პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქიმიის კორიფეები

საფიქრალ-სადარდებელს კაცს რა დაულევს, მით უფრო – დღეს, როცა მომავალი გაურკვევლობის სქელ ბურუსშია გახვეული. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ადამის მოდგმის სვე-ბედზე. დღეს უკვე მარტო ოჯახის წევრების, მშობლების, ახლობელ-მეგობრების ყოფა არ გვეფიქრება – კოვიდის მიერ, თუნდაც ქვეყნის დასალიერში, ჩვენი ხელიდან გამოგლეჯილი ყოველი სიცოცხლე უფრო მეტად მიგვაქვს გულთან, ვიდრე წინათ. პირველ ხანებში ყოველი ადამიანის გარდაცვალებას თითქმის პირად ტრაგედიად აღვიქვამდით. სანამ სათვალავი აგვერეოდა…

მეც თქვენიანი ვარ და ეს ყოველივე მეც თქვენსავით მაფიქრებს და მანაღვლიანებს. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაზეც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვდარდობ.

შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ქიმიის სვე-ბედი თითქმის ისევე მედარდება, როგორც ოჯახის წევრის. მშობელივითაა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, სამყაროს სილამაზე დამანახა, მისი კანონები და ენა მასწავლა… ეს კარგი, მაგრამ სადარდებელი რა გაქვსო? – იკითხავთ. გგონიათ, ადვილი მოსასმენია მშობელზე აუგი? კაცობრიობის უმეტესი ნაწილისთვის ხომ ქიმია ჯოჯოხეთის მსახური უფროა, ვიდრე ადამიანისა; ბუნებრივი უვნებლის სინონიმია, ხოლო ქიმიური – მავნებლისა.

რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? უამრავი მარტივი ტესტის ჩატარება შეიძლება. აბა, სცადეთ ყველა დროის ათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის, მსახიობისა და ქიმიკოსის ჩამოთვლა. პირველი ორი კატეგორიისთვის ათი მეტისმეტად ცოტაა, ხომ? მაგრამ ქიმიკოსთა გილდიიდან მენდელეევის გარდა ვინმე გაიხსენეთ? ხუთამდე მაინც ახვედით?

სამწუხაროდ, ქიმია გამონაკლისი არ არის – ათი ფიზიკოსის, ბიოლოგის, თუნდაც არქიტექტორის ჩამოთვლას ბევრი ვერ შეძლებს… ცხადია, ყველა ამ დარგს ჰყავს თავისი კორიფეები. მე მინდა, ქიმიკოსებზე გესაუბროთ.

მენდელეევის შემდეგ ყველაზე მეტს ალბათ ანტუან ლავუაზიე გაახსენდება, მაგრამ არა მისი მეცნიერული ღვაწლის, არამედ ერთი ქვევრში გაჩხერილი კინოპერსონაჟის გამო. არადა, ლავუაზიემ აღმოაჩინა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კანონი მოქმედ მასათა შესახებ, რომლის წყალობითაც დღეს ვიცით, რომ რაც უნდა ვჩიჩქნოთ დედამიწის გული, რაც უნდა რკინა-ბეტონის სახლები ვაშენოთ, ამით პლანეტას ვერ დავამძიმებთ და მზის სისტემის ორბიტაზე მის მოძრაობას ხელს ვერ შევუშლით.

კიდევ ბევრს გააკეთებდა ლავუაზიე ქიმიისა და, საზოგადოდ, კაცობრიობისთვის, მაგრამ არ დასცალდა – საფრანგეთის რევოლუციურმა მთავრობამ როგორც ხალხის მტერი, ეშაფოტზე განაწესა. „რევოლუციას არ სჭირდება მეცნიერები“, – ასეთი იყო რევოლუციური ტრიბუნალის ვერდიქტი.

მეორე დიდ ქიმიკოსად ალბათ ჯონ დალტონი უნდა ვახსენოთ, რომელიც ლავუაზიეს გაკვალულ ბილიკს გაჰყვა და ატომური თეორია გვისახსოვრა. სწორედ მისი დამსახურებაა, დღემდე რომ გვჯერა, რომ ყოველი მატერია ატომებისგან შედგება და ყოველ ელემენტში ატომები იდენტურია.

დიდი ქიმიკოსი იყო იტალიელი ამედეო ავოგადროც, ფრიად კირკიტა კაცი, რომელმაც არ დაიზარა და ერთი და იმავე ტემპერატურისა და მოცულობის სხვადასხვა აირში მოლეკულები დაითვალა. ალბათ თავადაც გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ყველა ნიმუში ერთი და იმავე რაოდენობის მოლეკულას შეიცავდა. ამ რაოდენობას დღეს ავოგადროს რიცხვს ვუწოდებთ და 6,022×1023-ს შეადგენს.

ქიმიკოსთა ამ სამეულს დამსახურებულად დაუმშვენებს გვერდს ბერცელიუსი. ბატონმა ჯონ იაკობმა ახალი სული შთაბერა მეცნიერებას – ქიმიის ენა შექმნა. კატალიზატორი, პოლიმერი, იონური ბმა და მრავალი სხვა ტერმინი სწორედ მან შემოიღო მეცხრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე.

დიდ ქიმიკოსთა ხუთეულში, ცხადია, უნდა შევიყვანოთ დიმიტრი მენდელეევიც, რომელიც ქიმიის ყველა სასკოლო კაბინეტის კედლებიდან გვიმზერს. მან ერთ-ერთმა პირველმა ააშენა ელემენტთა შვიდსართულიანი სამკვიდრო და თითოეულ ელემენტს თავისი ადგილი მიუჩინა, შიგადაშიგ ცარიელი „ოთახებიც“ დაგვიტოვა და დაგვიბარა, როგორი ელემენტი უნდა შეგვესახლებინა იქ მომავალში.

კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი სახელი ალფრედ ნობელია. ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ პრესტიჟული პრემიის დამაარსებელი ქიმიკოსი იყო. ნობელამდეც და მის შემდეგაც ყოფილან მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი მიღწევების მქონე მეცნიერები, მაგრამ ნობელი, თავისი ანდერძითა და დანატოვარი ფონდით, ვფიქრობ, იმსახურებს ყველაზე ღვაწლმოსილ ქიმიკოსთა ათეულში მოხვედრას.

ახლო წარსულსაც გადავავლოთ თვალი. მეოცე საუკუნის ქიმიკოსთაგან ერთ-ერთი უპირველესი ლაინუს პოლინგია,  დიდი მეცნიერი და მშვიდობისთვის დამაშვრალი კაცი, ცალკე – ქიმიაში შეტანილი წვლილისთვის, ცალკე – მშვიდობის განსამტკიცებლად გაწეული ღვაწლისთვის ორი ნობელის პრემიის მფლობელი. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კვანტური ქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ქვედარგებს. ჩემი აზრით, ასეთი დიდი გაქანების მეცნიერი ქიმიას არ ჰყოლია. მისი აზროვნების დიაპაზონი ისეთივე ფართოა, რამხელა სხვაობაც არის კვანტსა და ბიომოლეკულას შორის. მისი ნაშრომების საფუძველზე გახდა შესაძლებელი დნმ-ს მოლეკულის აღმოჩენა.

ინსულინი, პენიცილინი, ვიტამინ B12 თითქმის ყველას გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინ აჩუქა ისინი კაცობრიობას. ეს გახლდათ ბრიტანელი მეცნიერი, წარმოშობით ეგვიპტელი დოროთი ჰოჯკინი. მისი კვლევის სფერო კიდეც უფრო ფართო იყო, მაგრამ მარტო ინსულინისა და პენიცილინის წყალობით გადარჩენილთა რაოდენობაც საკმარისია მისი სახელის უკვდავსაყოფად.

ამ სიას კიდევ ერთი ქალბატონი დაამშვენებდა. ეს მარია კიურია, ნობელის პრემიის ორზგის ლაურეატი. მისი დამსახურებაა, მაღალი ენერგიის საშიშ X-სხივებს წარმატებით რომ ვიყენებთ სიცოცხლის გადასარჩენად. ეს დღესაც ერთ-ერთი უსწრაფესი და უმარტივესი მეთოდია ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.

კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი უნდა ვახსენოთ – ელის ბოლი. ის 24 წლისა გამოესალმა საწუთროს, მაგრამ მოასწრო და კეთრის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება დაუტოვა მედიკოსებს.

დღევანდელი პანდემიის ფონზე არ შეიძლება არ ვახსენოთ ლუი პასტერი, რომლის დამსახურებითაც ვისწავლეთ ვაქცინაცია და ეპიდემია-პანდემიებთან გამკლავება.

ცხადია, დიდი ქიმიკოსების ნუსხა ამ გვარ-სახელებით არ ამოიწურება. საერთოდაც, შეუძლებლად მიმაჩნია „საუკეთესოთა“ სიის შედგენა, მით უფრო – ათეულისა.

ერთი წელია, პანდემია მძვინვარებს. ერთი წელია, ყოველ დილით ერთი იმედით ვიღვიძებთ: რომ გამოჩნდება ჩვენი დროის ლუი პასტერი, ვაქცინის პოვნას გვამცნობს და მალე მშვიდად გადავეხვევით მონატრებულ ადამიანებს. მთელი წელია, ველოდებით… და აი, ვაქცინაც გამოჩნდა. მაგრამ რამდენმა იცის მისი შემქმნელების გვარ-სახელი?

„ნათლია“ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმია და არა კომპანია „პარამაუნტის“. მაშ, ამ ნანინანატრ ვაქცინას „პფაიზერის ვაქცინას“ რატომ ვეძახით?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი