შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მცხეთური ჩანაწერები

წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო. რწმენა ხმამაღალი საქმე არ მგონია, ამიტომაც ვლაპარაკობ ცოტას, ან საერთოდაც არ ვლაპარაკობ. მაგრამ კითხვა ისეთი გამოდგა ან ღამე გამოდგა ისეთი, მაინც გადამძალა ფიქრმა და საბოლოოდ ასე ვიფიქრე, რომ მე ჩემი ღმერთი იმ ოთახში გავიცანი, სადაც ბებიაჩემი ლოცულობდა. ხოლო ბებიაჩემი ლოცულობდა ღამით, ოდნავ ჩაწეულ ლამფასთან ახლოს მიტანილი, შუქისკენ გადახრილი ლოცვანით. იმ ოთახში მე და მას გვეძინა. და ლამფიდან წამოცდენილ ნავთის სუნში, სიტყვებში, ხან რომ სულაც ჩურჩულად იქცეოდა და ნაწყვეტებად ვიჭერდი – ,,ზესთა” ,,დიდითა წყალობითა შენითა” ,,ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი” – ვიჭერდი და მაზეპირდებოდა, მოხუცის მოცახცახე ჩრდილის ჩრდილში – დავინახე ჩემი ღმერთი. როგორია? რომც გითხრათ, ვერ გაიგებთ. ისევე, როგორც მე თქვენსას. ის შეიძლება ერთია, მაგრამ ყველასთვის სხვანაირი. როცა ბებია იძინებდა, სახეზე ოდნავ, სულ ოდნავ ღიმილს ვატყობდი. ბებია დღისით ვერასდროს იცინოდა. და ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, ხის დაღლილ სკამზე იჯდა, სადაც მისი თავშალი, ჭიქა, ჭიქის გვერდით გაწურული ლიმონი, სათვალე, სამი ძველი წიგნი იდო და ყველაფერი ეტეოდა. იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა. ბებია იღიმოდა. მე ღმერთს ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე. არ ვიცი. მაგრამ თუ შემხვდება, აუცილებლად ვიცნობ. ვიცნობ, რადგან, როცა თვალს დავხუჭავ, სულ იმ ოთახში, ლამფის სუნით გაგუდულ ოთახში და ბებიაჩემის ბუტბუტი მესმის.

 

***

აპრილში, ჩაკეტილობისას, მწირ მოხალისეობას შევუდექი – რასაც ჩემი და მეგობრების ძალები გასწვდა. პროდუქტები მივიტანეთ ერთი-ორგან. ეს იყო და ეს. ერთხელ ასეც მოხდა, დედას ბავშვი გამოჰყვა და მხოლოდ საკვები რომ დაინახა, ცრემლმორეულმა ჩაიჩურჩულა: „დედა, აბა სათამაშოებიცო?”. თქვენი დახმარებით, ამ ბავშვს დღეს ბევრი სათამაშო აქვს, მაგრამ რამდენი ასეთი ჩურჩული აგვცდა ან წავუყრუეთ? ასობით. ათასობით. ყველაზე უფრო მრუდე, ამგვარი დაიმედებაა – ,,გაიზრდება ეგ და აიხდენს ყველა ოცნებას”. და რომელ ოცნებას აიხდენს? სათამაშოებს იყიდის და შოკოლადებს? დღეს რომ ათასობით საღეჭი რეზინი შევიძინო, ის პატარა გიორგი გაიხარებს, ,,ტონიას ბუტკაში,, რომ ,,ტურბოს ჟუაჩკას” შეტრფოდა? ტყუილია ეგ ამბავი, ტყუილი და რომანტიკული განცდებისთვის მოგონილი საჟრუანტელე ისტორია. ოცნებები უნდა ახდეს მაშინ, როცა ისინი იბადებიან, სხვაგვარი ოცნება ბერდება და ჰა, ჰა – მიზნად იქცეს. მიაღწევ მიზანს და მიხვდები, რომ სიხარული სადღაც უკან დაგრჩა, იქ, სადაც ის დაიბადა და ფრთები ვერ იპოვა. ფრთები კი კარადაშია. იმ კარადაში, რომელიც ჩვენ, უფროსებმა გამოვკეტეთ. ჩემი სურვილიც ეგ არის, ყოველდღიური სურვილი, არა საარჩევნო და საპლაკატე – ვიპოვოთ გასაღები, გავხსნათ კარადა და ბავშვებს სათამაშოები დავურიგოთ. ვინც ვის და რამდენსაც ვიპოვით. ვინც რას და რამდენსაც გავწვდებით. ვისწავლოთ სხვისი ოცნებების ახდენის სიხარული – ადამიანად ყოფნის ნიშნის მთავარი საზეპირო! აი ასე სლოგანურ-პათეტიკურად. მაინც ეგ გარემოა ახლა და ყური ადვილად უმასპინძლებს.

***

არ არსებობს ზომიერებაზე მოსაწყენი რამ, მაგრამ ადამიანის ცხოვრება ასე აეწყო, რომ საზოგადო ყოფაში ეს მოსაწყენი რამ დიდად საჭიროა.

აგერ, ხუთი თვის წინ ფეხსაცმელს რომ მეზობელ სადარბაზოში ვტოვებდით, ინფექციის შინ მიტანის შიშით და დღეს ლამის იმ ფეხსაცმლით გაჯიუტებულ ვახტანგურებს ვსვამთ – ეგ არ ვარგა.

არ ვარგა ექიმების ღმერთად გამოცხადება, მათი მცირე კრიტიკის გამო სხვისი გუნდური მოძახილით მიწაში დამარხვა გუშინ და ახლა იგივე ექიმების დაუნდობელი კრულვაც არ ვარგა.

არ ვარგა ვინმეს მოტყუება, რომ კორონა ყველაზე უარესი პანდემიაა, რაც მსოფლიოს უნახავს და არც თავის მოტყუება, რომ ,,კორონა არ არსებობს”.

არ ვარგა იმის ძახილი, რომ ქართველებს არაფერი მოგვეკარება და არც ის ვარგა, თავზე ნაცარს რომ წავიყრით, ა, ახლა მორჩა და დავიქეცითო. ხანაც ფარული სიხარულით წავიყრით ამ ნაცარს – ეგ ყველაზე მეტად არ ვარგა.

არც გამარჯვების ცეკვა ვარგა მწვერვალზე ასვლამდე და არც დამარცხების გლოვა ძირს დანარცხებამდე.

არც ის ვარგა, ამ ჭკვიან ხალხს მე რომ ჭკუას გარიგებთ, მაგრამ ჩუმად რომ ვიყო, ისიც ხომ არ ვარგა?!

ჰოდა, ვიყოთ ზომიერი, ყველა ნაპირზე, იქითაც და იმის იქითაც. ზომიერი, როცა საქმე ერთმანეთს ეხება. თორემ ის, რომ ზომიერება ყველაზე მოსაწყენი სპორტია, თავიდანვე მოგახსენეთ.

ადამიანი მოიგებს ამ ომს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი