პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შელახული ღირსება ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა

ბოლო ხანს სერიალების ყურება დავიწყე. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა – უამრავი მაყურებელი ჰყავს ბრაზილიურ თუ მექსიკურ საპნის ოპერებს, ამერიკულ ეგრეთ წოდებულ მაღალი კლასის სერიალებს… მაყურებლის ნაკლებობას არც ქართული საპნის ოპერები უჩივიან. ათასში ერთხელ მათი ყურება ნამდვილად შეიძლება და არც იმით დაშავდება რამე, თუ მეც ტელევიზორთან დროის მოსაკლავად მოკალათებულთა სიაში ჩავეწერები. ან რა არის დასაძრახი – სხვისი ცხოვრებით ტკბობა ხომ ადამიანის ერთ-ერთი ინსტინქტია. ჩვენ გამუდმებით ვადევნებთ თვალს მეზობლების, მეგობრების, ნათესავების, თანამშრომლებისა თუ უბრალო ნაცნობების პირად ცხოვრებას, განსაკუთრებულ ინტერესს კი ინტიმური დეტალების მიმართ ვიჩენთ: ვინ ვის ხვდება, ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვისი საყვარელი… სერიალებიც სწორედ ამ ინსტინქტის დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს და მათი პოპულარობაც ადამიანის ამ ქვეცნობიერი ლტოლვით არის განპირობებული. საპნის ოპერის ერთადერთი მიზანი ჩვენი გართობაა – გართობა სხვისი ცხოვრების ხარჯზე. დღეს ბევრი თავის პირად ცხოვრებასთან გაუცხოებასაც განიცდის, ამ ტიპის ტელეპროდუქტი კი რამდენადმე ავსებს ამ დანაკლისს. ჩვენ გვაბედნიერებს სხვისი უბედურება ან, პირიქით, გვახარებს წარმატება – გააჩნია გმირს.
ცივილიზაციის ასეთივე პროდუქტია ბულვარული პრესა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, თუ რომელიმე პერიოდული გამოცემა მოგებიანია, სწორედ ყვითელი პრესა. სკანდალები ჩვენი მთავარი გასართობია. ყვითელი პრესის ჟურნალისტებიც განუწყვეტლივ გვამარაგებენ ამით. მათი საქმიანობა ერთი შეხედვით არცთუ იოლია – გამუდმებით სხვის თეთრეულში ქექვა დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს, მაგრამ რას ვიზამთ – მკითხველს სანახაობა სურს…

ჩემი პოსტის მიზანი არც რომელიმე სერიალის ანალიზია და არც, მით უმეტეს, ყვითელ პრესაში დაბეჭდილი რომელიმე სკანდალური მასალისა. ამჯერადაც წიგნზე მსურს გესაუბროთ. გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლის წიგნზე, რომელშიც ბრწყინვალედ არის ნაჩვენები, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანი მისდამი ყვითელი პრესის ინტერესმა.

“კატარინა ბლუმის შელახული ღირსება ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას” პირველად 1974 წელს დაიბეჭდა და მალევე გამოიცა წიგნად. რომანი, რომელიც ბულვარული ჟურნალისტიკის უმწვავეს პრობლემებს ამხელდა, უმალვე პოპულარული გახდა. მისდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა, მასში წამოჭრილ პრობლემას კი ჯერაც არ დაუკარგავს სიმწვავე. პირიქით, რაც დრო გადის, მით მეტად ვეჯაჭვებით სხვების ცხოვრებას და ხშირად თვითონვე ვქმნით სკანდალურ გმირებს, თუნდაც მათი ბრალეულობა ამ სკანდალში მინიმალური იყოს.

“მოთხრობის სიუჟეტი და მთავარი გმირები გამოგონილია. მასში წარმოდგენილი ჟურნალისტური ხერხები და მეთოდები ძალიან ჰგავს გაზეთ “ბილდსისას”, მაგრამ ეს მსგავსება არც წინასწარგანზრახულია და არც შემთხვევითი – ის გარდაუვალია… ფაქტები, რომლებსაც შემოგთავაზებთ, სასტიკია”, – გვაფრთხილებს რომანის დასაწყისში ჰაინრიხ ბიოლი. რომანი კი შინამოსამსახურე კატარინა ბლუმის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შემთხვევით იქცევა სენსაციების მოყვარული გაზეთის დევნის ობიექტად. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ არახელსაყრელ დროს არახელსაყრელ ადგილას აღმოჩნდა. გაზეთის ჟურნალისტი კი მისგან ქმნის სკანდალურ გმირს, იქექება მის პირად ცხოვრებაში, რომელშიც, კაცმა რომ თქვას, არაფერია განსაკუთრებული – ანგელოზები ხომ ადამიანთა შორის არ სახლობენ, თითო-ოროლა ცოდვა ყველას გვაწევს… შედეგი შემზარავია – საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ მოქცეულ ახალგაზრდა ქალს ისღა დარჩენია, იარაღით დაიცვას საკუთარი ღირსება.

“კატარინა ბლუმის შელახული ღირსება” 2012 წელს გამოსცა გამომცემლობა “პალიტრა L-მა”. შესანიშნავი თარგმანის წყალობით ის ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მისი წაკითხვის შემდეგ კი, იმედი მაქვს, მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ჩვენს ვუაიერისტულ გატაცებებს და ვამჯობინებთ, ისინი უფრო უწყინარი მეთოდით, თუნდაც სერიალების ყურებით დავიკმაყოფილოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი