პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პანდემიური არდადეგების ჩანაწერები

16 მარტია, დილის 4 საათი.

იძულებითი არდადეგები დაიწყო. თუმცა აქამდეც იძულებითის ტოლფასი იყო – გამუდმებით ინფორმაციის ლოდინი, ფიქრი, დარდი, შიში… დიახ, შიში მომავლისა. ვაღიარებ, შევშინდი, როცა გავიგე, რომ ბავშვებიც დაავადდნენ ახალი კორონავირუსით.

უკვე მენატრება ჩემი სამსახური. თუმცა ეს სამსახურზე მეტია – ეს სიცოცხლეა და სიხარული. ბედნიერებაა საქმით ტკბობა. ვნების სიმძაფრეც ხომ შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. თანაც, ჩვენ სად შეგვიძლია აშენებულით ტკბობა – ჩვენ ხომ მხოლოდ საძირკვლის ჩამყრელები ვართ, რომლებიც იშვიათად თუ ახსენდებათ.

ესეც ისე, სხვათა შორის ვთქვი, სალაპარაკოდ კი არა…

აბა, რა სჯობია ცოცხალ ურთიერთობას, სადაც მუდამ სიურპრიზს ელი, სადაც ვერ მოიწყენ. მერე ხვდები, რომ თავადაც შეგიძლია სიურპრიზების მოწყობა. და ასე გადის ბედნიერი წლები.

აშენებულით ტკბობა არ შეგვიძლია-მეთქი, ვთქვი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი. არის წუთები, როცა ვხედავ ჩემი მუშაობის – ბრძოლის – შედეგს. აი, მაშინ კი მეუფლება სიამაყის გრძნობა. მეც და ჩემი მოსწავლეებიც მუდამ სიახლეების ძიებაში ვართ. უუფ, როგორც იქნა ვაღიარე, რომ მასწავლებელი ვარ. თუმცა ეს ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ ვაღიარე. ისევ შეყვარებული ვარ ჩემს მოსწავლეებზე. თუმცა ახლა სხვა პატარა ზვიგენები მყავს, ისინი კი, ვისზეც მაშინ ვწერდი, უკვე ძალიან დიდები არიან.

ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მე მათ ვასწავლიდი, ისინი – მე. მასწავლიდნენ, როგორ არ უნდა მოექცე ადამიანებს, რა ძალაუფლებაც არ უნდა გქონდეს. არ გაგეცინოთ და ჩვენც, მასწავლებლებსაც გვაქვს ძალაუფლება, გვიყვარს კიდეც. აბა, მითხარით, ორიანის დაწერა განა ერთგვარი ძალაუფლება არ არის? არის. რამდენს გამოგვიყენებია ბოროტად? მმმ…

რამდენჯერ ვმდგარვარ კლასის წინაშე და მიფიქრია: ახლა თუ დავმარცხდი… ძალიან შემრცხვება, ძალიან. ხშირად გამარჯვებაში თვითონვე დამხმარებიან. ამ დროს გამარჯვებული მხარე არ არსებობს, გამარჯვებულები ჩვენ ვართ: მე, გიორგი, ნიკა, ანა… რამდენი ჩამოვთვალო?

16 მარტი, 05:00

 

* * *

თითქმის ერთი თვე გასულა. 9 აპრილი თენდება…

წვიმა წამოვიდა, სწორედ ისე, როგორც იმ ავბედით 1989 წელს… საოცარია… ახლა შინ ვზივარ, წვიმა აღარ მისველებს სახეს. აღარც ცრემლები… დრომ და ცხოვრებამ უცრემლოდ გლოვა გვასწავლა… ახლა მე ძალიან დიდი გოგო ვარ. აღარ მჯერა ზღვარს გადასული არც გლოვის და არც სიხარულის, გულს ასე ადვილად ვეღარ ამიჩუყებ. ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მეტად შემიძლია მოვლენების ანალიზი… თუმცა ამაზე წერას არ ვაპირებდი. შეკავებული ემოციის ბრალია… მე ხომ დღესაც მტკივა 9 აპრილი, ახლა – უფრო მეტადაც კი, ვიდრე მაშინ. იმ დროს შვილი ვიყავი, ახლა კი უკვე მშობლის და მასწავლებლის პოზიციიდან ვუყურებ წარსულსაც და აწმყოსაც; ახლა მესმის დედების და მამების, იმ ღამეს რომ არ მიგვატოვეს. ჩვენს ადგილას ჩვენი შვილების წარმოდგენა მზარავს…

„მუდამ ერთი რამ მაფიქრებს: როგორი იყო ამ გმირების ცხოვრების წესი, ხასიათი, როგორ მუსიკას უსმენდნენ, რა საჭმელი უყვარდათ, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ერთი დღით, ერთი თვით, ერთი წლით ადრე…“ – ეს ჩემმა პატარა მეგობარმა დაწერა დღეს სოციალურ ქსელში.

ერთი წლით ადრე ჩვეულებრივი ახალგაზრდები ვიყავით: ვიღაცამ სკოლა დაამთავრა, ვიღაცამ – უნივერსიტეტი, ვიღაც შეყვარებული იყო, ვიღაც დაქორწინდა კიდეც, ვიღაც მომავალზე ფიქრობდა… ლაღიძის წყლები გვიყვარდა და აჭარული ხაჭაპური, რობაქიძეს ვკითხულობდით მალულად, „ბითლზს“ და „პინკ ფლოიდს“ ვუსმენდით, ლიზიკოს ყავას ვსვამდით და კაკო ბაქრაძის ლექციებზე დავიპარებოდით… ყველაფერი მერე მოხდა, ერთი დღის, ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ. ზოგი ცხოვრებამ გმირად აქცია, ზოგი – მებრძოლად, ზოგიც მეოცნებედ დარჩა. სხვა ეპითეტები მაინც არ მემეტება. თითქოს ჩვენ არ დაგვენგრიოს და გადაგვეწვას თბილისი, ჩვენ არ დაგვეკარგოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენ არ დაგვეხოცოს ერთმანეთი. ჩვენ არა. გარეშე ძალა რომ არა, ჩვენ ამას როგორ გავაკეთებდით… აი, ასე იყო, ჩემო კარგო მეგობარო.

„ბევრჯერ მომნდომებია, ჩვენზე დამეწერა, ჩემს თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული თაობაა. ეს ის თაობაა, რომელიც შიშველი ხელებით უდიდეს მონსტრს შეებრძოლა. მერე კი რატომღაც დაიქსაქსა და… ჩემი თაობის სახეებს მოსწავლეებში ვეძებდი, ვპოულობდი და მიხაროდა. მიხაროდა და ყოველთვის ამაყად ვამბობდი, რომ ძალიანაც კარგი ახალგაზრდობა მოდის: უფრო ჭკვიანი და მიზანდასახული, ცოტა პრაგმატული და მეტად რეალისტი… ეს აღარ აის ჯინსების თაობა; ეს დახეული ჯინსების თაობაა, სელფების თაობაა, გაწეწილი გოგო-ბიჭების თაობაა, თავისუფლება ხანდახან თავხედობაში რომ ერევათ, თუმცა ესეც ჩვენი ბრალია – ვერ ვისწავლეთ დათმობა და საკუთარ შვილებთან დიალოგი. არადა რამდენ საყვედურს ვამბობთ მშობლები და მასწავლებლები: რა გაცვია? როდემდე უნდა იარო ასე გაწეწილმა? პატრონი არ გყავს? რა არის ეს დახეული ჯინსები?! (გამოგიტყდებით და ეს ოხერი დახეული ჯინსები მომწონს)“ – ეს წლების წინ დავწერე. რა შეიცვალა მას შემდეგ? არც არაფერი.

გაკვეთილზე, მორიგი დისკუსიის დროს, როცა მიხვდნენ, რომ უკან არ ვიხევდი, დათამ მკითხა:

– მას, რა გინდათ ბოლოს და ბოლოს?

– გარანტირებული სიბერე, – ვუპასუხე დაუფიქრებლად.

დათამ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა და დაჯდა.

არ ვიცი, მაშინ ასე რატომ ვუთხარი.

ჩემი ბავშვებისთვის კი ხშირად მითქვამს: თქვენ ხართ ის თაობა, ვინც საქართველოს გაამთლიანებს-მეთქი. თქვენ მართლა დიდი ძალა გაქვთ და შეძლებთ ქვეყნის გაერთიანებასაც და გაძლიერებასაც. თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ. თქვენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ხართ. კორონაც კი უძლურია ჩვენი მომავლის წინაშე (მაინც ვახსენე).

მე თქვენ დღესაც უსაზღვროდ და უპირობოდ მიყვარხართ.

9 აპრილი, 16:30

 

* * *

მთელ დუნიაზე ეპიდემია მძვინვარებს, მე კი, ზურიკელასი არ იყოს, მაინც მიხარია სიცოცხლე.

ეჰ, ჩემო ზურიკელა, ახლა ცოტა სხვა ომია. არც კი ვიცი, რა და რატომ ხდება. შეიძლება, არც შენ იცოდი, მაგრამ სიცოცხლე ხომ გვიხარია ორივეს. იმიტომ, რომ გვიყვარს. შენ – შენი მერი, ბებია, ილიკო და ილარიონი, მე კი შენ მიყვარხარ, შენი იმედებით, შენი სიყვარულით… შენი და მერის თვალებით ყურება მასწავლე, შენი გულით დამანახე ცხოვრება, შენი ღიმილით გამაღიმე. და დავდივარ ასე შეყვარებული ამქვეყნად. მინდა, ჩემებსაც ვაწავლო შენი თვალებით ხედვა. მინდა იგრძნონ, რომ სიყვარულით ცხოვრება უფრო ადვილი და ლამაზია.

ბევრი მოვინდომე?

ნეტავი შენც თუ შეგცვალა ცხოვრებამ? როგორი ხარ ახლა? თუმცა ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ბოლომდე ზურიკელებად დარჩნენ.

თქვენ, ზურიკელები ალამაზებთ ჩვენს ცხოვრებას. მე თქვენ მიყვარხართ.

16 აპრილი, 16:00

 

* * *

ხშირად მგონია, რომ მარათონში ვართ ჩაბმულნი. ოღონდ უხილავ მარათონში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ყველაზე უარესი ის არის, რომ ამ მარათონში ჯიუტად ვითრევთ ბავშვებსაც და ჩვენთან ერთად მივაქანებთ უსასრულობისკენ. ვინც დაჰყვება ჩვენს ნებას და გაუაზრებლად მოგვყვება, ვაქებთ და ვადიდებთ, ხოლო ვინც გვეწინააღმდეგება და არ სურს გაუაზრებლად რბოლა, რისხვას ვატეხთ თავს, ჰიპერაქტიურებს, ინკლუზიურებს ვუწოდებთ, გარდატეხის ასაკს ვაბრალებთ, მშობლებთან დისკუსიებს ვმართავთ, მოთვინიერება-მორჯულებისა და მათი „ადამიანებად ქცევის“ გეგმას ვადგენთ. ჩვენი წარმოდგენების მიხედვით იარლიყებს ვაწებებთ, სტრეოტიპებს და ცრურწმენებს ტრადიციებს და ადათ-წესებს ვუწოდებთ. თავისუფლებაზე ვღაღადებთ და იმავდროულად თავისუფლებას ჩარჩოში ვაქცევთ. ყველას ჩვენი ჩარჩო გვაქვს, ლამაზი, ბრჭყვიალა, მაგრამ მაინც ჩარჩო, რომელშიც ვერ ეტევა ბავშვების თავისუფალი სული. და აქ იწყება ბრძოლა, უთანასწორო, დაუნდობელი. ძალაუფლება ხომ ჩვენს ხელშია, რომელსაც ემატება გამოცდილება და სიყვარული. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გვაძლიერებს ამ ბრძოლაში. სიყვარულის სახელით ვამტვრევთ ფრთებს, უკეთესი მომავლის სახელით ვცდილობთ ვარსკვლავებად დაბადებულთა ჩაქრობას….

რატომ?

იქნებ შევჩერდეთ და მივცეთ ფრენის უფლება?

დაე, იკაშკაშონ ვარსკვლავებმა და ჩვენც გაგვინათონ ცხოვრება…

21 აპრილი, 15:50

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი