ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოლოდინის აუტანელი ხიბლი, ანუ გაკვეთილის დრამატურგიაზე

გაკვეთილის დრამატურგია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავია, რადგან ყოველდღიურ რუტინასა და შრომის ჩადებას მოითხოვს და ორივე მხარის – მასწავლებლისა და მოსწავლის ემოციური მდგომარეობა იფიტება და რაღაც მომენტში მოწყენა საკლასო ოთახში ისე შემოიპარება, როგორც ნოემბრის ბოლო რომელიმე კვირას – ზამთარი.

და მაინც, არიან მასწავლებლები, რომლებიც რაღაც მანქანებით ახერხებენ, რომ ყოველი შემდეგი გაკვეთილი საინტერესო და ემოციით სავსე აღმოჩნდეს.

მე მინახავს ასეთი მასწავლებლები და გაოცებული დავრჩენილვარ იმ ოსტატობით, რომლითაც ისინი ერთი შეხედვით სრულიად პრაქტიკულ და მოსაბეზრებელ საგანს, ფიზიკას ასწავლიდნენ.

ვისაც ბავშვობაში ნანახი თეატრალური სპექტაკლები გახსოვთ, ადვილად გაიხსენებთ, როგორ მუშაობს ასეთი სასცენო დადგმა: აი, თეთრ, ფაშფაშა კაბაში გამოწყობილი წითელქუდა ტყეში მისეირნობს. კალათში ორცხობილა უდევს, პატარა ბოთლით ლიმონათიც, საყვარელ ბებოსთან მიდის. მოვეფერები და ბევრს დავკოცნი, ბებო კი საკუთარი ხელით მოქსოვილ წინდებს მაჩუქებს.

და იქვე, სცენაზე ბოროტი მგელი გამობრძანდება. საშიშია, ოი, როგორი საშიში და ხმამაღლა ამბობს: მე ამ წითელქუდას გზას ავუბნევ, ჯერ მის ბებოს შევჭამ, მერე კი შვილიშვილსაც შევახრამუნებ.

გაფაციცებით ვუსმენთ. დარბაზი გარინდულია. ჩვენ თუ გავიგეთ, რატომ არ ესმის ამ სულელ გოგონას?

წითელქუდა სიმღერას აგრძელებს და აი, რომელიღაც გამბედავი ბავშვი წამოიყვირებს: წითელქუდა, მგელი შეჭმას გიპირებს.

რაო, რაო? – ყურს მოიღერებს გოგონა, რაღაც მომესმა?

და დარბაზში მსხდომი ყველა ბავშვი ყვირის: შენ უკანაა, შეჭმას გიპირებს, მგელი შეჭმას გიპირებს, წითელქუდავ!!!

მაგრამ წითელქუდა ხმამაღლა ამბობს, მგონი რაღაც მომესმა, ბებოსთან არ დამაგვიანდეს! – და კულისებში უჩინარდება.

აქ იწყება ის, რაც მთელ ჩვენს ცხოვრებას გასდევს, როგორც ლიანდაგის ერთ რელსს მეორე – მოლოდინის აუტანელი ხიბლი!

რა მოხდება? რა მოუვა წითელქუდას? რას დავინახავთ ჩვენ?

თანამედროვე სამყარო ამ მეთოდს ოსტატურად იყენებს. ამ მოლოდინის ეფექტზე დგას თანამედროვე კინემატოგრაფი, მოლოდინის ეფექტის შესაქმნელად აანონსებს რომელიმე ცნობილი გადაცემის სკანდალური წამყვანი საღამოს ეთერის მთავარ თემას.

ბოლოს და ბოლოს, ამ „რა მოხდებას“ მოლოდინში ზის მსოფლიოს ლამის ნახევარი და ელოდება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, სადაც ჩვენი საყვარელი გუნდი მტრის თერთმეტ რაინდს სასიცოცხლო ბრძოლაში უნდა დაუპირისპირდეს.

მოლოდინის ეფექტის შექმნა საგაკვეთილო დრამატურგიაში ძალიან მომგებიანია. ახსნისას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მასწავლებელმა გაურკვევლობის მარცვალი უნდა დათესოს მსმენელში და ამ ამოცანის ამოხსნისკენ ნელ-ნელა და გამოცდილი ხელით წაიყვანოს მოზარდის გონება.

აი, წევს კაცია მუნჯაძე სიკვდილივით ცივ ლიანდაგზე, ელოდება მატარებელს. ეძინება, ო, როგორ ეძინება კაციას, მაგრამ არ უნდა გამოეპაროს მატარებლის მოსვლა, ამიტომ თავს დებს ლიანდაგზე – „მოდი, პაწაი თვალს მოვატყუებ და მერე უმფრო ფხიზლად ვიქნები“, ფიქრობს, „თუ ვინიცობაა, მაშინა მოვიდა, რეინცაზე რომ თავი მექნება, მაშინათვე შევიტყობ და წამოვხტები“.

და სიზმარს ხედავს, რომ მოდის მატარებელი. მოდის მატარებელი და მოჰყავს ოქროსტანსაცმლიანი კაცები, ოქროსია მატარებელიც. უნდა გადაუდგეს, ესროლოს, ამიტომ ელოდება ნახევარი საათია, მაგრამ თან ვერ ბედავს. გამაციმბირებენ, ცოლ-შვილს უპატრონოდ დამიტოვებენ – ფიქრობს კაცია მუნჯაძე და მატარებელიც გაივლის.

ფიზიკის მასწავლებელი ამ სცენას ისეთი მხატვრულობით ჰყვებოდა, გული მეწურებოდა. ვიცი, რომ ვერ ასცდება კაციას სიკვდილი. ვიცი, რამდენჯერ წამიკითხავს ეს ამბავი და განა რანაირად შეიცვლება დასასრული? განა რკინიგზის დარაჯმა გვამი არ უნდა იპოვოს ლიანდაგზე? და მაინც, მოლოდინი, რომ იქნებ რამე შეიცვალოს, არ გამქრალა.

რატომ დადო ლიანდაგზე თავი ამ უბედურმა კაციამ? რატომ არ დაიძინა გვერდით? – კითხულობს მასწავლებელი და ყველა ხელი აწეულია.

ფიზიკის მასწავლებელი ბავშვებს ბგერის გავრცელების სიჩქარის ფორმულის გამოყვანას ასწავლიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი