შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლა, განათლება და რეფორმებისკენ მიმავალი გზები

„ქალაქში თუ სოფლად, სკოლა უნდა იყოს ყველაზე შესანიშნავი ადგილი. იმდენად შესანიშნავი, რომ ცუდი ყოფაქცევის ბავშვებს სკოლაში მისვლის აკრძალვით სჯიდნენ“.

ოსკარ უაილდი

 

„…მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სკეპტიკურ და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტანჯული აზრების ეპოქაში და ზოგჯერ მეშინია, რომ ახალ თაობას, ასეთ განათლებულს თუ ზეგანათლებულს, აღარ ექნება ის ადამიანურობა, სტუმართმოყვარეობა და კეთილი იუმორი, რომლითაც გარდასული დღეები გამოირჩეოდა“.

ჯეიმს ჯოისი

 

სისტემური განათლების ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე განათლების რეფორმირების მსურველები დგანან რიგში, რომლის ხანგრძლივობა უკვე საუკუნეებს ითვლის. რეფორმების განხორციელების მსურველთა რიგში მდგომნი შეგვიძლია განვალაგოთ წარმოსახვით სკალაზე: ლიბერალები-კონსერვატორები, – ან სხვაგვარად: პროგრესისტები-ტრადიციონალისტები. ამ სკალის ერთ-ერთ წარმოსახვით პოლუსზე აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა ბედნიერები არიან, როდესაც მათ აქვთ არჩევანი და სწავლობენ იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. მეორე პოლუსზე ალბათ ისინი განლაგდებიან, ვინც მიიჩნევს, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ, როდესაც მათ მკაცრად მიუძღვიან წინ ავტორიტეტული მასწავლებლები, რომლებმაც უკეთ იციან, რა და როგორ ასწავლონ ბავშვებს. სწორედ ამ ორ პოლუსს შორის მოძრაობს პედაგოგიური სისტემის ქანქარა (დოქტორი პ. გრეი, ამერიკელი ფსიქოლოგი).

„გულჩვილი“ პროგრესისტები (რომლებსაც ტრადიციონალისტები უნიათოებად მიიჩნევენ) ცდილობენ, ქანქარა თავისკენ გადახარონ, მაგრამ ამაოდ. ამ დროს კეთილგონიერი ტრადიციონალისტები, რომლებიც პროგრესისტებს, თავის მხრივ, განამარხებულ დინოზავრებად მიაჩნიათ, ქანქარის თავისკენ მოზიდვას ცდილობენ, მაგრამ ასევე უშედეგოდ. პედაგოგიკის ქანქარა არასდროს ტოვებს თავის სიბრტყეს. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სინამდვილეში არცერთი რეფორმა არ მუშაობს.

ადამიანები – მეცნიერები, პოლიტიკოსები, განმანათლებლები, აქტივისტები თუ რევოლუციონერები – გამუდმებით განათლების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ. ასე იყო ძველად და ასეა დღესაც. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა წონისა და ჯურის ფილოსოფოსები, მოაზროვნეები და იდეოლოგები, არისტოტელედან ლენინამდე და სოკრატედან გრამშიმდე, გამუდმებით მსჯელობდნენ იმაზე, რა, როგორ და როდის უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს. საუკუნეების განმავლობაში, სიყვარულისა და ზიზღის, გონიერებისა და უჭკუობის, გულწრფელობისა და სიცრუის გვერდით ადამიანი მუდმივად განიხილავდა სკოლის, განათლების, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის საკითხებს. „განათლების რეფორმა“, „განათლების სისტემის გაუმჯობესება“, „უკეთესი“ თუ „მომავლის“ სკოლა მუდამ განხილვის საგანი იყო:

„მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, საბჭოთა რესპუბლიკა წინ მიდის სახალხო განათლების საქმეში – ეს უტყუარი ფაქტია. „ქვემოდან“, ანუ მშრომელთა იმ მასიდან, რომელსაც კაპიტალიზმი ღიად, ძალადობით და ტყუილისა და თვალთმაქცობის მეშვეობით არ აკარებდა განათლებას, მძლავრად მიიწევს მაღლა, განათლებისა და ცოდნის სინათლისკენ. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ვეხმარებით ამ აღმავალ მოძრაობას და გულით ვემსახურებით მას. თუმცა ჩვენი მუშაობის ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა და არაღიარება იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სახელმწიფო-საგანმანათლებლო აპარატის სწორად მოწყობა, პირდაპირი დანაშაული იქნებოდა“ (ვ. ლენინი, 1921).

 

„მან, ვინც იცის, იცის. მას, ვისაც ესმის – ასწავლიან“.

„კრიტიკას ადვილად აიცილებ თავიდან, თუ არაფერს იტყვი, არაფერს გააკეთებ და არავინ იქნები“.

„ჭეშმარიტებისგან უმცირესი პირველადი გადახრა შემდგომ ათასჯერ გამრავლდება“.

„ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებ სიმამაცის გარეშე. ეს გონების უდიდესი მნიშვნელობის თვისებაა ღირსების შემდეგ“.

„ის, ვისაც არასდროს უსწავლია მორჩილება, ვერასდროს გახდება კარგი მხედართმთავარი“ (არისტოტელე, ძვ. წ. 384-322 წ.წ.).

 

„…[მე] კლასიკური სკოლის მომხრე ვარ. სკოლის, რომელიც აღზრდის ახალგაზრდებს, რომლებსაც შეეძლებათ ანალიზის ლოგიკური ოპერაციების გამოყენება, შედარება, სინთეზი, შეეძლებათ, ინდუქციური მეთოდებით (კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა) აღიქვან მსოფლიო რეალობა, განაზოგადონ მიღებული ინფორმაცია, გამოიტანონ დასკვნები და შეძლონ ნებისმიერი სხვა ფაქტის განხილვა. ასეთი სკოლა არ არის მონური და მექანიკური. პროფესიული სკოლა/სასწავლებელი არ უნდა იქცეს იმ პატარა მახინჯების გამომშვებ ინკუბატორად, რომლებმაც მხოლოდ რაღაც ხელობა იციან“ (ანტონიო გრამში, 1891-1937 წ.წ.).

„რაც უფრო დაბალია აღმზრდელის სულიერი განვითარების დონე, რაც უფრო უფერულია მისი მორალური სახე, მეტია ზრუნვა საკუთარ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, მით უფრო მეტ ბრძანებასა და აკრძალვას გასცემს იგი, თითქოსდა ბავშვებზე ზრუნვის მიზნით“.

„აღზრდის თეორიაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ არა მხოლოდ სიმართლის დაფასება, არამედ სიცრუის ამოცნობაც; არა მხოლოდ სიყვარული, არამედ სიძულვილიც; არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ ზიზღიც; არა მხოლოდ დათანხმება, არამედ წინააღმდეგობის გაწევა და აჯანყებაც“ (იანუშ კორჩაკი, პოლონელი მასწავლებელი, ექიმი და განმანათლებელი. 1878 წ., ქ. ვარშავა – 1942 წ., ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკი).

 

„პრაქტიკულად ყველას, ვისაც საქმე აქვს საგანმანათლებლო სისტემასთან, პროგრესისტი იქნება თუ კონსერვატორი, ურყევად სჯერა, რომ ბავშვების სწავლება მხოლოდ მოზრდილთა საქმეა. პროგრესისტებს მასწავლებელი ბრძენ მანიპულატორად წარმოუდგენიათ, რომელიც ბავშვებისთვის გარკვეულ გარემოს ქმნის და რბილად წარმართავს მათ ქმედებებს. იგი უზრუნველყოფს, რომ ბავშვებმა „სწორი“ თამაშები ითამაშონ, გაუჩნდეთ „სწორი“ შეკითხვები, სწორად უაპასუხონ მათ და საბოლოოდ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. ტრადიციონალისტები თამაშების გარეშე, პირდაპირ გზას არჩევენ სწორი პასუხებისკენ. ორივე ბანაკის აზრით, კარგი სწავლა კარგი სწავლების შედეგია და მათ შორის ერთადერთი ეფუძნება განსხვავებულ წარმოდგენებს იმის შესახებ, რა არის კარგი სწავლება. ორივე მიმდინარეობას სჯერა, რომ იმის გადაწყვეტა, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა, როგორ უნდა შემოწმდეს მათი ცოდნა და როგორ გააკონტროლდეს ბავშვების მიერ ცოდნის მიღების პროცესი, მხოლოდ ზრდასრულების საქმეა“ (პიტერ გრეი, მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი).

 

როგორც ამბობენ დიდი ბერძენი ფილოსოფოსისა და მასწავლებლის სოკრატეს მრავალრიცხოვანი მოსწავლეები და მიმდევრები: ესქინე, ფედონი ელისელი, ანტისთენე, ევკლიდე, არისტიპე, არისტოტელე, პლატონი, ქსენოფონტე და სხვები, – „[სოკრატე] დაჟინებით უსვამდა ხაზს ცოდნის აუცილებლობას და ამტკიცებდა, რომ მმართველნი ცოდნის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ“ (ეს იდეა შემდგომ პლატონმა განავითარა თავის იდეალურ სახელმწიფოში).

სოკრატე სახელმწიფოს უყურებდა როგორც გარკვეულ წესრიგს, განსაზღვრულს და განპირობებულს ღვთაებრივი გეგმით; წესრიგს რომელიც არ იქნებოდა ეგოისტური თვითნებობის პროდუქტი. სოკრატესეული დებულებით, ცოდნა და ზნეობრიობა ერთიანია და მათგან მომდინარეობს ორი მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. არავინ არის ბოროტი საკუთარი ნებით და ეს მხოლოდ უცოდინრობით შეიძლება მოხდეს; 2. მცოდნეს არ შეუძლია, ცუდად მოიქცეს. მეორე დებულება გულისხმობს, რომ ყველას შეუძლია, გახდეს კეთილი ცოდნის შეძენით, ინტელექტის განვითარებით (პლატონის დიალოგი „პროტაგორა“).

სოკრატეს მიაწერენ გამოთქმას, რომ მისი ცოდნა საკუთარი უმეცრების აღიარებით შემოიფაგლება. მისი მრწამსის თანახმად, ავის ქმნა უმეცრების შედეგი იყო და ავისმქმნელებს უკეთესი ცოდნა არ გააჩნდათ. ერთი რამ, რის ცოდნასაც სოკრატე ხშირად უსვამდა ხაზს, იყო „სიყვარულის ხელოვნება“, რომელსაც ის უკავშირებდა „ცოდნის სიყვარულს“, ანუ ფილოსოფიას.

სოკრატემ პირველმა მიუთითა ადამიანებს, რომ განათლება უნდა აიგოს ადამიანის, მისი სულის შემეცნებაზე. ჭეშმარიტი განათლება იმ სიბრძნისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც ადამიანის სრულყოფას შეუწყობს ხელს. იგი ადამიანის შიგნიდან უნდა მომდინარეობდეს და საფუძვლად ადამიანის სულში არსებული შთაბეჭდილებებისა და ცოდნის თვითდამუშავების უნარი ედოს. ჭეშმარიტებისკენ მიმართული განათლება გახლავთ ისეთი განათლება, რომელიც ადამიანს თვითშემოქმედებისკენ, თვითგანსჯისკენ უბიძგებს. სიბრძნეზე დაფუძნებული სწავლება უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს, თვითონ ჩამოაყალიბოს საკუთარი ცოდნა. ამის საუკეთესო მეთოდი ევრისტიკაა, ანუ კითხვების მეთოდი, როდესაც ე.წ. „ახალ ცოდნამდე“ თანამოსაუბრეებთან ერთად, შეკითხვებისა და მსჯელობის გზით მიდიხარ.

ძნელია, იკამათო ათასწლეულების წინათ სოკრატესა და მისი მოწაფეების მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდების სუსტ თუ ძლიერ მხარეებზე, მაგრამ შეგვიძლია, ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ უმჯობესია, ბავშვების სწავლება, ჩვენი ეპოქის უცნაური და მოულოდნელი თავისებურებების გათვალისწინებით, იმ „ჭეშმარიტი განათლებისკენ“ იყოს მიმართული, რომელსაც ძველი ბერძენი ფილოსოფოსები გვთავაზობენ, ვიდრე სამომხმარებლო სურვილებითა და გეგმით წარმოებული, სასწავლო წიგნებად წოდებული იმ ინგლისურ-, ფრანგულ-, ესპანურ- თუ გერმანულენოვანი მაკულატურისკენ, რომელიც ყველაფრის „პასუხს“ გვთავაზობს და რომელიც იწყება კითხვით: „How to?“ (ქართულად – „როგორ?“).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი