ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვები პანდემიური მოწყენილობის პირისპირ

თანაკლასელებისა და მეგობრების გარეშე დარჩენილმა ბავშვებმა რომ მოიწყინეს, ახალი ამბავი აღარ არის და ეს მოწყენილობაც დღითიდღე მძაფრდება. როცა ჩემს შვილებს ქუჩიდან ბავშვების ხმა ესმით, მაშინვე ფანჯარას ეკვეთებიან და მერე ისევ იმედგაცრუებული უბრუნდებიან ოთახს. სხვები არიან, მათი მეგობრები არა, არ იცნობენ, ან უფროსები არიან და აღარ ინტერესდებიან.

 

ჩემმა 5 წლის შვილმაც მოიწყინა, „უმეგობროდ დავრჩი, მეგობრები აღარ მყავსო” – ამბობდა ბაღის შეწყვეტის შემდეგ. თავისი ბაღელები ენატრებოდა, რომლებთანაც ბედნიერად ატარებდა დროს, სახლში შთაბეჭდილებებითა და ახალი გამოცდილებით სავსე ბრუნდებოდა. მიყვებოდა, ვინ როგორ ხასიათზე იყო მისი მეგობრებიდან, ვისთან ითამაშა და გაერთო ყველაზე უკეთ, ვინ უფრო ადრე წავიდა სახლში და ვინ, უფრო გვიან.

 

სექტემბერში სკოლაში მიდის და ისეთი პირი უჩანს, ვფიქრობ, მეორე სემესტრიც ისე ჩაივლის, რომ ბავშვები ბაღში ვერ წავლენ. ის განცხადებები, რომლებიც სკოლებზე და სკოლამდელ დაწესებულებებზე გვესმის, არცერთი არ გვიტოვებს იმედს, რომ ამ მხრივ უახლოეს თვეებში რამე შეიცვლება.

 

ამ ხნის განმავლობაში ათეულობით წიგნი წავიკითხეთ ერთად, ვხატეთ, ფერადი ფურცლებისგან სახლები ავაშენეთ, პლასტელინები ვზილეთ, ქაღალდის თოვლის ბაბუები გავაკეთეთ, ფიფქები გამოვჭერით, ორცხობილებისა და პიცების გამოცხობაში დავხელოვნდით, ყოველდღიურად გვქონდა ფიზიკური აქტივობები და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერაფრით ვიტყვი, რომ ეს დრო ნაყოფიერი იყო მისთვის. მთელ ამ პროცესს მუდმივად სდევდა ცოცხალი ურთიერთობების „შიმშილი” და მეგობრების მონატრების სევდა. ბავშვები ამას ასე ხატოვნად ვერ გამოთქვამენ, თუმცა მოიწყენენ და ეს მიგვახვედრებს, რომ საქმე, არც ისე კარგადაა.

 

ამას წინათ ბაღის მშობლებმა ონლაინშეხვედრა მოვაწყვეთ ჩვენი შვილებისთვის. ცხრა თვეზე მეტია ერთმანეთი არ უნახავთ. ბედნიერები ჩანდნენ ეკრანის წინ, მაგრამ, თან დაძაბულები, მომუშტული ხელებით, არ იცოდნენ სად წაეღოთ სხვადასხვა ემოცია, არ იცოდნენ რა ეთქვათ. შემდეგ, თოჯინები და ნაძვის ხეები აჩვენეს ერთმანეთს, სხვა მეგობრებიც მოისაკლისეს, რომლებიც ამ უცნაურ შეხვედრას არ ესწრებოდნენ. ეგ იყო და ეგ. შეხვედრას აშკარად სჭირდებოდა მოდერატორი, რომელიც წარმართავდა მათ შორის დიალოგებს და ერთმანეთის დანახვით დადუმებულ ბავშვებს აალაპარაკებდა, ამ დაძაბულობას გაანეიტრალებდა. მშობლებს თავიდან ამაზე არ გვიფიქრია.

 

ჩემს 5 წლის გოგონას ბევრი ინტერესი და სურვილი აქვს. განსაკუთრებით მოსწონს ტანვარჯიში და გატაცებით ვარჯიშობს ყოველდღიურად, დროც კი განსაზღვრული აქვს ამისთვის. პანდემიამ ამაშიც შეგვიშალა ხელი. ვერ მივიყვანეთ ტანვარჯიშის გაკვეთილებზე და შემდეგ, როცა არც პანდემიის დასრულების იმედი გამოჩნდა და მისი გატაცება სპორტის ამ სახეობით დროებითი არ აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ ონლაინტანვარჯიში გვეცადა. არ მოგესმათ, ტანვარჯიშმაც კი ზუმში გადაინაცვლა. ალბათ, ძალიან ძნელია ზუმში, ეკრანის წინ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობები ისე აჩვენოს და გამოავლინოს, როგორც ამას რეალურ სივრცეში გააკეთებდა, თუმცა ბავშვები ამას ცდილობენ. სამწუხაროდ, ყველაზე მთავარი არ გამოვიდა, უკუკავშირი არ შედგა. ყველა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, არ აქვს მნიშვნელობა, რას ასწავლის, რომ მოსწავლე მისგან უკუკავშირს ყოველთვის ელის; ელის რომ დაიმახსოვრებს მის სახელს, არ აერევა სხვა ბავშვების სახელებში; თუ ჯგუფში ახალია, წარადგენს სხვებთანაც და ეტყვის რამდენად კარგად გამოსდის, ის, რასაც აკეთებს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, დისტანციური თუ არადისტანციური სწავლებისას. შეიძლება დისტანციური სწავლებისას კიდევ უფრო რთულია ამის გაკეთება, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

 

ხათუნა საბავშვო ბაღის მასწავლებელია. ორი წლის წინ მასთან ინტერვიუც ჩავწერე ჩვენი ჟურნალისთვის სკოლამდელი განათლების თემაზე. როდესაც ხათუნას ჩემს შვილებთან ერთად ვსტუმრობ, ყოველთვის გამონახავს ბავშვებისთვის ისეთ გასართობს, რომლითაც ისინი დაინტერესდებიან. მაგ. თუ ნამცხვარს აცხობს, ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავად დაკრემონ; თუ სხვა რამეს აკეთებს, ბავშვებსაც ჩართავს ამ პროცესში და ა.შ თუკი ბავშვები რამეს უყვებიან, მშვიდად და გულისყურით უსმენს მათ, გამოხატავს მათთან ყოფნის ინტერესს, ცდილობს ბავშვების ემოციებსა და სურვილებს ჩასწვდეს. თუ რამეს ეუბნება ბავშვებს, გგონია, რომ ბეწვის ხიდზე გადის, ისე ზომავს და წონის სათქმელს. ამიტომ არის, რომ ჩემი შვილებისთვის ხათუნასთან სტუმრობა დიდი თავგადასავალია, ან ბედნიერი მოდიან მისგან ან “უბედური”, რადგან წამოსვლა უწევთ. პანდემიის დასაწყისში, როცა დაბნეული და სახლში უფრო მეტად გამოკეტილი ვიყავით, ხათუნა გვირეკავდა და ჩემს შვილებს ონლაინ ეთამაშებოდა. ახლახან, ერთ საღამოსაც დაგვირეკა და მთხოვა, მეორე დღისთვის ბავშვებისთვის წებო, მაკრატელი და ფერადი ფურცლები მომემზადებინა და თუ ფერადი ფურცლები არ გვექნებოდა, მაგასაც არა უშავდა, ძველი ჟურნალები ხომ მაინც იქნებოდა სახლში. ზუმის ლინკი გამოგვიგზავნა და შეხვედრა ჩაგვინიშნა. მეორე დილით, ჩემს შვილებს ზუმში ხათუნასთან ერთად, კიდევ ორი ბავშვი დახვდა, ტყუპი გოგონები, რომლებთან ერთადაც ქაღალდის ჯაჭვები გააკეთეს, ბევრი ისაუბრეს და საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ.

 

პანდემიის ამ საყოველთაო აურზაურში, ამდენი გაუჩინარებული სიცოცხლის, რისკების დათვლისა და შეფასების ფონზე, ყურადღების ფოკუსიდან გაქრა ბავშვები. მშობლები და ცალკეული ადამიანები ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვებისთვის სასარგებლო, ვგეგმავთ მათთვის სხვადასხვა აქტივობას, რომ მარტო არ დავტოვოთ ისინი მოწყენილობასთან პირისპირ, მაგრამ ჩანს, რომ მარტო ჩვენი მონდომება არ კმარა. და, როდესაც პანდემიით გამოწვეულ ზიანს დავითვლით, ალბათ ისიც უნდა დავთვალოთ, რა ზიანი მიადგა ბავშვებს ხანგრძლივი გამოკეტვის შედეგად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი