პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნანა სუმბაძე – თაობები და ღირებულებები

ცოტა ხნის წინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნანა სუმბაძემ დაასრულა ღირებულებებთან დაკავშირებული გამოკვლევა “თაობები და ღირებულებები”, რომლის დასკვნაშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ ახალგაზრდა თაობაში ღირებულებათა ცვლა შეინიშნება. რით გამოიხატება ეს ცვლილება და, საზოგადოდ, რით განსხვავდება ახალი თაობა წინამორბედებისგან, ამის შესახებ mastsavlebeli.ge-ს კითხვებს კვლევის ავტორი თავად უპასუხებს.

– ქალბატონო ნანა, რით არის მნიშვნელოვანი და რას აძლევს ქვეყანას ღირებულებებთან დაკავშირებული კვლევები?

– ღირებულებებს განმარტავენ როგორც სასურველ, ღრმად გამჯდარ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს მომავალ ქმედებებს და ამართლებს წარსულს. სხვადასხვა თაობის ღირებულებათა კვლევა თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ცოდნას ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ ისტორიულ კონტექსტში თაობების მამოძრავებელი ძალის, თაობებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების შესახებ, მაგრამ იგი, ამასთან ერთად, იძლევა საზოგადოების განვითარების შესაძლო ტრაექტორიის, კერძოდ საქართველოსთვის კი მისი დემოკრატიული განვითარების განჭვრეტის შესაძლებლობას.
ინდივიდის ღირებულებები მეტწილად დროით, კულტურითა და პიროვნული მახასიათებლებით არის განსაზღვრული. სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური გარემოს მკვეთრი შეცვლა, ჩვეულებრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებს და დასაბამს აძლევს მათ ცვლილებას. ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური გარემო. შეუძლებელია, ყოველივე ამას მოსახლეობაში ღირებულებების ცვლა არ გამოეწვია და თუ ასეა, ეს ცვლილება უფრო გამოკვეთილი ახალგაზრდებში უნდა იყოს – თაობაში, რომელიც განსხვავებულ პირობებში გაიზარდა.

– სახელდობრ, რომელ ფაქტორებს შეიძლებოდა გამოეწვია საქართველოში ღირებულებების ცვლა?

– ერთი ფორმაცია, კომუნიზმი, შეიცვალა მეორით -კაპიტალიზმით, რუსეთზე ქვეყნის საგარეო ორიენტაცია დასავლეთზე ორიენტაციამ შეცვალა, საბჭოთა კავშირის რღვევით გამოწვეულმა საწარმოების დახურვამ ბევრს უკიდურესი სიღარიბე მოუტანა, ახალმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა კი მოსახლეობის მცირე ნაწილი ძალზე გაამდიდრა, შედეგად არნახულად გაიზარდა უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის. კიდევ ერთი ფაქტორია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწრაფი ზრდა. ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ გაარღვია ეროვნული საზღვრები და ხელი შეუწყო ნაკლებად ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრებას.

– რა იყო კვლევა “თაობები და ღირებელებების” მიზანი და რა შედეგი მიიღეთ საბოლოოდ?

– გამოკვლევის მთავარი მიზანი იყო თაობათა ღირებულებებს შორის განსხვავების დადგენა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ძირითად გამოწვევათა იდენტიფიცირება. შედეგები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს თაობათა შორის არსებულ განსხვავებაზე. გამოკითხვამ მოგვცა სამი თაობის (შვილები, მშობლები და ბებია-პაპა) ადამიანებში არსებულ ღირებულებათა აღწერისა და მათი ერთმანეთთან შედარების საშუალება. როგორც კვლევისას გამოჩნდა, ეკონომიკის ნგრევის საწყის პერიოდში უფროს თაობას უფრო მეტად გაუჭირდებოდა ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობასთან მორგება და, შესაბამისად, მათი ღირებულებები ნაკლებად შეიცვალა.

ღირებულებების თვალსაზრისით, თაობებს შორის განსხვავება ინდივიდუალიზმი-კოლექტივიზმის შეპირისპირებისას უფრო მკაფიოა, ვიდრე მატერიალიზმის ან პოსტმატერიალიზმის შემთხვევაში. კვლევის შედეგები მოწმობს, რომ კოლექტივისტურ ორიენტაციას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები უფროსებზე ნაკლებად იზიარებენ, ისინი ინდივიდუალიზმისკენ ისწრაფიან. ამასთან, ახალგაზრდებში უფრო მეტია მათი წილი, ვინც შერეულ და პოსტმატერიალისტურ ღირებულებს იზიარებს. სამაგიეროდ, კვლევამ აჩვენა, რომ დემოკრატია და მისი ძირითადი მახასიათებლები, მაგალითად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, სამივე თაობის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს. თაობები თანხმდებიან იმაზეც, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტ შემწყნარებლობას ამჟღავნებს სხვა ჯგუფების – ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების, ნარკომანების, კრიმინალების წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ ეს დამოკიდებულება არ ვრცელდება სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე, რომელთა მიმართაც ახალგაზრდობა წინა თაობებზე ნაკლებ შემწყნარებლობას იჩენს.

როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რელიგია ახალგაზრდებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უფროსი თაობებისთვის. ეს შემდეგი მიზეზით აიხსნება: საბჭოთა კავშირის დაშლამ ღირებულებათა და მრწამსების მკვეთრი გადაფასების აუცილებლობა წარმოშვა; ამ დროს, ჩვეულებრივ, ხდება ძლიერი და კეთილგანწყობილი ავტორიტეტის ძიება. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ეკლესია. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეკლესიის გავლენა უფრო დიდი აღმოჩნდა იმ თაობაზე, რომელიც ამ დროს პიროვნული ზრდისა და ფორმირების პროცესში იყო. ამით უნდა აიხსნას ახალგაზრდების უფროს თაობაზე ბევრად უფრო მეტი რელიგიურობა.

საინტერესოა ერთი რამ: საზოგადოების ეფექტური ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების წევრთა ურთიერთნდობასა და სოლიდარობაზე. სხვა ადამიანებისადმი ნდობას დემოკრატიისა და საზოგადოებრივი აქტივობის ერთ-ერთ პირობად მიიჩნევენ, მაგრამ კვლევისას გამოჩნდა, რომ საქართველოში ნდობა სხვების მიმართ ძალზე დაბალია. არადა, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობამ ადამიანურ ღირებულებათაგან ყველაზე სასურველ თვისებებად მიიჩნია მეგობრებისადმი ერთგულება, პატივისცემით სარგებლობა, სხვისთვის დახმარების გაწევა, ტრადიციების ერთგულება, საზოგადოებაში მოწონებით სარგებლობა, თავმდაბლობა და ა.შ.

ერთი სიტყვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ აშკარაა ახალგაზრდებში ღირებულათა ცვლის პროცესი, რაც გამოიხატება კოლექტივისტური ორიენტაციის შემცირებით და პოსტმატერიალისტური ღირებულებების ზრდით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს ასახავს. რაც შეეხება დემოკრატიის განვითარებას, ამისთვის ნდობასთან ერთდ აუცილებელია ნებაყოფლობითი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა, რის ნაკლებობაც შეიმჩნევა ახალ თაობაში.

ჩემი აზრით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, ახალგაზრდებმა მოზარდ ასაკშივე შეიძინონ მონაწილეობის გამოცდილება. სკოლა თანამიმდევრულად უნდა ახორციელებდეს პოლიტიკას მოსწავლის საზოგადოერივად სასარგებლო საქმიანობაში ჩასართავად. სასწავლო პროგრამები ყურადღებას უნდა ამახვილებდეს სხვების მიმართ ნდობის ამაღლებაზე და ა. შ.

– თქვენი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ახალ თაობაში ინდივიდუალიზმმა იმძლავრა. არადა, ტრადიციულად, საქართველო კოლექტივისტური კულტურის ქვეყანაა. ხომ არ გამოიწვევს ეს ეროვნული იდენტობის ცვლილებას?

– ღირებულების ფორმირება ძალიან რთული პროცესია, მის ჩამოყალიბებას მრავალი წელი სჭირდება. ამიტომ არის, რომ ერთი ქვეყნის კულტურა განსხვავდება მეორე ქვეყნის კულტურისგან, ერთი ეპოქის ღირებულებები – იმავე ქვეყნის სხვა ეპოქის ღირებულებებისგან. მაგრამ ღირებულებათა მოკლე ხანში შექმნის მცდელობა ყველა ქვეყანაში, ყველა ეპოქაში წარუმატებლად სრულდება. ქართული კულტურა უფრო კოლექტივისტური და მატერიალისტურია, ანუ ჩვენთვის პირადი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებზე იგება შეხედულებები, მაშინ როცა ინდივიდუალისტურ კულტურებში აქცენტი პიროვნებაზე კეთდება. არადა, დღევანდელ ახალგაზრდებს პირადი ამბიციების ხორცშესხმა, პირადი მიზნების მიღწევა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გარშემო მყოფთათვის რამის გაკეთება. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანები გადარჩენისკენ მიილტვიან. ღირებულებების ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება და მოწიფული ასაკისთვის მთავრდება, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილება მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ცვლის ღირებულებებს.

ცნობილია, რომ კოლექტივიზმისა და ინდივიდუალიზმის ღირებულებებთან არის დაკავშირებული თვისებები, რომლებიც ბავშვმა ოჯახში უნდა შეიძინოს. “თაობები და ღირებულებების” კვლევისას რესპონდენტები ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებად პასუხისმგებლობის გრძნობას, შრომისმოყვარეობას და მიზანსწრაფულობას მიიჩნევდნენ, მაგრამ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ბავშვისთვის ისეთი თვისებების გაღვივება, რომლებიც დამოუკიდებლობასა და მიზნის მიღწევასთან არის დაკავშირებული. გეთანხმებით, ღირებულელების შეცვლა ხელ უწყობს ტრადიციების რღვევას და ამას ვერ გავექცევით. საქართველო გლობალური ტენდენციის საერთო სივრცეშია მოქცეული, ეს კი, თავისთავად ცხადია, გავლენას ახდენს. საზოგადოება ვითრდება და პასუხობს ამ გამოწვევებს.

– მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ინდივიდებზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, საქართველოში ამ მიმართულებით ღირებულებების ცვლა ქვეყნის მომავლისთვის იქნებ სასიკეთოც იყოს…

– ეს ძალზე სპეციფიკური თემაა. შეგვიძლია, გავიხსენოთ იაპონია, რომელიც კოლექტივისტური კულტურის ქვეყანაა… როდესაც ადამიანი ინდივიდუალიზმს აღწევს, მრავალ ფასეულ ღირებულებას კარგავს. ასევეა კოლექტივიზმშიც. თუმცა მე პირადად კოლექტივიზმის მომხრე ვარ, რადგან ამ ტიპის კულტურა ადამიანს იმის განცდას უქმნის, რომ ის საჭირო და მნიშვნელოვანია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეფასებისთვის.

– მასწავლებელთა კორპუსი სხვადასხვა თაობას ეკუთვნის, რაც, თქვენი დასკვნის მიხედვით, ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მათ და მოსწავლეებს განსხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ. ხომ არ წარმოშობს ეს “ხიდჩატეხილობის” პრობლემას? საზოგადოდ, რა როლი ეკისრება პედაგოგს მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაში?

– მოზარდისთვის ღირებულებათა ჩამოყალიბება მხოლოდ მასწავლებელს არ ევალება, – ამაზე მთელი სისტემა უნდა მუშაობდეს. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი ხედვა, – არ ვიცით, სახელდობრ, რა გვსურს. თან ევროპისკენ მივისწრაფით და თან ეროვნული მახასიათებლების შენარჩუნებაც გვინდა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, რამის სწავლებაზე ლაპარაკი ძნელია. საქართველომ უნდა იპოვოს ადგილი ეროვნულ ღირებულებებსა და ევროპას შორის.

მასწავლებელი მოსწავლესთან ურთიერთობისას უნივერსალური ღირებულებებით უნდა ხელმძღვანელობდეს. ესენია პატივისცემა, დემოკრატია, ადამიანის უფლება და თავისუფლება, რელიგია… მაგრამ ღირებულებების თეორიულად დასწავლა შეუძლებელია; მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაცია საკუთრი საქციელით უნდა უნერგავდნენ მოსწავლეს ფუნდამენტურ ღირებულებებს. თუ მოსწავლის უფლებას ვინმე ლახავს, ღირებულებების შესახებ განცხადებებს აზრი არ აქვს.

ჩემი აზრით, მთავარი ღირებულება სხვისი ღირებულებების პატივისცემაა, მაშინაც კი, როდესაც შენი აზრი არ ემთხვევა სხვისას. და კიდევ ერთი: მნიშვნელოვანია სმენის კულტურა. თუ ეს ორი თვისება მასწავლებელსაც ექნება და მოსწავლესაც, მერწმუნეთ, მათ შორის პრობლემა აღარ წარმოიშობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი