პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კრისტალივით სუფთა

მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოვსხდეთ საფიხვნოზე. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს.მინდა, დღევანდელი შეხვედრა კითხვით დავიწყო: დაასახელეთ ადგილი, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). სამწუხაროდ, ჩვენი დიალოგი „ცოცხალი” არ არის და მე თქვენი ვერსიები არ მესმის, მაგრამ დაახლოებით მაინც წარმომიდგენია: მრავალი თქვენგანი ახლა საავადმყოფოს, საოპერაციო ბლოკს ანდა სულაც ჰიმალაის მწვერვალს დაასახელებს. ასე იმიტომ მგონია, რომ როცა მე ვიყავი თქვენს ადგილას, ჩემმა წარმოსახვამაც მთელი სამყარო მოიარა… თითქმის დარწმუნებული ვარ – ცოტას თუ ექნება სწორი პასუხი. თავის დროზე მეც ძალიან გავწბილდი. ახლაც ვბრაზობ საკუთარ თავზე, ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვას როგორ ვერ ვუპასუხე-მეთქი. სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია. სამწუხაროდ, ამას ხშირად შევაგონებთ ბავშვებს და გვავიწყდება, რომ სიბერემდე ჩვენ ერთი გზა გვაქვს… ვინ, ვინ და მასწავლებელი მოსწავლეზე მეტს უნდა სწავლობდეს; ცოდნა წყალივითაა – თუ სათავე უფრო მაღლა არ არის, სხვა ჭურჭელში ვერ გადაედინება…

კითხვა დაგისვით და ენად გავიკრიფე, ფიქრის საშუალება აღარ მოგეცით… მოკლედ, ყველაზე სუფთა ჰაერი ქარხანაშია, სადაც მიკროპროცესორებისთვის ნახევარმეტალების კრისტალებს ზრდიან. იქ გარემო მილიონჯერ (დიახ, მილიონჯერ) უფრო სუფთაა, ვიდრე საოპერაციო ბლოკში.

რატომ?

არაერთხელ მითქვამს – მოლეკულები ჩვენზე ჭკვიანები არიან. მათ სისუფთავის უფრო დიდი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე ჩვენ. ცხადია, სისუფთავის ხსენებისას ხელ-პირის ბანას არ ვგულისხმობ – მოლეკულათაშორის ურთიერთქმედებაზე ვლაპარაკობ.

ზემოთ ვთქვი, კრისტალებს ზრდიან-მეთქი. სწორედ ასე ჰქვია პროცესს, როდესაც ციცქნა ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ, თავ-თავის ადგილს პოულობენ და ერთიან სხეულად ფორმირდებიან. სხეულად, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ფორმა (მეობა) აქვს, რომელსაც შეუძლია, ბრწყინვალებით თვალი მოგვტაცოს (ბრილიანტი), თავისი სიმაგრით გზა გაგვიკაფოს და მრავალი პრობლემა გა(და)გვიჭრას (ალმასი) ან გონიერებით, ფართო მეხსიერებითა და სხარტი აზროვნებით გაგვაოცოს (ინფორმაციის შესანახი კრისტალები).

კრისტალის გამოსაზრდელად ერთი პირობაა აუცილებელი: ნივთიერება ზედმიწევნით სუფთა უნდა იყოს. კრისტალის ზრდისას მოლეკულათაშორისი ურთიერთობა უცხო ჩანართებს ვერ იტანს. ზოგჯერ მინარევის კვალიც კი საკმარისია, რომ კრისტალმა ზრდა შეწყვიტოს ან უგვანო, უსახო ფორმა მიიღოს, ასეთ კრისტალებს კი არც ბრწყინვალება ახასიათებთ, არც სიმაგრე და არც გონიერება. ასე რომ, მომიტევეთ და, ჩვილ ბავშვებსა და ერთეულოვან მოლეკულებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ…

კიდევ რით ჰგვანან მოლეკულები ჩვენს პატარებს? ხანდახან მათაც უყვართ ჭირვეულობა. ხსნარი, საიდანაც ველით კრისტალების გამოყოფას, მიუხედავად ყოველგვარი პირობის დაცვისა, ზოგჯერ მაინც არ ვარდება. ასეთ დროს მოთმინება გვმართებს. ფაციფუცს, ხსნარის ხელახალ გაცხელება-გაცივებას და სხვა ღონისძიებებს აზრი არ აქვს; უმჯობესია, ხსნარში იმავე ნივთიერების ერთი სუფთა კრისტალი შევიტანოთ. ეს კრისტალი უმალ იქცევა კრისტალიზაციის ცენტრად, ხსნარში არსებული მოლეკულები კი დაჯარდებიან, მწყობრი ნაბიჯით გაემართებიან მისკენ და თავ-თავის ადგილს დაიკავებენ. საამო საცქერია ეს პროცესი. გიჩნდება განცდა, რომ აჩქარებულ ვიდეოჩანაწერს უყურებ. მოლეკულები შესაშური წესრიგით მიემართებიან კრისტალისკენ და ძერწავენ მის კონტურებს.

დამეთანხმებით, ლამაზი სანახავია. შეგიძლიათ, ეს სანახაობა „ცოცხლადაც” იხილოთ: აიღეთ სუფთა მარილი და მისი ნაჯერი ხსნარი მოამზადეთ; კრისტალებს ფერი რომ ჰქონდეს, შეღებეთ, მაგალითად, შაბიამნით, ჩაასხით სუფთა ჭურჭელში და გაცივება დააცადეთ. რაც უფრო ნელა გაცივდება, მით უფრო დიდი ზომისა და ლამაზი ფორმის კრისტალებს მიიღებთ. ერთხელ ნახვით სურვილი ვერ მოიკალით? უბრალოდ გააცხელეთ ხსნარი და დაელოდეთ…
პოეტ გივი ალხაზიშვილის ლექსი გამახსენდა:
„მე შემეშინდა,
ყმაწვილი რომ თვალწინ დაბერდა,
მერე კი სახე იცვალა და ყრმად გადაიქცა”.
ჩვენ და მოლეკულებს ბევრი რამ გვაქვს საერთო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი