პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წინ მთელი ზაფხულია

მიწა აშრა. თქვენი არ ვიცი და ჩემი გონება უმთავრესად განტვირთვასა და დასვენებაზეა ორიენტირებული. ქალაქიდან გასვლამდეც საკმაო ხანია, ამიტომ ვცდილობ, დასვენების იოლი ფორმა ვიპოვო, თანაც ისეთი, ხან თოვლიან ყარსში რომ ამომაყოფინებს თავს, ხანაც პრაღის ქუჩებში მამოგზაურებს. შინიდან გაუსვლელად, ისე როგორ!

ლიტერატურას მივეძალე, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის გმირისა არ იყოს, სპეციფიკურად – მხოლოდ მხატვრულს. თან გონებაში გეგმას ვადგენ, როდის რა და რამდენ ხანში წავიკითხო. არ გქონიათ საკუთარ თავთან მსგავსი შეჯიბრება? მე – კი.

შეჯიბრების არსი კი, აი, რაში მდგომარეობს: ზაფხულის განმავლობაში ქართულ ლიტერატურას შეძლებისდაგვარად სრულად უნდა გავეცნო. ოღონდ სრულიადაც არ ვაპირებ, საბჭოთა დროს გამოცემულ ქართული ლიტერატურის ქრესტომათიულ ტომებში ვდურთო თავი. ჰაგიოგრაფიამ, სკოლიდან მოყოლებული, ფსიქოტრავმები დამიტოვა… ამაზე – სხვა დროს. პრინციპის ამბავია, დიდხანს აღარ მივუბრუნდები.

თანამედროვე ქართული ლიტერატურით დავინტერესდი და, აი, რატომ:

90-იანი წლების ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე შესაძლოა განსაკუთრებულს ვერაფერს ამბობდეს; ვერც ნობელიანტი მწერლით დავიკვეხნით მეზობელი თურქეთის მსგავსად; თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს მწერლები, რომელთა ნაწარმოებები თუნდაც ერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი…

ლიტერატურაშიც, როგორც ბევრ სხვა დარგში, ათეულობით წლით ჩამოვრჩით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებული სიმაღლეები იშვიათად თუ გვეპყრა. ლოგიკურიც არის – ჩვენ ხომ რკინის ფარდა გვყოფდა დანარჩენი სამყაროსგან… თუმცა, ნებით თუ უნებლიეთ, მრავალი წლის დაგვიანებით, თანამედროვე ქართველი მწერლები თითქმის იდენტურად იმეორებენ იმ ფაბულებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ლიტერატურის ენა, ისე მწერალსა და მკითხველს შორის კომუნიკაციის ფორმაც, რაც იმედის მომცემი ნიშანია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენც ჩავებმებით დიდ ლიტერატურულ ლოკომოტივს და ქართული მწერლობაც მოფლიო ლიტერატურულ პროცესში თუნდაც მცირე, მაგრამ საკუთარ სათქმელს იტყვის, რათა განცალკევებით აღარ იდგეს, როგორც დღეს, მხოლოდ ლოკალური სივრცისთვის არ იყოს გათვლილი.

ქართველმა მწერლებმა განსაბჭოების შემდეგ თავიანთ პროფესიას სულის ინჟინრის მისია ჩამოაცილეს. აღმზრდელობით-შემეცნებითი დემაგოგიური ტექსტები, რომლებიც ხშირად პროპაგანდის მანქანას ემსახურებოდა, საბჭოთა წარსულის საკუთრებად დარჩა. იშვიათია კრიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ 90-იანების შემდგომი ქართული ლიტერატურის პერსონაჟები ოდნავ მაინც სცდებიან რეალობას. დიახ, ჰეროიკული გმირებისა და მითების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩამწერი მწერლები მეტად ფასობენ. ჩასაწერი კი საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად არის… ჩამწერებიც მეტ-ნაკლებად ნიჭიერი ხალხია. ბოლო ხანს გამოცემულ ქართულ წიგნებს თუ გადავავლებთ თვალს, პროგრესი შესამჩნევია, გაცილებით მეტი ახალი წიგნი იბეჭდება და სულ უფრო მეტად ჭირს საუკეთესოების გამორჩევა.

წიგნებზე მოთხოვნაც  თანდათან იზრდება, განსაკუთრებით – მათზე, რომლებიც ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთებს სხვადასხვა სერიის სახით მოჰყვება. მათი მთავარი პლუსი ხელმისაწვდომი ფასია, ჟურნალ-გაზეთების გავრცელების არეალიც, წიგნის ბაზრისგან განსხვავებით, დიდია, ამიტომ ეს წიგნები საქართველოს ნებისმიერ სოფლამდე აღწევს.

ერთ-ერთი ასეთი ლიტერატურული სერია, “ახალი ქართული ლიტერატურა”, რომელშიც 90-იანი წლების შემდგომი პერიოდის ქართველ მწერალთა ნაწარმოებებია თავმოყრილი, ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრას” ერთვის. პროექტის მიზანია, მთელ საქართველოს გააცნოს იმ თაობის რჩეულ მწერალთა საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ გამოჩნდნენ ასპარეზზე და ლიტერატურის მოყვარულთა მოწონება დაიმსახურეს.

სერიის მე-14 ტომი მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის შემოქმედებას დაეთმო. წიგნში შესულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა კრებულსა თუ პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი მოთხრობები, ასევე ნაწარმოებები მისი წიგნებიდან “ბერიკაობა” და “მე, მარგარიტა”. წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.

ანა კორძაია-სამადაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. გამორჩეულია მისი ენა, რომელიც კითხვისას გამუდმებით გაფიქრებს სხვადასხვა თემაზე; განსხვავებულია სიკვდილისადმი მისი დამოკიდებულება; ანას გმირები ხშირად იხოცებიან, თუმცა განსაკუთრებულ ტრაგიზმს ეს არ იწვევს – სიკვდილი მათთვის ხშირად საუკეთესო გამოსავალია. მიუხედავად გმირის გარდაცვალებისა, ცხოვრება ჩვეულ დინებას უბრუნდება. ნაწარმოებებში იშვიათად წააწყდებით HAPPY END-ს, რადგან დასასრული არასოდეს არის დასასრული, რადგან ყოველთვის იწყება ახალი სიცოცხლე. მცირე სიხარულებით აღსავსე ანას გმირები იშვიათად თუ განიცდიან დიდ ბედნიერებებს, თუმცა ისინი მუდამ ცხოვრებაზე შეყვარებულნი არიან. მათთვის პატარა სიხარულიც დიდი ბედნიერებაა.
ასე, მივყვები პირველი ტომიდან და გავეცნობი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. წინ ლამის მთელი ზაფხულია. მიწაც უკვე აშრა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი