შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბიჭი, რომელიც გადარჩა

ჯადოსნური ამბები ყოველ ნაბიჯზე ხდება და ამისთვის ჯოხისა და შელოცვების ნაცვლად სრულიად უბრალო სიტყვებს ვიყენებთ. “ჯადოსნური ამბავი” თავისთავად პოზიტიური ცნება ვერ იქნება: ეს ისაა, რაც გვიკვირს ან აუცილებლად გაგვიკვირდებოდა, გვერდით თეთრწვერა ჯადოქარი რომ გვეხილა. ჩვენ გვიყვარდება, მაგრამ ეს ისევე ბუნებრივი გვგონია, როგორც ჩვენი ბინის მუდამ ღია კარი, რომლის ზღურბლისთვისაც ქურდს არასდროს გადმოუბიჯებია, და აზრადაც არ მოგვდის, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები ყველაზე საიმედო სახლის, საკუთარი სხეულის, კარი რომ დაუგმანავთ, თითქოს გულდახურულობა ამქვეყნიური სიკეთეებით ტკბობის უკეთესი საშუალება იყოს. ცხოვრობენ და ძალიან იშვიათად იღიმიან. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიყვარული სულაც არ არის სასწაული – ეს მწყურვალისთვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაზე მარტივი რამეა. მაგრამ ის აღარ გვახსენდება, რა ძნელია, დარწყულებულმა ზედმეტი ჭიქა დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულელური სანაძლეოს წყალობით წყლით სავსე ჭიქები შენივე ეზოს კატის კნუტებივით თვალის დახამხამებაში მრავლდება, თავს კი უკვე ისე გრძნობ, თითქოს ოკეანე შეგესვას.

არიან ადამიანი-ყულაბები. მე მათგან გულისცემის ნაცვლად სულ ფულის შრიალი მესმის და ისინი არავითარ ჯადოსნობას არ ემორჩილებიან, გარდა კუპიურებზე აღბეჭდილთა ძლივს შესამჩნევი ღიმილისა, რომელიც ბანკნოტების ღირებულების ზრდასთან ერთად სუსტდება.

არიან ადამიანი-ფურცლები, ბიუროკრატიული გვამები. მათ ჰგონიათ, რომ კარიერის მწვერვალზე ასულებს დიდება ელით. იქ კი წნევის ცვალებადობა არ ინდობთ – მიუხედავად იმისა, რომ ხელებს ფურცლებივით აშრიალებენ, მაინც ჩვეულებრივი სისხლი უდგათ ძარღვებში.

არიან ადამიანი-ჭიშკრები, რომლებსაც შეაღებ და მაშინვე შინ გრძნობ თავს. თავად კი ისე უჭირთ, როგორც სამუდამო პატიმრობამისჯილებს, რადგან ჭიშკრის თვისება გაშვებაცაა – ადამიანები მიდიან, ჭიშკრები რჩებიან სხვების მოლოდინში.

არიან ადამიანი-ლაბორატორიები. ეს ლაბორატორიები ხშირად სიკვდილის ლაბორატორიებადაც შეიძლება იქცეს, თუ არ ხარ ბიჭი, რომელიც გადარჩა.

ჯადოსნობა რწმენა და მორჩილებაა. ჯადოსნობის პოზიტიური გაგება რწმენაზე გადის. რწმენის გარეშე ყოველგვარი ადამიანური ცოდნა ფასს ისევე კარგავს, როგორც მოდიდან გასული ტანსაცმელი. მორჩილებას კი ნეგატიურ გაგებასთან მივყავართ: საკუთარი თავისუფლების ვინმესთვის ნებაყოფლობითი გადაცემა, თითქოს ის შენი თავისუფლება კი არა, უბრალო მოკითხვა იყოს, მთელ დაგროვილ სიბრძნეს კუპონებივით აუფასურებს.

ჰარი პოტერზე გიყვებით და თუ ყურადღებით წაიკითხეთ პოსტის შესავალი, იქნებ ადამიანი-ფურცელი და ადამიანი-ყულაბა პერსი უისლისა და მაგიის მინისტრებსაც დაუკავშირეთ, ადამიანი-ჭიშკარი კი სირიუს ბლეკი გგონიათ – ჰარის საყვარელი ნათლია და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი სევერუს სნეიპისა და დობის შემდეგ.

მაშინ, როცა ბრიტანელმა ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის დაუჯერებელი ისტორიის დაწერა გადაწყვიტა, ძალიან პატარა ვიყავი. მერე კი, რელიგიური და ბეცი ფანატიზმის გამო, ამ წიგნების წაკითხვა ამიკრძალეს და მიუხედავად აკრძალვების რღვევისადმი ჩემი სიყვარულისა, ჰარი მივივიწყე – კიდევ ბევრი “აკრძალული ლიტერატურა” მქონდა წასაკითხი. ახლა კი, 23 წლისას, ძალიან მომინდა, გადარჩენილი, ნაიარევიანი ბიჭი გამეცნო.

რამდენი პერსონაჟი გამიცნია და მერე გამიშვია, ზოგიერთი დამიტოვებია კიდეც, მაგრამ ჩემთან დარჩენილ, მაინც ბოლომდე უსახო პერსონაჟებს ვერაფერს გაუგებ: თითქმისუთავო ნიკივით არც აქეთ არიან, არც იქით. გასაჭირის ჟამს რომელიმე მათგანისკენ ხელი თუ გავიწოდე, თბილი, მშობლიური თითების ნაცვლად ჰაერს ვბღუჯავ. ახლა კი მოხდა ისეთივე სასწაული, როგორიც თავად ჰარი პოტერის შვიდივე წიგნია: მწერლის ფანტაზიის, მწერლური ოსტატობისა და სიბრძნის ზღვარზე მე აღმოვაჩინე უნივერსალური სიკეთითა და სიყვარულით, უანგარობითა და სიმამაცით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანური კრიზისის ჟამს უანგაროდ დაგეხმარებიან და რომელთა წყალობითაც ნებისმიერ ვოლდემორს დაამარცხებ.

შვიდივე წიგნი ბოროტებასთან სრულიად უანგარო ბრძოლას ეძღვნება და ეს ბრძოლა სულაც არ არის უპატიოსნო: არც ერთი კეთილი ჯადოქარი არ იბრძვის ბინძური წესებით, თავად ბავშვები კი, ჰარი, რონი და ჰერმიონი, თავიანთი ბავშვური სისუფთავის წყალობით, ყოველგვარი “ავადა კედავრას” გარეშე კლავენ ვოლდემორს. კლავენ-მეთქი, ვთქვი, რადგან, მიუხედავად გამორჩეულობისა და ნაიარევის მიერ დაკისრებული დიდი მისიისა, მეგობრების დახმარების გარეშე ჰარის მაინც არაფერი გამოუვიდოდა. მისი დამცავი ფარი კი ისევ და ისევ სიყვარულია: დედის თავგანწირვის შედეგად გადარჩენილი ბავშვი საბოლოოდ უკვე საკუთარი თავგანწირვისა და მოყვასის სიყვარულის წყალობით გადარჩება – სიკვდილს ხომ არა უკვდავების ელექსირით, არა უძლეველი ჯოხებითა თუ ხმლებით, არა ჰარკრუქსების გადამალვითა და უამრავი მსხვერპლით, არამედ მზადყოფნით, შესაბამისად, სიკვდილისავე შიშის ძლევით თუ დაამარცხებ.

წიგნის ბიბლიური იდეოლოგიური საფუძვლები, მგონი, საკამათოც არ არის. აბსოლუტური სიყვარულისა და რწმენის უნარი ბიბლიური პერსონაჟების თვისებაა, რომელთაც ამ სიყვარულითა და რწმენით გასავლელ გზაზე დაბრკოლებებიც ხვდებათ, და თუ დროდადრო ადამიანური სისუსტეებიც დარევთ ხოლმე ხელს, ეს სულაც არ არის გასაკვირი – ვის გაუგონია წმიდათაწმიდა ბრძოლა, ვის გაუგონია ადამიანი ადამიანური თვისებების, შესაბამისად, სისუსტეების გარეშე? ისინი ხომ არასასურველ საჩუქრებად მოგვყვება, მაგრამ რაც უნდა არასასურველები იყვნენ, მათ გარეშე ცივი, პერსი უისლის მსგავსი ლითონები ვიქნებოდით. ან ვის გაუგონია უფროსები ამბიციებისა და პატივმოყვარეობის გარეშე? ამიტომაც აქვთ დაკისრებული დიდი მისია პატარებს: თვით კეთილზე კეთილ დამბლდორსაც კი თავის დროზე დაახლოებით ისეთი რამეები არ ასვენებდა, რომლებიც, ალბათ, თითოეული თქვენგანისთვის ნაცნობია: ვის არ გყოლიათ, მაგალითად, საკმაოდ ამბიციური, ჭკვიანი ჯგუფელი თუ თანაკლასელი, ან იქნებ თავად ხართ ის ამბიციური და ჭკვიანი თანაკურსელი თუ ჯგუფელი…

ბოროტების დამარცხება უმსხვერპლოდ შეუძლებელი აღმოჩნდა, მსხვერპლი კი იმაზე ძვირფასი იყო, ვიდრე ნებისმიერი პატიოსანი ქვა დედამიწის ზურგზე – კრისტალები არ სუნთქავენ, არ გელაპარაკებიან, არ გიღიმიან და მათი ღირებულება კარატითა და ჩვენივე წონა ფულით იზომება – ობოლი ბიჭის, ჰარი პოტერის, უცბად გამოჩენილი ნათლია უცბადვე კვდება. კიდევ ერთი მშობლიური ნაწილი კვდება სირიუს ბლექის არისტოკრატული გარეგნობისა და ოდნავ ქედმაღლური იერის ქვეშ. ვინ აღარ კვდება: ფრედ უისლი, კინგსლი, ტონქსი, მუდი, დიგორი, დობი… თვით დამბლდორიც კი. კვდება სევერუს სნეიპი, რომელიც ძალიან ჰგავს მიჩინიოს. სევერუს სნეიპი, უსიყვარულოდ გაზრდილი ბიჭი, შხამ-წამლების დიდი ოსტატი, ბოროტი, ბოროტი, ბოროტი სნეიპი, რომელიც ფურთხისა და ზიზღის ქვეშ თავს ისე ჩუმად, შეუმჩნევლად გაწირავს ჰარისთვის, თითქოს ამაზე უბრალო საქმე დედამიწის ზურგზე არ არსებობდეს.

ვისთვის კი ყველაზე უბრალო საქმიანობა ხოცვაა, მაგლების, ანუ არაჯადოქრების ჟლეტა. ვოლდემორი რაღაცით წააგავს ჰიტლერს – “ცისფერი სისხლი”, აღმატებული რასა და “მუქსისხლიანების” უადგილობა მსოფლიოში…
ჰარი, რა თქმა უნდა გადარჩება, რადგან ის სიკვდილს სძლევს, რადგან მთელი ცხოვრება ესმოდა, რომ ბოროტება ყველაზე მოსაწყენი რამაა ამქვეყნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი