შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სერიული სიზმრები ომზე და აუცილებელი ფსიქოლოგის ინსტიტუტი

რამდენიმე დღის წინ მესიზმრა, თითქოს ომი იყო. ტანკები ფრონტზე მიდიოდნენ, მე კი, შვილთან ერთად – საწინააღმდეგო მიმართულებით, ბუნკერიანი სახლის საძებრად, სადაც შედარებით უსაფრთხოდ ვიქნებოდით. ბევრი ვიარე, მაგრამ თავშესაფარი ვერ ვიპოვე. არც ტანკების კოლონას უჩანდა ბოლო… სიზმარში განცდილი შიში გაღვიძებულსაც გამომყვა და ფეისბუქზე დავწერე, ომი მესიზმრა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ სიზმრები ომზე სერიულია ჩემი თაობისთვის, უმეტესად მდედრობითი სქესის ადამიანები ხედავენ და განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ისინი, ვისაც შვილები ჰყავს.

იმის მიხვედრას, რომ ჩემი თაობის სერიული კოშმარები ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიითაა ნაკარნახევი, დიდი ჭკუა არ სჭირდება. ალბათ, არც იმას, რომ ქვეყანაში, სადაც რამდენიმე მოუგვარებელი კონფლიქტის კერა და ათიათასობით დევნილი მოქალაქეა, ომისგან დაზარალებულთა ფსიქორეაბილიტაციის არაერთი ცენტრია საჭირო. ვცადე, ინტერნეტით მეპოვა ასეთი დაწესებულებები, მაგრამ არაფერი გამომივიდა – ქართული წყაროები მხოლოდ ომის დროს დანგრეული სახლების რეაბილიტაციაზე წერდნენ. არ გამკვირვებია; როცა ფეხზე არც ისე მყარად დგახარ, უწინარესად პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ფიქრობ, თავს ზემოთ ჭერი რომ გქონდეს და კარადაში – პური; ფსიქიკური ტრავმების სამკურნალოდ აღარც დრო გრჩება და აღარც რესურსი.

არადა, ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს – ისეთი რეალობის პატრონისთვის, როგორიც ჩვენ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია წამებისა და ძალადობის მსხვერპლებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ძლიერი ინსტიტუტი, ისევე როგორც უფლებადამცველთა დაუღალავი შრომა დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ და, რაც მთავარია, ფსიქოლოგის ყოლა სკოლებში. მხოლოდ ასე შეიძლება სძლიოს საზოგადოებამ თავის შიშებსა და ტკივილებს და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ადგილას ჯანსაღი თაობა მოვიდეს.

სკოლის ფსიქოლოგის ინსტიტუტის აუცილებლობაზე ლაპარაკისას გაცილებით ფართო ფუნქციები მოიაზრება, ვიდრე აკვიატებული სიზმრებისგან დაცვა. ფსიქოლოგთან ურთიერთობით პატარები მცირე ასაკიდან ისწავლიან, როგორ შეიძლება არსებულ გარემოში მაქსიმალურად მშვიდი და გაწონასწორებული არსებობა, თავის დაცვა აგრესიული პროპაგანდისგან, როგორ არ არის სირცხვილი სისუსტე და როგორ უნდა გაძლიერდე მათზე ლაპარაკით, რომ თუ ოდესმე ძალადობის მსხვერპლი გახდი, საკუთარ ნაჭუჭში კი არ უნდა ჩაიკეტო – ხმა უნდა აიმაღლო ძალადობის წინააღმდეგ და რომ პრობლემების გამოზრდას მათთან ბრძოლა სჯობია.

სკოლის ფსიქოლოგის ინსტიტუტი, ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრები და ღია სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარ შიშებზე გულახდილად და სირცხვილის გარეშე შეძლებენ ლაპარაკს, ის საკითხებია, რომლებიც რაც უფრო მალე მოგვარდება, მით უკეთესი, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება ავაცილოთ თავიდან  ჩვენს შვილებს ტრავმირებული ფსიქიკა, ვმართოთ ჩვენი შიშები და გავანეიტრალოთ ძალადობრივ გარემოში არსებული აგრესია. ასე შეიძლება აღიზარდოს თაობა, რომელიც თვალს არ დახუჭავს ძალადობაზე და ითხოვს დახმარებას მაშინ, როცა საჭირო იქნება, რომელსაც ეცოდინება, როგორ იდგეს მყარად საკუთარ ფეხზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი