ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მხოლოდ სიყვარულის შესახებ

მაინც როგორი? ვამბობთ, ვფიქრობთ, ვკამათობთ.
–  მაინც როგორი.

რა თვისება, როგორი განათლება, რანაირი დიქცია, რამდენგვარი
ვარიანტი?

რომელი მეთოდი, რა სახელმძღვანელო, რა ფერის ცარცი?

როგორ უნდა იცვამდეს, როგორ უნდა ლაპარაკობდეს, როგორ
უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს?

რა უნდა თქვას და რა არ უნდა თქვას, რა უნდა გააკეთოს
და რა არ უნდა გააკეთოს?

მაინც როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი – უდავო და ცალსახაა
– ბავშვები უნდა უყვარდეს, უყვარდეს ძალიან და თავგანწირვით, ეს არის მთავარი.

 . . .

            იანუშ
კორჩაკი წარმოშობით ებრაელი იყო, ვარშავაში დაიბადა. შესანიშნავმა ექიმმა, პედაგოგმა
და მწერალმა სულ მალე მოიპოვა ხალხის სიყვარული.  გამოცდილი და მზრუნველი ექიმი სრულიად უსასყიდლოდ კურნავდა ვარშავის ღარიბ უბნებში
მცხოვრებ ბავშვებს, ათასგვარ გასართობს იგონებდა მათთვის, ასწავლიდა, უვლიდა, ეთამაშებოდა
და წერდა მათთვის.    მთელი ცხოვრება მოანდომა  ობოლი ბავშვებისათვის ისეთი დაწესებულების შექმნას,
რომელიც მხოლოდ ცივი კედლებით კი არ დაიცავდა ბავშვებს  და ცხელი წვნიანით კი არ გაათბობდა, არამედ ჩვეულებრივ,
ადამიანურ ურთიერთობებსა და სიყვარულს მისცემდა – ისეთს, როგორიც ყველა ბავშვს რძესა
და პურზე მეტად სჭირდება – უკლებლივ ყველა ბავშვს.

ბოლოს, როგორც იქნა მისივე პროექტით აშენდა „ ობოლთა
სახლი”, იქ ბავშვებს ხელოსნობის დაუფლებაც შეეძლოთ და ჩვეულებრივი განათლების მიღებაც,
ამ სახლს თვითონ ბავშვები განაგებდნენ.

 . . .

„ ერთი მითხარით, ყველა ბავშვი ჩემსავით ჯანმრთელია?
– იკითხა მათიუშმა.


–        

არა
მათიუშ – ძალიან ბევრი ბავშვი სუსტი და ავადმყოფია. უამრავი ყმაწვილი ცხოვრობს უვარგის,
ნესტიან ბინაში. სოფელშიც ვერ მიდიან რომ ჰაერი გამოიცვალონ. საჭმელი იმათ არა აქვთ
და სასმელი, ნახევარჯერ მშივრები არიან. დაავადმყოფდებიან , აბა რა დაემართებათ!~

მათიუშმა უკვე კარგად იცოდა, რა იყო ბნელი და ჩახუთული,
უჰაერო ბინები. იცოდა, რა იყო შიმშილიც, გაახსენდა, ხანდახან გარეთ, ცივ მიწაზე ძილს
რომ ამჯობინებდა ხოლმე გლეხის  ჰაერდახუთულ
ქოხში ღამის გათევას. ისიც გაახსენდა, გაფითრებული, ფეხებდაბრეცილი ბავშვები რომ მოდიოდნენ
მათ ბანაკში და ცოტაოდენ წვნიანს თხოულობდნენ. თვალწინ დაუდგა, რა ხარბად ხვრეპდნენ
ის გაცრეცილი ბავშვები ჯარისკაცულ წვნიანს. მაშინ ფიქრობდა, ყველაფერი ომის ბრალიაო.
ახლა კი გაიგო, რომ თურმე მშვიდობიან დროსაც ბავშვებს ისევ ისე სცივათ და ისევ ისე შიათ”. ( მეფე მათიუშ პირველი, იანუშ
კორჩაკი)

 . ..

      თავის მიერ დაარსებული „ობოლთა სახლის” უკეთ მოსავლელად
და სამართავად, იანუშ კორჩაკმა საექიმო პრაქტიკა მიატოვა. ამ პერიოდში, მან დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი „როგორ გვიყვარდეს
ბავშვები” და მრავალი წერილი და სტატია პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის შესახებ.

როდესაც ვარშავაში ფაშისტები შევიდნენ, იანუშ კორჩაკი თავის აღსაზრდელებთან ერთად წავიდა ჯერ ვარშავის გეტოში, მერე ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში.

საკონცენტრაციო ბანაკში
წასვლის დღეს, მან მხიარულად მოამზადა ბავშვები, უთხრა, რომ სოფელში მიდიოდნენ დასასვენებლად,
ხელი ჩაჰკიდა მათ, უარი თქვა უკანასკნელ წუთს შემოთავაზებულ თავისუფლებაზე და მხიარული
ნაბიჯებით შეუძღვა მათ გაზის კამერაში, თან გზა და გზა ჯადოსნურ ზღაპრებს უყვებოდა
. . .

 

 

 . . .

 

„ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ” – ანტუან დე სენტ
ეგზიუპერიმ თქვა, შესანიშნავმა ფრანგმა მწერალმა, პატარა უფლისწულის დედამიწელმა მეგობარმა
. . . მე ამ წინადადებას ცოტათი შევცვლი და ვიტყვი , რომ ჩვენ ყველანი ჩვენს ბავშვობაში
წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ,  ჩვენი ბავშვობის
მწერლებს მოვყავართ ხელჩაკიდებულები, როგორც პირველი კლასის მოსწავლეები, ისე დაბნეულები
და შეშინებულები და მაინც, მასწავლებლის თბილ ხელს მონდობილები, როგორც ებრაელი ბავშვები
გაზის კამერაში შესვლის წინ.

 

ხოდა, პედაგოგი შეიძლება ათასნაირი იყოს, ათასნაირად
კარგი და სხვადასხვანაირი, მაგრამ ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი