პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლის გარე შეფასების პრაქტიკა ევროპაში

ზოგად განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარე შეფასება წარმოადგენს. ამ კუთხით ბევრ ქვეყანაში არსებობს სკოლების გარე შეფასების, ე.წ. ინპექტირების პრაქტიკა. არსებობს ინსპექტირების სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, სკოლების შემოწმება მათი მოწყვლადობის მიხედვით. ბევრ ქვეყანაში რისკის შემცველი სკოლები უფრო ხშირად მოწმდებიან სახელმწიფოს მიერ, ვიდრე დანარჩენები. რისკზე დაფუძნებულ ინსპექტირებას იყენებენ დანიაში, შვედეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში (ანდღულაძე, 2017). ზოგადად, გარე შეფასების პროცესის კონცეფცია მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ქვეყნებში მიმდინარე საგანმანათლებლო პოლიტიკასთან. მაგ: ცენტრალიზებულ საგანმანათლებლო პოლიტიკის მქონე ქვეყნებში გარე შეფასების მიზნებიც განსხვავებულია, დეცენტრალიზებულ და ნახევრად დეცენტრალიზებულ საგანმანათლებლო ქვეყნებში კი უფრო განვითარებაზე ორიენტირებული.

გარე შეფასება წარმოადგენს სკოლაში მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესის შეფასებას იმ ადამიანების მიერ, ვინც არ განეკუთვნება აღნიშნულ ორგანიზაციას. ხშირ შემთხვევაში ესაა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით აფასებს სკოლაში მიმდინარე პროცესებს და ადგენს შესაბამის დასკვნას. შეფასების პერიოდულობა, დასკვნის შედეგები და სკოლების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ რეგულაციებზე.

სკოლების გარე შეფასების პროცესის საწყისებთან უდავოდ დგას ინგლისი, ინსპექტირების დიდი გამოცდილება აქვს ინგლისს, სადაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა სკოლების მაკონტროლებელი ორგანო და მონიტორინგის სისტემა. მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლებიდან სკოლებმა მეტი თავისუფლება მიიღეს, გარე შეფასების სისტემა ამ თავისუფლების საპირწონე ინსტრუმენტად გადაიქცა. 21-ე საუკუნის დასაწყისში გარე შეფასებასთან დაკავშირებული მიდგომები შეიცვალა და იგი გადაიქცა სკოლის მხარდამჭერ და განმავითარებელ მექანიზმად. სკოლების ინსპექტირების საშუალო ვადად განისაზღვრა 3 წელი და მათ მიეცათ საშუალება, თვითშეფასების ანგარიშებში აესახათ საკუთარი პროგრესი. ამასთანავე გაიზარდა სკოლის მიწერ წარმოდგენილი ანგარიშის წონა და მნიშვნელობა შედეგების შეჯამებისას. რეფორმირებული ინსპექტირების სისტემის მთავარი პრინციპი იყო, ნდობა გამოეცხადებინა სკოლის მასწავლებლებისა და მათი პროფესიონალიზმისათვის. ამგვარად, სკოლები იღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას თვითშეფასების გაძლიერებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართვის თვალსაზრისით. ბოლო ცვლილებებით (2013 წ.) განისაზღვრა შეფასების ოთხი დონე. ამ შედეგებზე დაყრდნობით სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ხდება სკოლების გადამოწმება და რისკზე დაფუძნებული ინსპქტირების განხორციელება.

ჰოლანდიაში, ერთ-ერთ ყველაზე დეცენტრალიზებული საგანმანათლებლო პოლიტიკის ქვეყანაში რისკზე დაფუძნებული ინსპექტირების მეთოდს მიმართავენ. სკოლას ინსპექტირების სამსახური ორი მიმართულებით აფასებს – ნორმატიული მონიტორინგი და ხარისხის ინსპექცია. ნორმატიული მონიტორინგი გულისხმობს სკოლის შემოწმებას კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით; ხარისხის ინსპექცია – რისკის შემცველი სკოლების (მოსწავლეთა დაბალი მიღწევები) გადამოწმებას. სკოლის კატეგორიზება, როგორც რისკის შემცველი, დამოკიდებულია საერთო, ეროვნული შეფასების შედეგებზე და/ან მშობლების საჩივარზე (ანდღულაძე, 2017).

ინსპექტირების საინტერესო მაგალითებია ფერედალური მოწყობის ქვეყნებში. აქ სკოლის ხარისხის უზრუნველყოფასა და გარე შეფასებასთან დაკავშირებული მიდგომები ტერიტორიების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, გერმანიაში ინსპექტორები სკოლებს რეკომენდაციას აძლევენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართვის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, ბავარიის პრაქტიკა. ამ ტერიტორიაზე შიდასასკოლო შეფასების წარმართვა სკოლის ვალდებულებაა და გარე შეფასების მიზანი არამხოლოდ ზოგადად ორგანიზაციის შედეგების, არამედ გაკვეთილის ხარისხის გაუმჯობებაა. სკოლები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ფასდებიან ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლებიც ახორციელებენ ვიზიტს დაწესებულებაში. ექსპერტთა ჯგუფი შედგება 4 პირისაგან, აქედან 3 მათგანი ზოგადსაგანმანათლებლო სივრციდან, ხოლო 1 ბიზნესიდანაა. ანგარიშის განხილვა ხდება სკოლის წარმომადგენლებთან და სამეურვეო საბჭოსთან ერთად, შემდგომი  მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.

საინტერესოა ასევე ჰესენის (მიწა გერმანიაში) პრაქტიკა, სადაც სკოლები ვალდებული არიან, ყოველწლიურად შეაფასონ საკუთარი მუშაობა, თუმცა ყველა სკოლა არ გადის ინსპექტირებას. სკოლების ნაწილი, რომელთაც მეტი დამოუკიდებლობა აქვთ მინიჭებული, კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრული პროცედურებით წარმართავს თვითშეფასების პროცესს, დარჩენილი სკოლები კი ასევე კანონით განსაზღვრული სასკოლო პროგრამისა და გარემოს შეფასებას ახორციელებს. შეფასების სფეროებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. სკოლა აყალიბებს, ე.წ. თავის პროფილსა და პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც თემის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ისინი აღნიშნულ პროგრამას წარადგენენ პარტნიორ სკოლებთან და სახელმწიფო უწყებებთან, იღებენ მათგან თანხმობას და მუდმივ რეჟიმში აკეთებენ საკუთარი პროგრამის შიდა შეფასებას.

შვედეთში ხარისხის უზრუნველყოფასა და ზოგადად მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თემი/რეგიონი. სკოლები ვალდებული არიან, გაიარონ ყოველწლიური მიღწევების შემოწმება. ამ პროცედურას უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომელიც ასევე განსაზღვრავს მიზნებსა და ზოგად ჩარჩოებს ზოგადი განათლების პოლიტიკაში.

პოლონეთი ფართოდ ხედავს რეგიონის პასუხისმგებლობას სკოლის განვითარებაში. ინსპექტირებისა და შედეგების შემოწმების დროს ითვალისწინებენ ადგილობრივ კონტექსტსა და იმ გარემოს, სადაც სკოლას უწევს ფუნქციონირება. ინსპექტორები სკოლის შეფასებისას ეყრდნობიან ეროვნული და საერთაშორისო შეფასების შედეგებს. მიუხედავად მხარდამჭერი ღონისძიებებისა, ინსპექტირების შედეგებს შეიძლება მოჰყვეს სკოლის ხელმძღვანელობის განთავისუფლება ან სხვა ტიპის სანქციები.

საერთაშორისო დონეზე გარე შეფასების შედეგების მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ ეფექტურად მხოლოდ ის სისტემები მუშაობენ, რომლებიც დიფერენცირებულ მიდგომებს იყენებენ როგორც პროცესების, ასევე პრაქტიკისა და შედეგების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ეფექტურ სისტემებში დიდ როლს ასრულებს სკოლებში ჩაშენებული შიდა შეფასების სისტემები, როდესაც გარე შეფასებას მხოლოდ რეკომენდატორის ფუნქცია აქვს. ამ შემთხვევაში სისტემა ოფიციალურად უცხადებს ნდობას სკოლას და სასკოლო საზოგადოებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ზოგად კლიმატსა და მოსწავლეთა შედეგებზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი