პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა მესამე საჭიროა

ეს ამბავი რამდენიმე თვის წინმეგობართან სტუმრობისას გადამხდა. იგი მხატვარია. მასთან მისულს, იქ მისი კიდევ რამდენიმე ჩემთვის უცნობი მეგობარი დამხვდა. ისინი ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელები იყვნენ, ზოგი მხატვარი, ზოგი არქიტექტორ-მოქანდაკე,ზოგიც – ისტორიკოსი თუ დრამატურგი.მე შედარებით გვიან შევუერთდი მათ თავყრილობას. მასპინძელმა მათ წინაშე წარმადგინა როგორც ქიმიკოსი.ვიგრძენი, ზოგიერთმა მხოლოდ თავაზიანობის გამო დამიკრა თავი. სტანდარტული წარდგინება-მისალმების შემდეგ მათ გატაცებით გააგრძელეს საუბარი. საუბრის თემა შეკრებილი საზოგადოების შესაფერისი იყო: ვან გოგი და როდენი, მონტესკიე და შექსპირი, რამზესები და პირამიდები. მე ჩუმად ვიჯექი და გულისყურით ვუსმენდი მათ აღტყინებას, განესაზღვრათ ყოფიერება და უკვდავება. მოულოდნელად ერთი-ერთი მათგანი მომიბრუნდა და, როგორც ქიმიკოსს, მკითხა:

 

– ქიმიაში ამდენი ელემენტი რომ არსებობს, მათ შორის რაიმე წესრიგი არის? რატომ არ შედიან ერთმანეთთან რეაქციაში ყოველთვის?  როგორ თანაარსებობენ?  ერთმანეთს ეხებიანშეხებას გრძნობენ თუ ვერა?

ცოტა დავიბენი, ალბათ უფრო კითხვის მოულოდნელობის გამო, თუმცა პუბლიკის შესაფერისი პასუხი ვიპოვე: ვერ გრძნობენ, საერთო ენას ვერ პოულობენ, კატალიზატორი სჭირდებათ-მეთქი.

– როგორ, მოლეკულები ადამიანებს ჰგვანან? – მორიგი კითხვით შემომიტია და პასუხის მოლოდინში გაკვირვებული მომაჩერდა.

– უფრო სიყვარულს, – იყო ჩემი პასუხი.

ჩვენიანი ყოფილხარო, – გამოიტანეს ცოტა არ იყოს გაოცებულებმა ვერდიქტი. მას შემდეგ მე „მათიანი” ვარ, ხოლო ისინი – „ჩემიანები”, ანუ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, კონტაქტი შედგა.

მომიტევოს მკითხველმა, თუ შესავალი ცოტა გამიგრძელდა. შესაძლოა, ბლოგის წერას გადავეჩვიე (ერთი თვე გამხდარა, არ შეგხმიანებივართ) ან მონატრებული ენად გავიკრიფე…

მართლაც, ვგავართ კი მოლეკულებს? თუ კარგად დავაკვირდებით მათ ბუნებას, აღნაგობას, ქცევის წესებს, დიდ მსგავსებას ვიპოვით. კონსტანტინე კაპანელი წერს ერთგან: დედაბუნება ვერ ხედავს განსხვავებას ნაპოლეონებსა და სუსუნატის ჩხირებს შორისო. ეს მოსაზრება უფრო მეტადაც შეიძლება გაფართოვდეს და თამამად ითქვას: გამჩენისთვის ერთნი ვართ ჩვენცა და მოლეკულებიც. ვინც მოლეკულების ბუნებას ღრმად ჩასწვდება, ვინც ისწავლის მათთან სასაუბრო ენას, დაინახავს, რომ ისინი უფრო მოწესრიგებულად ცხოვრობენ და იქცევიან, ვიდრე ჰომო საპიენსები.

მოდი, ჯერ ზოგად პრინციპებს გადავავლოთ თვალი. ელემენტები, რაც უფრო შორს არიან ერთმანეთისგან პერიოდულობის ცხრილში, მით უფრო იოლად პოულობენ საერთო ენას და ადვილად წყვილდებიან “შორით დაგვა, შორით ალვის” პრინციპით. წყალბადი და სხვა ტუტე მეტალები ადვილად შედიან რეაქციაში ჰალოგენებთან. მაგრამ როგორ იქცევიან კეთილშობილი აირები? შეურიეთ ერთმანეთს წყალბადი და ჰელიუმი. რამდენიც არ უნდა ვემუდაროთ, რა ძალისხმევაც არ უნდა გამოვიჩინოთ, ჰელიუმი წყალბადთან რეაქციაში არ შევა – “არა შეჯდა მწყერი ხესა”…

კიდევ უფრო საინტერესოდ იქცევიან ორგანული მოლეკულები. ორგანულ ნაერთთა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები კლასებად ერთიანდებიან მათთვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებების მიხედვით, რომლებსაც კლასის ქიმიურ თვისებებს ვუწოდებთ.

ტუტე მეტალებს ნახშირწყალბადებში ინახავენ. ისინი ერთმანეთის მიმართ წლების განმავლობაში ინდიფერენტულნი რჩებიან. მაგრამ საკმარისია, იგივე მეტალები ნახშირწყალბადების ჰალოგენნაწარმებს შევახოთ, რომ ენერგიულად ეკვეთებიან ერთმანეთს.

მაგრამ მარტო მოლეკულების წადილი, შევიდნენ ერთმანეთთან რეაქციაში, არ არის საკმარისი. გარდა ერთმანეთისადმი ლტოლვისა, აუცილებელია მათ შორის კონტაქტიც. თუ მოლეკულები ერთმანეთს არ შეხვდნენ, მათ შორის არც ქიმიური რეაქცია მოხდება. სინჯარაში, კოლბაში, რეაქტორში, გარემოში, ჩვენს ორგანიზმში მოლეკულები გამუდმებით ირხევიან, გამუდმებით ღელავენ, ეჯახებიან ერთმანეთს და თუ ამ შეხვედრისას მათ შორის გაჩნდა სურვილი ურთიერთობისა, დაწყვილდებიან და სხვა ნაერთებად გარდაიქმნებიან, თუ არა – გააგრძელებენ ხეტიალს მათთვის (და არა მარტო მათთვის) უკიდეგანო სამყაროში შესაფერისი პარტნიორის პოვნამდე.

და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რეაქციის წარმართვას განაპირობებს…

მოდი, ჯერ ამ რეაქციას დავაკვირდეთ:

CH3CH2OH + HOCH2CH->  CH3CH2-O-CH2CH3+ H2O

ეთილის სპირტის ერთი მოლეკულა ეთილის სპირტის მეორე მოლეკულასთან შევიდა რეაქციაში და ეთერად გარდაიქმნა, ხოლო თითოეული მოლეკულიდან გამოდევნილმა H და OH ჯგუფმა ერთად პოვა ნავსაყუდელი წყლის მოლეკულის სახით. ერთი შეხედვით, ამ რეაქციაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ თაროზე შემოდებულ ეთილის სპირტის ბოთლში არსებული მოლეკულებიც ხომ ასევე ბორგავენ და ეჯახებიან ერთმანეთს. რატომ არ მიმდინარეობს მათ შორის რეაქცია? საქმე ის არის, რომ მათ არ ჰყავთ „მასწავლებელი”. ზემოთ მოყვანილ რეაქციაში ერთი “პატარა” უზუსტობაა: არ არის მითითებული კატალიზატორი – ნაერთი, რომელიც ამ მოლეკულებს ერთმანეთთან ურთიერთობის გზას ასწავლის. კატალიზატორიც ისეთივე ჩვეულებრივი მოლეკულაა, როგორიც მორეაგირე კომპონენტები, მაგრამ მას ხელთ თითქოს ჯადოსნური ჯოხი უკავია, რომლის ერთი მსუბუქი აქნევით მოლეკულებს მიახვედრებს (ზოგჯერ აიძულებს), როგორ მოეპყრონ ერთმანეთს. კატალიზატორის “ჯადოსნობა” იმითაც გამოიხატება, რომ თავად ამ დროს უცვლელი რჩება – თითქოს პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდეს.

მოლეკულები, რაც არ უნდა დიდი იყოს მათ შორის ურთიერთქმედების წადილი, ახალი ნაერთის წარმოქმნამდე გრძელ გზას გაივლიან. ჯერ მათ შორის პირველი “გრძნობა” უნდა აღიძრას და ერთმანეთს ხელი ჩასჭიდონ, შემდეგ ხელიხელჩაკიდებულებმა დიდი მთა გადაიარონ (ქიმიაში ამას აქტივაციის ენერგიის გადალახვა ჰქვია). ამ ბარიერის გადალახვა ყველას არ შეუძლია. ზოგს ეს სიმაღლე იმდენად აშინებს, ნაბიჯსაც არ გადადგამს მის გადასალახავად (მაგალითად, პარაფინი და წყალი). ზოგი შედარებით გაბედულია, მაგრამ გზის სირთულეს სათანადოდ ვერ აფასებს და აღმართზე სიარულით დაღლილი მალევე ბრუნდება უკან. მაგრამ არსებობენ მოლეკულები, რომლებსაც იმდენი ენერგია აქვთ, რომ აქტივაციის ბარიერის მთას სულმოუთქმელად გადაირბენენ ხოლმე. ამ სამი ტიპის ნაერთიდან რომელს სჭირდება კატალიზატორი? პირველი ტიპის მოლეკულებთან იგი უძლურია. მესამე ტიპისას შესაძლოა დათვური სამსახური (ისე, რა დააშავა ამ დათვმა) გაუწიოს – მეტისმეტი სიჩქარისგან კისერი მოატეხინოს. აი, მეორე ტიპის “ზანტ” მოლეკულებს კი იგი ნამდვილ მხსნელად ევლინება. ის მათ იმ მოკლე გზას ასწავლის, რომლითაც უფრო მარტივად, უფრო მცირე სიმაღლეზე ასვლით გადალახავენ ამ უღელტეხილს.

მოლეკულების, ისევე როგორც ადამიანთა უმეტესობას ამგვარი მეისრე სჭირდება. მოლეკულათა ურთიერთობაში მათ კატალიზატორები ჰქვიათ, ადამიანთა ურთიერთობაში კი – მასწავლებლები.

მასწავლებელი სწორედ ის კატალიზატორია, რომელიც განათლების მწვერვალისკენ მიმავალ მოსწავლეებს (განურჩევლად მათი ასაკისა) გზას შეუმსუბუქებს, სწორ მიმართულებას მისცემს. და კიდევ ერთი: ასეთი მასწავლებელ-კატალიზატორები მარტო განათლების მისაღებად არ არის საჭირო; ისინი ჩვენ თითქმის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გვეხმარებიან.

P. S. ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა და ყოველ თეორიასა თუ მოსაზრებას ექსპერიმენტული მტკიცებულება სჭირდება. მე ამ კატალიზატორების გამოყენებით ასეულზე მეტი ახალი ნივთიერება მივიღე და საუკეთესო მეგობარი შევიძინე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი