სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

„ზარმაცი“ თუ უხილავი პრობლემების მქონე ბავშვები

ალბათ ბევრმა მასწავლებელმა თუ მშობელმა ნახა და შეიძლება საკუთარ კედელზეც კი გააზიარა ვიდეო მოსწავლეთა მოკლე მიმართვით, რომლის მთავარი ადრესატი მასწავლებლები არიან. ვიდეომ სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ნოემბერ-დეკემბერში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების დირექტორთა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები დაიწყო. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება“ (CFS) უძღვება. სატრენინგო სესია სწორედ ამ ვიდეო-მიმართვით დაიწყო. მერე კი ხაზი გაესვა ისეთ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, როგორიცაა დისლექსია, სწავლის (ვიწრო ცნებით კითხვის) უნარის დაქვეითება. იქვე დაისვა კითხვა, რა იყო სესიის გზავნილი. ბევრ ფიქრს არ საჭიროებდა ის ფაქტი, რომ სესიის მიზანი საკითხზე ცნობიერების ამაღლება იყო, რადგან ჩვენ, მასწავლებლებს არ გაგვიჭირდეს პრობლემის დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სწორი და დროული დიაგნოსტირებისთვის კი აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ პრობლემის არსს, რაც შემდეგში მდგომარეობს:

ბოლო დროს მომრავლდა პრობლემების მქონე მოსწავლეები, როცა პრობლემა თვალნათლივ არ ჩანს. მათ ხშირად უინტერესო, ჯიუტ და ზარმაც მოსწავლეებად თვლიან. უნდა ვაღიაროთ, რომ მეტწილად სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, რადგან იგი შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის გარკვეული უნარის დისფუნქციით.

 

ზუსტად ასეთი უხილავი პრობლემაა დისლექსია – სწავლის უნარის დაქვეითება, რაც ძირითადად კითხვისა და მართლწერის სირთულეებში ვლინდება, შესაძლოა ანგარიშის დროსაც.

 

დისლექსია დაწყებით კლასებში სიტყვების დონეზე კითხვის ჩამოყალიბების დეფიციტია, რაც ვიზუალური სიმბოლოების ბგერებთან დაკავშირების დაქვეითებული უნარის გამო იქმნება. ვარაუდობენ, რომ დისლექსია ბავშვის განვითარების პროცესში ყალიბდება. მისი ხარისხი შესაბამისი მკურნალობითა და დამხმარე, სწორად შერჩეული მეთოდების გამოყენებით შეიძლება შემცირდეს.

დისლექსიის დიაგნოზი კვალიფიცირებული ნევროლოგისა და განათლების სფეროში სპეციალიზებული ფსიქოლოგის მიერ ისმება. მულტიდისციპლინარული გუნდის შეფასება ძირითადად მოიცავს კითხვის უნარის დონის განსაზღვრას, საგნების სწრაფი დასახელების ტესტს, მოკლევადიანი მეხსიერებისა და თანმიმდევრულობის უნარის შეფასებას. ასევე არარსებული სიტყვების კითხვას, რათა შეფასდეს დეკოდირების უნარი.

 

როგორ ამოვიცნოთ დისლექსიის მქონე მოსწავლე?

ასეთი მოსწავლე შეიძლება იყოს გონებამახვილი, საზრიანი და კარგი მეტყველების მქონე, თუმცა მისი კითხვის, წერისა და მართლწერის დონე ჩამორჩებოდეს ასაკობრივ ნორმას;

შესაძლოა ჰქონდეს დაბალი აკადემიური მოსწრება კითხვასა და წერასთან დაკავშირებული სირთულეების გამო;

დისლექსია ძირითადად გავლენას ახდენს კითხვის უნარზე და არა ზოგადად მოსწავლის ინტელექტზე;

ის შესაძლოა ფუთავდეს კითხვით სისუსტეს სხვა, კარგად განვითარებული უნარით;

ასეთი მოსწავლე უკეთ სწავლობს შეხებით, დემონსტრირებით, ექსპერიმენტით, დაკვირვებითა და მხედველობის დახმარებით;

შესაძლოა გამოავლინოს ტალანტი სხვა სფეროში, როგორიც არის ხელოვნება, დიზაინი, მუსიკა, სპორტი, ბიზნესი, მშენებლობა, ინჟინერია;

სკოლაში შესაძლოა შეექმნას ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად: იფრონოს „ოცნებებში“, დაკარგოს დროის შეგრძნება, უჭირდეს ყურადღების კონცენტრირება;

შესაძლოა გაუცნობიერებლად გამოავლინოს სარკისებური კითხვა ან წერა;

შეიძლება ციფრებს კითხულობდეს უკუღმა ან ნახტომით;

უცხო ენის სწავლა მისთვის ხშირად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.

 

მეტყველება/სმენა დისლექსიის დროს:

  • ასეთ მოსწავლეს უჭირს ტექსტის გაგება, რომელიც წინა გამოცდილებას არ უკავშირდება;
  • ერთმანეთში ერევა ჯერ/შემდეგ, მარჯვენა/მარცხენა და ა.შ.
  • უჭირს ანბანის დასწავლა;
  • უჭირს ტექსტში სიტყვების ამოცნობა;
  • უჭირს სიტყვებიდან ხმოვნების გამოყოფა;
  • უჭირს სიტყვებში ბგერების ერთმანეთისგან განსხვავება;
  • სირთულე აქვს ასოების ბგერების დასწავლაში;
  • უჭირს საგნისა და მისი შესაბამისი გამოსახულების ერთმანეთთან დაკავშირება;
  • წინადადებაში ერევა სიტყვათა თანმიმდევრობა;
  • შეცდომით ლაპარაკის შიშის გამო, შეიძლება ზოგი ბავშვი გახდეს მორცხვი და გარიყული ან მშფოთვარე.

 

კითხვა და მართლწერა

  • ასოებისა და ბგერების ვერშესატყვისობის გამო, მოსწავლემ შეიძლება არასწორად დაწეროს სიტყვა;
  • ხშირად ის უშვებს სარკისებურ შეცდომას როგორც წერისას, ასევე კითხვისას. მაგ: ხერხი – ძერძი; შიში – წიწი და ა.შ;
  • კარგი და ხანგრძლივი მეხსიერების წყალობით ასეთი მოსწავლე იზეპირებს სიტყვის გამოსახულებებს და წინადადებებში ყურადღებას არ აქცევს მათ დაბლოებებს. მაგ. „წიგნისთვის“ ნაცვლად შეიძლება წაიკითხონ „წიგნით“;
  • მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას მდიდარი ლექსიკური მარაგი ჰქონდეს, წერისას იყენებს მის მხოლოდ მცირე ნაწილს;
  • ხშირია მოტორული უნარების დარღვევა: მოუქნელობა და კოორდინაცია. ასევე შენელებული წერა და ცუდი კალიგრაფია;
  • დისლექსია თავს იჩენს მათემატიკაშიც, რადგან კითხვის პრობლემის გამო ასეთი მოსწავლე ვერ იგებს პირობას, უჭირს გამრავლების ტაბულის დამახსოვრება, განტოლების ამოხსნის ეტაპების თანამიმდვრობა და ა.შ;

მართალია დისლექსიისგან საბოლოოდ თავის დაღწევის გზა არ არსებობს, თუმცა ადრეული შეფასება და მიზანმიმართული ჩარევა საუკეთესო შედეგს იძლევა. ზოგჯერ იგი წლების განმავლობაში რჩება შეუმჩნეველი და სრულწლოვანებამდე არ აღიარებენ მას, მაგრამ დახმარების მიღება გვიანი არასდროსაა. ამისთვის კი საჭიროა 3 ძირითადი რამ:

  • ადრეული დიაგნოსტირება – რაც უფრო მალე მოხდება დისლეექსიის აღმოჩენა, მით უფრო გაუადვილდება მოსწავლეს სწავლა, მასწავლებელს კი – მუშაობა;
  • სწავლებისთვის საჭირო ინდივიდუალური გეგმის შემუშავება – მოხდეს ძლიერი მხარეების დადგენა და მასზე აქცენტირება;
  • ურთიერთშეთანხმება და თანამშრომლობა მშობელსა და სკოლის გუნდს შორის – მოსწავლე უმეტეს დროს შინ ატარებს და უწევს დავალებების შესრულება. ასეთ დროს მშობელთა ჩართულობა მისთვის წარმატების საწინდარია.

დისლექსიის ნიშნების ამოცნობა სასკოლო ასაკამდე ძნელია. პრობლემა ძირითადად თავს იჩენს სკოლაში მისვლის შემდეგ, როცა საანბანო პერიოდი სრულდება და მოსწავლეები შინაარსობრივი ტექსტების კითხვაზე გადადიან. მასწავლებელი შეიძლება პირველი აღმოჩნდეს, ვინც ეს შეამჩნიოს. სწორედ აქ უნდა გადაიდგეს სწორი ნაბიჯები:

  1. მასწავლებელმა უნდა აწარმოოს ფოკუსირებული დაკვირვება ზემოთ ჩამოთვლილ გამოვლინებებზე;
  2. მოაწყოს ინდივიდუალური შეხვედრა მშობელთან, საფუძვლიანად და უმტკივნეულოდ გააცნოს მას პრობლემის არსი;
  3. მშობელთან და სკოლის დირექციასთან შეთანხმებით მოხდეს დარღვევის ადეკვატური შეფასება და შედგეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა;
  4. ინდივიდუალური გეგმის საფუძველზე მშობელმა და სკოლის გუნდმა უნდა აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა, რათა სწავლება გახდეს ეფექტური და მოსწავლემ შეძლოს სირთულეების დაძლევა.

ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები შეიძლება მცირე დამხმარე საშუალებად მივიჩნიოთ:

  • კითხვის დროს ტექსტისთვის თითის მიდევნება;
  • ხმამაღლა კითხვა;
  • წყვილში ერთობლივი კითხვა;
  • ფერადფონიანი ტექსტების (ძირითადად პასტელის ფერები) გამოყენება. ან ტექსტზე ფერადი სახაზავის დადებით, ფერადი შუშის გამოყენებით კითხვა;
  • ასოების წერისას მიმართულების მიმცემი აღნიშვნების გამოყენება;
  • ქვიშაზე, მარცვლეულზე, ფქვილზე წერა;
  • დიდი ზომის ფურცელზე წერა, ეტაპობრივი დაპატარავებით;
  • მეტი დროის მიცემა წერითი დავალების შესრულებისას.

რამდენიმე მიზანშეწონილი აქტივობა:

  • სიტყვის ბარათები – მოსწავლე პოულობს სურათის შესაბამის სიტყვას სიტყვების გროვაში;
  • მოძრავი ანბანს დამატებული სურათები – მოსწავლე ასო-ასო აწყობს სურათის და ტექსტის დახმარებით, სურათის შესაბამისად ან კარნახით და ადარებს მოცემულ ტექსტს;
  • კომპიუტერული ფაზლი-ანბანი – თავიდან მოსწავლე აწყობს ფაზლად დაშლილ ასოებს, შემდეგი ეტაპისთვის – სიტყვებს, შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებით;
  • ფერადი სიტყვები – ფერად სიტყვაში არსებულ ნაცნობ ასოებს ეძებს და პოულობს სხვა, მისთვის უცნობ სიტყვაში;
  • ხმოვანი, ილუსტრირებული წიგნები – მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მოისმინოს, დააკვირდეს ილუსტრაციას და პარალელურ რეჟიმში თანდართულ ტექსტსაც მიადევნოს თვალი თითის გაყოლების პრინციპით.

(ეს და სხვა მსგავსი ტიპის აქტივობები შეგიძლიათ ასევე იხილოთ დამხმარე ელქტრონულ სახელმძღვანელოში ან გზამკვლევში).

ლიტერატურის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე საკითხის ირგვლივ მცირე მოკვლევა ჩამეტარებინა. გავესაუბრე დადასტურებული დისლექსიის მქონე მოსწავლეთა პედაგოგებსა და სპეცპედაგოგს. მერე კი სოციალური ქსელის დახმარებით ჩავატარე მინი-გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 174-მა რესპონდენტმა (159 პედაგოგი და 15 სპეცპედაგოგი) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

მათი უმრავლესობა (89%) საჯარო სკოლის პედაგოგი გახლდათ, კერძო სკოლის კი -11%.

კითხვაზე – „გყავთ თუ არა დისლექსიის მქონე მოსწავლე?“, პასუხები ამგვარად გადანაწილდა:

როგორც აღმოჩნდა:

  • 88 პედაგოგი ფიქრობს, რომ არ ჰყავს ასეთი მოსწავლე, თუმცა იმდენად კარგად არიან ინფორმირებულნი, რომ არ გაუჭირდებათ მისი ამოცნობა;
  • 43 რესპონდენტი ფიქრობს, რომ კარგი იქნება საკითხის ირგვლივ ფლობდნენ მეტ ინფორმაციას, რადგან სხვა შემთხვევაში გაუჭირდებათ ამოცნობა;
  • 15 პედაგოგს უკვე ჰყავს მოსწავლე დადასტურებული შეფასებით;
  • 12 – ვარაუდობს რომ ჰყავს, მაგრამ მშობელი არ თანხმდება შეფასებას;
  • 11 – აპირებს მშობელთან მოლაპარაკებას შეფასების საკითხზე;
  • 5 რესპონდენტმა კი არ იცის, რა არის დისლექსია.

ზოგად კომენტარებში ბევრი საუბრობდა იმაზეც, რომ ჰყავდათ ასეთი მოსწავლე, თუმცა სტერეოტიპული შეხედულების გამო მშობელი ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შვილისთვის შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა მოეთხოვათ. ასეთ დროს აუცილებლად უნდა  აღინიშნოს, რომ დისლექსია არ წარმოადგენს დაბალ ინტელექტს, შეზღუდულ შესაძლებლობას, დაბალ მოტივაციას ან სენსორულ დარღვევებს. მას ნევროლოგიური საფუძველი აქვს, რომელიც მეტწილად გენეტიკურია. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ემოციური მხარდაჭერაა. აუცილებელია გამოვავლინოთ მისი ძლიერი მხარეები და ავუმაღლოთ მოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მის წარმატებაზე. სწორი დამოკიდებულებები და მხარდაჭერა ბევრი ცნობილი ადამიანისთვის წარმატების საწინდარი გამხდარა. ამის საილუსტრაციოდ კი შეგვიძლია ცნობილი დისლექსიკები გავიხსენოთ: ლეონარდო და ვინჩი, აგათა კრისტი, ტომას ალვა ედისონი, ალბერტ აინშტაინი, პაბლო პიკასო, ჰანს კრისტიან ანდერსენი, უოლტ დისნეი, მერლინ მონრო, ტომ კრუზი და სხვა.

მასწავლებლებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ვურჩევ, გამონახონ დრო და აუცილებლად უყურონ ფილმს „როგორც ვარსკვლავი დედამიწაზე”, რომლის მთავარი პერსონაჟი 8 წლის მესამეკლასელი ბიჭუნა – იშან ავატია. ის დისლექსიამ ოჯახს მოსწყვიტა და ბავშვობა საშინელ კოშმარად უქცია. თუმცა ვერავინ ხვდება მის მთავარ პრობლემას, ხელოვნების მასწავლებლის გარდა, რომელმაც შეძლო ამ ბიჭუნაში დარღვევის აღმოჩენა, ნიჭზე ორიენტირება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხელი შეუწყო მის თავდაჯერებულ და წარმატებულ ბავშვად ჩამოყალიბებას.

წერილიც ამ ფილმის დამამთავრებელი წინადადებით მინდა დავასრულო. იგი დაახლოებით ასე ჟღერს: „მსურს, მადლობა გადავუხადო იმ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც შეძლეს ფანჯრის ფართოდ გაღება და მის მიღმა სინათლის სხივის აღმოჩენა“.

რთული და შრომატევადია, მაგრამ ვიცი, რომ ყველა ჩვენგანი ცდილობს, საკუთარ თავში გამონახოს ძალა, რომელიც ბევრ ბავშვს გაუღებს სარკმელს მზის სხივის დასანახად.

წარმატებებს გისურვებთ!

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვისწავლოთ ერთად, ინკლუზიური განათლება, თბილისი, 2008.
  2. სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში, ქართული ენა და ლიტერატურა, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, ინკლუზიური განათლება.

https://drive.google.com/file/d/1xYiODW4Ya1kJWbA1sAb15iWab1YP10QW/view?usp=sharing

  1. კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლებში

https://drive.google.com/file/d/12ZOlsolIyR_ZhY5b1dJWeeWtQSdNY4qC/view?usp=sharing

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი