პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

“განცდათა ქაოსი”

„კლასიკოსები ის ხალხია, რომელსაც ყველა იცნობს, მაგრამ არავინ კითხულობსო”, – ამბობდა ოსკარ უაილდი. მწარე სინამდვილეა. მაგრამ რატომ არის ასე? გვიჭირს მათი ნააზრევის გაგება?

არაჩვეულებრივი ქართული ფილმების – „შერეკილებისა” და „ნატვრის ხის” პერსონაჟები გავიხსენოთ. თითოეული მათგანი, რბილად რომ ვთქვათ, არასტანდარტულად აზროვნებს, თავისებურად „შერეკილია”. თუმცა თავიანთი (და არამარტო თავიანთი) სამყოფი სიბრძნე მაინც აქვთ. რამდენი „თავიც” დააბიჯებს კოსმოსის პლანეტარულ სივრცეში მოხეტიალე ნეშომპალით, ასფალტითა და მლაშე წყლით დაფარულ სფეროზე, იმდენივე აზრი და იდეა არსებობს. დედამიწის ბინადარ ორფეხა არსებებს თავი ყველაზე გონიერებად მიგვაჩნია, თუმცა უმეტესობა მთელი მონდომებით ვცდილობთ, ერთმანეთს მივბაძოთ: ისე ჩავიცვათ, როგორც სხვას აცვია, ისე ვილაპარაკოთ, როგორც სხვა ლაპარაკობს, იმით ვიკვებოთ, რაც სხვასაც მოსწონს… დაბოლოს, ისე ვიაზროვნოთ, როგორც სხვა აზროვნებს. ამიტომ ჩვენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ერთმანეთს ვგავართ, მიუხედავად ჩვენი კანის ფერისა, სქესისა, სოციალური წარმომავლობისა თუ განათლებისა. რა გვაიძულებს, ერთმანეთს ვედაროთ? – შიში. გარიყვის, საზოგადოებისგან გაუცხოების შიში, რომელსაც, ალბათ, იმ შორეულ წარსულში უდგას ფესვები, როცა წელში ახალი გამართულები ჯერ ისევ ტომებად ვცხოვრობდით და საერთო „ოჯახიდან” განდევნა უცილობელ აღსასრულს ნიშნავდა. დააკვირდით გალიაში გამოკეტილი შიმპანზესა და ოლდ-სტრიტზე მოსეირნე კოსტიუმში გამოწყობილი ან სამხედრო პოლიგონის პლაცდარმზე მდგარი, გენერლის სამხრეებიანი, ჩინ-მედლებით მკერდდამშვენებული ჰომო საპიენსის რეაქციას მის თავს ზემოთ სათამაშო მაშხალის მოულოდნელ აფეთქებაზე: ინსტინქტი სამივეს თავის მხრებში ჩამალვას აიძულებს. გვეშინია განსხვავებულობის, რათა არ გავირიყოთ, ვუფრთხით თავისუფალი აზრის გამოთქმას – ვაითუ ვერ გაგვიგონ. მიუხედავად ამ მიმბაძველობა-წამხედურობისა, მოიძებნებიან ჩვენ შორის ერთეულები, რომლებიც არასტანდარტულად აზროვნებენ და ვერ გაგვირჩევია, „ცოტა ვერ არიან” ისინი თუ, პირიქით, „კარგად არიან”.
როგორ გავარჩიოთ? ამისთვის აზროვნება გარკვეულ დიაპაზონებად უნდა დავყოთ.
აზროვნება შეიძლება ელექტრომაგნიტურ ტალღას შევადაროთ, რადგან აზრის აღქმა ძალიან ჰგავს ფერისა და სინათლის აღქმას. ჩვენი თვალი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ განსაზღვრული დიაპაზონის გამოსხივებას ვხედავთ – 400-იდან 800 ნმ-ამდე სიგრძის ტალღებს (ამის თაობაზე ადრეც ვწერდი (ბლოგპოსტი „ყველა ფანჯარაში ერთნაირად თოვს?”, 6 აპრილი, 2012)). ეს დიაპაზონი უფრო მცირე უბნებად იყოფა და თითოეულ მათგანს განსაზღვრული ფერი შეესაბამება. მაგალითად, თუ ჩვენს მხედველობის ორგანოს 435-480 ნმ დიაპაზონის სხივი დაეცა, ყვითელ ფერს ვხედავთ, 490-500 ნმ სხივის დაცემისას – წითელს და ა.შ. თუ ყველა ფერის სხივი ერთ კონად შემოვიდა ჩვენს თვალში, ყველაფერი კაშკაშკა თეთრად გვეჩვენება… მაგრამ გამოსხივების დიაპაზონი სამყაროში გაცილებით ფართოა. ‘ჩვენი” დიაპაზონის მიღმა არსებული სხივები ჩვენი თვალისთვის ერთნაირად უხილავია, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. 400 ნმ-ზე მოკლე ტალღებს უფრო დიდი ენერგია აქვთ, ვიდრე „ჩვენი დიაპაზონისას”, ხოლო 800 ნმ-ზე გრძელს – უფრო მცირე. გარდამავალ დიპაზონს ხილულსა და ულტრაიისფერ უბნებს შორის ახლო ულტრაიისფერი უბანი ეწოდება, ხოლო ხილულსა და ინფრაწითელ უბანს შორის არსებულს – ახლო ინფრაწითელი უბანი. ამიტომ გვიჭირს კაშკაშა ლურჯი სხივების ცქერა – ისინი გაჯერებულია დიდი ენერგიის მქონე ულტრაიისფერი სხივებით, ამ ენერგიას კი ჩვენი თვალი არ არის მიჩვეული. მზის დანახვა შეგვიძლია, ცქერა ­- არა.
ჩვენი შემეცნებაც თვალივით არის მოწყობილი. უმეტესობა „ხილულ” დიაპაზონში აზროვნებს. ამიტომაც გვესმის ერთმანეთის. ეს დიაპაზონი არცთუ დიდი ენერგიის მატარებელია, ამიტომ დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღებასაც შედარებით უმტკივნეულოდ ვახერხებთ. რომელ დიაპაზონში აზროვნებენ არასტანდარტულად მოაზროვნენი? ნაწილი – „ულტრაიისფერ” უბანში, ნაწილი კი „ინფრაწითელში”. ჩვენთვის ორივე მათგანი მიუწვდომელია (როგორც თვალისთვის – სხივები), თუმცა ერთნი სიბრძნეს ქადაგებენ, მეორენი კი – არასიბრძნეს. ამიტომაც ვერ გაგვირჩევნია, „კარგად არიან” ისინი თუ „ვერ არიან”. კლასიკოსები, როგორც წესი, ულტრაიისფერ უბანში მოაზროვნენი არიან, მაგრამ მათ შესწევთ უნარი, შედარებით „ახლო ულტრაიისფერ” უბანში წერონ ჩვენთვის – ასე საკუთარი მეობის შენარჩუნებასაც ახერხებენ და სათქმელის ჩვენთვის მოწვდენასაც. ჩვენთვის გაუგებარია ტერორისტების, ტირანების და მათ მსგავსთა ნამოქმედარი. მათ იდეალებს, ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე უმსხვერპლია. ისინი, ალბათ, უფრო შორეულ, გაცილებით დიდი ენერგიის (გამა და კოსმოსური სხივების) დიაპაზონში აზროვნებენ…
რომელ დიაპაზონში ჯობია აზროვნება? ცხადია, „მშობლიურ”, ხილულ დიაპაზონში. მაგრამ მისი სრული სპექტრი უნდა მოვიცვათ, რომ სამყაროზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს. საკმარისია, ერთი სხივი დაგვაკლდეს, რომ თეთრი შუქი გაფერადდება და ქვეყნიერებასაც ფერად-ფერადად დავინახავთ, „რეალური” სამყარო „ირეალური” გახდება, ჩვენი შემეცნება და აღქმა დამახინჯდება. მაგრამ „ხილულ” დიაპაზონში ცქერა-აღქმასთან ერთად ახლო ულტრაიისფერი უბნისკენ თვალის გაპარებაც უნდა შეგვეძლოს – იქ ძალზე საინტერესო სამყაროა, ცოტა უჩვეულოც, იდუმალებით მოცულიც, განცდებით სავსეც. ნუ შეგვაშინებს მისი სიკაშკაშე – ის მხოლოდ მიუჩვეველი თვალისთვის არის დამაბრმავებელი და მტკივნეული…
კონსტანტინე კაპანელი წერდა: „ახალ სიტყვას უნდა ძლიერი განცდა: მარგალიტებს ისვრის მხოლოდ ატალღებული ზღვა. ვისაც უნდა, გამოსახოს ლამაზი ფორმა, უნდა ატაროს თავის სხეულში განცდათა ქაოსი”. ვცადოთ, ვედაროთ ატალღებულ ზღვას და ნუ დაგვენანება მარგალიტების ნაპირზე გამოტყორცნა… ვინ იცის, იქნებ მხოლოდ ღორების კერძი არ გახდეს და იმანაც იპოვოს, ვისაც ის ძალიან სჭირდება და სიკეთეში მოიხმარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი