ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამბები დუშეთიდან (ნაწილი პირველი)

დღეს, საღამოს, საქმეებიდან შინ მობრუნებულმა, უკვე ტრადიციულად, დუშეთში, მახლობელ სოფლებში ვიხეტიალე. ბევრთაგან ერთი კაციც შემომაყარა, მოხუცი, გულზე ახალგაზრდა ბიჭის სურათით. ძროხებს მწყემსდა. მივესალმე. მომესალმა. ,,შენ ის არა ხარ, წიგნებსა რომ წერამო?” კი – მეთქი. გაეცინა. გამეცინა. ,,ჰოდამ, როგორა ხარო?” – მკითხა. ნელ-თბილად – მეთქი. “ეგ როგორიაო?” სახე შეეცვალა. აი – ისე, რა – მეთქი. და მერე მივაგებე: თქვენ, თქვენ როგორ ხართ – მეთქი?

მეო – მიპასუხა და ამოიოხრა – ხან კარგად ვარ და… და ხან უფრო კარგადო!
აბა, ეს კაცი ჩემზე კარგად როგორ იყო, სხვა რომ არაფერი, გულზე გარდაცვლილი შვილის სურათი ეკიდა. მაგრამ სხვა ცოდნა ჰქონდა, გაძლების ხელოვნების ცოდნა. ის ცოდნა, რომელმაც ალბათ აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა. ის ცოდნა, როცა ჭირშიც კარგად ვართ ან უფრო კარგად.

 

—-

გუშინ სასტიკი ქარი იყო დუშეთში. ისეთი – მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუოდნენ და ღამეც უმთვარეო გამოდგა. არცერთი მეზობელი არ დარჩენილა მახლობლად. მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, მარტო ვარ და შიში მახსენდება. დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა კი მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო. აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი
მთვარე ვახშმობს მუხებში,
დახშულია ჭიშკარი,
ადევს კლიტე უხეში.
დედაბერი მიმჯდარა,
ბუხრის ახლოს კუთხეში.
თვალში ცრემლი დამშრალა,
მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?”
მე არ ვიცი ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო. და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მსიამოვნებს. გუშინაც ეგ ამბავი იყო. ცხადად მივხვდი, რომ ეს მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა. ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით შევეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს. მამაჩემი ამბობს:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი!”
და ყველაფერი კარგადაა.

—-

წეღან ერთი კარგი, მშრომელი ბიჭი წავიყვანე მანქანით ჩანადირებიდან, ფეხით მიდიოდა და ვერ ასწრებდა კომენდატ საათამდე საკუთარ სოფელში. არ მგონია, იმ გზებზე ვინმეს შეენიშნა, მაგრამ წესი, წესია – მით უფრო პატიოსანი, გლეხი კაცისთვის. ასე აღმოვჩნდი სოფელ საკრამულში: ამ ჯადოსნურ ტყეში შევაბიჯეთ და ხეების გვირაბი ხომ საოცარი და გამოსვლისას სულ სხვა სამყარო გადამეშალა. სად აღარ მიხეტილია და რა აღარ მინახავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს სოფელი მართლაც მოულოდნელი რამ გამოდგა. უკანა გზაზე, სავალს ავცდი და ცოტა გამიმრუდდა; ბაზალეთის ტბას მივადექი ზურგიდან – ვერცხლისფერის და იასამნისფერი რბილი ჭიდაობა ცალკე ჯადოქრობა იყო.
დუშეთი არის დაუფასებელი და უცხო. და სასწაული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი