავს მოსახლეობის ფართო ფენებს, მალე შევძლებთ ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას.

ამ სტატიაში საინტერესო ჭრილში განვიხილავთ იმუნიზაციის მნიშვნელობას, ასევე მის კავშირს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. შემოგთავაზებთ საინტერესო სტატისტიკას, რომელიც დაგეხმარებათ მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე ღიად და არგუმენტირებულად იმსჯელოთ, ისინიც ჩართოთ საინტერესო კვლევაში, განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, კვლევითი უნარები და რაც მთავარია, დაეხმაროთ მათ, გახდნენ მედიაწიგნიერნი. რადგან ანტისამეცნიერო განწყობები ძლიერ უტევს საყოველთაო ჯანდაცვას, თითოეულ ჩვენგანს პანდემიის დასრულებისგან გვაშორებს.

მოდით, დავიწყოთ…

ვაქცინაციის მიმოხილვა

თუკი უკანასკნელ 40 წელს გადავხედავთ, ამ პერიოდში მსოფლიოში 1000-ზე მეტ ეპიდემიასა და პანდემიას  ჰქონდა ადგილი. ინფექციური დაავადებები სწრაფად ვრცელდებიან მოსახლეობის გაზრდილი მობილობის გამო. ესენია: ზიკა, სარსი, ქოლერა, მერსი-კოვი, ებოლა, აივ-შიდსი. მათ ნაწილს რეგიონული გავრცელება ახასიათებდა. მათ მოჰყვა სოციალური, ეკონომიკური უთანაბრობის გამწვავება, შედეგები  უზარმაზარი ზიანით ეკონომიკაზე, ადამიანების დანაკარგებით შეიძლება დავახასიათოთ.

კრიზისის დროს ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები კოორდინირებულად მუშაობენ, ერთიანდებიან და ცდილობენ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაეხმარონ ქვეყანას, სადაც ეს შემთხვევა გამოვლინდა, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხდება და ინფექციის შეკავება ხდება დიდი ძალისხმევით, პარალელურად მეცნიერები ცდილობენ მის დამარცხებას.

მხოლოდ ებოლას დროს დაიწერა 40-მდე კვლევა, შემუშავდა საინტერესო რეკომენდაციები, თუმცა როგორც კი ხერხდება ინფექციის დამორჩილება, ფოკუსი იცვლება, თემისადმი ინტერესი იკარგება და გამოცდილებაზე დაფუძნებით აღარ ვემზადებით მომდევნო ეპიდემიისა თუ პანდემიისთვის.  არადა, შემდეგი ეპიდემია მხოლოდ დროის საკითხია. საჭიროა, ყველა ასეთი შემთხვევა განვიხილოთ, მისგან ვისწავლოთ და მომავალს ბევრად მომზადებული შევხვდეთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იმუნიზაციასთან დაკავშირებით არაერთ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავთ. სწორედ ვაქცინაცია ითვლება ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველ ყველაზე ეფექტურ იარაღად. ვაქცინა იმუნურ სისტემას მომავალი საფრთხისთვის წვრთნის. ის დახოცილი ან მოდიფიცირებული მიკრობებისგან, მათი ნაწილებისგან ან დნმ-ისგან შედგება. ვაქცინა ორგანიზმს „ატყუებს” – აფიქრებინებს, რომ ინფექცია შეხვდა. იმუნური სისტემა თავს ესხმის მოჩვენებით მტერს და მომავალისთვის ამზადებს. ამ გზით ადამიანი ინფექციის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს – თუ მას მომავალშიც შეეჯახა, სათანადოდ შეიარაღებული დახვდება. მედიცინაში ასეთი გარღვევა 1796 წელს ედუარდ ჯენერმა შეიმუშავა. შემუშავებული პროცედურა კი პირველად ჩაუტარა რვა წლის ბიჭს. მან აცრისთვის გამოიყენა საქონლის ყვავილით [vaccinia virus, ყვავილვაქცინის ვირუსი] დაავადებული ახალგაზრდა ქალის მასალა. ეს იყო დასაბამი თანამედროვე ვაქცინაციისა – ტერმინი კი ლათინური სიტყვიდან „vacca“ – „ძროხა“ მოდის. ვაქცინაციის ისტორიას XVIII საუკუნის მიწურულიდან, ჯენერის მეთოდის გამოცდის დღიდან ითვლიან. მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი დროისა, ყვავილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მხოლოდ 1980 წელს მიიჩნია აღმოფხვრილად, რაც გლობალური კამპანიის შედეგი გახდა. მხოლოდ მეოცე საუკუნეში ყვავილს 300 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. კაცობრიობის ისტორიის ამ და სხვა ღირშესანიშნავ ეპიზოდებს შეგიძლიათ გაეცნოთ National Geographic-ის რიჩარდ კონიფის სტატიაში „როგორ გვცვლის პანდემიები“, აგვისტო, 2020. როგორ გვცვლის პანდემიები გვემახსოვრება თუ არა ეს გაკვეთილი, როდესაც საფრთხე ჩაივლის?

საუკუნეებია კაცობრიობა იმუნიზაციის გზით ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ყვავილი, პოლიომილიტი, წითელა, ცოფი და სხვა. ასევე სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს, როგორებიცაა – შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულიოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ჯილეხი თუ სხვა. სწორედ საყოველთაო ვაქცინაციის წყალობით ყოველწლიურად 3 მილიონი ბავშვის გადარჩენა ხერხდება. აქვე გვეუბნებიან, რომ იმუნიზაცია, აცრილების გარდა, იცავს აუცრელებსაც, რადგან აცრილთა სიმრავლე დაავადების გავრცელებას აჩერებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მასობრივი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.

სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა

სიცოცხლის ხანგრძლივობა უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითისათვის, შეგვიძლია შევადაროთ, როგორ შეიცვალა შერჩეულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ქვეყანა წელი
1800 1900 2000 2020
სამხრეთ კორეა 25,8 25,9 76,3 83,4
ავღანეთი 28,2 29,4 54,6 64,4
ირანი 25 26,3 73,6 78
საქართველო 31,9 33,4 73,1 73,3
ჩინეთი 32 32 72,1 77,7
იტალია 29,7 43,5 79,6 83,6
გაერთიანებული სამეფოები 38,6 46,3 78 81,2
ბრაზილია 32 32,3 71,7 76,1

რატომ შემცირდა ასე მკვეთრად სიკვდილიანობა, ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, მაგრამ მთავარი მაინც საბაზისო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამკვიდრება და მედიცინის მიღწევებია. შეიძლება დავასახელოთ მათი უკეთესი ხელმისაწვდომობაც. იმუნიზაციამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯანდაცვის პროგრამებმა. სწორედ ამ გზით შემცირდა მანამდე სასიკვდილო დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა (მ. რატიანი „მოსახლეობის ზრდის თავისებურებები და  დემოგრაფიული გადასვლის მოდელი“ მოსახლეობის ზრდის თავისებურებები და დემოგრაფიული გადასვლის მოდელი )

უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა, ზრდა უმნიშვნელო იყო. თუმცა მოგვიანებით საგრძნობლად დაჩქარდა, რამაც 50-იანი წლების შემდეგ სახიფათო კონტურები შეიძინა. ისევ რიცხვებს დავუბრუნდეთ: კაცობრიობის მთელი ისტორია აღმოჩნდა საჭირო, რომ მოსახლეობას 1800 წლისთვის მილიარდიანი ნიშნულისთვის მიეღწია, 1930 წელს კი დედამიწას უკვე 2 მილიარდი მკვიდრი ჰყავდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 130 წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობის 100%-იანი ზრდისთვის. ამის შემდეგ ტემპი უფრო მეტად გაიზარდა და მხოლოდ 30 წელიწადში მოსახლეობას კიდევ მილიარდი შეემატა. შუალედის შემცირება გაგრძელდა და მომდევნო მატებას მხოლოდ 15 წელი დასჭირდა. დღეს კი 12-13 წელია საკმარისი, რომ მოსახლეობამ 1 მილიარდიანი ზრდა აჩვენოს.

ცხრილში მოცემული მონაცემები აღებულია ინტერაქტიული გვერდიდან https://www.gapminder.org/tools/#$state$time$value=2020;&marker$axis_x$domainMin:null&domainMax:null&zoomedMin:null&zoomedMax:null&scaleType=genericLog&spaceRef:null;&axis_y$domainMin:null&domainMax:null&zoomedMin:null&zoomedMax:null&spaceRef:null;;;&chart-type=bubbles. თითოეული წერტილი ქვეყანას აღნიშნავს, მისი ფერი – რეგიონს, ხოლო ზომა მოსახლეობის რაოდენობას. კურსორის მიტანით ვხედავთ ქვეყანაში სიცოცხლის ხალგრძლივობას და მის მშპ-ს. წერტილოვანი დიაგრამის ქვემოთ ისარზე დაწკაპუნებით 1800 წლიდან დღემდე დინამიკას გვიჩვენებს.  ეს ინტერაქტიული გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ყველა ქვეყანამ საგრძნობი პროგრესი განიცადა მოცემულ წლებში. მთავარი მიზეზი კი მედიცინის განვითარებაა.

ვაქცინების შემუშავების მეთოდები

თანამედროვე მედიცინაში განსხვავებული მეთოდებით შემუშავებული ვაქცინები გამოიყენება, ვაქცინების შემუშავების მეთოდები და ტიპები გასაგებადაა ახსნილი ავერსის ვებგვერდზე რა სარგებლობა მოაქვს იმუნიზაციას?

აღნიშნული მეთოდებიდან 4 კოვიდის ვაქცინების შესაქმნელად გამოიყენეს. მათ შორისაა ტრადიციული მეთოდი, პროტეინული ერთეულების შეყვანა, ვექტორული ვაქცინა და ინფორმაციული, ანუ მესინჯერ-რნმ ვაქცინები.

თითოეული მათგანის მოკლე აღწერა ქვემოთაა მოცემული (ვაქცინები – რეალობა და მოლოდინები ):

  1. ტრადიციული მეთოდი – დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსის გამოყენება იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად, გამოცდილი და ტრადიციული მეთოდია, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ეფექტურობა შეიძლება ვერ იქნას მიღწეული. ამ მეთოდს ძირითადად ჩინური კომპანიები იყენებენ.
  2. პროტეინული ერთეულების – ვირუსის რეკომბინანტული ცილის (სპაიკ-პროტეინის) ნაწილის შეყვანა. გამოიყენება ნოვავაქსის და სანოფი-გლაქსოს ვაქცინებში. აღნიშნული კვლევები გახანგრძლივდა და 2021 წელს დასრულდება, სანოფი-გსკ ვაქცინის შედეგებიც 2021 წლის ბოლოსთვის გადაიწია, რადგან ასაკოვან პირებში ეფექტი არ იყო დამაკმაყოფილებელი და კომპანიებმა კვლევების დამატება გადაწყვიტეს.
  3. ვექტორული ვაქცინა – კორონავირუსის გენის – ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენის მიბმა რომელიმე ვექტორთან (გადამტანთან) –  უვნებელ ვირუსთან, მაგალითად, რეკომბინანტულ ადენოვირუსთან. გადამზიდავი ვირუსი ახდენს კორონავირუსის სპაიკ ცილის მიტანას და იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტებისა და ანტისხეულების გამომუშავებას (ოქსფორდი-ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი, რუსეთის გამალეას ინსტიტუტი და  ჩინური კანსინო).
  4. ინფორმაციული, ანუ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინები. ამ მეთოდით დამზადებულია პფაიზერ-ბიონტექის და მოდერნას ვაქცინები. ამ დროს ორგანიზმშიც შეჰყავთ არა ვირუსი, ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ  მ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყებს სპაიკ პროტეინის გამომუშავებას, რომლის მიმართ ორგანიზმი შემდეგში გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს. აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე სწრაფია, თუმცა ამ მეთოდით აქამდე არცერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული.

ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა

ვაქცინაცია საზოგადოებრივ სიკეთეს განეკუთვნება, რადგან ის უკლებლივ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა, სქესისა, ასაკისა, შემოსავლისა, აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საერთაშორისოდ დადგენილი აუცილებელი ვაქცინები. ამას განვითარებული ქვეყნები თავად უზრუნველყოფენ, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ნაწილი კი, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი თანხები, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ან UNICEF ეხმარება. იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული კოორდინაცია  თუ რთულდება, მართვის სათავეები გადადის საერთაშორისო სააგენტოებზე. „გავის ალიანსი“ ამის კარგი მაგალითია. იგი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის მიზანია ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ყველასთვის და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის.

წარსული პანდემიებიდან მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, ვაქცინებს უფრო დიდხანს ელოდებიან, ვიდრე მდიდარი ქვეყნები. ეფექტური ვაქცინების ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც კი დაბალშემოსავლიანი ქვეყნების დაუცველ პირებს, ნაკლებად აქვთ ვაქცინებზე წვდომა. ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და კონკურენციის გამო ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების გასანეიტრალებლად შეიქმნა კოვაქსის ინიციატივა, რომელსაც 186 ქვეყანა შეუერთდა. ის უზრუნველყოფს ვაქცინების სამართლიან განაწილებას. სწორედ ამიტომაა, რომ კოვიდზე ვაქცინაცია დღეს ქვეყნების უმრავლესობაში დაწყებულია.

დეზინფორმაცია ვაქცინაციაზე

დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას. ის ეჭვქვეშ აყენებს ძირითად მიღწევებს, ძლიერ ინსტიტუციებს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ ღირებულებებს, მის ჯანდაცვას. ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება თითოეული მოსწავლე კრიტიკულად მოაზროვნე იყოს და თავად ჰქონდეს უნარი, გადაამოწმოს ინფორმაციის წყაროები, მოვლენები თუ ფაქტები. შეძლოს ყალბი ინფორმაციის გადამოწმება, ეჭვქვეშ დააყენოს და ამოიცნოს ინფორმაციის გამავრცელებლების მოტივები, შეიარაღდეს არგუმენტებით, არ მოექცეს გავლენის ქვეშ და დისკუსიაში დამაჯერებელი იყოს.

პანდემიის გავრცელებამდე თავდასხმის ობიექტი ხშირად ლუგარის ცენტრი იყო, რომლის მნიშვნელობაზე დღეს უკვე აღარავინ დავობს, რადგან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე.

მედია მონიტორინგის ანგარიში მომზადდა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ (DRI), პროექტის „ამოიცანი დეზინფორმაცია“ ფარგლებში და კარგად ხსნის პანდემიის დროს გავრცელებულ არაერთ ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამოიცანი დეზინფორმაცია

მითების დეტექტორი და ფაქტმეტრი ორი მსხვილი ვებგვერდია, რომლებიც მოსახლეობას ეხმარება, არ მოექცნენ გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის, დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. აქვე წაიკითხავთ არაერთი საინტერესო მითის შესახებ, ასევე ნახავთ დამაჯერებელ არგუმენტებს მათ წინააღმდეგ. მოსწავლეებსაც გახმაურებულ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება ამ გვერდების მეშვეობით შეუძლია. ბოლო პერიოდში აქ აქტიურად განიხილება პანდემიისა და ვაქცინაციის თემები.

ასევე საინტერესოა ანტივაქსერული მოძრაობის და პროპაგანდის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული სტატია ანტივაქსერული მოძრაობა და რუსული პროპაგანდა, რომელშიც მოყვანილია საინტერესო ფაქტები ზოგადად ვაქცინაციაზე და ბოლო პერიოდში ანტივაქსერული მოძრაობების წახალისებასა და მის კვალზე.

ჩვენს მოსწავლეებსაც შეუძლიათ მსგავსი კვლევის ჩატარება, გავრცელებული მითების მოძიება პანდემიის წარმოშობაზე, მის გავრცელებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. შეუძლიათ, შეისწავლონ ფაქტები, მოუსმინონ ექიმებს, გაეცნონ სანდო წყაროებს, თავად დარწმუნდნენ, რამდენად მავნებლურია მსგავსი ქმედებები, ვის და რაში შეიძლება სჭირდებოდეს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს.

ამის შემდეგ კი შეიძლება გაიმართოს დისკუსია, მომზადდეს საინფორმაციო კამპანია მითების წინააღმდეგ.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ კოვიდ 19-გან გამოწვეულ კრიზისს, დაავადების გავრცელების გარდა, აქვს და კიდევ დიდხანს ექნება ფართო და გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური შედეგები. ამ შედეგების მოგვარების უმოკლესი გზა ფართომასშტაბიანი ვაქცინაციაა. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ამ თემაზე მეტი ინფორმაცია, რომ თავადაც არ გახდეს ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი. სკოლას დიდი გავლენა აქვს საზოგადოების აზრის შესაქმნელად. ამიტომ ამ თემის განხილვა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი