ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წმინდა გიორგისგან ნისიად წამოღებული არაყი

ახლა სულ სხვა რამეს უნდა ვწერდე, მაგრამ საწერიც ხანდახან, როგორც ფიქრი, არ გეკითხება, ისე მიდი-მოდის თავის ჭკუაზე.

ერთი ფოტო მაქვს, შავ-თეთრი, ორი-სამი წლის ვიქნები, ავთო ძიას (მთიულეთში ძიაა და არა ბიძია ) ორივე ძლიერი, მთიული კაცის შრომისგან დაკუნთული ხელით თავზემოთ ვყავარ აწეული. ის ქვემოდან შემომცინის, ხმელი, სოფლის მზისგან ოდნავ დამახინჯებული, მაგრამ მაინც ყველაზე კეთილი სიცილით, მე ზემოდან ვიკრიჭები, ეტყობა ჰაერში ატატებით გამოწვეული აღტაცებით. დედა მეუბნებოდა ხოლმე, გლანდებზე ახალნაოპერაციები იყავი და ასე გამხდარი იმიტომ ხარო. მართლა ცარიელი თვალები ვარ იმ ფოტოზე, ოღონდ ძალიან ბედნიერი თვალები. მე ხომ ცისკენ ვყავარ აწეული ავთო ბიძიას, იმ ცის თაღზე დიდი პაპის დარგული, საუკუნე-ნახევრის კაკლის ტოტები მოჩანს. ეს კაკალი ახლა ნახევარზე მეტი გამხმარია,  სულ მთლად დაფუღუროებულია, რაც დარჩენილია, ისიც სადაცაა წამოიქცევა. მის სიახლოვეს სახლის აშენებაზე ვოცნებობ ხოლმე. შარშან რამდენჯერმე მოგვადგნენ ვაჭრები, ეს გამხმარი კაკალი მოგვყიდეთ, ფესვებიანად  ამოვიღებთ და ბლომად დოლარს მოგცემთო. თუ მართლა შევძელი სახლის დაწყება, ისედაც ხომ მოსაჭრელი მექნება-მეთქი. მამას დანატოვარ სახლსაც უკვე სერიოზულად სჭირდება ხელის შევლება. მოდი გავყიდოთ და აღებული ფული ისევ აქაურობას მოვახმაროთო, მე და ჩემმა დამ ვილაპარაკეთ, მაგრამ მერე ვთქვით, იმ ორმოს რაგორღა გავხედოთო და გადავიფიქრეთ. ასეთ საქციელს მთიულეთში ალბათ ბედოვლათურს დაარქმევდნენ, მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ დიდი პაპის დარგული კაკლის ფესვები ამოთხრას და მასალად წაღებას გადაურჩა. ყველაფერი, ეტყობა, მართლა არ იყიდება და არც ყველაფერი იწერება, მაგრამ ახლა ისე მინდა ავთო ძიაზე წერა, რაღაც ჭანჭიკები, რამაც საკუთარი საკუთრად უნდა შეგვანახვინოს, მოშვებული მაქვს და მივერეკები.

იმ ფოტოზე კი არა, უფრო დიდიც რაზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტა თუ მახსოვს. ვერც სიყმაწვილის ოცნებებს ვუერთგულე და მეც ისევე ვამჯობინე ჩათრევას ჩაყოლა, როგორც მრავალმა. აი, ავთო ბიძიას ამბავი სულ სხვაა. ის რამდენი არ აბურთავა ცხოვრებამ, თავის ოცნებებზე ფიქრს ვერ გადააჩვია. გვერდით სოფლელი იყო, მამაჩემის კლასელი და ძმადნაფიცი, მამას ლექსიცა აქვს მისთვის მიძღვნილი. ცოტა ლოთი, ცოტა შარიანი და საოცრად ჯიუტი და ერთგული თავისი ოცნებების მიმართ, რომ ოდესღაც თამარის საფლავს აღმოაჩენდა, რომ იმდენ განძს იპოვიდა, ერთ ვედრო ოქროულს ჩვენ, გარდაცვლილი ძმაკაცის შვილებს მოგვიტანდა. სოფელში მთაგორიანი, უსწორმასწორო ეზო გვაქვს, იმ ეზოს დიდი ლოდებით უპირებდა შეღობვას და თითო ლოდზე მამას თითო ლექსი უნდა ამოეტვიფრა. ამაზე ჩვენ , რა თქმა უნდა, გულში ვიღიმოდით, მაგრამ ხმამაღლა გაცინებას მასთან ვერავინ გაბედავდა. მთიული კაცისთვის მოულოდნელი სიფიცხეც შეეძლო. უკვე მიხვდებოდით, გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟს ჰგავდა და მასზე წერასაც დიდი მწერლის კალამი თუ კლავიატურა სჭირდება, მაგრამ მე მაინც მოვყვები.

ჩემი სოფელი, ნაღვარევი, ვახუშტის მოხსენიებული აქვს თამარის საზაფხულო განსასვენებელ ადგილად, რომ გითხრათ, ჩემი თვალით ეს არასდროს წამიკითხავს, მაგრამ სოფელში მიმავლები მამას ავტომანქანაში წუწუნს რომ დავიწყებდით, გაგვაჩუმებდა ხოლმე ნახევრად სიცილით და ნახევრად სერიოზულად, თამარი რომ დასასვენებლად მოდიოდა, სამი დღე მაინც სჭირდებოდა ცხენით, ქალის უნაგირით, თქვენ მეფეზე კომფორტულად და ასჯერ სწრაფად მგზავრობთ და კიდევ წუწუნებთო, ჩვენც გავიცინებდით, მაგრამ რა გვექნა, ყოველი წუთი გასაძლები იყო, რომელიც სოფელს გვაშორებდა.

ავთო ბიძიას რწმენა, რომ თამარის საფლავი აუცილებლად ნაღვარევში უნდა ყოფილიყო, ძირითადად ამ ცნობას ემყარებოდა.

ალბათ, მისი პრაქტიკული ცხოვრებისთვის საზიანოდ, ახალგაზრდობაში თამარის დროინდელი ჯვარი უპოვია მიწაში, ჩამოუტანია მუზეუმში და აქ, იმ დროისთვის, დიდი თანხა გადაუხდიათ. მამა ამბობდა ხოლმე, იმის მერე გარეკაო. თუმცა მგონია, ავთო უმაგისოდაც მოუძებნიდა თავის მდიდარ ფანტაზიას დასაყრდენს.

თამარის საფლავისა რა მოგახსენოთ, თუმცა, ალბათ, ეს ადგილები საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით. მახსოვს ბავშვობაში, როცა ბებიას საკარტოფილეს გამარგვლისას ვახლდი ხოლმე, ის მუშაობდა, მე ჩრდილში საბავშვო წიგნებს ვკითხულობდი, ხშირად გამომძახებდა, აბა, მოდი, ჩემო ქალო, რა მოვხელეო და თითო ცალ ქარვის მძივის მიწიან ბურთულას გამომიწვდიდა.  ასეთ ბურთულებს თითქმის ყოველ წელს ვპოულობდით, ვის ჩაებნა და რომელ საუკუნეში ქარვის მძივი ჩვენს საკარტოფილეში, აბა, რა გითხრათ. გული მწყდება, ერთიც ვერ შევინახე. ბავშვები ვიყავით, სათამაშოდ გვაძლევდნენ და ალბათ, ჩვენც თამაშ-თამაშით ვუბრუნებდით იმავე მიწას, რომელიც გვიგზავნიდა ამ მზისფერ პატარა სიხარულებს.

მოკლედ, როგორც ნებისმიერ მითში არის სიმართლის მარცვალი, და მერე მის ირგვლივ აგორებული თოვლის გუნდასავით სხეულს იკიდებს გამონაგონი, ავთო ძიას ფანტაზიასაც ჰქონდა საყრდენი. შეიძლება ის ჩვენ საკარტოფილეში ნაპოვნი ქარვის მძივის ბურთულებივით ციცქნა იყო, მაგრამ არსებობის უფლება ჰქონდა.

და ავთო ძიაც თხრიდა. თხრიდა ზაფხულსა და ხანდახან ზამთარშიც. ერთხელ სადღაც გორაზე, სადაც იმ დროისთვის ეგულებოდა თამარის საფლავი, ტრაქტორით აატანინა თანასოფლელს უამრავი გაფუჭებული საბურავი, რათა იქ დაენთო და თოვლი დაედნო, რომ მერე გაეთხარა. მაგრამ უკან გზობაზე ეს საბურავების აცმა შემთხვევით ისევ ტრაქტორს გამოსდებია და დაღამებულზე ვერ შეუნიშნავთ. დილით უნახავთ, ეს მათი ატანილი საბურავები ისევ ქვევით იყო, სოფელში.

რამდენიმე წელი იდგა ავთო ძიას სახლის გვერდით უზარმაზარი, მისი ორსართულიანი სახლის სიმაღლე მიწის სათხრელი ექსკავატორი, რომელიც თავისი ხელით ააწყო, მუშაობდა კიდეც, ოღონდ გვიან გაახსენდა, რომ ექსკავატორს გადაადგილების საშუალებაც სჭირდებოდა, აბა, თავისი სახლის გვერდით ხომ არ დაიწყებდა თხრას.

ყველაზე სახალისო ამბავი, რომელიც ავთო ძიას უკავშირდება, ორიათასიანების დასაწყისში მოხდა. ჩავედი ერთხელაც სოფელში და აღმოვაჩინე, რომ სახლში სტუმრად გვყავდა (ნათესავს მოუყვანია ) ახალგაზრდა ბერი. ეს ბერი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში იყო გაზრდილი, მგონი, პირველად მაშინ გამოვიდა მონასტრის გარეთ. დისშვილებს ვიდეომაგნიტოფონი და მულტფილმების კასეტები ჰქონდათ, ისეთი გატაცებით უყურებდა ბერი, ისეთს იცინოდა ტომი და  ჯერიზე, ისე უკვირდა და არ იცოდა ამა სოფლის არაფერი, გაგეცინებოდათ და თან მისი სუფთა თვალების ყურებითაც გაიხარებდით. მერე ეს ბერი საპატრიარქოში დასახლდა და 5 -6 წლის შემდეგ თურქეთის საზღვარზე დააპატიმრეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოჰქონდა საქართველოში. ძალიან მძიმე წარმოსადგენია, ასეთი რა შეემთხვა, რომ იმ სუფთა, მიამიტმა ბიჭმა ბოლოს ეს გააკეთა. იქნებ არც გაუკეთებია, ვინ იცის? ამ ქვეყანაში ხომ ბოლომდე ვერ ვენდობით მართლმსაჯულებას.

მოკლედ, ჩავედი სოფელში და რას ვხედავ, ეს ბერი და ავთო უსხედან სუფრას. ავთო თავისი რწმენისას უყვება, ეს ცდილობს ორთოდოქსული მართლმადიდებლობის რამე გააგებინოს ავთოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოსდის. და, აი, აქ ავთო ყვება თავისი რწმენისა და წმინდა გიორგისთან ნაღდ და კაცური ურთიერთობის ამბავს:

_ არაყი გამამელივა, ჩავე, გავე, ავე (სახლიდან ჭალაზე ჩავიდა, არაგვზე გადავიდა, მთაზე წმინდა გიორგის ეკლესიაში ავიდა). ვუთხარ, წმინდა გივარგი, მასესხე არაყი, ორ კვირაში გამოვხდი, ჩაყრილი მაქვს ბორბოლა მსხალი ბოჩკებში და ჩაგასესხებ-მეთქი. წმინდა გიორგის სალოცავში, როგორც ჩანს, ხატობისას დარჩა არაყი, რომლის იქიდან წამოღებაც არ შეიძლებოდა.

მამა გიორგის, შევატყვეთ, სულ მთლად ჩამოუვარდა ყბა. აქ ავთო ძიამ კაი დიდი პაუზა გააკეთა და ბოლოს სუნთქვაამოყოლებით, დარწმუნებით, ამაყად დააბოლოვა:

– მასესხა.

ავთო ძია რომ წმინდა გიორგის ვალს დაუბრუნებდა, ამაში ისევე არ შეგვპარვია ეჭვი, როგორც მას არ ეპარებოდა ეჭვი, რომ წმინდა გიორგიმ არაყი ასესხა.

ავთო ძიამ სიყვარული და ძმობაც ისეთივე იცოდა, როგორც ოცნება. მამას ძმობასა და სიყვარულს მანამდე უმტკიცებდა, სანამ თვითონ არ დაავადდა. მოდიოდა თიბავდა,  ღობეებს აკეთებდა, თოხნიდა, ბარავდა. კაცის საქმე რაც არის სოფელში, რამდენიმე წელი უსაყვედუროდ გასწია მამას მაგივრად.

ახლა აღარც ავთოა, აღარც მისი ცოლი, ის ბერი გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის, არ გამიგია. ვზივარ ჩემს ქალაქურ ბინაში და გული მწყდება, ავთო ბიძიას ხელებით ცაში ატყორცნილს ცოტა მეტად უნდა შემძლებოდა საკუთარი ოცნებების ერთგულება. თუმცა როგორც ბოლო იმედი, ისე ჩამესმის მისი ამაყი, დარწმუნებული ამოძახილი:

– მასესხა!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი