ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რამდენად ვაცნობიერებთ მასის მუდმივობის კანონს

ამბავი, რომელიც მინდა მოგითხროთ, ათი-თხუთმეტი წლის წინ მოხდა და ისეთი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში, რომ ახლაც თვალწინ მიდგას…

აღდგომა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანთათვის. უმეტესობა საგანგებოდ ვემზადებით ამ ბრწყინვალე დღის შესახვედრად. წინასადღესასწაულო ფუსფუსსა და სამზადისში ჩვენს აუცილებელ საქმეთა ნუსხაში შედის სასაფლაოზე შერბენა და გარდაცვლილი ნათესავების საფლავების დასუფთავება.

აღდგომის წინა დღე იყო და სასაფლაოზე ხალხი მრავლად ირეოდა. ყველა თავ-თავისი საქმით იყო გართული – ვინ ბალახებისგან ასუფთავებდა საფლავს, ვინ ნაძვის ჩამოცვენილ წიწვებს აგროვებდა, ვინ მტვერს წმენდდა… იქვე ტრიალებდა სასაფლაოს მომსახურე პერსონალი და ხან ერთის დაკვეთასა თუ თხოვნას ასრულებდა, ხან მეორისას. ჩვენგან არცთუ ისე შორს ერთი ახალგაზრდა მარტო დასტრიალებდა თავს პატარა ბავშვის სამარეს. დიდი რუდუნებით, თითქმის სათითაოდ კრეფდა ახალამობიბინებულ ბალახს და იქვე, მესრის შიგნითვე, ფრთხილად აწყობდა. საქმიანობას რომ მორჩა, სასაფლაოს მოსამსახურეს დაუძახა და შეეხვეწა, ეს ბალახი არ გადამიყაროთო. ხელებიდან მტვერი ჩამოიფერთხა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელისკენ მიმავალ ბილიკს. მახსოვს, რამდენი გაკვირვებული, სინანულითა და სიბრალულით სავსე თვალი მიაცილებდა… “ეს საწყალი ბიჭი სულ ასე იქცევა”, – ჩაილაპარაკა სასაფლაოს მომვლელმა ცნობისმოყვარეთა გასაგონად.

მეც ერთ-ერთი მათგანი გახლდით. არ ვიცი, სხვები რას ფიქრობდნენ, მე კი მონუსხული მზერით მივაცილებდი ადამიანს, რომელსაც მასის მუდმივობის კანონი ესმოდა.

ჩვენ დიდი ხანია ვირწმუნეთ, რომ სამყაროში ნაწილაკები (ატომები) ქიმიური პროცესების დონეზე უცვლელნი არიან. ქიმიური რეაქციის დროს ერთი ნივთიერება მეორედ იმიტომ გარდაიქმნება, რომ წყდება ატომებს შორის მანამდე არსებული ზოგიერთი კავშირი და ახალ ნაერთში ისინი ახლებურად უკავშირდებიან ერთმანეთს. არ შეიძლება, ერთი ქიმიური რეაქციის ფარგლებში რომელიმე ატომი სადმე გაქრეს, უმისამართოდ გაუჩინარდეს. ქიმიური რეაქცია თუ შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს, აღებული ატომები ახალი კავშირებით ერთიანდებიან და ახალ მოლეკულას წარმოქმნიან. იგი შესაძლოა რაღაცით ჰგავდეს წინაპარს, მაგრამ მაინც ახალი ინდივიდია, თავისი თვისებებითა და ხასიათით.

ზოგიერთი ქიმიური რეაქცია მიმოცვლის მექანიზმით მიმდინარეობს. ამ დროს ორი ან მეტი ნაერთი ატომებს მიმოცვლის და ამ გადაწყობა-გადაჯგუფებით ახალ ნივთიერებას წარმოშობს. მაგრამ ისინიც ისევე ემორჩილებიან მასის მუდმივობის კანონს, როგორც წინა წესით მოქმედი მოლეკულები.

არსებობს დაშლის მექანიზმით მიმდინარე რეაქციებიც. ამ დროს ერთი მოლეკულა ფრაგმენტებად იშლება. წყდება ის კავშირები, მის შიგნით ატომებს რომ აერთიანებდა. მოწყვეტილი ატომები ახლებური ფორმით ჯგუფდებიან და დამოუკიდებელი, ახალი ნაერთის სახით იწყებენ ხეტიალს უკიდეგანო სამყაროში. ასე მარტოსულად იხეტიალებენ, სანამ სხვა მოლეკულებს არ შეხვდებიან და მათ შორის შეერთების ან მიმოცვლის რეაქცია არ მოხდება. თუმცა არც იმისგან არიან დაზღვეულნი, ხელახლა განიცადონ დაშლის რეაქცია.

ასეთია სამყარო. მოუსვენარი, მუდამ მბორგავი, მუდამ ცვალებადი, თუმცა იმავდროულად მუდმივიც და უცვლელიც. ყველაფერი იცვლება ჩვენთვის, მარადისობისთვის კი უცვლელი რჩება.

თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მიკრო (დედამიწის წიაღში მიმალული მეთანის პატარა მოლეკულა) და მაკრო (ჩვენ, ჩვენი არსით, იდეალებითა და განცდებით) სამყაროები ერთმანეთისგან დიდად არ განხვავდება. ჩვენი ჩასახვა, დაბადება და ზრდა ატომების შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს. შემდეგ, მიმოცვლის რეაქციის მსგავსი მექანიზმებით, გზადაგზა ვპოულობთ მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრებს და ბოლოს დაშლის რეაქციებსაც მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნევთ. მაგრამ ვიკარგებით ჩვენ და არა ჩვენი ატომები; ისინი ახალ-ახალი კავშირების ძიებაში უსასრულო ხეტიალს აგრძელებენ.

ჩვენ, ატომების უზარმაზარი გროვა, და პატარა, ორად ორი ატომის შემცველი წყალბადის მოლეკულა ერთნაირად ვემორჩილებით მასის მუდმივობის კანონის ფარგლებში მარადიულ ცვალებადობას. ჩვენი ატომები, ისევე როგორც წყალბადის ორი ატომი, მატერიის უსასრულო ხეტიალისას მხოლოდ წამიერად შეჩერებულან ჩვენს სხეულში და ჩვენი დაშლის შემდეგ აღარასოდეს შეიყრებიან ერთად იმავე ფორმით. თუმცა ვინ იცის, სად, როდის ან რა ვითარებაში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს…

მახსენდება კადრი  ქართული ფილმიდან “ფესვები”: პარიზის კაფე; მევიოლინე, გოგი გეგეჭკორის გმირი, ფეხსაცმელს იხდის და თანამემამულეს ქართულ მიწას აჩვენებს… ესეც მასის მუდმივობის კანონია… საფლავზე ამობიბინებული ბალახიც მასის მუდმივობის კანონს ემორჩილება… ვინ იცის, რომელ ფოთოლში შეყოვნებულა ის ატომი, რომელთან შეხება ადრე სიხარულს გგვრიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი