პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დადუნა მაზმანიშვილი – ადამიანი ძვირფას ქვასავითაა, რაც უფრო მეტი წახნაგი აქვს, მით უფრო ბრწყინავს

ქართული მუსიკალური სკოლის ახალგაზრდა თაობაში, რომლებმაც უკვე დაიპყრეს მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო სცენები, ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული პიანისტი დადუნა მაზმანიშვილია. მაგრამ შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ იგი სახელოვანი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს  ანდრია აფაქიძის შვილიშვილი და ასევე ცნობილი პიანისტის და პედაგოგის თამარ აფაქიძისა  და არქიტექტორ დავით მაზმანიშვილის შვილია. 

როგორც  დადუნა მაზმანიშვილი იხსენებს,  იგი სამი წლის ასაკში  უკვე უსმენდა მუსიკას  და მარტივ მელოდიებსაც უკრავდა. ხოლო რვა წლისამ ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. დღეს კი მისი წარმატებების სია საკმაოდ  შთამბეჭდავია: პარიზში – ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი; ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მიუნხენში – აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი და ა.შ. თუმცა მუსიკალური წარმატებების პარალელურად, დადუნა მაზმანიშვილი აქტიურ დიპლომატიურ მოღვაწეობასაც ეწევა.   

„დავიბადე მეცნიერების და ხელოვანების ოჯახში. საკმაოდ საინტერესო წიაღში ვიზრდებოდი და საშუალება მქონდა ბავშვობიდან გავცნობოდი მრავალფეროვან სფეროებს. აქედან გამომდინარე,  დიდი არჩევანის წინ ვიდექი. ეს ხშირად ხელისშემშლელიც იყო. იმდენად გაფანტული მქონდა ინტერესები, ცოტა შიშობდნენ, მომავალში რაზე ჩამოვყალიბდებოდი. საბოლოოდ მართლაც ასე გამოვიდა, ვარ პიანისტი და თან დიპლომატი. ბავშვობაში ვხატავდი კიდეც.  მქონდა ორი გამოფენა. სამწუხაროდ, ახლა დრო აღარ მრჩება.  ზოგჯერ, როდესაც შვებულებაში ვარ, თუ რაღაც შთამაგონებს,  ისევ ვხატავ, მაგრამ მხატვრობასაც მუდმივი ხელის ვარჯიში სჭირდება…”, – ასე იხსენებს თავის ბავშვობას დადუნა მაზმანიშვილი, რომელიც mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.   

თქვენს ცხოვრებაზე რამდენად ახდენდა გავლენას ის, რომ წარმატებული წინაპრების შთამომავალი ხართ? 
სიმართლე გითხრათ, თავიდან  ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ იმით ვხვდებოდი, რომ ნებისმიერ საქციელზე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა მქონოდა. გარდატეხის ასაკში, ბუნებრივია, გარკვეული პროტესტის გრძნობაც ჩნდება და მეც გავიარე ეს გზა. მაგრამ კარგი იყო, რომ ადრეულ ასაკშივე გავიგე რას ნიშნავს, თავად აგო პასუხი საკუთარ ქმედებაზე. ბავშვობაში  ხშირად დავყვებოდი ბაბუას მიღებებზე, კონფერენციებზე, დედას –  კონცერტებზე, მამას – გამოფენებზე. როდესაც ყურადღების ცენტრში ხარ, უფრო ადრე სწავლობ საკუთარი თავის ფლობას.  კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს – თავისუფალი. ხშირად არასწორად ესმით იგი და გაუკონტროლებელ ქმედებასთან უკეთებენ ასოცირებას. გამოთქმაც კი გვაქვს – „გიჟი თავისუფალია”.  სინამდვილეში, პირიქითაა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თვითონ ხარ შენი თავის უფალი. შენ განაგებ საკუთარ ქცევებს და პასუხსაც აგებ მათ გამო. ამით იმის თქმა მინდა, რომ პასუხისმგებლობა და საკუთრი თავის ფლობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლებას, რასაც ბავშვობიდან ვეზიარე. 

ანდრია აფაქიძის შვილიშვილობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა. ბაბუას  ხშირად დავყავდი  ექსპედიციებში. მახსოვს,  ერთხელ  სამარხში ჩავვარდი. ძალიან შემეშინდა ჩონჩხის გვერდით რომ აღმოვჩნდი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველა ბავშვი ოცნებობს გრანდიოზულ თავგადასავალზე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ვინ მიმაკარებდა საპასუხისმგებლო საქმეს, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილებაა,  როდესაც პოულობენ მნიშვნელოვან ნივთს და პირველ ჭუჭყს აცლიან. ეს ფაქტობრივად ახალი სიცოცხლის დაბადებაა. ძალიან ხშირად მახსენდება ბაბუას  მოყოლილი.  თუ არ ვცდები, ზევახ პიტიახშის სამარხი გახსნეს. როდესაც  სარკოფაგს თავი ახადეს, ნეშტი შენახული იყო, როგორც ცოცხალი. ბაბუა ამბობდა, ვერანაირი ფილმი და  წიგნი ვერ აღწერს იმას, რასაც განიცდი ასეთი აღმოჩენის დროს, რადგან შენ წინაშე ფარდა ეხდება ისტორიასო.  

თუმცა ბაბუის პროფესიისგან ძალიან შორს წახვედით და მუსიკა და დიპლომატია არჩიეთ.

მართალია, მაგრამ არქეოლოგიის თემას ჩემს ბიბლიოთეკაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. გერმანიაშიც ამ მიმართულებით  ბევრი ლიტერატურა მაქვს შეძენილი და დღემდე მაინტერესებს უახლესი აღმოჩენები. 

ფაქტია, დედის პროფესია აირჩიეთ. თან დედათქვენი იყო თქვენი პირველი მასწავლებელი. ბავშვები ამას ხშირად ვერ ეგუებიან. თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ დედასთან, როგორ პედაგოგთან?

მე როგორც ვიცი, ბევრისთვის ნამდვილად რთულია, როდესაც დედა არის მასწავლებელი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობა იყო. ამიტომ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ეს ფაქტი. პირიქით,  მგონია, რომ ძალიან გამიმართლა ასეთი მუსიკოსი რომ მყავდა სახლში. ეს ნამდვილად ფუფუნებაა.  პირველი მუსიკალური განათლება ნიჭიერთა ათწლედში მივიღე. დედაჩემი ბოლომდე ჩემი მასწავლებელი იყო. თბილისში სწავლის პერიოდში გავიმარჯვე ლიტვაში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, სადაც დედა დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო პედაგოგი.   

თბილისის შემდეგ საკმაოდ პატარა ასაკში სწავლა გერმანიაში გააგრძელეთ. დღეს შედარებით ნაკლებად, მაგრამ საქართველოში მაინც დიდი პრობლემაა შვილის მარტო გაშვება სხვა ქვეყანაში, თუნდაც სასწავლებლად. რამდენად რთულია დამოუკიდებლად უცხოეთში სწავლის გაგრძელება?

 
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავისუფლად მზრდიდნენ, ვიცოდი,  უცხო ქვეყანაში ბევრი პრობლემა შემხვდებოდა და მხოლოდ ჩემი დასაძლევი იქნებოდა. რა თქმა  უნდა, მშობლები  განიცდიდნენ და ცდილობდნენ ხშირად ჩამოსულიყვნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, დამოუკიდებელი ცხოვრება ადამიანისთვის  აუცილებელია.  ბევრი სირთულის გადალახვა უხდება ახალგაზრდას უცხო ქვეყანაში, რომელიც ოჯახის წიაღში და სახლის პირობებში  ნაკლებად ან სულ არ ეხება. მაგრამ რაც უფრო ადრე ექნება მას დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, მით მალე დადგება ფეხზე და ჩამოყალიბდება პიროვნებად. ადამიანი ძვირფას ქვასავითაა, რაც უფრო მეტი წახნაგი აქვს, მით უფრო კარგი დამუშავებულია და მეტად ბრწყინავს. ასეა  ნიჭიც – ბევრი წინააღმდეგობა უნდა შეეხოს და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება მისი ბრწყინვალება. 

როგორც ბარტყი უნდა გადააგდო ბუდიდან, იმისათვის რომ ფრენა ისწავლოს, აუცილებელია, ყველა მუსიკოსმა, ხელოვანმა თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა ორბიტა  გამოიცვალოს. მიმაჩნია, რომ კომფორტის ზონაში ყოფნა, ადამიანის განვითარებას ადუნებს. მან დაბრკოლება უნდა გადალახოს, ახალს გაეცნოს, იქნება ეს სხვა ქვეყენაში წასვლა თუ სხვა. მაგალითად,  კარგი შედეგები მიიღწეოდა წნეხის რეჟიმის დროს, მაგრამ ამას არავის ვუსურვებ. სჯობს, ისე მიდიოდნენ ქართველი ახალგაზრდები სასურველ ქვეყანაში, როგორც  აღორძინების ხანის მხატვრები იტალიაში. 

რაც შემეხება მე, გერმანიაში სასწავლებლად წასვლამდეც დადიოდი გაცვლითი პროგრამებით.   14 წლისა ზაარბრუკენში ვიყავი, 16 წლისამ ამერიკაში კერძო სკოლაში ვისწავლე. მაგრამ მუსიკალური განხრით უკვე 17 წლისამ ჩავაბარე მიუნხენის კონსერვატორიაში ელისო ვირსალაძის კლასში. მაშინ არჩევანი მქონდა – შემეძლო მის კლასში სწავლა მოსკოვში ან გერმანიაში გამეგრძელებინა. რუსეთი ალბათ მაინც უფრო რთულია ქართველებისათვის და ამიტომ ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით, სრულიად მარტო წავედი ევროპაში. გერმანიაში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ  მაგისტრატურის სხვა კურსის გასაგრძელებლად გავემგზავრე ნიუ-იორკში ძალიან ცნობილ პიანისტ ჯერომ როუზთან, რომელთანაც თითქმის სამი წელი ვისწავლე. ნიუ-იორკში გატარებული წლები უბედნიერესია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრ რამეს ვეზიარე, მქონდა კონცერტები. დღესაც ჩემი მთავარი მენეჯმენტი ნიუ-იორკშია და ხშირად მიწევს  გასტროლები ამერიკაში, მიყვარს იქაური მსმენელი. ბევრი მეგობარი მყავს და საერთოდ, ყველაზე კარგად  თავს ნიუ-იორკში ვგრძნობ. 


როგორია ელისო ვირსალაძე, როგორც მასწავლებელი?

ელისო არის ძალიან მორცხვი, ღრმა, თავისთავში ჩაკეტილი. თუმცა მასთან როგორც არა მხოლოდ მუსიკოსთან, არამად პიროვნებასთან  ურთიერთობა ბედნიერებაა. მასთან ადამიანურ აკადემიას გადიხარ. განურჩევლად იმისა, როგორ ურთიერთობას ინარჩუნებ მომავალში. არცერთი  საინტერესო ადამიანი არ არის მარტივი, ზედაპირული. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა მდიდარია, ვისაც ელისოსთან ურთიერთობა ჰქონია. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მუსიკალური სკოლა უკვე დამკვიდრებულია მსოფლიოს ხელოვნების სივრცეში, თქვენ მიიჩნევთ, რომ ხართ გერმანული სკოლის წარმომადგენელი. 
ქართული მუსიკალური სკოლა არის გერმანული სკოლის მემკვიდრე. ლისტის მოსწავლეები მოღვაწეობდნენ მოსკოვში, პეტერბურგში  და ამ გზით შემოვიდა მუსიკალური განათლება საქართველოში. ჩვენი მუსიკალური სკოლის გენიოლოგიური ხე რომ წარმოვიდგინოთ,  საფუძვლები სწორედ გერმანიამდე მიდის, ამიტომაც ვუწოდებ თავს გერმანული სკოლის წარმომადგენელს. 

ქართული მუსიკალური სკოლა მართლაც ძალიან მაღალი დონისაა  და ამის დასტურია ჩვენი პიანისტების დიდი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე. საკმარისი იქნება, ვახსენოთ ელისო ვირსალაძე, ლექსო თორაძე, ალექსანდრე კორსანტია, ახალგაზრდებიდანაც ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია მსოფლიოს პირველ რიგში შევთავაზოთ ისეთივე ბაზა, რომელიც ტრადიციულად იყო საქართველოში, ამასთან წავახალისოთ და მივცეთ ქართველ მუსიკოსებს  საერთაშორისო მასტერკლასებზე მონაწილეობის საშუალება. თუ ბავშვს ნიჭი აქვს უნდა არსებობდეს დაფინანსება და ფონდები იმისთვის, რომ ის უცხოეთში მასტერკლასებზე წავიდეს, მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კვალიფიკაცია, გაიცნოს კოლეგები, არ მოექცეს ჩარჩოებში და ჰქონდეს  თავისუფალი თანამედროვე მიდგომა. მიმაჩნია, რომ ამაში დიდი როლი განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა უნდა ითამაშოს.  

საქართველოში ერთგვარი ტრადიციაა, მშობელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ შვილი აუცილებლად უნდა შეიყვანოს მუსიკალურ სკოლაში, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ნიჭი და სურს თუ არა მუსიკის სწავლა. ამიტომ ეს პროცესი ხშირად ბავშვებისთვის სატანჯველად არის ქცეული. როგორია თქვენი აზრი მუსიკალური განათლებისადმი ასეთ დამოკიდებულებაზე?
ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანი კულტურულ მსმენელად ჩამოყალიბდეს, ელემენტარული მუსიკალური განათლება აუცილებელია. იქნება ეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფარგლებში, თუ სპეციალურ მუსიკალურ  სასწავლებელში, როგორც ეს ადრე იყო. მე პირადად, მივესალმები ამას. ძალიან ბევრ რამეში მივესალმები პროგრესს, მაგრამ საბჭოთა სამუსიკო სკოლა ნამდვილად არ იყო ცუდი, რომლის შთამომავალიც არის ქართული სამუსიკო სკოლა. მე მგონია, იმისათვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ნაწარმოების ინტერპრეტაციის, გაგების უნარი, იქცეს მომზადებულ და კულტურულ მსმენელად, საჭიროა, გარკვეული განათლება. არ იქნება ცუდი, ყველამ  განურჩევლად ნიჭისა, გარკვეული განათლება მიიღოს. თუმცა იძულებით ბავშვის წვალება, თუ მას არანაირი საშემსრულებლო ნიჭი არ გააჩნია, აბსოლუტურად ზედმეტია. ასეთ შემთხვევაში ბავშვს მხოლოდ ინფორმაციის დონეზე უნდა მიაწოდონ მუსიკალური განათლება, თამაშის ფორმით მოასმენინონ მუსიკა და მოუყვნენ თეორია მუსიკალური ხელოვნების შესახებ. ასე მას შეუქმნიან  საფუძველს. 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რომ მაღალ დონეზე ტარდებოდეს მუსიკალური გაკვეთილები და ნიჭის შემთხვევაში მასწავლებელი სწორად ხედავდეს, როგორ წარმართოს ბავშვის შემდგომი განვითარება, არ იქნებოდა საჭირო სპეციალურ მუსიკალურ სასწავლებელში მიყვანა. მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ძალიან მაღალი დონის მუსიკის მასწავლებლები გვყავს საჯარო სკოლებში.  თუ მოხდება სკოლების უზრუნველყოფა სპეციალური ტექნიკური საშუალებით, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოებების მოსმენა,  ელემენტარული მელოდიის ჩაწერა,  საბაზო განათლების მიღება ქართულ- ხალხურ მუსიკაში, ამას არაფერი აჯობებს. ევროპულ ეკლესიაში მინახავს, წირვის წინ ნოტები ურიგდება მრევლს, იმისათვის რომ  აყვეს გალობას. გაოცდებით,  როგორ იციან ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა სანოტო სისტემა, როგორ სმენით ყვებიან  გალობას.  ეს იმიტომ, რომ ევროპულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ძალიან კარგად არის განვითარებული მუსიკალური განათლება. მე საერთოდ მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს მუსიკალური სმენა და მხოლოდ იმიტომ ვერ მღერის, რომ ადრეულ ასაკში არ მოხდა სმენის მისი წარმართვა. ყველას შეუძლია სიმღერა, თუ დროზე ასწავლიან. 
რას ნიშნავ 21-ე საუკუნეში კლასიკური მუსიკა და რამდენად შეიცვალა დღევანდელი მსმენელის დამოკიდებულება?

მე არ მგონია, რომ კლასიკური მუსიკა, როდესმე დაკარგავს აქტუალობას. რა თქმა უნდა,  როგორც ყველა ჟანრში ხანდახან აქაც არის კრიზისი, მაგრამ ჩვენი საქმეა ახალგაზრდა მსმენელი დავაინტერესოთ და დავაახლოვოთ მასთან. ამიტომაც არის განათლების როლი მნიშვნელოვანი. რაც უკეთ გაიცნობს ადამიანი ბავშვობიდან კლასიკურ მუსიკას, მით უფრო არ გაუჭირდება  კონცერტზე წასვლა და  ძალიან ადვილად  მიხვდება, რომ მთავარია იგრძნო მუსიკა. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ კარგ  მუსიკოსს, ვთქვათ, ჯაზმენს ან ნებისმიერი სხვა მიმართულებისას,  აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბაზისო კლასიკური განათლება. ხშირად ასეც ხდება, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ამა თუ იმ მუსიკალურ სფეროში, გვიან ასაკში მაინც იძენს  კლასიკურ განათლებას.  

რას ურჩევდით მომავალ, დამწყებ ქართველ პიანისტებს და მათ მასწავლებლებს.  

ვურჩევდი, რომ ძალიან ბევრი იმუშაონ საკუთრ თავზე. ადამიანის ყველაზე დიდი მოკავშირე და მტერი, საკუთარი თავია.  მიმაჩნია, რომ ყველაზე ძნელი შეჯიბრიც მხოლოდ საკუთარ თავთანაა. მასწავლებლებსაც მოვუწოდებ, სწორედ ეს წააქეზონ ახალგაზრდებში. არა დავალების ბრმად შესრულება, არამედ დაანახონ პრობლემატიკა და მიუთითონ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. 

დაბოლოს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხელოვნებასა და დიპლომატიურ სამსახურს, რომელიც მკაცრად არის ჩარჩოებში მოქცეული?

მე პირველი არ ვარ, არის ამის შემთხვევები. იყო ცნობილი პიანისტი პადერევსკი, რომელიც ძალიან წარმატებული დიპლომატი  და  პოლონეთის  საზოგადო მოღვაწე იყო. თუმცა მუსიკოსობა  არ უშლიდა ხელს. მუსიკოსიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სხვა რაღაცაზე გადართვა  სჭირდება. მთავარია, სწორად გაანაწილო დრო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი