ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ნამდვილად კარგია სკოლა, რომელიც სახლთან ახლოს არის?

მივეჩვიე, რომ გაზაფხული ჩემთვის იწყება შეკითხვით: „შეგიძლია, მირჩიო, რომელია კარგი სკოლა?“. შეკითხვის ავტორი, როგორც წესი, ახალბედა მშობელია, რომელიც პირველად დადგა არჩევნის წინაშე. იშვიათად, მაგრამ ეს შეკითხვა გამოცდილ მშობლებსაც აქვთ, რომელთაც სკოლებთან თანამშრომლობის ნეგატიური პრაქტიკა დაუგროვდათ და გადაწყვეტილების მისაღებად სხვისი აზრის გაზიარება სჭირდებათ.

ვერ ვბედავ, რომ ვუპასუხო ის ფრაზა, რომელსაც სოციალურ ქსელში გაჩაღებულ დისკუსიებში წერენ ხოლმე: „კარგია ის სკოლა, რომელიც სახლთან ახლოს არის“. ალბათ იმიტომ ვერ ვბედავ, რომ ჩემი, როგორც მშობლის გადაწყვეტილება არ ყოფილა ასეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. კარგი სკოლის შესახებ მე ჩემი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი სუბიექტური აზრი სხვა მშობლის პერპექტივიდანაც მოსაწონი და გამართლებული იქნება.

იმისთვის, რომ სხვას კონკრეტული სკოლა ვურჩიო, საჭიროა შეფასების მეტ-ნაკლებად ობიექტური კრიტერიუმები არსებობდეს, ვიდრე ის, თუ რა ისტორიები მსმენია მე ამა თუ იმ სკოლის ცხოვრებიდან.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სკოლების შეფასების არც სუბიექტური და არც ობიექტური სისტემა არ არსებობს. ამ ფონზე, ცხადია, მშობლებს უჭირთ გააზრებული, ინფორმირებული არჩევნის გაკეთება და უმეტესად ნაცნობ-მეგობრების გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას. რაც ზოგჯერ და არცთუ იშვიათად იმის რისკს ქმნის, რომ მშობლების მოლოდინი და სასკოლო რეალობა სრულიად აცდენილია ერთმანეთს.

როგორ შეიძლება ამ ვითარებაში მშობლებმა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობები, ბავშვისთვის სკოლ(ებ)ის შეცვლის მოსალოდნელი პრაქტიკა და უსიამოვნებები?! როგორ მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი შვილისთვის მომდევნო 12 წელს  სასარგებლოს, სასიამოვნოსა და საინტერესოს გახდის?

სკოლის შერჩევა ჩვენი შვილის გაცნობით დავიწყოთ.

როგორია ჩვენი შვილი, რა საჭიროებები აქვს მას, როგორი გარემო სჭირდება, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს, თავი კარგად იგრძნოს და განვითარდეს.

ამის შემდეგ განვსაზღვროთ, როგორია ჩვენი ოჯახის მოლოდინი სკოლის მიმართ?

კარგი იქნება, ოჯახის წევრებმა პერიოდულად ვიმსჯელოთ, რა მიგვაჩნია ბავშვისთვის საუკეთესოდ? რას მოველით სკოლისგან: მაღალკონკურენტული განათლება? ფიზიკური უსაფრთხოება? ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა? მზრუნველობა? მდიდარი სოციალური  კაპიტალის დაგროვება? ჯანსაღი კვება? თანასწორი გარემო? მრავალფეროვანი შესაძლებლობები? ბედნიერი ბავშვობა? ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად აღზრდა? ბუნებასთან ახლოს ყოფნა? ტექნოლოგიებზე წვდომა? …

ჩვენი პრიორიტეტების დალაგება დაგვეხმარება, განვსაზღვროთ ჩვენი ღირებულებები და ამის მიხედვით ვეძებოთ სასურველი სკოლა.

როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია სკოლის შესახებ?

გამოვკითხოთ ჩვენი სამიზნე სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და კურსდამთავრებულები. არა ერთი, არამედ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანის სიღრმისეული გამოკითხვა პირველად შთაბეჭდილებას შეგვიქმნის. სასურველია, ვკითხოთ არა ის, რამდენად კმაყოფილია ესა თუ ის ადამიანი სკოლით, არამედ რა მოლოდინი ჰქონდა და რამდენად გაუმართლა ეს მოლოდინი სკოლამ? ასევე, გამოვკითხოთ – რა მოსწონთ და რას შეცვლიდნენ ამ სკოლაში? რა არის ამ სკოლის ძლიერი და სუსტი მხარე? როგორ თანამშრომლობს სკოლა მშობლებთან და როგორ რეაგირებს შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებზე?

გარდა ამისა, კარგი იქნება „დავგუგლოთ“, რა ინფორმაცია იძებნება ამ სკოლის შესახებ ინტერნეტში – მოხვედრილა თუ არა და რა ნიშნით მოხვედრილა ჟურნალისტების ობიექტივში. ზოგჯერ სკოლები თავად ავრცელებენ ინფორმაციას. იმის გადახედვა, თუ როგორ და რითი პოზიციონირებს სკოლა მედიაში, გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით მათ შეხედეულებებსა და შესაძლებლობების დიაპაზონზე.

ვიზიტი სასურველ სკოლაში

რა არის ჩვენთვის სკოლაში ვიზიტის მიზანი? ჩვენი მიზანია დავათვალიეროთ სკოლის ინფრასტრუქტურა და პირველწყაროსთან გადავამოწმოთ უკვე მოძიებული ინფორმაცია.

პირველი ვიზიტის დროს, სჯობს სკოლას ბავშვის გარეშე ვეწვიოთ. მისვლამდე საკონტაქტო პირს დავურეკოთ ან ინტერნეტში მითითებულ ნომერზე დავუკავშირდეთ და სტუმრობის დრო დავნიშნოთ. ასეთი ფორმით დაწყებული კომუნიკაცია სულ მცირე იმის გარანტიას მოგვცემს, რომ მასპინძელი მომზადებული შეგვხვდება, დაგეგმილად გამოყოფს დროს, დაგვათვალიერებინოს სკოლა და უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. თუ სკოლასთან წინასწარ დაკავშირება ვერ ხერხდება, ცხადია, პირდაპირ მისვლაც შეიძლება. თუ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სკოლის თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით არ მოეკიდებიან ჩვენი ინტერესის დაკმაყოფილებას, ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მშობლისთვის.

გარდა ამისა, სკოლაში ვიზიტი დაგვეხმარება, დავათვალიეროთ ინფრასტრუქტურა. ერთი შეხედვით შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხოა ფიზიკური გარემო, როგორია საკლასო ოთახები, საერთო სარგებლობის ფართები. რამდენად იძლევა ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობას საპირფარეშოების მდგომარეობა, არის თუ არა ცივი/ცხელი წყალი, არის თუ არა მწვანე ეზო, სპორტული დარბაზები, სარეკრეაციო სივრცე, კვების სივრცე, ბიბლიოთეკა და ა.შ. ფიზიკური გარემო იმაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, თუ სკოლის შესასვლელში რკინის დეტექტორები დგას და ყოველი კუთხე-კუნჭული ვიდეო სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სკოლაში კონტროლზე დაფუძნებული დისციპლინაა დამყარებული.

 

რა შეკითხვები დავსვათ სკოლაში ვიზიტის დროს?

როგორ ხედავს სკოლა თავის დანიშნულებას? როგორი მიდგომები აქვთ სკოლაში სწავლა-აღზრდის პროცესთან დაკავშირებით? რა მიღწევები აქვს სკოლას? რამდენად ტიპური ან ალტერნატიულია სკოლა? მიჰყვებიან განათლების სამინისიტროს დადგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუ აქვთ სწავლების განსაკუთრებული სტანდარტი? როგორი ტრადიციები აქვს სკოლას? რა არის სკოლის მთავარი ღირებულებები? რა კომპეტენციის ადამიანები არიან დასაქმებული პედაგოგებად? მასწავლებლების გარდა, კიდევ რა ტიპის პერსონალია სკოლაში და რა ფუნქციები აქვთ? მოსწავლის წახალისების და გაკიცხვის როგორი სქემები არსებობს? როგორ ზრუნავს სკოლა ბავშვებზე? როგორი სქემით ურთიერთობს სკოლა მოსწავლეთა მშობლებთან? როგორია მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობის თანაფარდობა? და სხვ.

მიღებული ინფორმაცია ერთი მხრივ, მშობელს წარმოდგენას შეუქმნის, რამდენად მოხერხებული იქნება მისი შვილისთვის ასეთ სკოლაში სწავლა; მეორე მხრივ კი, სკოლა უკეთ გაიცნობს მშობელს, როგორც მომავალ პარტნიორს.

 

მას შემდეგ, რაც ჩვენი არჩევანი რამდენიმე სკოლამდე დავიწროვდება, შეგვიძლია განმეორებითი ვიზიტი ბავშვთან ერთად დავგეგმოთ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში კი ბავშვის აზრი გავითვალისწინოთ.

 

ზოგჯერ მშობლებს გვგონია, რომ სკოლის შესარჩევად სრულიად საკმარისი პირობაა ის, რომ დაწყებით კლასში საუკეთესო მასწავლებელი ასწავლის. I-IV კლასში კარგ მასწავლებელს მართლაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, მაგრამ თუ მშობელს არჩევანი აქვს, უმჯობესია გადაწყვეტილება ფართო ხედვასა და გრძელვადიან პროგნოზს მოარგოს. დამრიგებლის გარდა, ბავშვს სკოლაში სხვა ადამიანებთანაც უწევს თანაცხოვრება, იქნებიან ისინი თანაკლასელები, სხვადასხვა საგნის პედაგოგები, მანდატურები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები. დირექციის მიერ სკოლის მართვის სტილი თითოეული მოსწავლის ცხოვრების ხარისხზე აისახება. როგორ ჭრიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს, როგორ რეაგირებენ გამოწვევებზე, რომლებიც მრავლად არის ბავშვობიდან მოზარდობამდე გასასვლელ 12-წლიან გზაზე.

სასურველია, მშობლები სკოლის შერჩევის ეტაპზევე ვაცნობიერებდეთ, რომ სკოლა მთლიანი ორგანიზმია, რომელიც გარკვეულ წესებს ექვემდებარება. ვიკითხოთ – ვინ ადგენს, რა პერიოდულობით და როგორია ეს წესები იმ სკოლაში, სადაც ჩვენი შვილის მიყვანა გვინდა? ვიკითხოთ, რადგან ჩვენ, მშობლები პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი შვილის წინაშე – სკოლა, რომელშიც ყოველ დილით ვუშვებთ, თითოეულ მოსწავლეს სავალდებულოსთან ერთად სასიამოვნო, ღირსეულ, განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებს უნდა უქმნიდეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი