პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბლოგი სულელისა, მხოლოდ თავის შეცდომებზე რომ სწავლობდა

საკუთარი
თავი

 

რამდენიმე დღეა ცუდ განწყობაზე ვარ, აი, ხომ წაეწყობა ხოლმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზები,
თავს ვერაფერს ვუხერხებ, ხან ბავშვობის ფოტოები გადმოვიღე, ხან სტუდენტობისდროინდელი
სიყვარულის სასაცილო ამბებს გადავწვდი, ხან ჩემი შვილის ალბომი გადავშალე, ხან ჩემი
ქორწილის. მოკლედ, რა აღარ ვცადე – საყვარელი
სახეები და სახელები ზოგჯერ შველის, ზოგჯერ არა.

ძველ ხელნაწერებსა თუ ქსეროქსის ფურცლებს შორის ერთი
ძალიან საყვარელი ნახატი აღმოვაჩინე – ჩემმა მოსწავლემ დამხატა უხსოვარ დროს, დიდი,
დიდი ხნის წინ – როცა პატარა, გაუბედავი მასწავლებელი ვიყავი, შესვენებებზე სამბას
და სალსას რომ აცეკვებდა ხოლმე მეორეკლასელებს.

ვუყურებ ამ ნახატს და ვცდილობ გავიხსენო ჩემი თავი
-მაშინდელი.

 

 

გრძელი, ხვეული თმა მქონდა, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი
და სულ თმაგაწეწილი დავდიოდი. თუმცა ეს თმა მშვენივრად წამადგა ტროპის სახეების, კერძოდ,
ეპითეტის ახსნისას – იმ დილით, ჩვეულებრივად მეტროთი მივდიოდი სკოლაში, უცებ ორი ბიჭის
ლაპარაკი გავიგონე, მიყურებდნენ და რაღაცას ანიშნებდნენ ერთმანეთს – ბიჭო, შეხედე,
როგორი მწვანილივით თმები აქვს! – მერე ეს ამბავი ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ცუდი
ეპითეტის ასახსნელად გამომადგა.

ეს გულსაკიდი, რომელიც ნახატზეა, მართლა მქონდა და სულ
მეკეთა ხოლმე – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ნიჟარა იყო, კუნძულ თასოსზე ვიპოვე – ძალიან
უცნაური შეფერილობა და ფორმა ჰქონდა, ხოდა ავიღე, კარგად გავაპრიალე და შავ თასმაზე
ჩამოვკიდე. – მერე ესეც გამოვიყენე ქართული
ლიტერატურის გაკვეთილზე, იმის სათქმელად, რომ წიგნი ისე აცოცხლებს და ინახავს ათას
უცნაურ ამბავს თუ ლექსის მელოდიას, როგორც ნიჟარა – ზღვის ხმაურს.

ეს ჯემპრი, აქ რომ მაცვია – სინამდვილეში შავი იყო,
ალბათ ძალიან მუქი ფერის სამოსის ჩაცმაც არ ღირს – სულ ქვრივი დედაჩემის შავი კაბა
მახსენდება – ასე მეგონა, სხვა ფერის კაბა
არც არსებობდა დედაჩემისთვის და დიდი ხნის მანძილზე მეც სულ შავ ტანსაცმელს
ვირჩევდი ხოლმე.

ჩემმა მხატვარმა- სცადა და გააღიავა, ძალიან კი არა
– რომ განწყობა და ხასიათი არ შეეცვალა, არამედ სულ რამდენიმე ტონით. ყავისფერი – მუქია,
მაგრამ მთლად შავიც არ არის.

არასდროს ასეთ ფერად არ შემიღებავს თვალები, მითუმეტეს,
როდესაც სკოლაში ვასწავლიდი, მაგრამ გამახსენდა – ეს ის დღე იყო, როცა გავბედე, ავდექი
და ჩემი ლექსები წავუკითხე მოსწავლეებს – მერე ძალიან ვინერვიულე ამაზე, ვინანე კიდეც
– ასეთი გულახდილი არ უნდა ვყოფილიყავი მეთქი.

მაგრამ ახლა ვხვდები – დიახაც, უნდა წამეკითხა, სხვა
შემთხვევაში ამ ნახატზე ხომ არ მექნებოდა ასეთი ლაჟვარდისფერი ქუთუთოები.

ამას მივხვდი და გულზე მომეშვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი