ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მხატვრული ტექსტების პირისპირ

მხატვრული ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება, აღქმა და გაცნობიერება –  კითხვის მიმართულების უმთავრესი მიზნებია.

როგორ ვამოწმებთ, რა მიმართებები უჩნდებათ მოსწავლეებს წაკითხულის მიმართ?

 

სწავლა-სწავლების პროცესში საპროგრამო ნაწარმოებების მიმართ მოსწავლეებს სხვადახვანაირი განწყობა-დამოკიდებულებები უჩნდებათ. ისინი წერენ საშინაო დავალებებს – დახასიათებებს, მოკლე შინაარსებს, კითხვებზე პასუხებს, აღწერითი ხასიათის ტექსტებს, თხზულებებს, ესეებს…

რამდენად ეძლევათ მათ საშუალება, თავიანთი ნაფიქრი, თავიანთი განწყობა და დამოკიდებულება გამოხატონ?

რა შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს ასრულებენ ისინი ინტერესით, ხალისით?

 

რასაკვირველია, წერითი მეტყველების განსავითარებელი ყველა სამუშაო ერთნაირად ხალისიანი და საინტერესო ვერ იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს საშინაოდ ხშირად მოსაწყენ, ტრივიალურ, არაფრისმომცემ დავალებებს აძლევენ. მაგალითად, ყოველთვის მაინტერესებდა, რა სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს რუსთაველის ან გურამიშვილის სტროფების პარაფრაზირება და თავების შინაარსების სტროფული თანმიმდევრობით გადმოცემა. რას აძლევს ეს მოსწავლეს? ინტერესით მოვისმენდი ამ კითხვაზე პასუხს. სავარაუდო პასუხთაგან რამდენიმეს კი წინასწარ გამოვეპასუხები.

მაგალითად, პარაფრაზირების სიკეთედ შეიძლება დასახელდეს ის, რომ მოსწავლე ასე უკეთ იგებს და იმახსოვრებს. მაგრამ უკეთ გასაგებად და დასამახსოვრებლად მაინცდამაინც სტროფის სტრიქონ-სტრიქონ პარაფრაზია საჭირო? მერე კიდევ, თავს იტყუებს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ინტერნეტის ეპოქაში ამგვარ დავალებას აძლევს. მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ – აკრიფეთ სასურველი თავის შინაარსი საძიებო სისტემაში და დატკბებით სხვადასხვა ხარისხით შესრულებული პარაფრაზების სიმრავლით.

ასევე, შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ პარაფრაზირებით მოსწავლე აზრის წერილობით გადმოცემის უნარს განივითარებს. მაგრამ ამ ყოვლად მოსაწყენი და ფუჭი სამუშაოს გარეშეცაა შესაძლებელი წერითი მეტყველების განვითარება. წარმოდგენაც კი მიჭირს, 30 მოსწავლის მიერ დაწერილი ერთი და იმავე თავის შინაარსის გასწორება რა მძიმე შრომა იქნება მასწავლებლისთვის, რა მოსაწყენი და მოსაყირჭებელი. ზუსტად ისეთი, როგორიც მოსწავლისთვის – ამ დავალების შესრულება.

 

პარაფრაზირება და წერითი დავალებების სავალდებულო საპროგრამო „ასორტიმენტი“ ცალკე განსახილველი საკითხია. ამჯერად მას არ ჩავუღრმავდები.

წერილში თავი მოვუყარე იმ შემოქმედებით, საინტერესო, სასარგებლო და სახალისო დავალებებს, რომლებიც ერთ მიზანს ემსახურება – მოსწავლეებმა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები წაკითხულის შესახებ.

 

ხელი შევუწყოთ მათ ინტერესით წაიკითხონ (ზოგიერთი დავალება იმდენად სახალისოა, მათი ხათრით მოსაწყენი ტექსტის წაკითხვაც კი შეიძლება), გაიგონ და გაიაზრონ, აღიქვან და გააცნობიერონ წაკითხული და მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცენ სხვადასხვა შემოქმედებითი გზით.

 

აუდიო ან ვიდეო წარმოდგენა

მოსწავლეებს შეუძლიათ იმუშაონ ჯგუფურად, წყვილებში ან მარტო.

აუდიოწიგნები ახლა მეტად პოპულარულია.

მოგისმენიათ აუდიოწიგნისთვის? წამკითხველები ცდილობენ, საინტერესოდ გადმოსცენ ამბავი, შეარჩიონ სწორი ინტონაცია, ტემპი. იმისთვის, რომ ტექსტი „სწორად“ წაიკითხონ, მათ ყველა სიტყვის მნიშვნელობა უნდა იცოდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია პერსონაჟების ხასიათის, მათი ქცევის მოტივებისა და საქციელის გაანალიზება, გაგება.

მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ:

  • ტექსტის შერჩეული ნაწილის აუდიოვერსიის მომზადება;
  • ტექსტში დიალოგების დამუშავება მეწყვილესთან ერთად და აუდიოჩანაწერის მომზადება;
  • ტექსტის მიხედვით ვიდეოჩანაწერის მომზადება.

ჩემმა მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხალისით და ინტერესით შესრულეს ეს დავალება. აუდიოფაილების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით ვთხოვე. ერთი სიამოვნება იყო მათი ხმით ჩაწერილი მათივე საყვარელი ტექსტების ამონარიდების მოსმენა.

 

„დროის მანქანა“

როგორი იქნებოდა ლუარსაბ თათქარიძის ფეისბუქის კედელი? რა ბედს ეწეოდა ჯაყო, დღეს რომ ეცხოვრა? როგორი წარმოგიდგენიათ შუშანიკის ან აბოს შესახებ (ან მათ მიერ) დაწერილი ბლოგი? გაათანამედროვეებინეთ მოსწავლეებს წინა საუკუნეებში დაწერილი ტექსტები.

 

დააჯილდოე წიგნი

ჯილდოებსა და სერტიფიკატებს გარკვეული დამსახურებისთვის აძლევენ ხოლმე. სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ ნომინაცია წიგნისთვის და სათანადოდ გააფორმონ.

ნიმუში:

 

 

ყდის დიზაინი

 

არ არის აუცილებელი, კარგად ხატავდე. წარმოსახვის უნარი სავსებით საკმარისია. როგორ ყდას გაუკეთებდით წაკითხულ წიგნს? რა ილუსტრაციას ან აბსტრაქციას შერჩევდით? რას ეტყოდა თქვენი ყდა მყიდველს? რით მიიზიდავდა? როგორ შრიფტს შეარჩევდით?

 

კოლაჟი

 

„კოლაჟი“ სიტყვასიტვით შეწებებას ნიშნავს, განსხვავებული ფაქტურის, ფორმის, ფერის, წარმომავლობის საგნები საჭირო ზომებად იჭრება და ერთ დიდ ფორმატზე ერთიანდება. ყოველ დეტალს კოლაჟზე „რაღაც აქვს სათქმელი“. წიგნის მიხედვით კოლაჟის შექმნა უდავოდ საინტერესო, შემოქმედებითი დავალება იქნება. ძველი ჟურნალ-გაზეთები, საღებავები, პატარა ნივთები, ღილები, ბურღულეულ-მარცვლეული – რა აღარ შეიძლება აღმოჩნდეს კოლაჟზე. მთავარი პირობაა, ყველაფერი წიგნის რომელიმე ნაწილთან იყოს დაკავშირებული (მეთოდის დაწვრილებითი აღწერა იხილეთ ლელა კოტორაშვილის სტატიაში „კოლაჟი – წიგნის წარდგენის ფორმა“)

 

წიგნის ანბანი

ეს პროექტი ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

ანბანის თითოეულ ასოზე, სულ მცირე, ერთი წინადადება მაინც უნდა დაიწეროს. ცხადია, წინადადება როგორღაც უნდა უკავშირდებოდეს წაკითხულ წიგნს.

 

ახალი სათაური

მოიფიქრე ახალი სათაური და ახსენი – რატომ?

 

პერსონაჟის ავტობიოგრაფია/ჩანაწერი დღიურში

მესამე პირში მოთხრობილი ტექსტების კითხვისას საინტერესო იქნება იმის წარმოდგენა, რას და როგორ ფიქრობენ პერსონაჟები, როგორ მოჰყვებოდნენ თავიანთ ამბავს საკუთარი ხედვის კუთხიდან. წარმოსახვის ამგვარი გათამაშება და გავარჯიშება სახალისო და სასარგებლოა.

 

ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალისის შეტანა იმ უჩვეულო ვითარებაში, რომელშიც ახლა ვართ.

ლიტერატურა ნამდვილადაა „სხვა სამყაროში გადაბარგების“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

აუცილებელია იმაზე ზრუნვა, რომ მოსწავლეებს რთული ემოციური მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. ამ ტიპის სავარჯიშოები, პროექტები და დავალებები არაჩვეულებრივი ალტერნატივაა და ნამდვილად გააფერადებს ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიურობას.

თქვენ რა მეთოდებს იყენებთ სწავლების პროცესის სახალისოდ წარსამართავად?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი