სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მატერიალურ ფასეულობათა განადგურება სკოლებში და მათი პრევენციის გზები

ვანდალიზმი  არის სხვისი საკუთრების, ნივთებისა და შენობის მიზანმიმართული დაზიანება. გაეროს ბავშვთა ფონდი ვანდალიზმს განმარტავს, როგორც სხვისი ქონების წინასწარ დაგეგმილ დაზიანებას ან განადგურებას. ევროპული პრაქტიკის მიხედვით ვანდალიზმი სკოლაში ძალადობის ერთ-ერთ სახედ მიიჩნევა.

ქართულ რეალობაში, სასკოლო სივრცეში ვანდალიზმი განსაკუთრებით თვალშისაცემია. გვინახავს დაზიანებული სასკოლო ინვენტარი, წიგნები, მოტეხილი ხეები, დაჯღაბნილი კედლები და ა.შ.

მოზარდებში ვანდალიზმისადმი მიდრეკილება სკოლის ასაკში ყალიბდება. ის არის რთული ქცევების ერთობლიობა, რომლის პრევენციას სჭირდება კომპლექსური მიდგომები.

რა უდევს საფუძვლად ამ ყველაფერს? როგორია მისი სოციალური საფუძველი?

ჩემი დაკვირვებით „რამის გაფუჭებისკენ“ მიდრეკილება აქვთ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ/აწუხებთ:

  • თვითდამკვიდრების პრობლემა;
  • სოციალური იზოლაცია და ჩაკეტილობა;
  • დაბალი სამართლებრივი კულტურა და მიდრეკილება კრიმინალისადმი;
  • პროტესტისა და უსამართლობის განცდა;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები…

როგორ ვუწამლოთ პრობლემას?

სკოლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ვანდალიზმის პრევენციაში პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნით, საკუთრებისადმი პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბებით, სასკოლო თემის აქტიური ჩართულობითა და სხვა.

ამ წერილში შემოგთავაზებთ რამდენიმე ეფექტურ მიდგომას, რომლებიც პრევენციულ მექანიზმად შეიძლება გამოგვადგეს.

როგორ უყურებენ ჩვენი მოსწავლეები სასკოლო ინვენტარს?

მოსწავლეების უმრავლესობა ინვენტარს სხვის საკუთრებად მიიჩნევენ. მათ არ აქვთ განცდა, იმისა, რომ რაც სკოლაშია, მათია; გადასახადების გადამხდელების, მათივე მშობლების მიერ გადახდილი ფულითაა შეძენილი. ამ საკითხზე მათი ყურადღების მიპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე, დიდ როლს თამაშობს მიკუთვნებულობის განცდა, რომელზეც 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილში ვსაუბრობდი.

მიკუთვნებულობის განცდას ზრდის თანაშექმნისა და პასუხისმგებლობების გაზიარების პროცესი. მოსწავლეების ჩართულობით (იგულისხმება მთლიანი კლასი, და არა რამდენიმე გამორჩეული მოსწავლე) საკლასო ოთახის პერიოდული მოწესრიგება, კლასის დიზაინის, მერხების განლაგების ცვლილება, კედლებზე პოსტერებისა თუ ნახატების განთავსება ზრდის საკუთრების განცდასა და პასუხისმგებლობის გრძნობას. „ჩვენი პოსტერი სხვა კლასელებმა ჩამოხიეს მასწ“ – ხშირად გაიგონებთ სკოლის კედლებში მსგავს ფრაზას, რაც უკვე შემოქმედებითი პროდუქტის საკუთრად აღქმიდან გამომდინარეობს.

ღირებულებები განათლებაში

ევროპულ სკოლებში ძალიან დიდ პატივს სცემენ ღირებულებებსა და ღირებულებებზე დაშენებულ განათლებას. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი დანიური, ნორვეგიული, ესტონური, ჩეხური და ესპანური სკოლები, მათი საკლასო ოთახები. ჯერ არ შემხვედრია დაჯღაბნილი მერხი, კედელი და ა.შ. რატომ? იმიტომ, რომ ასწავლიან ზრუნვას, მოვლას, გაფრთხილებას. სწორედ აქედან იწყება პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული.

ფოტო ტალინის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან…

კიდევ ერთი იდეა, რომელმაც იმუშავა

საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში, ცნება ვანდალიზმი და მასთან დაკავშირებული საკითხები მე-7 კლასში ისწავლება. ამ საფეხურზე ვანდალიზმი უკვე მათთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინოა. საინტერესოა, ისიც, რომ მათ ეს აწუხებთ. სწორედ ასე დაიბადა ერთი იდეა, რომელმაც იმუშავა.

მოსწავლეებს ვთხოვე, რომ მოეფიქრებინათ გზა, სტრატეგია, მინი-პროექტი, რომელიც შეამცირებდა ვანდალიზმის შემთხვევებს სკოლაში, მათსავე კლასში. უნდა გათვალისწინებინათ ერთი პირობა – ეს არ უნდა ყოფილიყო დასჯაზე ორიენტირებული.

ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მოსწავლემ მშობლების ჩართულობის იდეა წარმოადგინა, რომელიც ასე ჟღერდა: – როდესაც კლასში დაზიანდება მერხები ან კედელზე გაჩნდება წარწერები, მშობლებმა და მათმა შვილებმა ერთად იზრუნონ გაფუჭებულის გამოსწორებაზე. აქაც მნიშვნელოვანი კომპონენტია მთლიანი კლასის ჩართულობა და არა კონკრეტული მოსწავლის/მოსწავლეების. შესაძლოა, მშობლებმა მიმართონ სადამსჯელო ღონისძიებას, რაც გაუმართლებელია. მშობელმა, როგორც ავტორიტეტმა, მასწავლებელთან შეთანხმებით, უნდა წარმართოს პროცესი. საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა გაამარტივებს პრობლემის მოგვარების გზას. ამასთან, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან თავიანთი ქმედებით საკუთარ თავსა და გარემოს. გონიერი ანალიზისა და დიალოგის პირობებში მოზარდი გააანალიზებს და ობიექტურად შეაფასებს საკუთარ ქცევას, რაც შესაძლო ვანდალიზმის ფაქტებს თავიდან აგვარიდებს.

მოცემულ შემთხვევაშიც, მივედით დასკვნამდე, რომ აღსაზრდელებთან მეტი დიალოგი, ჩართულობა პროცესებში, მათი, როგორც ინდივიდის როლის გაზრდა სასკოლო გარემოსა და სოციუმში დიდ როლს თამაშობს თვითდამკვიდრების, სოციალური იზოლაციის, დაბალი სამართლებრივი კულტურის, ფსიქოლოგიური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში, რაც, თავის მხრივ ამცირებს ვანდალიზმის (და სხვა არასასურველ) შემთხვევებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი