სწავლა – შიში თუ ბედნიერება?

გავიდა ეჭვებითა და მოლოდინით დატვირთული ზაფხული, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. დაიწყება სკოლა? არ დაიწყება? რა ფორმით დაიწყება? – ვმარჩიელობდით. ახლა უკვე ვიცით სწავლის განახლების თარიღი; ვიცით, როდის უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ყველა თავისებურად ვღელავთ. ვერაფრით წარმოვიდგენდით აქამდე, თუ როგორ შეიძლებოდა სამყაროს „გამორთვა” ასე უცაბედად, შემდეგ ისევ ჩართვა და იმის მოლოდინშიც ვართ, რომ ყველაფერი შესაძლოა, ისევ უცებ შეიცვალოს… ვირუსმა ბევრ რამეს მიგვახვედრა, განსაკუთრებით იმას, რომ სიმყარე და სტაბილურობა არცერთ მოცემულობას არ აქვს და ამის გარანტიას ვერც ვერავინ მოგვცემს, პირიქით, სამყარო ჩვენგან ითხოვს მოქნილობასა და ადაპტირებას. ჩვენ უნდა გავუგოთ მას და მოვერგოთ მის მოთხოვნებს, აქ და ახლა.

 

აგვისტოს ნახევარში, როდესაც დასვენების აქტიური ფაზა შვილებთან ერთად უკვე გავლილი მქონდა, მესამე კლასელმა შვილმა მითხრა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სკოლა თუ მომენატრებოდაო. სიმართლე გითხრათ, მე მანამდე მენატრებოდა ყველაფერი, რაც ჩვენს დატვირთულ რუტინას დაუკავშირდებოდა: დილაადრიან ფეხზე წამოხტომა, დილის ყავის აჩქარებული ყლუპები, საუზმის მომზადება და ბავშვების გამასპინძლება, ერთ-ერთის კვებაზე ზრუნვა სკოლისთვის და კისტრისტეხით გაქცევა, რომ პირველ გაკვეთილზე არ დაეგვიანებინა. და მერე ის დრო, რომელიც ჩვენია – უფროსების, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ საყვარელ საქმეს დავუთმოთ და ისინი ვიყოთ, ვინც ვართ.

 

სწავლის დაწყებას ყოველთვის ახლდა მოლოდინები, მაგრამ ისეთი, დღეს რომ გვაქვს, ალბათ არა… უფროსები ვღელავთ იმაზე, თუ როგორ დაიცავენ სკოლაში ბავშვები რეგულაციებს, დაიბანენ თუ არა ხელებს ხშირად, დაიცავენ თუ არა სოციალურ დისტანციას და ა.შ. ყველაზე მთავარი შიში კი ალბათ ესაა – ასეთ პირობებში, როგორ ვისწავლით და როგორ ვიქნებით კარგად.

 

სასკოლო ღელვა ბავშვებში კიდევ უფრო სხვა შინაარსით გამოიხატება. მათთვის კორონავირუსი ისეთი ძლიერი და დამზაფრავი „ხატი” ვერ არის, როგორიც ჩვენთვის. მათ უმრავლესობას, რომლებიც ისევ სკოლის კედლებს უბრუნდებიან, სწავლის შიში აქვთ. „ვერ წარმოვიდგენდი სკოლა თუ მომენატრებოდა, მაგრამ სწავლის მეშინიაო” – ასე დაამთავრა წინადადება ჩემმა შვილმა.

 

სწავლას ვიწყებთ და პირველი, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ უპირველესად, ბავშვებს სურთ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში სწავლა. ემოციურად უსაფრთხო გარემოში კი, სადაც წახალისებულია პიროვნული თვითგამოხატვა და მასწავლებელი შესაძლებლობების გამოვლენისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ.

 

სწორედ ეს ემოციურად მდგრადი და უსაფრთხო გარემოა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ, რომ სწავლის არ შეეშინდეთ. სკოლა კი სწორედ ასეთი გარემოს შექმნასაც უნდა უზრუნველყოფდეს. რადგან განათლების მიღების პროცესი, ბევრ სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც უკავშირდება, რაც მშობლებსაც და მასწავლებლებსაც გვავიწყდება რიგ მომენტებში და სწავლა მორიგ სატანჯველად აღიქმება ბავშვებისთვის.

 

როდესაც სკოლაზე და სკოლიდან მომდინარე შიშებზე ვიწყებთ ლაპარაკს, დანიელ პენაკი მახსენდება, ფრანგი მწერალი, რომელმაც წიგნი „სკოლის სევდა” სკოლის შიშებსა და იმ პრობლემებს მიუძღვნა, რომელსაც ნებისმიერი მოსწავლე აწყდება სკოლის კედლებში. ვფიქრობ, ეს წიგნი ყველა მასწავლებელმა და მშობელმა უნდა წაიკითხოს, რადგან ყველას შიშზეა და თითოეული საკუტარ თავს ამოვიცნობთ.

 

როგორც კი მასწავლებელი გავხდი, მაშინვე იმას შევეცადე, რომ ჩემი ბედოვლათი ოროსნების შიშისთვის მეწამლა, როგორმე მომეხსნა ეს წინაღობა, რათა ცოდნას მისცემოდა შესაძლებლობა, მათ თავებში შეღწია”, – წერს პენაკი.

 

მე ყოველთვის ვაგულიანებდი ჩემს მეგობრებსა და გამორჩეულად ბეჯით მოსწავლეებს, მოვუწოდებდი, მასწავლებლები დამდგარიყვნენ, მივიჩნევდი, რომ სკოლა, უწინარეს ყოვლისა, კარგი მასწავლებელია; და საერთოდ, ვინ მიხსნა მე – სწორედ სამმა თუ ოთხმა ასეთმა მასწავლებელმა”, – ისევ პენაკი.

 

როგორც კი მასწავლებელი გავხდი, ინსტინქტურად მივხვდი, რამდენად ფუჭი იყო ჩემი ყველაზე უფრო წყალწაღებული მოსწავლეების თავზე მომავლის კომბლის ქნევა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყოველ დღეს თავისი სადარდებელი მოაქვს და დღევანდელი დღის ყოველ საათს თავისი ფასი ადევს. მთავარია, მისი აღქმის უნარი არ დავკარგოთ, ყველამ ერთად მოვახერხოთ და ვიცხოვროთ მისით”, – დანიელ პენაკი.

 

ახლა, როცა სწავლას ვიწყებთ, გაურკვეველი მოლოდინებითა და მაინც სიხარულით აღვსილები, რომ ისევ ძველებურ წესრიგში აღმოვჩნდებით, ყველამ უნდა ვიფიქროთ მოსწავლეების განცდებსა თუ მოლოდინებზე, რომლებიც შეიძლება დაუძლეველ წინაღობად იქცეს ცოდნის მიღების გზაზე და ცოდნის მიღებით გამოწვეული ბედნიერება, შიშებმა არ გადაწონოს.

 

 

კომენტარები

comments