კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

კათედრის შეხვედრები

როდესაც იდეალურ სამუშაო გარემოზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, აუცილებლად გვახსენდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – თანამშრომლებთან ჯანსაღი ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ სრული დატვირთვის პირობებში სწორედ თანამშრომლები არიან ის ადამიანები, ვისთანაც ლამის იმდენივე დროს ვატარებთ, რამდენსაც ოჯახის წევრებთან. ალბათ ყველაზე სახარბიელო ბენეფიტებიც კი ვერ გადაწონის კარგი თანამშრომლების ყოლის ფუფუნებას. თუმცა „კარგი თანამშრომელი“ მეტისმეტად აბსტრაქტული ცნებაა. შესაძლოა, ამ ორ სიტყვაში ყველა სხვადასხვა რამეს მოვიაზრებდეთ და ეს სავსებით ნორმალურია. ერთმანეთისთვის კარგი თანამშრომლები რომ ვიყოთ, სულაც არ არის საჭირო, საუკეთესო მეგობრები გვერქვას ან სამუშაოს გარეთაც ვხვდებოდეთ; კარგი თანამშრომლობა, უპირველეს ყოვლისა, მუდმივი მზადყოფნაა ერთმანეთის დასახმარებლად, მხარდასაჭერად, ერთმანეთისთვის სასწავლებლად და ერთმანეთისგან სასწავლად.

როდესაც სამუშაო ადგილს ვიცვლით, ალბათ ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი უდიდესი საფიქრალი ის არის, როგორი თანამშრომლები დაგვხვდებიან ახალ სამსახურში. მით უმეტეს, თუ ძველში შესანიშნავ გუნდთან გვიწევს გამოთხოვება. ამავე დროს, ის, თუ როგორ გვიღებენ ახალ გარემოში, ყოველთვის ახდენს გავლენას იმაზე, თავად როგორ ვიღებთ ჩვენ შემდეგ მოსულ თანამშრომლებს. ამ ჯაჭვურ რეაქციაში ჩვენი ჩაბმა განსაკუთრებით ადვილია, როდესაც მუშაობა სულ ახალი დაწყებული გვაქვს და პროფესიული პიროვნება ჯერ მყარად ჩამოყალიბებული არ არის.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დასაწყისიდანვე ძალიან გამიმართლა, რადგან ისეთ ადამიანებთან მოვხვდი, ვისაც ჩემთვის სწავლება არასდროს დაზარებია. მეტწილად სწორედ ამან მაქცია თანამშრომლად, რომელსაც თავადაც არასდროს ეზარება სხვისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. დამეთანხმებით, ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალბედებს ან თუნდაც გამოცდილებს, მაგრამ ახალ გარემოში.

მასწავლებლის ყოველდღიურობაში ხშირად არის მომენტი, როდესაც შეგვიჩნდება ხოლმე ფიქრი, რომ რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებთ, რაღაც არ გამოგვდის, რომელიღაც კლასთან ან მოსწავლესთან რაღაც რიგზე ვერ გვაქვს. რასაკვირველია, ასეთ მომენტებში კოლეგა მასწავლებლებთან დალაპარაკება და პრობლემის განხილვა საუკეთესო გზაა, თუმცა ხშირად განსხვავებული გრაფიკისა თუ სხვა მიზეზების გამო შესაძლოა ეს ასე მარტივად არ გამოვიდეს. ამასობაში ნეგატიური ფიქრები იზრდება, იზრდება და უფრო და უფრო მუქ ფერს იღებს, ეს კი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ მის გარეთაც აისახება ჩვენს განწყობაზე. ამიტომ არის აუცილებელი რეგულარული სამუშაო შეხვედრები არა მხოლოდ კათედრებს, არამედ საფეხურის და მთელი სკოლის მასწავლებლებს შორისაც – სწორედ ასეთ შეხვედრებზე მოისმენთ, რომ თურმე ეს პრობლემა მხოლოდ თქვენ არ გაქვთ და შეგიძლიათ, ერთად იმსჯელოთ მის გადაჭრაზე. ან იქნებ დისკუსიისას მიხვდეთ, რომ ბუზი სპილოდ გიქცევიათ და ამდენიც არ უნდა გენერვიულათ. მოკლედ, კვირაში ერთხელ კალენდარში ჩანიშნული ერთი საათი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე სიმშვიდისთვის არის საჭირო, რადგან როცა ისმენ, რომ შენი კოლეგებიც იმავე გზას გადიან, რასაც შენ ან უკვე გავლილი აქვთ და შეუძლიათ გასწავლონ, როგორ გააკეთოთ ეს, ყველაფერი მარტივდება და ხვდები, რომ პროფესიის არჩევანში კი არ შემცდარხარ, უბრალოდ მორიგი გრძელი და დამღლელი კვირა გქონდა, რომელიც აუცილებლად კეთილად დასრულდება.

გარდა ზემოთქმულისა, მასწავლებლების შეხვედრები პროფესიული განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რადგან სწორედ მასწავლებელია ის ადამიანი, ვინც ყოველდღიურად შედის კლასში გაკვეთილის ჩასატარებლად და, საბოლოო ჯამში, ყველა ის გამოწვევა, რაც სწავლა-სწავლების პროცესს ახლავს თან, მათზე უკეთ არავინ იცის. თანამშრომელ მასწავლებლებს შორის ყოველთვის იქნება ვიღაც უფრო გამოცდილი, ვიღაც – უფრო მეტი იდეით სავსე, ვიღაც – სიახლების მიმართ უფრო ღია, ვიღაც – კონკრეტულ საკითხში უფრო ღრმად ჩახედული, ვიღაც – უფრო გაბედული, ვიღაც – მეტი უცხო ენის მცოდნე და მეთოდების გადმომთარგმნელი. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. საერთო ჯამში კი რეალობა ასეთია: ჩემი მასწავლებლობის პერიოდში, უამრავ ტრენინგგამოვლილმა და მასალანაკითხმა, ყველაზე მეტი მაინც სამასწავლებლოში შევიტყვე, როცა მრგვალი მაგიდის ირგვლივ შვიდიოდე მასწავლებელი ვიკრიბებოდით და განვლილ კვირას ვაჯამებდით, პრობლემებს განვიხილავდით, მოგვარების გზებს ვსახავდით, ერთმანეთს ნაცად მეთოდებს. რესურსებსა და აქტივობებს ვუზიარებდით და ვამხნევებდით.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ კათედრის შეხვედრები პროფესიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი რამაა, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ემოციურ მდგომარეობასაც გვიმსუბუქებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“