პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ის

ის ერთ-ერთი მათგანი იყო. არც ნაბოლარა, არც პირველი…

ისინი ერთად ცხოვრობდნენ ერთ დიდ სახლში… ისიც მათთან ერთად ცხოვრობდა…

ისინი ერთად თამაშობდნენ სახლობანას, ხელისჩაჭიდობანას, დაჭერობანას… ისიც მათთან ერთად ერთობოდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანისთვის ახერხებდა თამაშში აყოლას…

დრო გადიოდა და იზრდებოდნენ. იზრდებოდა ისიც… ახლა ისიც და ისინიც უფრო სერიოზულები ჩანდნენ. უფროსები ერთმანეთთან საქმიან კავშირებს ამყარებდნენ. ამ კავშირების წყალობით ჩანდნენ ყველგან. მათზე ხშირად წერდნენ, ხშირად მიმართავდნენ დახმარებისა თუ სხვა საჭიროებისთვის… ისიც მათთსავით იყო, თუმცა დანარჩენებივით არ ბრწყინავდა…

ისინი სულ უფრო და უფრო ხვეწდნენ ურთიერთობის ხელოვნებასა და ფორმებს. მათ უკვე ყველგან ნახავდით – სოფლად თუ ქალაქად, მაღაროში თუ სცენაზე, გასტრონომსა თუ აფთიაქში, კვარცხლბეკზე თუ სატუსაღოში… მოკლედ, ისე გამრავლდნენ, რომ მთელი ქვეყანა ისინი იყვნენ… მაგრამ ყოველი მათგანი ერთი და იმავე წესით ცხოვრობდა, ერთსა და იმავე გატკეპნილ ბილიკს მიუყვებოდა და არც ერთ მათგანს არ მოუვიდოდა აზრად ამ გზიდან გადახვევა… ისიც მიუყვებოდა ამ ნაცად ბილიკებს, მაგრამ ხშირად თვალი გვერდით წამომართული მთის კალთებისკენ გაურბოდა… იქ ჯერ არავის გაევლო, იქ ჯერ არ იყო გზა, ბილიკი, სულის მოსათქმელი ჩერო თუ დაღლილი მგზავრის მხსნელი ანკარა წყარო…

ერთ დღესაც, როდესაც ყველა ერთად მიუყვებოდა უკვე წესად ქცეულ ბილიკს, მან ნაბიჯი გვერდით გადადგა… უმალ უკან დააბრუნეს და გაკიცხეს. ის ჯერ პატარა იყო და წინ ვერ აღუდგა მათ, მორჩილად დაუბრუნდა საერთო ფერხულს…

დრო გადიოდა… ცხოვრების რიტმი და ტემპი სულ უფრო და უფრო ჩქარდებოდა. ახლა ისინი უკვე მთელი სისწრაფით დაქროდნენ ამ გატკეპნილ ბილიკზე, ეშურებოდნენ ერთმანეთთან მირბენას, რაღაცის გადაცემას თუ გამორთმევას, მერე ისევ ვიღაცასთან გაქცევას და ასე დაუსრულებლად ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წამს, დღისით თუ ღამით… შორიდან მათი ფუსფუსი ერთ დიდ და უსასრულო როკვას წააგავდა. ამით ისარგებლა მან და ისევ გამოეყო საერთო ფერხულს…

მთის წვერი იზიდავდა. იქ, სადაც ყოველ ცისმარე დღეს შემოსკუპდებოდა ხოლმე მზე და უნათებდა სავალ ბილიკებს… ეგონა, მთის მწვერვალს თუ მიაღწევდა, იქ მზე დახვდებოდა და ხელით შეეხებოდა…

ჰოდა, ერთხელაც შეუყვა მთის ვარდყვავილიან და ნარეკლიან კალთას. გზა არ იყო და იგი თავად მიკვალავდა ბილიკს…

მათ ის ისევ შეამჩნიეს და აურზაური ატეხეს. ვინ ევედრებოდა, ვინ უყვიროდა, ვინ ლანძღავდა, გაკიდებით კი არავინ გაჰკიდებია, რადგან ზოგს სიმაღლისა ეშინოდა, ზოგს – ნარ-ეკლისა, ზოგს კი ეთალიკებოდა კიდეც იქ სიარული.

ის კი სულ წინ და წინ მიიწევდა. გზა მართლა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მზესთან შეხების სურვილი სძლევდა ტკივილებს. თან უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ ჰქონდა… ახლა ყოველი ტანჯვით გადადგმული ნაბიჯი აშორებდა “თავისიანებს”, მაგრამ აახლოებდა მთის მწვერვალთან…

ისინი კი მტკიცედ იდგნენ თავიანთ ბილიკზე და მას გასცქეროდნენ. ზოგი ისევ ხელს უქნევდა და დაბრუნებას სთხოვდა, ზოგი ისევ თათხავდა, ზოგი ცნობისმოყვარეობას ვერ ელეოდა…
და ერთხელაც მან მიაღწია “თავის მწვერვალს”…

ეს მოხდა გამთენიისას…

და როცა მზე ამოვიდა, ის ახლოს აღმოჩნდა მზესთან. თავადაც აენთო.

ისინი მას აღარ უცქეროდნენ, რადგან მზისათვის თვალის გასწორება არ შეეძლოთ…

აი, ასეთი გზა განვლო ნახშირბადის ელემენტმა. როდესაც აღმოჩინეს, როგორც სხვა ელემენტებს, მასაც მიუჩინეს სამუდამო სამყოფელი მეორე პერიოდის მეოთხე ჯგუფში და ამით ვერდიქტი გამოუტანეს – ისევე ეცხოვრა და მოქცეულიყო, როგორც ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ დანარჩენი ელემენტები. ამ წესებით, ის ორვალენტიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა მას სხვა მისწრაფებები ჰქონდა. ამ არასტანდარტულობის გამო დიდხანს არ ესმოდათ მისი ქცევა და ანომალიური ელემენტის ტიტულიც დაიმსახურა.

პირველად მაშინ გადაუხვია “საერთო ბილიკიდან”, როცა აღმოჩნდა, რომ სხვა ელემენტებისთვის მიღებული ჟანგვითი რიცხვის ცნება მისთვის გამოუსადეგარი იყო (მაგალითად, გამოვთვალოთ ჟანგვითი რიცხვი Al2O3-სა და C3H8-ში). დანარჩენ ელემენტებში თუ შეგვიძლია, ერთი საერთო წესის გამოყენებით ზევიდან დახედვით გამოვთვალოთ დაჟანგვის რიცხვი, ნახშირბადისთვის მოლეკულის შიგნით ჩახედვაა საჭირო. სანამ ამას მიხვდებოდნენ მეცნიერები, ნახშირბადი გარიყული იყო. მეცნიერებს ვინ დაეძებს, ვატიკანიც არ სწყალობდა – ანათემას გადასცეს. ამიტომ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ნახშირბადიც თითქოს თავის თავში ჩაიკეტა და თვითრეალიზაციის საკუთარი გზა აირჩია. ელექტრონებით თუ ენერგეტიკული დონეებით მდიდარი ელემენტები მრავალფეროვნების გამოსახატავად ლამის ტყავს იძრობენ – იცვლიან დაჟანგულობის რიცხვს, იყენებენ თავისუფალ ორბიტალებს, “სუსტ” წყალბადურ და კოორდინაციულ ბმებზეც არ ამბობენ უარს, რომ როგორმე ახალ-ახალი ნაერთების სახით მოიწონონ თავი ჩვენ წინაშე. ნახშირბადატომი კი განსაკუთრებულია. მან თვითრეალიზაციის უნიკალურ მეთოდს მიაკვლია. ის ერთადერთი ელემენტია, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას ნახშირბადოვანი ჩონჩხი თუ ციკლური სტრუქტურები, თავისი “ფანტაზიის” წყალობით მოგვევლინოს მილიონობით ნაერთში და იმავდროულად იყოს “ანომალიურად”, მაგრამ უცვლელად ოთხვალენტიანი…

კლასში, სამეგობროში, სამეზობლოში თუ ვინმე ისე არ იქცევა, როგორც დანარჩენები, კარგად დავაკვირდეთ – ვინ ისიც, იქნებ ის “ის” არის…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი