პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰაგიოგრაფია და ფობია

ხშირად მთელი თავგადასავალია წიგნის თაროების დალაგება, დაგროვილი მტვრის გადასაწმენდად რომ იწყება და სიურპრიზებით მთავრდება. ხან ათი წლის წინ ნაყიდ წიგნს წააწყდები, წაუკითხავი რომ დაგრჩენია, სიხარული აგიტანს, უკვე იცი, უახლოესი დღეების განმავლობაში რით შეიქცევ თავს, ხანაც გონება გაგინათდება, მოულოდნელად მიხვდები ბავშვობისდროინდელი ფობიის რეალურ მიზეზს…
ალბათ, მრავალ ჩვენგანს აქვს ერთი ან რამდენიმე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვაც აშინებს და ეს არც განსაკუთრებული სიზარმაცის ბრალია, არც წიგნზე დაწერილი ცუდი რეცენზიებისა… ასეთი წიგნების რიცხვში თავისუფლად შეიძლება მსოფლიო კლასიკა ან თანამედროვე ბესტსელერიც მოხვდეს, რომელიც, დანამდვილებით იცი, მილიონობით ადამიანმა ისე წაიკითხა, თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია. შენ კი მისი ხელში აღება ვერ გაგიბედავს. მაგალითად, ჩემს ერთ მეგობარს ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” აშინებს. მე კი “ჰარი პოტერისა” მეშინოდა. 11 წლის ბავშვს მითხრეს, წაიკითხავ და ჯოჯოხეთში მოხვდებიო. მინდოდა ჯოჯოხეთში? – არა. შემოვდე თაროზე და ახლაღა გავიხარე მისი აღმოჩენით. ვიცი, რომ წინ ჯადოსნური სამყარო მელის – ჯოან როულინგის მიერ მოთხრობილი პატარა ბიჭის ამბავი, რომელმაც ბავშვებს კითხვა შეაყვარა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს დიდტანიანი წიგნები ერთი ამოსუნთქვით წააკითხა.

ჩემს ფობიებზე გიყვებოდით. ამ რამდენიმე დღის წინ, წიგნის თაროების დალაგებისას, ერთი პატარა ყვითელგარეკანიანი წიგნი მომხვდა ხელში. უცნაური გრძნობა დამეუფლა – შიშისა. ამ პატარა ყვითელმა წიგნმა შემაშინა და მივხვდი – სწორედ მისი ბრალი ყოფილა, მთელი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა რომ გამოვტოვე სკოლის პროგრამიდან. ის კი არა, გაკვეთილებსაც ურცხვად ვაცდენდი – “ავად ვიყავი”. მივხვდი, რაც მოხდა სინამდვილეში…

პირველი კლასის მოსწავლე გახლდით. კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა. გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მეკითხა წიგნები. ისეთი წიგნები, დიდები რომ კითხულობენ – სკოლაში დავდიოდი, რაღა დროს ჩემი ზღაპრები იყო… სქელტანიანი წიგნის წაკითხვა დამეზარა, “მგლის ბილიკსა” და “მონანიებას” სათაურები დავუწუნე… ამ ყვითელმა წიგნმა კი მიმიზიდა, უპირველესად – ფერის, უფრო მეტად კი მოცულობის გამო, – ახალნასწავლი ანბანით მალე წავიკითხავდი. მართალია, სკოლის წიგნებისგან განსხვავებით, წვრილი შრიფტით იყო ნაბეჭდი და ასო-ასო წაკითხვაც ჭირდა, მაგრამ იმ “გმირობისთვის”, რასაც პირველი წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვა ჰქვია, ღირდა გაბედვა. მალევე მივხვდი, რომ “დიდების წიგნი” ჩემთვის გაუგებარი ქართულით იყო ნაწერი, მაგრამ ესეც ჩემს ახალნასწავლ კითხვას დავაბრალე და მართლა გმირობა ჩავიდინე – ბოლომდე ჩავიკითხე. წიგნი იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება” იყო… ვერ ამეხსნა, რატომ ან რის გამო ჯიუტობდა შუშანიკი, რატომ სცემდა მას ვარსქენი და რატომ აგულიანებდა ქმრის წინააღმდეგ შუშანიკს ხუცესი. დიდად არც რელიგიებისა გამეგებოდა რამე, მით უფრო, არაფერი მესმოდა იმდროინდელი ამბებისა და მეფის კარის ინტრიგებისა. ამბავმა ერთიანად შემძრა. არ მეგონა, თუ ადამიანებს ასეც შეეძლოთ მოქცევა, ზღაპრებში ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო. დიდების წიგნი არ მომეწონა, პატარებისა უფრო საინტერესო აღმოჩნდა მერე…

ბევრისგან გამიგონია, რომ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, ისევე როგორც “ვეფხისტყაოსანი”, სათანადოდ მხოლოდ აბიტურიენტობის პერიოდში, ხელახალი წაკითხვის შემდეგ გაიაზრეს, როდესაც უკვე იმ ასაკში იყვნენ, ძველი ქართული ტექსტიდან აზრის გამოტანა და მოთხრობილი ამბის გაგება შეეძლოთ, სკოლის პროგრამით გათვალისწინებულ პერიოდში კი მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად იზუთხავდნენ, ანდა იმისთვის, ნიშნები რომ არ გაფუჭებოდათ. მისი შინაარსი კი იშვიათად თუ ვინმეს ესმოდა და ამახსოვრდებოდა. საქმეს უფრო მეტად ართულებდა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისადმი რელიგიური მოწიწება, რაც ტექსტის კრიტიკული თვალით კითხვას ართულებდა და “ვეფხისტყაოსნის” როგორც ქართველად ყოფნის განუყოფელი ნაწილის შესახებ საუბარი, რაც ჩვენ, მოსწავლეებს, მისი შინაარსის სათანადოდ ვერგაგებისას გვთრგუნავდა და დამხმარე სახელმძღვანელოდ “რას მოგვითხრობს ვეფხისტყაოსანის” გამოყენებას გვაიძულებდა – ყველაზე უარესს, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ამ პოემის შესასწავლად… ციფრული ტექნოლოგიებით გატაცებული ადამიანისთვის კი ვებგვერდზე https://shotarustaveli.ge/ განთავსებული აპლიკაციები “ვეფხისტყაოსნის” ხალისით დასწავლისთვის კარგი არჩევანი უნდა იყოს. მეც წლების შემდეგ კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადამაკითხა რუსთაველის პოემა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი