პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ელექტრონული რიდერიდან ო. ჰენრიმდე

ელექტრონული წიგნების მაღაზიები ჩემთვის მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვების ნიშნად ელექტრონული წიგნების ქართული წამკითხველი იოტა რიდერი გადმომცეს. ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა და ლამაზ, თეთრ რიდერსაც, როგორც იქნა, დავუმეგობრდი. საუკეთესო მეგობრები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, გაჭირვების ჟამს უფრო ხშირად გვახსენდება ხოლმე. გაჭირვება კი წიგნომანისთვის რა უნდა იყოს, თუ არა ახალგამოცემული წიგნების არაჰუმანური ფასები… ცოტა ხნის წინ ერთბაშად შევიძინე ნივთიერწიგნიერი სახით ჩემი საყვარელი პოტერიადა და მივხვდი, ასეთ სისულელეს მეორედ აღარ ჩავიდენდი – ელექტრონული ვერსიის ყიდვა ხომ ასე არ დააზარალებდა ჩემს ბიუჯეტს და დაზოგილი თანხით იქნებ ყბადაღებული “შიმშილის თამაშებიც” გამომეყოლებინა ხელისთვის (ცუდ ეკრანიზაციას უფლებას არ მივცემ, წიგნის მიმართ წინასწარ შემიქმნას უარყოფითი განწყობა). პოსტი დიახაც რომ წუწუნს ემსგავსება, რადგან ქართული გამომცემლობები ახალ თარგმანებს ზოგჯერ მიუწვდომელს ხდიან, ლიტერატურის მოყვარულებისთვის კი არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ; თავად ბუნებრივად მიაჩნიათ, პოტერიადის ერთ-ერთი წიგნი, “ფენიქსის ორდენი”, ოცდაორი ლარი ღირდეს, თავს კი, როგორც წესი, პერიოდული ფასდაკლებით იმართლებენ.

ქართული ლიტერატურული ბაზრის ამაოებაზე გაბრაზებული, ერთ-ერთი ელექტრონული მაღაზიის ვირტუალურ თაროებზე ვიქექებოდი. ჰოდა, სულ რაღაც ლარ-ნახევრად ჩემი ბავშვობა აღმოვაჩინე. შეუძლებელია, გული ყელთან არ მოგებჯინოს, როცა შემთხვევით გადაეყრები ათი წლის გოგოს, რომელიც თვალებითღა გგავს და რომელსაც ხელში “ამერიკული ნოველის” ერთ-ერთი (სავარაუდოდ, მეორე), მოკრემისფრო ტომი უჭირავს. იმ ტომებიდან შევიტყვე თომას ვულფის, უილიამ საროიანის, სელინჯერის, ფოლკნერის, შერვუდ ანდერსონის, სტივენ ლიკოკის, ო. ჰენრისა და სხვათა არსებობის შესახებ. მაშინ ხელში 1968 წლის გამოცემა მეჭირა და მეტისმეტად პატარა ვიყავი იმისთვის, რომ თარგმანის ავ-კარგზე მეფიქრა. სხვა რამეები უფრო მაინტერესებდა: გროვერის ზეთისხილისფერი კანი, ნახშირივით თვალები და ათ ცენტად ნაყიდი მთელი კალათა პომიდორი; ექვსი წლის ბიჭის მიერ “შექმნილი” ხუთი მწიფე მსხალი და გონებაჩლუნგი მისტერ პოლარდი, რომელსაც ვერაფრით გააგებინებ, რომ ვერ მოიპარავ იმას, რაც თავად შექმენი და ისედაც შენ გეკუთვნის; ბანანისხურვებაშეყრილი თევზები; სულელი, რომელსაც არ უნდა, ფული იშოვოს და ისეთ სულელს დაეხმაროს, როგორიც თავადაა; აღმზრდელი ჰერტრუდა, რომელსაც მკერდზე მედალიონი ჰკიდია დედის მინიატურული პორტრეტით, კისერს მამის დაგეროტიპული სურათი უმშვენებს, ბებიის პორტრეტი სახელოში აქვს ჩამალული, ხოლო ბიძაშვილებისა ფეხსაცმელში ჩაუკეცავს; უკანასკნელი ფოთოლი, რომელსაც რატომღაც ნოემბრის ქარიშხალიც კი ვერაფერს აკლებს.
მავანს – სურნელით, მავანს – გემოთი, სხვას – სურათებით, მე კი ტექსტებითა და ავტორებით მამახსოვრდება საკუთარი წარსული და გული, აბა, როგორ არ ამიჩუყდებოდა, როცა ამერიკული ნოველების მეორე ტომს კი არა, მასში შესული გენიალური ნოველისტის, ო. ჰენრის მთელ კრებულს გადავეყარე. შეხვედრა ამჯერად უფრო ნაყოფიერი გამოდგა: მივხვდი, რატომ დამამახსოვრდა მწერალი და მისი ამბები ასე მძაფრად. ეს არის ჩვეულებრივი ამბები ჩვეულებრივი ადამიანებით და არაჩვეულებრივი, სრულიად მოულოდნელი ფინალებით. თავად მისი ფინალი კი არცთუ მოულოდნელი გახლდათ – ღარიბი და მარტოსული, დიაბეტითა და ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.
წარმოდგენა არ მაქვს, ნამდვილად თაღლითი იყო თუ არა უილიამ სიდნი პორტერი – ბანკის კლერკი, რომელიც მოცალეობის ჟამს ჟურნალისტად მუშაობდა. ერთხელ, რევიზიის დროს, ხუთი ათასი დოლარის დანაკლისი აღმოუჩინეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოჰაიოს ციხე რომ არა, სიდნი პორტერი სიდნი პორტერად დარჩებოდა, ო. ჰენრის სახელით ვერასდროს დაწერდა ქალაქის თვისების – კვადრატულობის შესახებ და “გეომეტრიულ ლიტერატურაში” ვერ შემოიყვანდა  სემ ფოლუელსა და კოლ ჰარკნესს, მოსისხლე მტრებს, პერსონაჟ-დიაგონალებს, რომელთა გადაკვეთის წერტილი სულაც არ აღმოჩნდა სისხლიანი; გოგონას შესახებ, რომელსაც მოუცლელი მამა არასოდეს ეთამაშებოდა ჭადრაკს და რომელიც ისე გაველურდა, როგორც შეიძლება, გაველურდეს ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც ოცდაოთხი საათი ქუჩაშია და იქ ჭადრაკს არავინ ეთამაშება, არც წიგნებს უკითხავს ვინმე; უკვე გაუფასურებული საშობაო საჩუქრების შესახებ, რომელთა ერთმანეთისთვის საყიდლადაც მოსიყვარულე წყვილები ყველაზე ძვირფასს თმობენ და, რა თქმა უნდა, ვერავინ დაწერდა ხელმოცარული მხატვრის, ბერმანის შესახებ, რომელმაც სამოცი წლის ასაკში საკუთარი სიცოცხლის ფასად შექმნა თავისი ერთადერთი შედევრი და სხვისი სიცოცხლე იხსნა. რომ არა ო. ჰენრი, არაფერი გვეცოდინებოდა ბანანის რესპუბლიკის, ანჩურიის გამოგონილი სახელმწიფოს შესახებ და ამ ტერმინსაც ვერასდროს გამოვიყენებდით სახელმწიფოსა და ერის ყოველგვარი ნაკლოვანების აღსანიშნავად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი