შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რისი შენარჩუნება გვინდა? – კითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს

განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პოულობს დროს გავლილ ეტაპზე დასაფიქრებლად, მიღწეულ-მიუღწევლისთვის სახელის დასარქმევად და მიზეზებში ჩასაღრმავებლად. ის უკუაგდებს ფუჭ და უშედეგო პედაგოგიურ ხერხებს, შედეგიან სტრატეგიებს, მეთოდებსა თუ აქტივობებს კი საგულდაგულოდ მოინიშნავს და ჩაუღრმავდება.

მეტი გულისყური და დაკვირვებაა საჭირო ახლა, ამ უცნაურად წარმართული სასწავლო წლიდან დასკვნების გამოსატანად. მოულოდნელმა გამოწვევებმა ფსიქოლოგებიც კი დააბნია და ჯერჯერობით ვერც ისინი გვთავაზობენ სამომავლო რეკომენდაციებს. ონლაინ სასწავლო პროგრამები შესაბამისი მეთოდებითურთ აქამდეც არსებობდა, მაგრამ არც ისე ბევრი სასკოლო ასაკის სეგმენტისთვის, თანაც ამ მასშტაბით.

დისტანციური სწავლებისას მასწავლებლები მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებენ. მრავალი მათგანი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პასიური მოსწავლე საოცრად გააქტიურდა და საინტერესო შედეგები აჩვენა. მოხდა პირიქითაც: „ვარსკვლავებმა“ ბრწყინვალება დაკარგეს და ერთგვარად მიყუჩდნენ. ნაწილმა კი ჩვეული მდგომარეობა შეინარჩუნა. პატარებს მშობლებისგან მეტი დახმარება დასჭირდათ, უფროსებმა, რომლებსაც ტექნოლოგიებში არ უჭირდათ, გაკვეთილების ჩაშლა დაიწყეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როცა პირველმა ეტაპმა გაიარა, მონდომებულმა მოსწავლეებმა დამოუკიდებელი სწავლის თვალსაზრისით ახალი ნაბიჯები გადადგეს.

მიმდინარე პროცესი რაღაცით შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდს ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავებულია.

„თიმსში“ გაშინაურების შემდეგ მასწავლებელმა გარედან (ვიდეოჩანაწერში) შეხედა საკუთარ თავს და მიხვდა, რომ მონოლოგის რეჟიმში დარჩენა სიკეთეს არ მოუტანს, ჯობია, მხოლოდ აუცილებელ განმარტებებს დასჯერდეს, დანარჩენი დროის განმავლობაში კი მოსწავლეებს მოუსმინოს, მისცეს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება (ჯგუფებში, დისკუსიებში, ჩათში…). საჭიროა როლებისა და სიტუაციების ცვლა, მონოლოგი, რაც უნდა საინტერესო იყოს, მოსაწყენი ხდება და ინტერესიც იკარგება.

ხანმოკლე სასწავლო შეხვედრები მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს, რომ მოახერხოს მოსწავლის დაკვალიანება, განწყობა უფრო ხანგრძლივი დამოუკიდებელი სწავლის პროცესში ჩასაბმელად, მერე კი მას შეუნარჩუნოს „ხმის უფლება“, რომ შესრულებული დავალება წარმოადგინოს. დომინანტის (მოლაპარაკის) როლიდან მასწავლებელი ფასილიტატორის (მრჩევლისა და მსმენელის) როლში გადადის; ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა.

სკოლა ყოველთვის საუბრობდა ა მშობლების ჩართულობის დეფიციტზე. ამ ვითარებაში მშობლები უფრო გააქტიურდნენ. მრავალ მათგანს ახლაღა მიეცა საშუალება, ახლოს მისულიყო შვილის სწავლის პროცესთან. ზოგიერთი დაინტერესდა, რა ხდება საკლასო ოთახში. განსაკუთრებით გასახარია, რომ პროცესში შინ გამოკეტილი მამებიც ჩაერთნენ.

სკოლის დირექციების მიდგომებიც განსხვავებულია. ზოგიერთმა ნულოვანი მხარდაჭერის პირობებში მასწავლებლებისგან მაქსიმუმი მოითხოვა (ეს პოზიცია სამინისტროს რეკომენდაციებმა შეარბილა), სხვებმა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერისა და მათთვის სასკოლო თუ პირადი რესურსის გაზიარების გზა არჩიეს, ბევრმა ელექტრონული მართვის სისტემის აწყობაზე დასვა აქცენტი…

კარგი მართვის პრაქტიკის მქონე სკოლებმა მალევე წამოიწყეს შიდა კვლევები, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის რეალური სურათი დროულად დაენახათ, საჭიროებები განესაზღვრათ, მერე კი მხარდაჭერაზე ეზრუნათ.

ახლა, როცა სასწავლო წელი მიიწურა, გავლილი ეტაპის შეფასების დროც დადგა. სასურველია, ამ შეფასებას მცირე კვლევები (კლასის დონეზე, სკოლის დონეზე) დაედოს საფუძვლად. ელექტრონული გამოკითხვების წარმართვის პრაქტიკა მასწავლებლებს უკვე აქვთ და ეს მათ საქმეს გაუადვილებს. ამით მომავალი საქმიანობის დასაგეგმავად საჭირო ინფორმაციას მოუყრიან თავს. გამოკითხვა შეიძლება სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარდეს.

მოსწავლის კითხვარი შეიძლება ასეთ კითხვებს მოიცავდეს:

  1. იყავი თუ არა ჩართული დისტანციურ სწავლებაში (თიმსის ან ზუმის შეხვედრები, ტელესკოლა)?
  2. თუ არა, რატომ?
  3. მოგწონს თუ არა სწავლების ეს ფორმა?
  4. რა შეიცვალა შენთვის? სწავლა გაგიოლდა? გაგიძნელდა?
  5. რას შეცვლიდი დისტანციურ სწავლებაში, უფრო საინტერესო და სახალისო რომ გამხდარიყო?
  6. რისი შენარჩუნება გინდა ამ პროცესიდან, როცა ჩვეულებრივ სასწავლო პროცესზე გადახვალ?

მასწავლებლისთვის:

  1. იყავით თუ არა ჩართული დისტანციურ სწავლებაში?
  2. თუ არა, რატომ?
  3. მოგწონთ თუ არა სწავლების ეს ფორმა?
  4. რა მოგწონთ? რა არ მოგწონთ?
  5. რას შეცვლიდით, რომ უფრო საინტერესო და სახალისო გამხდარიყო?
  6. შეიცვალა თუ არა თქვენი დატვირთვა? გაიზარდა? შემცირდა?
  7. შეიძინეთ/განივითარეთ თუ არა ახალი პროფესიული უნარები?
  8. დისტანციურ გაკვეთილებზე თქვენ უფრო აქტიურობდით თუ მოსწავლეები?
  9. რა გავლენა მოახდინა დისტანციურმა სწავლებამ თქვენი მოსწავლეების სასწავლო შედეგებზე?
  10. ჩვეულებრივი სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენებთ თუ არა ამ გამოცდილებას? კერძოდ, რას და როგორ?

მშობლებისთვის:

  1. იყო თუ არა თქვენი შვილი ჩართული დისტანციურ სწავლებაში?
  2. რა პრობლემებს წააწყდით (ტექნიკური ან სხვა)?
  3. სჭირდებოდა თქვენს შვილს დახმარება თუ დამოუკიდებლად ართმევდა თავს ტექნოლოგიებს?
  4. რა გავლენა მოახდინა დისტანციურმა სწავლებამ თქვენი შვილის სწავლაზე, მის შედეგებზე?
  5. პირადად თქვენ რა გაიგეთ ახალი სასწავლო პროცესზე?
  6. რას შეცვლიდით, მასწავლებელი რომ ყოფილიყავით?
  7. ისურვებდით თუ არა ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას? კერძოდ, რა ფორმით?
  8. მისაღებია თუ არა თქვენთვის მასწავლებელსა და სკოლასთან ელექტრონული კომუნიკაცია?

ამ გამოკითხვის ჩატარება და შედეგების ანალიზი მასწავლებლისა და სკოლისათვის საჭირო მინიშნებების წყაროდ იქცევა. როგორ ვაგრძელებთ სწავლა-სწავლებას მომავალში? – ეს კითხვა პასუხს მოითხოვს:

  • გავაგრძელოთ ძველებურად, თითქოს არაფერი მომხდარა?
  • დავიწყებას მივცეთ ამ ეტაპზე გააქტიურებული ჩვენი და მოსწავლეების ტექნოლოგიური უნარები?
  • დისტანციური სწავლებიდან რომელი აქტივობები შევინარჩუნოთ ახალი უნარების განსამტკიცებლად და სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად? (მაგალითად, დავალების ელექტრონულად გადაგზავნის და დაბრუნების გამოცდილება; სასწავლო თუ სოციალურ პროექტებში დისტანციური შეხვედრების გამართვის გამოცდილება; მშობლებთან ელექტრონული კომუნიკაციის გამოცდილება);

აუცილებლად გადასარჩენი და განსამტკიცებელია მოსწავლეთა დამოუკიდებელად სწავლისა და მასწავლებლის ფასილიტატორის როლში გადასვლის გამოცდილება, რომელზეც მოთხოვნა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ რეალურად მისი ხორცშესხმა იშვიათად ხერხდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დისტანციურმა სწავლებამ მოისნა, სწავლებაში ელექტრონული რესურსების გამოყენებაა, რადგან სკოლების უმრავლესობას პროექტორები არ ჰყოფნის და ეს რესურსი ფაქტობრივად მხოლოდ „საჩვენებელ“ გაკვეთილებზე გამოიყენება.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დისტანციურმა პროცესებმა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ფართო პერსპექტივა წარმოაჩინა და ზღვა რესურსი დააგროვა. მასწავლებელს შეუძლია, თავისთვის მოხერხებულ დროს ამ რესურსებს გაეცნოს.

დისტანციური სწავლების გამოწვევამ განათლების სფეროს ახალი შესაძლებლობები გადაუშალა. ამ შესაძლებლობებს დანახვა და გამოყენება სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი