შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თორნიკე ჭელიძე, თამუნა ნერგაძე – ჩემი რომანტიკული პერსონაჟები ყარყატების მხარეში

თორნიკეს შორიდან ვიცნობდი, გამარჯობითო, რომ ამბობენ, ისე. ვიცოდი, რომ კარგი პოეტი იყო, მაგრამ არანაკლები მთხრობელი აღმოჩნდა. როცა უსმენ, გგონია, წიგნს კითხულობ, მხიარულსა და ამავდროულად, სევდიანს, თანაც ძალიან დინამიკურს:

 
,,ჩემი სოფელი ხომ ძალიან მაღლაა, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მაგრამ მისი სასაფლაო კიდევ უფრო შემაღლებულზეა, იქნება 2400 მეტრი, ერთ მიცვალებულს რომ წაუსხამ არაყს (იქ არყის წაქცევა იციან), ყველას საფლავს ჩაივლის ხოლმე. ჰოდა, იქ ვიყავი ჩემს მასპინძლებთან ერთად, აღდგომის ორშაბათს, ხელიგულივით მოჩანდა თურქეთთან საზიარო ხოზაფინის ტბა, სასაზღვრო ზოლი და ტბისიქითა თურქული სოფლები. ამ დროს ჩემი მოსწავლე მოვიდა, ვალოდა, სახელოზე ჩამომქაჩა, მომახედა, თითი გაიშვირა და ქართულად მითხრა: ,,აი, აქედან იწყება საქართველო.”
ჩემი სოფელიო, როცა ასეთი ინტონაციით ამბობენ, როგორც წესი, იმ ადგილზე საუბრობენ, სადაც ბავშვობა გაატარეს, ჯავახეთის რაიონის სოფელი კარწახში კი თორნიკე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ერთი წელი.
·

,,თაკოჯან, კარმირფოთიკმიჰაქნიდაბროცა, შათამოთე! თაკოჯანტუმიგანეველოსიპედ, ტაღექახენდანგევრეთ…'' – თაკოჯან, გთხოვ ,არჩაიცვა ეს წითელი ბოტები სკოლაში, სირცხვილია! თაკოჯან, გეხვეწები, არ იყიდო ველოსიპედი, სანამ ჩემთან ხარ,სოფელში ბავშვები სიცილს დაიწყებენ.

არადა, ზუსტად ვიცი, თავის დიასახლისს არ დაუჯერებდა და იმდენს იზამდა, მალე კლასებში ნელ-ნელა მომრავლდებოდნენ ფერადბოტებიანი გოგონები, რომლებიც გაკვეთილების მერე ველოსიპედებით წავიდოდნენ შინ.
ზუსტად ვიცი, რადგან თამუნა ჩემი სტუდენტობის მეგობარია, ყველაზე ადრინდელი უნივერსიტეტის მეგობართა შორის. თორმეტ სექტემბერს პირველი კორპუსის ფოიეში გავიცანით ერთმანეთი, ავტობუსში წინა დღის ტერაქტზე ვისაუბრეთ და საჯარო ბიბლიოთეკაში ენათმეცნიერების შესავლის სემინარის მოსამზადებლად უკვე დამეგობრებულები მივედით. უფრო ზუსტად, თამუნა ჩემი მეგობარია მეტეორის პრინციპით, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩამომიქროლებს, მერე რაღაც ახლის ძიებისას თვალსაწიერიდან გაქრება, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად ჩამომიქროლებს ხელახლა. თამუნა სულ რაღაცას ტოვებს და რაღაც ახალს ეძებს. არა იმიტომ, რომ თამუნა ზედაპირულია, იმიტომ, რომ თამუნა ზედმეტად გულისხმიერია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ოდნავ პირობითობასაც ვერ ეგუება, არ შეუძლია აკეთოს ის, რაც მთელი სულით და გულით არ აინტერესებს. ჯავახეთის ის სოფელი, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა, ერთერთი იმ იშვითთაგანია, რაც თამუნას არათუ შუა გზიდან არ მიუტოვებია, არამედ ფიქრობს, რომ მომავალიც ამ სოფლისა და თავისი მოსწავლეებისათვის უკეთესი ცხოვრების შექმნას უნდა დაუკავშიროს.

·
თუკი მასწავლებლად საქართველოს რომელიმე ქართულენოვან რაიონში ჩახვალ, შეიძლება გაგიჭირდეს უჩვევ გარემოსა და უცნობ ადამიანებთან შეხვედრა, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად დაგეხმარება: იქ შენ პატივსაცემი და საჭირო ადამიანი იქნები, საყოველთაო ზრუნვითა და კეთილგანწყობით გარემოცული; მაგრამ თუკი ჯავახეთში მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ იქ დიდად არავის ეპიტნავება შენი ნახვა, ქართულად არ ლაპარაკობენ და არც არანაირი პრაქტიკული საჭიროება არ აიძულებთ, სახელმწიფო ენა იცოდნენ. მეტიც, შეიძლება უნდობლადაც შემოგაცქერდნენ, როგორც ემისარს, რომელიც მათ ყოფაში შემოიჭრა და რაღაც საეჭვო ცვლილებების მომასწავებლად იქცა ადგილობრივების თვალში:
_ ორნი მაინც რომ ვყოფილიყავით თითო სოფელში, ერთმანეთს გავამაგრებდით, მხარს დავუჭერდით, _ ამბობს თორნიკე და თამუნაცეთანხმება: როგორც ჩანს, იქაური მოსახლეობის გულის მოგება იოლი არ ყოფილა, მაგრამ თვითონაც ამბობენ და მეც სიამოვნებით დავეთანხმე, რომ მასწავლებელთა შერჩევის სისტემა მართლაც რომ წარმატებულია, განათლების სამინისტრო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან ,,ელჩებად” ნამდვილად უშვებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საქართველო: გულწრფელებს, უშუალოებსა და იდეალისტებს. ისურვებდნენ, ფსიქოლოგებიც ჩართულიყვნენ პროექტში, რათა მონაწილეები უფრო მზადმყოფნი დახვედროდნენ მოსალოდნელ პრობლემებს.
სურვილი კიდევ ბევრია: კარგი იქნება, რომ ბავშვებისთვის, რომელთა უმეტესობა ახალციხეშიც კი არ არის ნამყოფი, მოეწყოს ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა მათ მეტი გაიგონ და პატივისცემა გაუჩნდეთ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეებადაც იზრდებიან. აკი, თორნიკეს მიერ ორგანიზებული თბილისში გასვლა მთელი თვე ჰქონდა სალაპარაკოდ მთელ კლასს.
ჩემი რომანტიკული პერსონაჟები შერეულ ბანაკებსაც ნატრობენ, რათა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს უფრო მჭირდო კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან, მოეხსნათ გაუცხოების ის შეგრძნება, რომელიც, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად მაინც აქვთ.
ასევე ოცნებობენ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება, ერთხელ აქაც ჩატარდეს, რათა აქაურებმაც იგრძნონ, რომ ქართველები მათ თავიანთი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად თვლიან და აღიარებენ ამ სოფლების მაცხოვრებელთა კულტურის მნიშვნელოვნებასა და ღირსებას.
_ უნდა შეგატყონ, რომ მთელი გულით ხარ მათთან და აუცილებლად მიგიღებენ თავისიანად, _ ამბობს თორნიკე;
_ მთავარია, გულღია იყო, სიახლეების მოყვარული. ყოველივე უცხო აღიქვა, როგორც შესაცნობელი და არა _ როგორც დამთრგუნველი, _ ემოწმება თამუნა.
და ეს რომანტიკული იდეალიზმი იმდენად გადამდებია, რომ ვიჯერებ იმას, რაც ერთი შეხედვით ბანალურად და სენტიმენტალურად ჟღერს: ეგებ შეიძლება სახელმწიფოებრივი შეგნება სიყვარულით დაამკვიდრო და განათლების პოლიტიკაზე მეტად ადამიანების სიყვარულმა წაგაქეზოს, მისცე მათ შანსი, ცოდნა და წინსვლის პერსპექტივა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ აუცილებლად უნდა მიიღოს უფრო ფართო მასშტაბები.
·
ბავშვობაში წავიკითხე რეზო ინანიშვილის ,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სოფლის მასწავლებლობა ჩემ თვალში უაღრესად რომანტიკულ პროფესიად წარმოჩნდა, როგორც, ვთქვათ, მთამსვლელობა ანდა ყბადაღებული კოსმონავტობა. მერე, წლების მატებასთან ერთად, ჩემს ცნობიერებაში გაჩნდა ჯერ ,,კომფორტის გარეშე ვერ გავძლებ”, მერე _ ,,მეგობრების და ოჯახის გარეშე არ შემიძლია”, მერე _ ,,მე მაქვს შანსი მეტს მივაღწიო” და ნელ-ნელა უკან დავიხიე. აკი, თითქმის ყველა ბავშვს უნდა მთასვლელობა ან კოსმონავტობა, მაგრამ ამ პროფესიათა წარმომადგენლები არცთუ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან. მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, ამქვეყნად კოსმონავტებიც და ალპინისტებიც ნამდვილად არსებობენ; ჰოდა, ზოგიერთი შორეული, ცივი სოფლის მასწავლებელიც ხდება.
ამის მიზეზი ვერც ხელფასი იქნება და არც მათთვის განკუთვნილი სხვა შეღავათები, ეს ერთი მხრივ, ცუდიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ეგებ, არც ისე _ ვინაიდან მხოლოდ მატერიალური ფაქტორით მოტივირებული ადამიანები ვერ შესძლებენ გააკეთონ ყველაფერი ის, რაც ჯავახეთის გრძელზამთრიან სოფელში სამუშაოდ წასულ ქართულის მასწავლებელს ევალება.
ეგებ მიზეზი შექსპირის პიესების ცნობილი მოტივია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდამ უცხო გარემოში უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი.
ეგებ მიზეზი ყარყატებია. . .
,,არ ვიცი ყარყატები რა ნიშნით არჩევენ ბუდის ასაშენებელ ადგილებს. აი, ჯავახეთში კი ყარყატის უამრავი ბუდეა, თანაც იმხელა, რომ თავისუფლად დაიტევს ორ კაცს. ჩვენი სახლის გვერდითაც ჰქონდა ყარყატს ბუდე, მაღალ ელექტრობოძზე. ყარყატის მოფრენა სოფელში საყოველთაო სიხარულის მიზეზია, მასთან ერთად მოდის ჯავახეთში ნამდვილი გაზაფხული და პირიქით, როცა გაფრინდება, ჯავახეთელები ხანგრძლივი, ცივი ზამთრისთვის ემზადებიან.” _ ნაწყვეტი თამუნა ნერგაძის დღიურიდან.
(ესე იგი, თვითონ თამუნა და თორნიკეც ყარყატები ყოფილან, _ ვფიქრობ ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს თხრობიდან არალეგალური გადახვევაა. . .)
ვარაუდები ვარაუდებად და ზუსტი პასუხიც ვიცი. თორნიკე ჭელიძის ,,ჯავახეთის რვეულში” ვიპოვნე:
,,ბრუკლინელი არ ვარ, არც მონტაგოს ქუჩაზე ვმდგარვარ სკოლის შემდეგ, არც Notarius BIG მინახავს ნეგროიდ ,,ძმაბიჭებთან” ერთად.
მაინც ხშირია, რომ მეკითხებიან: ,,იმ სიშორეზე რამ წაგიყვანა”, ,,რა გინდოდა ჯავახეთში”, ,,არ გიჭირს უცხო ხალხთან ცხოვრება?” და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
იმ სიშორეზე მიკრავტობუსმა წამიყვანა. ჯავახეთში ცხოვრება მინდოდა. ხალხი _ ყველა და ყველგან უცხოა.”
ანი კოპალიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი