ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მასწავლებელი უცხო მიწაზე

(ნაწილი პირველი)

დღესდღეობით, როცა საზღვრები ღიაა და მეტ-ნაკლებად ყველას აქვს იმის საშუალება, რომ ბევრი იმოგზაუროს, ადამიანები თანდათან უფრო და უფრო მეტს ფიქრობენ ისეთი პროფესიის შეძენაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, ერთ ადგილს არ მიეჯაჭვონ. პანდემიის შემდეგ, ხალხმა უკეთ კარგად გაითავისა, რომ თურმე ზოგიერთი საქმის კარგად კეთებისთვის სულაც არ ყოფილა აუცილებელი ოფისში ჯდომა; რომ თუ ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი გაქვს და შენს გასაკეთებელს აკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს, სახლიდან მუშაობ თუ დედამიწის მეორე ნახევარსფეროდან? ციფრული პროფესიების განვითარებამ და ათვისებამ კიდევ უფრო დაამკვიდრა სხვადასხვა ადგილიდან მუშაობის ტრადიცია. თუმცა არსებობს პროფესიები, რომლებიც ადგილს ვერ შეიცვლიან. ექიმი მუდამ საავადმყოფოდან მუშაობს, მასწავლებელი – სკოლიდან. რასაკვირველია, შესაძლებელია მათი სამუშაო ადგილებიც შეიცვალოს, გადავიდნენ, მაგალითად, სხვა სკოლაში ან სხვა საავადმყოფოში, თუმცა ეს საბოლოოდ პირველად მოცემულობას არ ცვლის. მათი სამუშაო ადგილზე ყოფნა აუცილებელია.

იმის ფონზე, რომ უცხო ენების სწავლება უფრო და უფრო პოპულარული და აუცილებელი ხდება, უცხო ენების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ისე იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყანაში, რომ კარიერას და საყვარელ საქმეს თავი არ მიანებონ. ჯერ ერთი, ონლაინგაკვეთილები ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს: მასწავლებლებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ საგანმანათლებლო კომპანიასთან დაიწყონ თანამშრომლობა და მათ მიერ მოძიებულ მოსწავლეებთან გაკვეთილები ჩაატარონ. მსგავსი კომპანიებისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, სად იმყოფებით, თუკი მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ (ხარისხი, სერტიფიკატი, გამოცდილება) და სტაბილური ინტერნეტი გაქვთ. უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. მომთაბარე მასწავლებლობა, რაც სხვა ქვეყანაში ჩასვლას და სწავლებას გულისხმობს. ცხადია, მასწავლებელი ნებისმიერი საგნის შეიძლება იყოს. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მაინც ინგლისურის მასწავლებლები არიან. კონტინენტი, რომელიც მასწავლებლებს დასაქმების უზარმაზარ ბაზარს სთავაზობს – აზიაა.

ნებისმიერ დროს გუგლს შეუძლია ზღვა ინფორმაცია მოგცეთ, იმასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად რომელ ქვეყანას სჭირდება მასწავლებლები, რომელ ქვეყანაშია უფრო მარტივი სავიზო პროცედურები, რომელ ქვეყანაში გთავაზობენ უკეთეს პირობებს, რომელი ქვეყანაა უფრო მეტად საინტერესო და ახლო თქვენს გემოვნებასთან და ა.შ. პანდემიამდე სულ რაღაც ექვსი თვით ადრე, ჩემი მეგობარი მომთაბარე მასწავლებლის დამსახურებით, თავადვე აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში და რაკი პანდემიის ერთი წლის თავზე კვლავ აღმოჩნდა, რომ მომთაბარე მასწავლებლობა მირჩევნია, გადავწყვიტე, გიამბოთ, სად ვარ და როგორ მოვედი აქამდე.

უკვე ოთხი თვეა, რაც ჩინეთში, ქალაქ სიანში ვიმყოფები. სიანი ჩინეთის უძველესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქია, მისი გული და ცენტრი, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. წარსულში აბრეშუმის გზა სწორედ მასზე გადიოდა. აქვე არიან ტერაკოტას მებრძოლები, უძველესი ტაძრები და პაგოდები, რომლის გვერდით თანაცხოვრობენ თანამედროვე უზარმაზარი შენობები. პროცენტულად სწორედ ჩინეთში ცხოვრობს ყველაზე მეტი მომთაბარე მასწავლებელი, ვიდრე აზიის რომელიმე სხვა ქვეყანაში. ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მთავარი ის არის, რომ მისი სიდიდის გათვალისწინებით გაცილებით მეტი შესაძლებლობაა სასურველი სამსახურის პოვნის.

თუკი ჩინეთში მასწავლებლობას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, თავად უნდა ჩამოყალიბდეთ, სად გნებავთ ბედის ცდა ან თუნდაც პროფესიული საქმიანობის გაგრძელება: ბაღში, სკოლაში, ტრენინგცენტრში თუ უნივერსიტეტში. არჩევანი ძალიან დიდია, მით უმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილიც თავისებურად სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა.

ბაღებში ორი კატეგორიის სამსახური შეიძლება შემოგთავაზონ – უცხო ენის მასწავლებლის ან უცხოენოვანი აღმზრდელი მასწავლებლის. რაც შეეხება სკოლებს, კარგად უნდა განსაზღვროთ, კერძო სკოლაში გირჩევნიათ მუშაობა, თუ საჯაროში. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთის მთავრობა უფრო და უფრო მეტ კერძო სკოლას ყიდულობს და მათ საჯაროდ აქცევს, რათა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და შესაძლო კლასობრივი დაყოფაც თავიდან აიცილოს. თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაინც მრავლადაა ისეთი სკოლები, რომელთაც საერთაშორისო, ბრიტანული ან ამერიკული კურიკულუმი აქვს დანერგილი და სახელმწიფო პროგრამას არ მიჰყვებიან. ამასთანავე ნებისმიერი სკოლა იყოფა სამ ნაწილად: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი. საქართველოსგან და ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აქ მოსწავლეები მთელ თორმეტ წელს ერთად არ ატარებენ. დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ სხვა სკოლაში გადადიან. არსებობს ე.წ. პრესტიჟული სკოლებიც, სადაც რომელიმე საფეხურზე გადასვლა წინა საფეხურის ნიშნებზეა დამოკიდებული.

ტრენინგცენტრები პატარა ან საშუალო ზომის სკოლებია, რომელთა შენობებიც ოფისებს უფრო ჰგავს. მსგავს ცენტრებში მოსწავლეები, როგორც წესი, კვირაში ორჯერ მიდიან გაკვეთილებისთვის, რათა ინგლისური უკეთ ისწავლონ. ისინი დონისა და ასაკის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფში ნაწილდებიან. მათი ასაკი ძირითადად 3-დან – 12 წლამდეა. უნივერსიტეტებში კი მეტ-ნაკლებად ზუსტად ისეა, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში: ინგლისური ენა ისწავლება, როგორც მეორე სავალდებულო ენა. პროგრამა, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო რესურსები უმეტესად მუდამ სკოლისაა, თუმცა როგორც პროფესიონალს, არასდროს გზღუდავენ, რომ სწავლებაში ცვლილებები და სიახლეები შეიტანო.

კარგი და ცუდი დამსაქმებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოიძებნება, თუმცა თუკი საკუთარ გამოცდილებას დავეყრდნობი, ვიტყვი, რომ ჩინეთში სამუშაო დატვირთვა სტრესული არ არის და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაბალანსებული ცხოვრებით იცხოვროს. პირიქით, შესაძლოა თქვენი სამუშაო დატვირთვა დატვირთვად არც კი მოგეჩვენოთ და იგრძნოთ, რომ გაცილებით ნაკლები პასუხისმგებლობები გაქვთ, ვიდრე ოდესმე გქონიათ. ხოლო თუკი ახალი კულტურის გაცნობა, ახალი გამოცდილებები, მოგზაურობა და ახალი ენის ათვისება თქვენი საყვარელი საქმიანობაა, მაშინ არც კი ვიცი, რას ელოდებით.

მე საჯარო სკოლაში ვმუშაობ, დაწყებით საფეხურზე. ორშაბათს გაკვეთილები არ მაქვს, ამიტომ სამუშაო დღეს სამშაბათს, დილის 8:30 საათიდან ვიწყებ. თითო გაკვეთილი ორმოცწუთიანია, დასვენება კი ათწუთიანი. ზუსტად ათ საათზე მთელი სკოლა ისვენებს და მოსწავლეები სავარჯიშოდ გარეთ გამოდიან. თუ ძალიან ცუდი ამინდია, მაშინ კლასში რჩებიან. ეს შესვენებაც ორმოც წუთს გრძელდება. შესვენების შემდეგ კვლავ ორი გაკვეთილი გვაქვს, მერე კი უფრო დიდი შესვენებაც იწყება. ლანჩის კულტურა ჩინეთში ძალიან მნიშვნელოვანია. შუადღის თორმეტი საათიდან ორ საათამდე საეჭვოა, ვინმე თავის სამუშაო ადგილას იპოვოთ. ლანჩის შემდეგ ნორმალიზებულია შუადღის ძილიც, რომელიც გონებას ეხმარება, რომ გამოცოცხლდეს და დღის მეორე ნახევარშიც პროდუქტიული იყოს. სკოლებში (ვგულისხმობ დაწყებით საფეხურს) მოსწავლეებს ამ დროს ოფიციალურად სძინავთ. პირველ- და მეორეკლასელებს დორმში – სპეციალურად მოწყობილ შენობაში აძინებენ, დანარჩენები კი კლასში თავიანთ მერხებზევე თვლემენ.

ჩემი სამუშაო დღე 16:30 საათზე ოფიციალურად სრულდება, რასაც ვერ ვიტყვი ადგილობრივ მასწავლებლებზე და ხშირად ვერც მოსწავლეებზე, რადგან მათი დღე უფრო გრძელი და დატვირთულია. ყველა კლასს თავისი ინგლისურის მასწავლებელი ჰყავს, რომელიც ყველა ჩემს გაკვეთილს ესწრება და საჭიროების შემთხვევაში, მეხმარება კიდეც. ადგილობრივი ინგლისურის მასწავლებელი პასუხისმგებელია წერა-კითხვისა და გრამატიკის სწავლებაზე. ჩემს გაკვეთილზე ძირითადი დატვირთვა ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას ეთმობა – მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ისაუბრონ ერთმანეთთან და ჩემთან მხოლოდ ინგლისურად. ეს მოცემულობა შესაძლოა ყველა სკოლისთვის განსხვავებული იყოს, ისევე როგორც დატვირთვა, მოვალეობები და სხვა ნებისმიერი პირობები.

თუკი ზემოთ ხსენებული საინტერესოდ ჟღერს, მოთმინებით აღიჭურვეთ, ეძებეთ, ყურადღებით წაიკითხეთ კონტრაქტი და გახსოვდეთ, რაც არ უნდა ზღაპრული მოგეჩვენოთ კონტრაქტი, მაინც ეჭვის თვალით შეხედეთ, კითხვებიც აუცილებელია და იმის ცოდნაც, რომ ზღაპრულზე უფრო ზღაპრული კონტრაქტებიც არსებობს, რომლებიც ჯერ თქვენამდე არ მოსულა.

რაც ყველაზე მთავარია, დააგროვეთ ბევრი გამოცდილება, ყველაფერი ჩაიწერეთ, აღწერეთ თითოეული გაკვეთილი, შემდეგ ხელახლა შეისწავლეთ და ისე ჩამოიტანეთ უკან – საქართველოში. რადგან არაფერია იმაზე დიდი გამოცდილება, როგორც უცხო ენის სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც თქვენი პირველი ენა არ ესმით. გამუდმებით მოგიწევთ ახალი მეთოდების, თამაშების, აქტივობებისა და სიმღერების მოფიქრება. შეხედეთ ამას როგორც  კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს, რომლის მიზანიც თქვენი უკეთეს მასწავლებლად გარდაქმნა და აუცილებლად სამშობლოში დაბრუნება უნდა იყოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი