პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პოეზია და დისტრიბუტორი ბიჭი

ლუიზ გლიუკი, რომელსაც 2020 წელს ლიტერატურული ნობელი მიანიჭეს, ბატლერ იეიტსივით, ტ. ს. ელიოტივით და ბროდსკივით საყოველთაოდ აღიარებული პოეტი არ არის. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთი-ორმა ტრანსტრომერსაც კი შეადარა, უნდა ითქვას, რომ არც ტრანსტრომერივით იცნობენ ამერიკელ ნობელიანტს. ცხადია, გლიუკის ცნობადობა ახლოსაც ვერ მივა მის ამერიკელ კოლეგასთან – ბობ დილანთან. მიზეზებს არ ჩამოვყვები, რატომაც.

კაცმა რომ თქვას, ისედაც რა საჭიროა, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავივით იცნობდნენ თანამედროვე პოეტს – სასიამოვნოა, ბიონსე რომ ციტირებს შენს ლექსებს (რუმივით), მაგრამ ეს იშვიათი ამბავია. მაშინ რატომ მოხდა, რომ სუპერპოპულარული კანდიდატებით დატენილი მჭიდის დაცლას ნობელის კომიტეტმა არც ისე ცნობილი პოეტის დაქუხება ამჯობინა?! ცდუნება დიდია – მილან კუნდერა, ისმაილ კადარე, პოლ ოსტერი, კორმაკ მაკარტი, ბევრი სხვაც – აქედან რომელიმეც კი გაბრაზებულ მკითხველს შემოურიგებდა ნობელის პრემიას, მაგრამ ისინი მაინც თავის გზას მიჰყვებიან ჯიუტად, რადგან, ტარიელ ჭანტურიას მახვილგონივრული ფრაზა რომ გავიხსენოთ, – ეს დინამიტი მათია და სადაც უნდა, იქ ააფეთქებენ.

პოეზია არ იყიდება, – წიგნის დამწყები დისტრიბუტორიც კი ბეჯითად იტყვის, რადგან ეს აქსიომა მემკვიდრეობით ერგო და ძალიანაც რომ მოინდომოს, არც გადასინჯავს, რადგან პოეზიას, ორიგინალურსაც და თარგმნილსაც, საქართველოში მხოლოდ ერთი გამომცემლობა ბეჭდავს. დისტრიბუტორ ბიჭს უყვარს ლექსები, ფეისბუკზე მათი წაკითხვა და დალაიქება ძალიან სიამოვნებს. ხშირად აზიარებს და ძვირფას ადამიანებსაც უფორვარდებს სტრიქონებს აკვიატებული ლექსებიდან, არც ახალი პოეტების დამახსოვრება ეზარება. სუფრაზე, სადაც მათ ლექსებს ზეპირად ამბობს, მოსწონთ, ტაშს უკრავენ და მერე რა, რომ თავისუფალი ლექსია, გულს და განცდებს იოლად პოულობს. შემდეგ ისე ხდება, რომ ამ ლექსს ერთი სელებრითის კედელზე წააწყდება. ოთხნიშნა გაზიარება აქვს და ურიცხვი მოწონება-დაგულებანი. არ უკვირს: ისეთი ზუსტი და მოხდენილი სტრიქონებია, მთელი ამბავი და დრამაა მოყოლილი. დრამაც რომ არ იყოს, ამდენ ათას სიტყვაში ყველაზე საჭირო ოცის გამორჩევა იმისათვის, რომ გაგამხნევოს და რაღაც აზრი მისცეს დილით გაღვიძებას, ცოტა ხომ არ არის. ყავა არ შველის დისტრიბუტორის დილას, ლოცვასაც გადაეჩვია და მოძღვარსაც, მშობლიური ქალაქი რომ დატოვა, მას შემდეგ არ ურეკავს. „ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი“ – დილიდან აჰყვა პოეტის ფრაზა იმ წიგნიდან, რომელიც ეს-ესაა მიუთვალა ქსელის საწყობს და მიუხედავად იმისა, რომ პოეტს ქვეყანა იცნობს, ქსელის კომერციულ დირექტორს მიაჩნია, რომ პოეზია არ გაიყიდება. კი, ეგრეა, – თავისთვის ამბობს დისტრიბუტორი ბიჭი, „დასტავკას“ მორჩა: ჩამოცლილია ბესტსელერებიც, ისე-რა გაყიდვადი და დახლზე ჩამოსაძველებად განწირული წიგნებიც. აუ, როგორ გაასწორებდა, – ფიქრობს თავისთვის, – ვიღაც ძაან მაგარი ტიპი რომ ადგებოდეს, მაყუთა, მაღაზიებს ჩამოუვლიდეს, ყველა პოეტის ყველა წიგნს გამოხიკავდეს ჯერ სტენდებიდან, თაროებიდან, მერე საწყობებიდან… „3 ცალი? არა, ამ ავტორის მხოლოდ ერთი ცალი წიგნი გვაქვს, მაგრამ კოსტავას ფილიალში გადავამოწმებთ! – კონსულტანტები დაფაცურდებიან, – უი, ფალიაშვილში ჰქონიათ, სხვათა შორის დედაჩემს უყვარს ძალიან!“ „ხოდა, აი, ჩემგან საჩუქრად! – თავს გამოიდებს ქველმოქმედი, – ჩემი სოფლის სკოლაში ვაპირებდი გაგზავნას, მაგრამ არაუშავს, ჯერ ცოცხალი კლასიკოსები წაიკითხონ, დებიუტანტები – მერე…“ „თქვენ… მეცნობით ძალიან… – არც კონსულტანტი გოგონა ჩამორჩება, – მგონი პოლიტ…“ „ვიყავი, მომწყინდა ცოტა არ იყოს, გენაცვალე. ახლა ჩემს გოგოს ვეხმარები… რაღაც კამპანიები აქვს, აქციები, პოლიტიკური არა, ისეთი, ხომ გესმით…“ „კიი, როგორ არა…“ – დისტრიბუტორ ბიჭს კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს წარმოსახვითი უწუპუწუ, ქველმოქმედისა და კონსულტანტი გოგოს ერთ გემოვნებაში ლივლივი, ენაზე ადგება ლექსებიც, ქველმოქმედს რომ ათქმევინებს მეტი დამაჯერებლობისთვის, მის ადამიანურ ბუნებას წარმოაჩენს – ყოველთვის მთხლე პოლიტიკოსი კი არ იყო, პოეზია და მუსიკაც უყვარდა, თან აი ისეთი, გაპაპსავებული კი არა, საერთოდაც ძალიან უცნობი და ჩრდილში მიყუჟული მხეცი ლექსები! ჰოოო, ამაშია საქმე! კონსულტანტი გოგონა, რომელსაც დისტრიბუტორი ბიჭი კარგად იცნობს, გაოცებისგან ენაჩაგდებული უყურებს პოლიტიკოსის გარდასახვას. „იცით, თქვენზე დავწერ ჩემს ბლოგში, თქვენს ამ სტუმრობაზე…“ ყოფილმა პოლიტიკოსმა უნდა დაიმორცხვოს, რადგან ლექსის სიყვარულშია გამოჭერილი და მანდატებში კი არა, პოეტურ კრებულებში იხდის ფულს…

მანქანაში ბრუნდება დისტრიბუტორი ბიჭი. ტელეფონი დარჩენია. უპასუხო ზარებით და მესიჯებით გადაძეძგილია ეკრანი. ერთს ჩასქროლავს, მეორეს, მესამეს, მეოთხესაც მოიცილებს. უფროსსაც ურეკია. აგერ მისი ესემესიც. ფრთხილად ხსნის: „სად ხარ, შეჩემა? მესინჯერში რატომ არ მპასუხობ? 100 ცალი „დაბრენდე წარმატება“ უნდა შეიტანო ვაჟაზე 2 საათამდე. აწიე ეხლა ტრაკი და მოიხოდე!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი