პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლევან გიგინეიშვილი – მასწავლებლობა მუდმივი ძიების პროცესია

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, რომლის ლექციების უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება, რომლებსაც განმანათლებლებად მოიხსენიებენ: პლატონს, ჟან ჟაკ რუსოს, ჯონ ლოკს, ილია ჭავჭავაძეს და სხვებს.

– ბატონო ლევან, თუ შეიძლება, განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რატომ არის ამ ხალხის მოღვაწეობა აქტუალური 21-ე საუკუნეშიც და რატომ უნდა ისწავლებოდეს მათი შემოქმედება სასკოლო ასაკიდანვე.

– არსებობს ასეთი ცნება – philosophia perennis, ანუ მარადიული ფილოსოფია. იგი გულისხმობს, რომ ცივილიზაციის ისტორიაში შესრულდა აზროვნების აქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობისთვის, რომლებიც არასოდეს დაძველდება და დაკარგავს ქმედითობას. ეს აქტები შეასრულეს პიროვნებებმა, რომლებმაც გაბედეს, ბოლომდე ეფიქრათ ფიქრი და საკუთარი, სრულიად განსაკუთრებული ხედვები ეშვათ, ყველასთვის ახალი კუთხით დაენახვებინათ რეალობა. ამ ხედვებმა შეცვალა – და შეუქცევადად შეცვალა – ცივილიზაცია. მეოცე საუკუნის ესპანელი ფილოსოფოსი სანტაიანა ამბობს: „ვინც არ იცის ფილოსოფიის ისტორია, განწირულია, გაიმეოროს იგი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ისტორიაში არის რაღაც აუცილებელი და ობიექტური, ის, რასაც შინაგანი ლოგიკა და საზრისი ახლავს. აზროვნების ისტორია იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ყოველთვის ტოვებს კამათის ადგილს. ეს არის აზრთა შეხლა-შემოხლის დიადი სივრცე, ხოლო იმის განცდა, რომ ამავე საკითხებზე დაფიქრებით ამ სივრცეს უერთდები, დიდი ბედნიერებაა. სწორედ ეს არის, ჩვენი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხელშეუხებელი „უხილავი საუნჯე”. ტყუილად როდი ამბობდა თომა აკვინელი, რომ ფილოსოფია ადამიანის „ყველაზე სახალისო საქმიანობაა”; როდესაც მასწავლებელი აკითხებს ბავშვებს ამ გენიალურ მოაზროვნეთა ნაწარმოებებს, აცნობს მათ ხედვებს, მნიშვნელოვანია, ამას არ ჰქონდეს დაზუთხვის ან „თავში ჩაჭედების” ფორმა, – ის უნდა იძლეოდეს საზრდოს მათივე თავისუფალი აზროვნებისთვის, ნიადაგს კითხვების დასმისთვის, კამათისთვის. დიდი ფილოსოფიური საკითხები ეგზისტენციალურად, ცხოვრებისეულად უნდა განიცადონ მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც. მხოლოდ მაშინ იქნება ფილოსოფიის სწავლის პროცესი სახალისოც და ნაყოფიერიც.

ფილოსოფოსები, ისევე როგორც პოეტები, დიდი ბავშვები არიან, იმ გაგებით, რომ მათ აქვთ ბავშვური განცვიფრების გაუცვეთელი უნარი. ამ უნარის გაცვეთასთან ერთად ფილოსოფოსიც კვდება – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წიგნი დაუწერია მანამდე. ამიტომ, ვფიქრობ, სასკოლო ასაკი სწორედ რომ სათანადოა ფილოსოფიური ფიქრებისა და სამყაროს საიდუმლოებით გაკვირვებისთვის, მათზე მსჯელობისთვის. მეტიც – თუ ამ ასაკში არ დაიწყე, მერე უფრო და უფრო გაგიჭირდება მსგავსი ძიებების კულტივირება საკუთარ თავში. გადატვირთვაც არ შეიძლება, ცხადია, ამიტომ ფილოსოფოსთა ნააზრევის დოზა და სირთულე მასწავლებელმა ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა შეარჩიოს, რათა არ დათრგუნოს მოსწავლეები ჭარბი ან მეტისმეტად რთული ინფორმაციით, რაც მხოლოდ მკვდარ ტვირთად ექცევა მათ. სწავლების პროცესში ფილოსოფიური ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა მთავარი და არა ინფორმაციის გადაცემა. მასწავლებელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს თავისი ეპოქისა და საზოგადოების მაჯისცემაც, რათა შეძლოს, თარგმნოს ძველი იდეები ახალი რეალობისთვის, თავისი მსმენელებისთვის ახალი სიცოცხლე შთაბეროს ძველ მოაზროვნეთა ფიქრებს.

– ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციების კურსში თქვენ აღნიშნავთ, რომ ილიას ახალი ტიპის ქართველის აღზარდა სურდა. ეს მისი ეპოქის შემდეგაც აქტუალურ პრობლემად დარჩა. „მომავალ ქართველებს” გარკვეულწილად ზრდის თითოეული მასწავლებელი. თქვენი აზრით, უწინარესად რა ევალება მასწავლებელს, რა როლი აკისრია მას მომავალი თაობის აღზრდაში?

– ზევით უკვე ვთქვი, რომ მასწავლებელს, განურჩევლად საგნისა, ევალება, ბავშვებს შემეცნებისადმი ინტერესი გაუღვივოს. რამდენიმე წლის წინ ისეთი კარგი ლექცია მოვისმინე დედამიწის ქანებზე, ვიფიქრე: მოწაფეობის დროს რომ მომესმინა მსგავსი ლექცია, იქნებ გეოლოგიურზე ჩამებარებინა-მეთქი… მასწავლებელს, პირველ რიგში, თვითონვე უნდა ჰქონდეს ცოცხალი ინტერესი თავისი საგნისადმი, ერთგვარი უხილავი ცეცხლი. სხვაგვარად შეუძლებელია, დააინტერესო მოსწავლე და კურსიც მოსაწყენი ხდება. ამიტომ მასწავლებელი მუდმივი ზრდის, კითხვისა და ძიების პროცესში უნდა იყოს, წლიდან წლამდე კომპაქტდისკივით კი არ ატრიალებდეს ერთსა და იმავეს (ცხადია, არ ვგულისხმობ ამა თუ იმ დისციპლინის ფუნდამენტურ ასპექტებს, რომელთა გამეორებაც გადაუვალია). მასწავლებელმა თუ მოახერხა, თავისი საგნის სიყვარული, მისდამი ინტერესი მოსწავლეებსაც გადასცეს და ამით მათ დაკვირვებული, კონცენტრირებული კითხვის უნარის განვითარებაში დაეხმაროს, ძალიან დიდ სამოქალაქო როლს შეასრულებს. ილიას „ახალი ქართველი” უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლად მოაზროვნე, ზნეობრივი პრინციპების თავის თავში აღმომჩენი ადამიანი, რომელიც ბრმად და განუხილველად კი არ დაემორჩილებოდა ვისიმე აზრს, არამედ ილიასავე ერთი მოთხრობის გმირივით იტყოდა: „მე ისეთი მორჩილების მწამს, სადაც ჩემივე სინდისი, ჩემივე გონებაა ბატონი”.

– ვიკიპედიის განმარტებით, ფილოლოგია სწავლობს კაცობრიობის სულიერ კულტურას ამა თუ იმ ხალხის ენისა და ლიტერატურის მეშვეობით. ამის კვალობაზე, ფილოლოგიც განსაკუთრებული სულიერებით უნდა გამოირჩეოდეს. თქვენი აზრით, რა განასხვავებს ფილოლოგს სხვა პროფესიის ადამიანებისგან?
– ფილოლოგია, როგორც ყველა მეცნიერება, ეძებს კანონზომიერებებს მეტყველების, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების, სხვადასხვა ენის, მათი სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის სფეროში. როგორც ყველა მეცნიერებას, ფილოლოგიასაც აქვს უსასრულო საკვლევი სივრცე. ენა და მეტყველება ადამიანისთვის არის რეალობის შეცნობის ინსტრუმენტი და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კიდეც რეალობის სურათს; ენას, ამდენად, მსოფლმხედველობრივი დატვირთვაც აქვს. ფილოლოგს, რომელიც სიღრმისეულად სწავლობს სხვადასხვა ენას, აქვს საშუალება, დაინახოს სამყაროს უფრო მრავალფეროვანი, ნიუანსებით უფრო მდიდარი სურათი. მაგალითად, ქართველისთვის ქველმოქმედება ეტიმოლოგიურად მწყურვალისთვის მიცემულ წყალს უკავშირდება – „მოწყალება”; ბერძნისთვის, შესაძლოა, ჭრილობაზე დადებულ ზეთს – „ელეოს”… ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. სკოლის პერიოდიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გართობა ვებსტერის ლექსიკონში სიტყვების ეტიმოლოგიის ძიება იყო… თუნდაც სხვადასხვა ენის ფონეტიკის შესწავლა – განა საოცრად საინტერესო არ არის?! მახსოვს, უნგრეთში სწავლისას რა პირდაღებულები ვუსმენდით ერთი ჩვენი სამხრეთაფრიკელი მეგობრის ლაპარაკს [ნ]კოსაზე, და ვერა და ვერ ვახერხებდით მის მიერ გამოთქმული კონსონანტების გამეორებას. გარდა ამისა, ფილოლოგია სწავლობს დიდ ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებმაც ჩვენამდე საუკუნეების სიღრმეებიდან მოაღწია, ისევე როგორც თანამედროვე, უახლეს ლიტერატურას. ამდენად, ამ დისციპლინას უშუალო კავშირი აქვს ფასეულობით სამყაროებთან, რომლებსაც მთელი ეს მრავალფეროვანი ლიტერატურა გადმოსცემს. თავისი ყოველდღიური სამეცნიერო საქმიანობით ფილოლოგი კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებას ეზიარება. ფილოლოგიის ფაკულტეტზეც ამისთვის ჩავაბარე – გამეცნო კაცობრიობის სულიერი გამოცდილება ანტიკური ხანიდან, მენახა, რა ფასეულობები იყო მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ეპოქაში, რა არის მარადიული ამ ფასეულობებში, ამით სული გამემდიდრებინა და ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო გამეხადა. მარტო იმის იმედიც კი, რომ ჰომეროსს დედანში წავიკითხავდი, მეყო, რათა ენთუზიაზმით შევსულიყავი კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა კი „ილიადასა” და „ოდისეას” მარტო იდეური სამყარო კი არ გაგვაცნო, არამედ ისეთი ნიუანსებიც, როგორიც, მაგალითად, თითოეული პერსონაჟის, დავუშვათ, ოდისევსის ან ნესტორის სიტყვაში სრულიად განსაკუთრებული, ინდივიდუალური სტრუქტურის არსებობაა.
ფილოლოგია ძალიან ღრმა და მრავალწახნაგოვანი დარგია; გემოვნებისა და ინტერესებისამებრ, სულ სხვადასხვა მიმართულება შეიძლება აირჩიო: ზოგადი ლინგვისტიკა, ფონეტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა…

– რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის ფილოლოგიის კურსის სკოლიდანვე სრულფასოვანი შესწავლა?

– ფილოლოგიის კურსისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და გაკვეთილებზე მათი საინტერესო, თავისუფალი და შემოქმედებითი განხილვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, საერთოდ, რამე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სკოლაში. ასევე მნიშვნელოვანია აკადემიური წერის, არგუმენტირებული მსჯელობისა და გრამატიკის საფუძვლების შესწავლა. ოღონდ ამ ყველაფერს უფრო პრაქტიკული სახე უნდა მიეცეს, მაგალითად, თემების გასწორებისას და შეფასებისას მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს მისივე ნაწერის კონკრეტულ მაგალითებზე უნდა აუხსნას, რა შეცდომა მოუვიდა, როგორი სინტაქსური თუ მორფოლოგიური კონსტრუქციაა მართებული, რა ნაკლი აქვს თემის სტრუქტურას და ა. შ. უცხო ენების სწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე საუბარი ღია კარის მტვრევა გამოვა…

– ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული განათლების სისტემაზე. თქვენი შეფასებით, როგორია საქართველოს განათლების სისტემა დღეს და რაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი?

– ვფიქრობ, ბევრი პრობლემაა განათლების სისტემაში და ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე: სკოლა ცოცხალ ინტერესს უნდა უღვივებდეს მოსწავლეს ამა თუ იმ საგნისადმი და, ამ ინტერესიდან გამომდინარე, უვითარებდეს მას კონცენტრირებული კითხვის, დისციპლინირებული სწავლის უნარებს. დისციპლინა არ არის წვრთნა, ანუ არ არის დაკავშირებული გარე იძულებასთან ან ძალადობასთან; დისციპლინა არის საკუთარი თავისთვის წესრიგის ნებაყოფლობითი დაწესება, რათა სწავლის ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი გახადო და ახლის შემეცნებისგან მოგვრილ სიხარულს ეზიარო. თავად „მოსწავლის” ლათინური შესატყვისია discipulus… მოსწავლე ვერ შეძლებს დისციპლინის კულტივირებას, თუ მასწავლებლები არ მოხიბლავენ, არ დამუხტავენ საგნისადმი ინტერესით. მაგრამ დიდ კლასებში, სადაც 30-ზე მეტი მოსწავლეა, ძნელია ამგვარი ინტერესის გაღვივება, ამიტომ სწავლაც ხშირად ტვირთად და კატორღად იქცევა, სხვათა შორის – მასწავლებლებისთვისაც. აქ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მასწავლებლის ხელფასიც გაცილებით მაღალი უნდა იყოს – ეს ცალკე მსჯელობის თემაა.

– თქვენი ლექციის ერთ-ერთი კურსი პავლე მოციქულს ეძღვნება. თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს რელიგია ადამიანის განათლებაში და უნდა ისწავლებოდეს თუ არა იგი სკოლაში, ან რა ფორმით?

– ვფიქრობ, თუ სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიან, ამაში ცუდი არაფერია: თანამედროვე განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ძირითადი რელიგიები და კონფესიები არსებობს მსოფლიოში, რა მახასიათებლები აქვთ მათ, რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან… არ იქნება მართებული რომელიმე ერთი რელიგიის ან კონფესიის პერსპექტივიდან, მიკერძოებულად სწავლება, რადგან ამ დროს ადვილად იშლება ობიექტური ხედვის კუთხე და გაკვეთილი მეცნიერულ-აკადემიურიდან სხვა სივრცეში გადადის (ასეთი რამ, ალბათ, შესაწყნარებელია, მაგალითად, საკვირაო საეკლესიო სკოლაში ან მუსლიმანურ რელიგიურ მადრასეში, და ამ დროსაც საკმაო სიფრთხილეა საჭირო). რელიგიის ისტორიის მასწავლებელი, განურჩევლად პირადი რწმენისა და შეხედულებებისა, მოსწავლეებს ფართო სივრცეს უნდა უტოვებდეს თავისუფალი მსჯელობისთვის, დამოუკიდებელი კვლევისთვის. კლასში მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს ტოლერანტულ გარემოში და მოსწავლეებს ძვალ-რბილში უნდა გაუჯდეთ პატივისცემა ნებისმიერი პიროვნებისადმი, რომელიც რელიგიის შესახებ თუნდაც მათთვის მიუღებელ შეხედულებას გამოთქვამს. ამგვარი ტოლერანტობის ტრადიცია ყველა დიდ რელიგიას (ქრისტიანობას, იუდაიზმს, ისლამს) აქვს და სკოლის კონტექსტში აქცენტი უფრო ამაზე უნდა გაკეთდეს.
ვინაიდან პავლე მოციქული ახსენეთ, ნახეთ, როგორი პატივისცემით მიმართავს იგი წარმართ ათენელებს და უქებს კიდეც მათ ღვთისმოსაობას, აქებს და ციტირებს წარმართ ელინ პოეტებს, რომლებსაც, მისი აზრით, სწორი რელიგიური ინტუცია ჰქონდათ და ბიბლიურ წინასწარმეტყველებს ეხმიანებოდნენ, პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს თვით ქრისტეს არმიმღები თანამოძმე ებრაელების მიმართ და აღიარებს, რომ მათ აქვთ ღვთიური მოშურნეობა. ვგონებ, რელიგიის ისტორიის მასწავლებელი თავად უნდა იყოს რელიგიური, მორწმუნე, ანუ განვითარებული ჰქონდეს მეტაფიზიკურის, საკრალურის განცდა, თორემ მისი გაკვეთილები მშრალი, უინტერესო და გულისგამაწყალებელი გამოვა. თუმცაღა, მან კი არ უნდა იძალადოს, როგორც უკვე ვთქვი, თავს კი არ უნდა მოახვიოს თავისი შეხედულებები ბავშვებს, არამედ ინფორმაციის რაც შეიძლება ობიექტურად, დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გადაცემას შეუწყოს ხელი, კრიტიკულ აზროვნებას ფართო გასაქანი მისცეს.

ჩემი აზრით, რელიგიების ისტორია სკოლებში მაინც არ უნდა იყოს სავალდებულო საგანი, რადგან შეუძლებელია, სკოლების უმეტესობა მოამარაგო ისეთი მასწავლებლებით, რომლებიც ამ ძალიან ფაქიზი და რთული საკითხების სათანადოდ გადაცემას შეძლებენ. ალბათ, ცალკეულმა სკოლებმა, თუ გადაწყვეტენ თავიანთ კურიკულუმებში რელიგიის ისტორიის არჩევით საგნად შეტანას, სათანადოდ მომზადებული და საკმაო გამოცდილების მქონე პედაგოგები უნდა მოიწვიონ. ვფიქრობ, კერძო სკოლებისთვის ეს გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე სახელმწიფოსთვის.

გარდა პედაგოგისა, დგას სახელმძღვანელოს პრობლემაც. ცხადია, ძნელია, ასეთ რთულ, ნიუანსურ და ემოციურად დატვირთულ საგანზე დაბალანსებული სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა. დღეს არსებულ ქართულენოვან სახელმძღვანელოებს, ვშიშობ, ღირსებათა მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზიც აქვთ.

– სხვა ქართველი მეცნიერებისგან განსხვავებით, თქვენი ლექციების ვიდეოკურსები მრავლად მოიძებნება ინტერნეტსივრცეში. ეს სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე ფორმაა, თუმცა საქართველოსთვის ის ჯერ კიდევ ახალია. ხომ არ გიფიქრიათ, სწავლების რაიმე ახალი ფორმა სკოლებშიც დაგენერგათ?

– მაინცდამაინც არ მიყვარს ვიდეოლექციები. ჩემთვის ლექციის საუკეთესო ფორმაა ლექტორის უშუალო ურთიერთობა სტუდენტებთან, როცა სტუდენტს შეუძლია, შუა ლექციაზე ხელი ასწიოს და ლექტორს კითხვა დაუსვას, ან ლექციის მსვლელობისას თავად ლექტორმა გამოიწვიოს სტუდენტები კითხვებით; ერთი სიტყვით, ლექციის დროს ინტერაქცია ძალიან ნაყოფიერი რამ არის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი რამ აკლია ვიდეოლექციას.
სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, – ეს გახლავთ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თბილისში, – გაკვეთილები ტარდება ოვალური მაგიდის გარშემო, მაქსიმუმ 15 მოსწავლესთან, აქვს დიალოგური ხასიათი, ანუ მოსწავლეები თავად ქმნიან გაკვეთილს ერთმანეთთან შინ წაკითხულ თუ კლასში განხილულ საკითხებზე მსჯელობით. მასწავლებელი უმთავრესად დისკუსიის მოდერატორის როლს სჯერდება (ცხადია, იტოვებს დროს ახალი მასალის ასახსნელადაც). უკვე მეცხრე წელია, ჩვენს სკოლაში სწავლება ამ მეთოდით მიმდინარეობს და, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს. ოღონდ სწავლების ეს ფორმა ჩემი მოგონილი არ არის – ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კერძო სკოლაში, ფილიპსის ექსეტერის აკადემიაში დამკვიდრებული მეთოდი გახლავთ, რომელიც ჩვენს სკოლაშიც დავნერგეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი