შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ოპერაცია “ერთი ამოცანა და ათი მაგალითი”

სექტემბერი სკოლის დროა. სკოლის დრო ყველა სხვა თვეცაა ზაფხულის თვეების გარდა, მაგრამ სექტემბერს წიგნის სუნი უდის და ის მაინც განსაკუთრებით არის სკოლის დრო. ახალი სახელმძღვანელოების სუნი მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი მოსწავლისთვისაც კი მადის აღმძვრელია და მე ყოველთვის ყველა სუნამოს სურნელს მერჩივნა. დღემდე ასეა: ახალი წიგნის სუნს ვერც ერთი პოპულარული სუნამო ვერ უწევს მეტოქეობას და მეც წიგნს უფრო მეტს ვყიდულობ, ვიდრე სუნამოს. რაღა თქმა უნდა, წიგნს ვერ იპკურებ, Marc Jacobs Daisy კი სწორედ ამისთვის შეიქმნა; წიგნის სუნს ვერ ჩაატარებ და კილომეტრზე ვერ დატოვებ, Chanel No.5-ის მაცდუნებელ სურნელს კი მთელ ქუჩას მოსდებ… ალბათ სისულელეა, მაგრამ ყოველთვის, როცა სუნამოს ყიდვას გადავწყვეტ, პატრიკ ზიუსკინდი მახსენდება ხოლმე და მე-18 საუკუნის საფრანგეთის შვილი, უცნაური პარფიუმერი ჟან-ბატისტ გრენუი. ეს საკმარისია, რომ მაღაზიიდან ცივად გამოვიდე. ამ წიგნის შესახებ – მერე; სახელმძღვანელოებსა და სექტემბერზე ვლაპარაკობდი.

ისევე, როგორც ყველა ბავშვმა, მეორეკლასელმა თომამაც სასკოლო წიგნები ჯერ კიდევ სექტემბერში შეიძინა. ისევე, როგორც ყველა ბავშვმა, მანაც იგრძნო ის მადის აღმძვრელი სუნი, რომელიც სწავლას გვაიძულებს და ძალიან მოუნდა ამ წიგნების დაგემოვნება, მაგრამ ნურას უკაცრავად: სიტყვები გაასინჯეს, ციფრები – არა. მისმა დამრიგებელმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მათემატიკის სახელმძღვანელო, რომელიც, ობიექტურად, კარგად შედგენილი და, ამავე დროს, სახალისოც გახლავთ, მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და თომაც აგერ მეორე წელია ვალდებულია, თითქმის ყოველდღე “თავის მიერვე” შედგენილი ათი მაგალითი და ერთი ამოცანა მიიტანოს. ვინც ჩემს პოსტებს კითხულობს, ალბათ, იცნობს კიდეც ჩემს პატარა ძმისშვილს, მე კი სულაც არ მქენჯნის სინდისი, წყალივით მილიონჯერ ნახსენები თომა მილიონმეერთედ ვახსენო. ერთი სიტყვით, შვიდი წლის ბავშვი, რომელსაც თვალი თავისი ფერადი სახელმძღვანელოსკენ გაურბის, ვალდებულია, ეს ავტონომიური და მორბენალი თვალები დასაჯოს და რვეულის ნაცნობი ინტერიერით – კვადრატულად დახაზული პრინტით დაკმაყოფილდეს. ჩვენ კი, მისი ოჯახის წევრები, ვიგონებთ ამოცანებს 2011 და 2012 წელს წეროების მიერ მოყვანილი ბავშვების რაოდენობაზე, თომას ბებიის ასხმული ჩურჩხელებისა და თედოს ბებიის ასხმული ჩურჩხელების რაოდენობრივ სხვაობაზე, კარლსონს ყველა ქილა მურაბას ვუთვლით, რაც კი ოდესმე შეუჭამია და პეპის წინდების ზოლების რაოდენობასაც ვადარებთ ზებრის ზოლების რაოდენობას.

თომასაც და ჩვენც უკვე შემოგველია დასათვლელი, შესაკრები თუ გამოსაკლები საგნები და დავფიქრდით ერთ უცნაურ სენზე, რომელიც ქართველ მასწავლებლებს ხანდახან აწუხებთ: სახელმძღვანელოებისადმი განდგომისაკენ ლტოლვაზე.
არადა, დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნები მხოლოდ ფერადი ილუსტრაციების სიუხვით კი არ ახარებს თვალს, შინაარსობრივადაც არანაკლებ საინტერესოა. მათემატიკის სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითები და ამოცანები ზედმიწევნით გათვლილია ბავშვის ინტერესებზე, გონებრივ რესურსებსა თუ გემოვნებაზე. თომა კი იძულებულია, მათემატიკის წიგნის სურნელით იშვიათად დატკბეს, ხოლო მშობლები – საშინაო დავალების შესრულებაში კი არ დაეხმარონ, უშუალოდ მოუმზადონ ის. სხვაგვარად თომა “კარგი ბიჭი ვერ იქნება”, სახლში ათიანს ვერ მოიტანს და ვერ გაგვახარებს. სხვაგვარად თომას მასწავლებელი შუბლს შეიჭმუხნის და რადგან თომას, ისევე როგორც პატარების უმეტესობას, მასწავლებელი უგემრიელეს შოკოლადსაც კი ურჩევნია, ეწყინება, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო აწყენინა და მის შუბლზე წამიერად გაჩენილი ნაოჭების მიზეზი გახდა.

სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებული შენიშვნები და, საერთოდ, ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ თუ ეს შენიშვნები კულუარებში რჩება, ადრესატამდე ვერ აღწევს და საბოლოოდ მოსწავლეებს ატყდება თავს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. დაწყებითი კლასები იქით იყოს და, მე კარგად მახსოვს მითქმა-მოთქმა თამაზ ვასაძის მიერ შედგენილ მე-10 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოზე და ამ მითქმა-მოთქმის უცნაური მორალი – “ქართველობის დაკარგვა”. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნი უცხოური ლიტერატურის გააზრების საშუალებასაც აძლევს მოსწავლეებს. გალანძღული სასწავლო წიგნების სია დიდია, ხშირად – უსამართლოც, და თომასაც, რომლისთვისაც მასწავლებელი ღმერთია, ვერ გაუგია, ვის დაუჯეროს: ღმერთს, რომელიც ათი მაგალითის ჩამოწერის პრინციპს ისევე არ გადაუხვევს, როგორც ათ მცნებას თუ საკუთარ თვალებს, რომლებიც ჯიუტად გარბიან მათემატიკის ილუსტრირებული სახელმძღვანელოსკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი