პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მუსიკის გაკვეთილი

არცთუ დიდი ხნის წინ ერთი კარგი გოგონა გავიცანი – თინათინ შურღაია. თინათინი დამწყები მომღერალია და მას youtube-ზე შევხვდი. პირველი ვიდეო სამი თვის წინ აუტვირთავს და დღემდე 10 000-მდე მოსმენა აქვს. თინათინს ძლიერი ხმა, მელოდიური სიმღერები და საინტერესო ვიზუალით გაფორმებული სიმღერები აქვს, სულ 4 ცალი. სამი თვისთვის საკმარისია, მე თუ მკითხავს კაცი.

ამ თინათინმა სხვა თინათინი გამახსენა, ისიც ინტერნეტში ნანახ-გაცნობილი, გაცილებით ნაყოფიერი, კლავიშთან დამეგობრებული გოგო – თინათინ ათინათი. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ერთი და იგივე პიროვნება ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ არა. ის, პირველი, ბევრად უფრო დამუშავებული, კომერციული, პროფესიონალიზმისკენ მიდრეკილია, ვიდრე მეორე. ამ მეორის მუსიკა უფრო თვითმყოფადი და თავისუფალია, ისე ჩაწერილი, მოუსმენენ თუ არა, დიდი მნიშვნელობა რომ არ აქვს, – უყვარს და უკრავს. მეორესაც სჭირდება ერთი კარგი სტუდია, მეტი ყურადღება და ერთით მეტი კარგი მუსიკოსი გვეყოლება. ასეთები კი ნამდვილად გვჭირდება, თანამედროვე ქართველ შემსრულებელთა მწირ სიას თუ გადავავლებთ თვალს.

თინათინ ათინათს რომ ვუსმენდი, ჩემი მუსიკის გაკვეთილები გამახსენდა, ადრე, ბავშვობაში მიღებული. საინტერესოა, ახლა როგორ სწავლობენ მუსიკას ბავშვები საჯარო და მუსიკალურ სკოლებში…
მცირე ჩანართი პირადი გამოცდილებიდან

ჩემს მუსიკის მასწავლებელს მილკა ერქვა, დიდი, ზომიერად ფერხორციანი ქალი იყო უზომოდ ბევრი ხალით. შემოვიდოდა ხოლმე გაკვეთილზე, მიუჯდებოდა პიანინოს, დაუკრავდა რაიმეს ტრადიციული ქართული სასიმღერო რეპერტუარიდან და ჩვენ, ანუ მთელ კლასს, უნდა გვემღერა. ჩვენს უმეტესობას, ცხადია, არცთუ ისე კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, ამიტომ ჩვენი მუსიკის გაკვეთილები სრული საშინელება იყო და მათ, ისევე როგორც ფიზკულტურისა და ხაზვის გაკვეთილებს, თითქმის არავინ ესწრებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ ყველა, მეც და ჩემი თანაკლასელებიც, დავდიოდით მუსიკაზე სხვა მასწავლებლებთან (სამუსიკო სკოლაში), ვსწავლობდით ფორტეპიანოს, მუსლიტერატურას და სოლფეჯიოს, ვუკრავდით გამებს და არც ერთმა არ ვიცოდით, რა საჭირო  იყო ეს ყველაფერი.

სამუსიკო სკოლაში სიარული მეექვსე კლასში შევწყვიტე და ვთქვი, რომ შვილს არასოდეს ვატარებდი მუსიკაზე, ვინაიდან ასე შეუძლებელია ისწავლო მუსიკის სიყვარული.
პირველი, რაც მუსიკის (და არამხოლოდ) მასწავლებელმა უნდა გასწავლოს, მისი სიყვარულია, არგუმენტირებული სიყვარული. მე მუსიკის არგუმენტირებულ სიყვარულამდე გაცილებით გვიან და დამოუკიდებლად მივედი. სწორედ ამ დამოუკიდებლად ნასწავლმა სიყვარულმა დამაფიქრა იმაზე, როგორია მუსიკის გაკვეთილები თანამედროვე სკოლებში, ვინაიდან უცებ ძალიან მომინდა, დღევანდელი პატარები არა ასე, ჩემი თაობის ბავშვებივით იტანჯებოდნენ მუსიკის გაკვეთილებზე, არამედ კარგ მუსიკას ისმენდნენ, თანამედროვე ქართველ (და არამხოლოდ) შემსრულებლებს ეცნობოდნენ, მათ მსგავსება-განსხვავებებს, ღირსებებსა და ნაკლოვანებებს აანალიზებდნენ, მუსიკალურ ლიტერატურას ეცნობოდნენ, ერთი ნაწარმოების რამდენიმენაირ შესრულებას ისმენდნენ, ფიქრობდნენ იმაზე, რატომ არ არსებობს საქართველოში სრულფასოვანი მუსიკალური სივრცე და რა არის საჭირო მუსიკალური ინდუსტრიისთვის, რატომ უყვართ ის შემსრულებლები, რომლებიც უყვართ და სხვა ასეთ საკითხებზე.
ამით ბავშვებს თავიდან ავაცილებდით მტანჯველ გაკვეთილებს და მივიღებდით თაობას, რომელიც კარგი მსმენელი იქნებოდა, ეს კი თავისთავად გაზრდიდა ქვეყანაში მოთხოვნას კარგ შემსრულებლებზე, თორემ დღეს კარგ მუსიკოსებს უკეთეს შემთხვევაში 10 000 კაცი უსმენს, ხოლო უარესში ისინი ხარისხიან ჩანაწერსაც კი ვერ აკეთებენ და მსმენელთა რიცხვიც ოდნავ თუ აღემატება ნაცნობ-მეგობრებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი