როგორ „ვაწერინო“, როცა არ „ეწერინება“ ანუ შემოქმედებითი წერის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

ყველას აინტერესებს, როგორ წერენ მწერლები – სხედან მაგიდასთან, წვანან მინდორში, იმალებიან სარდაფში თუ აივნიდან ქუჩას გაჰყურებენ, წერენ დილით ადრე, როცა ქალაქს ჯერ კიდეც სძინავს, შუადღის ხმაურსა და აურზაურში, თუ გვიან ღამით, როცა სიჩუმეს მხოლოდ ძაღლის შორეული ყეფა არღვევს, წერენ მაშინვე, როგორც კი თავში აზრი გაუელვებთ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეს აზრი მომწიფდება და წინადადებებად იქცევა თუ დიდი ხნის მერე, როცა იმდენ აბზაცად გადაიქცევა, რომ ახალ აზრს ბადებს, წერენ მხოლოდ იმაზე, რაც თავად ნახეს და განიცადეს, იმაზე, რაც არასდროს უნახავთ, მაგრამ განუცდიათ, თუ იმაზე, რისი განცდაც სურთ, წერენ პატარა ბლოკნოტებში, გაყვითლებულ რვეულებში, თაბახის ფურცლებზე თუ ვორდის ფაილებში, წერენ დამშვიდებული გონებით, კონცენტრირებულები და მობილიზებულები, ცხოვრებისგან დაბნეულები და არეულები თუ შეშლილები და უცნაურ ფიქრებს აყოლილები, წერენ, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს და უნდა წერონ, იმიტომ, რომ სიტყვები ისედაც არ აძლევენ მოსვენებას თუ უბრალოდ იმიტომ, რომ დასაწერი მართლაც ბევრია.

მაგრამ რამდენად განსხვავებულიც უნდა იყოს მათი წერის მანერა, ერთი რამ საერთო აქვთ – იმპულსი, რომელიც წერის სურვილს აღძრავს და ადამიანში არსებულ მთელ შემოქმედებით ენერგიას ერთად უყრის თავს. მწერლისთვის ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული სამეცნიერო წიგნში ამოკითხული უცნაური ინფორმაციით და დასრულებული უცნობი ადამიანის ღიმილით. მაგრამ რა შეიძლება იქცეს ამგვარ იმპულსად, ბიძგად სკოლის მოსწავლისთვის? რამ შეიძლება, აიძულოს მოზარდი, გამოუხმოს თავის შემოქმედებით უნარებს და დაწეროს თუნდაც პატარა ტექსტი ისე, რომ:

ა) იყოს გულწრფელი, ბ) იყოს ინდივიდუალური, გ) არ მოერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმას, დ) შეაფასოს მოვლენები და ადამიანები, ე) დაინახოს და აღმოაჩინოს დეტალები, ვ) დროებით დაივიწყოს, რომ ტექსტს მასწავლებლისთვის წერს.

როცა ამ პრობლემის წინაშე დავდექი, უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს შევთავაზე, დაფაზე ერთად დაგვეწერა პატარა, რამდენიმეწინადადებიანი ტექსტი, მაგალითად, აღგვეწერა ჩვენი დილა. ტექსტი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

„დილით ძალიან ადრე ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და ვისაუზმე. რვეულები მოვძებნე, ჩანთაში ჩავაწყვე, ოჯახის წევრებს დავემშვიდობე და მაშინვე წამოვედი, რადგან სკოლამდე მისასვლელად დიდი დრო მჭირდება, მე კი სულ ვაგვიანდებ. ვჩქარობდი, ამიტომ ჩემს უმცროს ძმას ვერ დაველოდე.“

შემდეგ კი ტექსტის გასამდიდრებლად მათ რამდენიმეეტაპიანი სქემა შევთავაზე:

ა) დაამატე ტექსტს აღწერები (შესაძლოა, მოსწავლემ აღწეროს, როგორია დილა, აღწეროს ოთახი ან რაიმე ნივთი, ფანჯრიდან დაინახოს პეიზაჟი).

ბ) გამოკვეთე პერსონაჟები (სასურველია, მოსწავლემ ნახსენები ოჯახის წევრებიდან გაგვაცნოს რომელიმე, აღწეროს მისი გარეგნობა, გადმოსცეს მისი ნათქვამი).

გ) დაამატე ემოციები და გრძნობები ( შესაძლებელია, მოსწავლემ აღწეროს ემოცია, რაც ეუფლება მაშინ, როცა დილით მაღვიძარა აღვიძებს, ან როდესაც ფანჯრიდან პეიზაჟს ხედავს. ტექსტი უფრო ცოცხალი და ინდივიდუალური გახდება, თუკი გვეცოდინება, რას გრძნობს ის, როცა რაღაცას აღწერს).

დ) ყურადღება გაამახვილე დეტალებზე (მოსწავლეს ავუხსენი, რომ ნებისმიერი ნივთი, მოვლენა ან პერსონაჟი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, თუკი ყურადღებას მივაქცევთ დეტალებს, მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ რვეულებს, რომელიც პერსონაჟმა ჩანთაში ჩაალაგა, ყდა მოხეული აქვს, რის გამოც სულ შენიშვნას იმსახურებს, ხოლო ძმა, რომელსაც ვერ დაელოდა, ალბათ, განაწყენდება და საღამოს მას არც კი დაელაპარაკება).

ე) შეეცადე, დაასრულო ამბავი, რომლის მოყოლასაც იწყებ, შექმნა ისტორია (მოსწავლე შეეცდება, რომ გააგრძელოს ერთად დაწყებული ამბავი, შესაძლოა, დაწეროს, როგორ დასრულდა ერთი კონკრეტული დღე).

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი სამუშაოს შესრულებამდე გავაფრთხილე მოსწავლეები, რომ კარგი იქნებოდა, ეწერათ მხოლოდ იმ თემებსა და ამბებზე, რაც კარგად იცოდნენ, აღეწერათ განცდები, რომელიც თავად განეცადათ და ადამიანები, რომლებსაც იცნობდნენ, თუნდაც იმ სქემებისა და ისტორიისგან დამოუკიდებლად, რაც მანამდე შევთავაზე (ამ ეტაპისთვის ძალიან რთულია გამოგონილი სამყაროს ან უცხო პერსონაჟების შესახებ წერა).

აქვე დამეხმარა დაფაზე ჩამოწერილი კითხვები:

მე, ამ კონკრეტულ ადამიანს, რა მაინტერესებს და რა მაღელვებს?

არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის შესახებაც სხვას სიამოვნებით მოვუყვებოდი?

არიან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომელთაც სხვებს გავაცნობდი? როგორ აღვწერდი მათ?

რა გადამხდენია ყველაზე საინტერესო?

რით ვარ მე საინტერესო?

მე რომ მწერალი ვყოფილიყავი, როგორ აღვწერდი საკუთარ თავს?

ეს თითქოსდა ეგზისტენციალური კითხვები, გაკვეთილზე მათი განხილვა და სავარაუდო პასუხების მოსმენა დაეხმარება მოსწავლეს, საკუთარ თავს გარედან, უცხო თვალით შეხედოს და დაინახოს ის, როგორც შესაძლო პერსონაჟი, რომელსაც უამრავი რამ აქვს სათქმელი. შედეგად შეიძლება მივიღოთ:

ა) ტექსტი, რომელშიც გულწრფელადაა მოყოლილი ისტორია, არის ფაქტებიც და აღწერებიც.

ბ) ფატებთან და აღწერებთან ერთად, ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, კონკრეტულ ადამიანებზე.

გ) ტექსტში იგრძნობა ინდივიდუალიზმი, რადგან მოსწავლემ შეძლო, გაემიჯნა საკუთარი პერსონა მთხრობელისგან, თავისუფლად გამოთქვა აზრი, ისიამოვნა წერის პროცესითაც.

ცხადია, ამ ტიპის გაკვეთილებსა და დავალებებს არ აქვს მუდმივი სახე, ის იშვიათი და  მოულოდნელია, მაგრამ ყოველთვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი, რადგან ის, რაც ასეთ დროს იწერება, არსად იკარგება, ერთიორად ზრდის მოსწავლის თავდაჯერებულობას და საკუთარ განსაკუთრებულობაში არწმუნებს მას.

 

 

 

კომენტარები

comments