პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბლების ყვავილობა

გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხასა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინოს თანატოლები ავლენ. ნინო თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.

ადრეც დავწერე: მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი, ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუას თავი ჩამოეხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა – რთული ამბებიდან საუკეთესო გამოსავლად. ერთხელ ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

მერე, გაცილებით გვიან, მოსწავლე მყავდა, სხვა სკოლიდან გადმოსული – მისი ძველი თანაკლასელი გადახტა ფანჯრიდან, ეს კი სულ იმგვარ სცენებს ხატავდა. ფიქრიც ისეთი ჰქონდა. დიდი გარჯა დაგვჭირდა – გავიმარჯვეთ.

ამ ყველაფერს იმ გოგონას გამო გიყვებით. იმ 14 წლის ქაქუთელი გოგონას გამო.

იშვიათია დანაშაული, როცა ყველა დამნაშავეა. ეს საქმე ასეთია. დიახ, დამნაშავეა – ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად – მაგრამ ყველა.

სირცხვილის შიში – ეს იყო კარნახი, რომელმაც თოკი მოაძებნინა. და ასეთი ან მსგავსი ან მეტ-ნაკლებად მსგავსი სირცხვილი ალბათ სხვასაც სტანჯავს. და ეგებ მანაც ეს გზა მიიჩნიოს გამოსავლად. არავინ იცის.

ამიტომ, ვთხოვ იმ პატარა გოგონებს და ბიჭებს – ილაპარაკეთ! ხმამაღლა ილაპარაკეთ! მოძებნეთ ის, ვინც მოგისმენთ. მშობელი თუ კედლად იქცა, მეზობელს მიმართეთ, თუ მეზობელი არა – მასწავლებელს, სოციალურ მუშაკს, პოლიციელს! ოღონდ თავი არ მოიკლათ! არ მოიკლათ თავი – არც სხვისი დანაშაულის გამო, არც თქვენი შეცდომის გამო და არც არაფრის გამო!

და ჩვენ კი, ჩვენ ეგებ ახლა მაინც ვისწავლოთ მოსმენა – ჩვენ – მშობლებმა, მასწავლებლებმა, პილიციელებმა, მეზობლებმა, მეგობრებმა – მხოლოდ ნათქვამის კი არა, ხან დუმილის მოსმენაც, დუმილის გამოჩხრეკაც. მოსმენა და მოქმედება.

ჰო, გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხასა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ამ გოგონას თანატოლები ავლენ. ის კი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.

 

///

 

სირცხვილი გვაჭამაო და ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს –

აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც – უხეში და ულამაზო.

საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს – ,,გააპუტიურეს და გამოისყიდაო”.

იმ გოგონას კიდევ გზები სულ მოჭრილი ჰქონდა – ან ძალადობა ხვდებოდა გზის ბოლოს ან გულგრილობა. რა გზაც იცოდა, ყველგან ეს დასასრული ეგულებოდა. სხვა გზა კიდევ ჩვენ ვერ დავაგეთ და თვითონ სად მოგვძებნიდა? ვერსად.

ამასწინ დავწერე: „გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხახა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინის თანატოლები ავლენ. ნინი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო”. მერე დავფიქრდი – მე რა ვიცი ნინის რომელიმე თანატოლის დარდი? ან შენ რა იცი? არაფერი. ვერაფერი.

ნინისთვის ბრძოლა, გარდა აქ და ახლა სამართლის აღსრულებისა – უფრო დიდი და მთავარი ბრძოლა – ამ გზის დაგება იქნება – ყველა მოსწავლესთან, სკოლასთან, სოფელთან მიმყვანი გზის – ერთმანეთთან ლაპარაკს რომ გვასწავლის. რომ სხვა ნინი, ელენე, ნათია, გვანცა – გადავარჩინოთ. და ის, რომ ხან ასეთი სიტყვები პათეტიკად გვეჩვენება, გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ყოველდღიურ რუტინად არ ვაქცევთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი