პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ექსპერიმენტი როგორც მედიატორი

რას ვსწავლობთ ყველაზე ადვილად? რას ვიმახსოვრებთ ყველაზე უკეთ? ასეთი ფაქტები და მოვლენები, მათ შორის – ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულებიც, შეიძლება უამრავი გავიხსენოთ, თუმცა მათი ერთ “ქუდქვეშ” მოქცევა მაინც შეიძლება: ყველაზე უკეთ გვახსოვს ის, რაც საკუთარი თვალით გვინახავს, რასაც ხელით შევხებივართ ან რის შექმნაშიც თავად მიგვიღია მონაწილეობა. ეს ჭეშმარიტება იმდენად ორგანულია ჩვენთვის, რომ ოდესღაც მას ანდაზის სახეც კი მივეცით: “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო”.
ასეთი ხელშესახები “თვალსაჩინოებების” შექმნა ყველა სასწავლო საგანში, ცხადია, ერთნაირად იოლი არ არის. ამ მხრივ შედარებით მწირი ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პროფილის საგნებია. მიუხედავად ამისა, სწავლებაში თვალსაჩინოების როლი მაინც დიდია.
როგორ ისწავლება დღეს უცხო ენა სწრაფად და ეფექტურად? თითქმის თამაშის დონემდე დაყვანილი გაკვეთილით. რაშია ამ “თამაშის” ჯადოსნური ძალა? ცხადია, მის პრაქტიკულობაში. ამ “თამაშისთვის” საჭიროა ურთიერთობა. ურთიერთობა მოითხოვს სიტყვების მარაგს, სიტყვების მარაგი კი იმ წესების ცოდნას, რომლებიც სიტყვებს ფრაზებად დაალაგებს და ერთი “მოთამაშის” სათქმელს მეორემდე მიიტანს. ყველაფერი გენიალური ხომ ხშირად უმარტივესამდე დადის.
თუ ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პროფილის საგნები მწირი ნიადაგია თვალსაჩინოებისთვის, საბუნებისმეტყველო დისციპლინები ამ მხრივ განებივრებულია. სასიხარულოა, რომ მოზარდებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, მათ გამოსაცოცხლებლად კი არაერთი მატერიალური თუ ადამიანური რესურსია მობილიზებული.
საბუნებისმეტყველო დისციპლინების, მათ შორის – ქიმიის, სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლები აღიჭურვა ქიმიური ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარით. სერტიფიცირებული ქიმიის მასწავლებლები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდას ექსპერიმენტულ ნაწილში, მიიღებენ დამატებით შემოსავალს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უწყვეტად მიმდინარეობს ტრენინგები მასწავლებლის სახლსა თუ რეგიონებში. რეგულარული ხასიათი მიიღო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსებმა და სხვა მრავალი…
ახლა ჯერი უკვე მასწავლებელზეა. ადმინისტრაციული კუთხით გასაკეთებელი თითქმის უკვე გაკეთებულია. ქიმია სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით უნდა ვასწავლოთ.
ქიმიკოსებმა ძალიან კარგად ვიცით ექსპერიმენტის როლი. თუ გვინდა, ვინმეს ქიმია შევაჯავროთ, უნდა ვაიძულოთ (ნებით თუ უნებლიეთ შევუქმნათ ამის პირობები), ქიმია ერთ დღეში ისწავლოს, მხოლოდ საგამოცდოდ.
ქიმია საბუნებისმეტყველო დისციპლინაა და ყოველი მომდევნო საკითხი წინამორბედზეა დაშენებული, ამიტომ იგი პერმანენტულ სწავლას მოითხოვს. მოსწავლე, როგორც სპორტსმენი, მთელი სემესტრის განმავლობაში “აქტიურ ფორმაში” უნდა იყოს და ფეხი აუწყოს საგაკვეთილო პროგრამას. ასეთი ტონუსის შენარჩუნება ნამდვილად ძნელია. ასეთ ვითარებაში ქიმიური ექსპერიმენტი მოზარდის დაინტერესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ქიმიური ექსპერიმენტი ერთგვარი „სატყუარა” იქნება, რომელიც მოსწავლის ყურადღებას მიიპყრობს და აიძულებს, ქიმიას ინტერესის თვალით შეხედოს; ასევე ის იქნება მედიატორი პედაგოგის სიტყვებს, დაფასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ქიმიის ექსპერიმენტულ სამუშაოებს შეუძლია იტვირთოს ამგვარი შუამავლობა, თუ ისინი, გარდა ვიზუალური ეფექტებისა, გათვლილი იქნება პრაქტიკულ ამოცანებზეც. ცხადია, ასეთი ექსპერიმენტის დაგეგმვა მოითხოვს დროს და დამატებით ძალისხმევას, მაგრამ იგი უდავოდ გამოიღებს დადებით შედეგს.
როგორ დავგეგმოთ ამგვარი ექსპერიმენტები? ვიფიქროთ ერთად და ვისაუბროთ აქ, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” კათედრაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი