ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბევერლი სიმმსონი – ითამაშეთ, ნამდვილი თამაში

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge-ს” სტუმარია აშშ-ის ჯორჯიის შტატის წლის მასწავლებელი ბევერლი სიმმსონი, რომელმაც ახლახან მოიპოვა საპრეზიდენტო ჯილდო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების გამორჩეული სწავლებისთვის.
– თქვენ მიიღეთ ჯილდო როგორც საუკეთესო მასწავლებელმა. როგორ მოხდა ეს და, საერთოდ, რა მოტივით ანიჭებენ ამ ჯილდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში?
– ამ ჯილდოს ეწოდება პრეზიდენტის ჯილდო მათემატიკისა და მეცნიერების სწავლებისთვის. მას ორმოცდაათივე შტატში ანიჭებენ თითო მასწავლებელს. მე ჯორჯიის შტატის საუკეთესო მასწავლებლად დამასახელეს. ჯილდოს მონიჭებამდე სპეციალური კომიტეტები გაკვირდებიან, უმეტესად – შეუმჩნევლად. შესაძლოა, მოვიდნენ და ინტერვიუც ჩამოგართვან. ტარდება გასაუბრებაც.
მასწავლებლებს არ ეხამუშებათ, რომ ვიღაც აკვირდება მათ, შეისწავლის მათ საქმიანობას?
– სწორედ ეს განასხვავებს სხვებისგან იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჯილდოს იღებენ. ეს ჯილდო, ფაქტობრივად, ენიჭება პედაგოგს, რომელიც ძალიან საინტერესოა, ხალისიანი, რომლის ყოველ გაკვეთილში არის რაღაც სიახლე. ასეთ მასწავლებელს არ ეშინია იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცა კარზე მიუკაკუნებს.
– ეს კომიტეტები დამოუკიდებლად არსებობს თუ მიბმულია განათლების სისტემას ან რომელიმე ორგანიზაციას? აქვს თუ არა ამ კომიტეტებს კონკრეტული კრიტერიუმები და იციან თუ არა მასწავლებლებმა წინასწარ ამის შესახებ?
– სხვადასხვა მდგომარეობაა ამერიკის სხვადასხვა შტატში. ჩვენ ახლახან დავიწყეთ მუშაობა მთელი შეერთებული შტატებისთვის ერთიანი ნაციონალური სასწავლო გეგმის შესადგენად. აქამდე ის შტატების მიხედვით იყო განსაზღვრული. რაც შეეხება დამკვირვებლებს, ესენი არიან განათლების სფეროს სპეციალისტები და ადმინისტრატორები. ასეთი კომიტეტი ყოველ შტატშია, მაგრამ ისინი იყენებენ ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.
– როგორ ფიქრობთ, რისთვის მიიღეთ ეს ჯილდო და რა გამოგარჩევთ სხვა მასწავლებლებისგან?
– მე განვსხვავდებოდი იმით, რომ ყოველთვის ვცდილობდი გამეხედა ჩემი მასწავლებლობის საზღვრებს მიღმა. ხშირად ვხვდებოდი ინჟინრებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში იყვნენ დასაქმებულნი, ვთხოვდი, მოსულიყვნენ სკოლაში და ესწავლებინათ ბავშვებისთვის ის, რის ცოდნაც გამოადგებოდათ მათ მომავალ სამუშაოზე; ვეკითხებოდი, რა მესწავლებინა მე თვითონ ისეთი, გამოსადეგი რომ ყოფილიყო იმ პროფესიებში, რომლებზე მოთხოვნაც არის ბაზარზე.
– საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლის დაინტერესება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ბავშვებს მაინც უჭირთ ამ საგნების შეყვარება. ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც დგას. როგორ ახერხებთ, შეაყვაროთ ბავშვებს ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა?
– კაცობრიობა ამ მეცნიერებებს ათასობით წლის განმავლობაში სწავლობდა, ჩვენ კი იძულებულნი ვართ, ეს ცოდნა ისე შევკუმშოთ, რომ რამდენიმეწლიან სასკოლო კურსში ჩავატიოთ. ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, როდესაც ბავშვებს ვატარებინებთ გალილეო გალილეისა და სხვების ექსპერიმენტებს. როდესაც მოსწავლეს უშუალო შეხება აქვს ექსპერიმენტთან, უფრო ემოციურადაც განეწყობა და უკეთესადაც ესმის საქმის არსი, ვიდრე მაშინ, როდესაც პირდაპირ ეუბნებით ამ ექსპერიმენტის შედეგს და თეორიულად უმტკიცებთ, რომ ეს ასეა.
– სკოლის ბაზაზე, ცოტა არ იყოს, რთულია ამ ექსპერიმენტების ჩატარება, მით უმეტეს – სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა ეგებ ბევრი რამ მასწავლებლის მონდომებაზეც იყოს დამოკიდებული. იცით, რა მაინტერესებს? ეს ინჟინრები სიამოვნებით მოდიან სკოლაში და თანამშრომლობენ მასწავლებლებთან?
– დღეს თქვენს კლასში რომ შემოვედი, ბავშვები ორ მწკრივად ისხდნენ. მე დავდექი როგორც ლექტორი და მათ რაღაცებს ვაჩვენებდი… სრულიად განსხვავებული იქნებოდა განწყობა და გარემო, ეს ბავშვები რომ მსხდარიყვნენ მაგიდების გარშემო, მე ჩამომევლო და საექსპერიმენტოდ საჭირო მასალები დამეწყო მათთვის. გაცილებით მეგობრული იქნებოდა ჩემდამი განწყობაც.
თუ ინჟინერს შესაბამის ინსტრუმენტსაც მისცემ და გარემოსაც შესაბამისად მოუწყობ, ის სიამოვნებით მოვა. მაგალითად, ვეუბნები, მინდა მუყაოსგან თვითფრინავის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. ისინიც სიამოვნებით მომყვებიან. მათ გაკვეთილებზე მეც ვსწავლობ და შემდეგ დამოუკიდებლად ვაკეთებ იმავეს.
მაგისტრის ხარისხი შემდეგნაირად მივიღე: ორი სემესტრის განმავლობაში დავდიოდი ქარხნებში თუ ობიექტებზე, კუდში დავდევდი ინჟინრებს, მინდოდა მენახა, როგორ იყენებდნენ მათემატიკას სამუშაო ადგილზე კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ეს იყო დამოუკიდებელი კვლევა, რომლისთვისაც რაღაც კრედიტები მივიღე.
– როდესაც თქვენ შესახებ ვკითხულობდი, საინტერესო რამეს წავაწყდი. თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა, პედაგოგი მოწოდებით იყოს მკვლევარი, უყვარდეს ციფრები და განათლების რეფორმას მიუდგეს, როგორც მეწარმე – ბიზნესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი პროფესიის არჩევაში, რადგან ის ყველაზე უკეთ იცნობს ამ ბავშვის შესაძლებლობებს. რაკი თქვენ დიდი ხანია ჩართული ხართ ამ პროცესში, ალბათ იცით, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს ის, რასაც სკოლა იძლევა და ის, რასაც ბაზარი მოითხოვს. 
– ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ხედავდეს ბაზრის მოთხოვნებს. არც ჩვენს ქვეყანაშია მთლად კარგად საქმე. მასწავლებელი რეალური გარემოსა და ცხოვრების მოთხოვნებს საგაკვეთილო პროცესში უნდა აზიარებდეს მოსწავლეს.
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იცოდეს, რაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა. ალბათ არც ის იქნებოდა ურიგო, მასწავლებელსაც სცოდნოდა, რომელი პროფესიაა საჭირო იმ გარემოსთვის, სადაც ის ასწავლის. 
– ამერიკის ორ შტატში, არიზონასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, ტარდება ინტერნეტგამოკვლევა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ინტერნეტრეჟიმში დაინახონ ის, რაც მოსწონთ და ის, რაც კარიერული მიზნების განსახორციელებლად გამოადგებათ. 
– ჩვენი „მასწავლებელის სახლი” მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების ცენტრია. აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მასწავლებლები საგნობრივი კომპეტენციებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად, იმის სასწავლად, რა და როგორ ასწავლონ. ჩვენი ტრენერებიც მიდიან რეგიონებში და ადგილზე უტარებენ გაკვეთილებს. ჩვენ ვიკვლევთ მასწავლებელთა საჭიროებებს და ამის მიხედვით ვგეგმავთ ტრენინგების შინაარსს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ არსებობს ამ ტიპის დაწესებულებები თუ ორგანიზაციები?
– დიახ, ჩვენც გვაქვს ამ ტიპის ცენტრები. ყველა შტატში არის რეგიონული საგანმანათლებო ასოციაცია. ისინი ფინანსდებიან ერთდროულად როგორც კონკრეტული შტატის, ასევე ცენტრალური მთავრობიდან. ხანდახან აერთიანებენ კიდეც თავიანთ ბიუჯეტს, რომ იყიდონ, ვთქვათ ლაბორატორია, ან რამე ტექნიკა სკოლებისთვის. გვაქვს მეცნიერების მასწავლებელთა ნაციონალური ასოციაციაც, ასევე – მათემატიკის მასწავლებელთა ნაციონალური საბჭო. მათ აქვთ თავიანთი ჟურნალი და შვიდასი ათასი წევრი ჰყავთ. ყოველწლიურად იმართება კონფერენცია, რომელზეც მთელი ქვეყნიდან ჩამოდის ათი ათასამდე მასწავლებელი. ისინი გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, სწავლობენ ერთმანეთისგან. 
– ქალბატონო ბევერლი, როგორი წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენს განათლების სისტემაზე ? 
– მე მომაწოდეს მასალები, მარამ გამიჭირდა რეალურად აღქმა, ვიდრე თავად არ მივედი სკოლაში. გამიჩნდა შეგრძნება, რომ თქვენ გაცილებით მაღალი დონის სწავლება გაქვთ მე-6, მე-7, მე-8 კლასებში, მოსწავლეებმა მათემატიკაში უფრო მეტი იციან, ვიდრე მათმა თანატოლებმა შეერთებულ შტატებში. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

– თქვენ ბრძანებთ: იმისთვის, რომ დახელოვნდე, რომელიმე სფეროში ნამდვილი თამაში უნდა ითამაშოო. ნამდვილ თამაშსაც აქვს თავისი წესები. რამდენიმე მათგანს ხომ არ გაგვიმხელდით?
– ჩვენ ვუყურებთ მათემატიკასა და მეცნიერებას, როგორც საშემსრულებლო ხელოვნებას. საჭიროა პროექტების მომზადება, რომელთა განხორციელება მოითხოვს მათემატიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცოდნას. თუ ამ ცოდნის გარეშეც შესაძლებელი აღმოჩნდა ამოცანის შესრულება, ესე იგი პროექტი ვერ ყოფილა კარგად შედგენილი. პროექტში დაბალანსებული უნდა იყოს სხვადასხვა საკითხი.
ერთადერთი გზა პროექტის ოპტიმიზაციისთვის მათემატიკური საშუალებების გამოყენებაა. მათემატიკური ხედვა აუცილებელია. არავინ აგიყვანს სამსახურში იმიტომ, რომ დიფერენციალური განტოლების ამოხსნა შეგიძლია – აგიყვანენ იმიტომ, რომ შეგიძლია პრობლემის გადაჭრა, მაგრამ თუ დიფერენციალურ განტოლებებს იცნობ, პრობლემას უფრო სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებ. ერთი და იგივე მიდგომა უნდა გქონდეთ მესამეკლასელებსა და მეათეკლასელებთან. მათემატიკური პრობლემა სხვადასხვანაირად წარმოჩნდება სწავლების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამიტომ მივედით ავტორბოლის მანქანებამდე და სხვა პროექტებამდეც. გვყავს მეხუთეკლასელები, რომლებიც იმდენად დაიხვეწნენ, რომ სპეციალურ საქარე გვირაბებს, რომლებიც მანქანების საწმენდად გამოიყენება, თავიანთი ხელით აკეთებენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორად შეურჩიო ბავშვებს პრობლემები, სწორად დაუსახო ამოცანები. კრიტერიუმები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ხანგრძლივი პერიოდისთვის ივარგოს. იგი სამი დისციპლინის ცოდნას მოითხოვს – მეცნიერებისა, მათემატიკისა და ტექნოლოგიისა. მათ შორის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ.
ესაუბრა ნატო ინგოროყვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი