ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნესტან ნენე კვინიკაძე – განათლება როგორც რეფლექსი

ნესტან ნენე კვინიკაძე გადაცემა „სხვა შუადღის” პროდიუსერი, მწერალი და კინომცოდნეა. წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ფოკუსის” მთავარი რედაქტორი, კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა ბეჭდურ პროდუქტს. გამოირჩევა კრეატიულობით, ენერგიულობით, მაღალი სამოქალაქო აქტივობით, რეალური დროის მოთხოვნების ადეკვატური აღქმით. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უოცნებია მასწავლებლობაზე, ბოლო ხანს ბევრს ფიქრობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის მართებულობაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში მისი სამი ვაჟიშვილიც უნდა მოერგოს.
თქვენი მოწაფეობის წლები ოთხმოცდაათიანების ქარტეხილებს დაემთხვა. როგორ მოახერხეთ ისეთი განათლების მიღება, რომელმაც მომავლის მყარი ბაზისი შეგიქმნათ?

ჩემს დროს სასურველი იყო, ბავშვს უბნის სკოლაში ესწავლა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. სახლთან ყველაზე ახლოს 53-ე სკოლა იყო, ამიტომ მშობლებმა იქ შემიყვანეს. მანამდე ერთი წელი მჟავანაძის ბაღთან არსებულ გახანგრძლივებული ტიპის პირველ კლასში ვსწავლობდი. ასეთი გახანგრძლივებულები, სადაც ბაღისა და სკოლის სისტემაა შემიქსული, მოხერხებული და დღესაც პოპულარულია. მისი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ბავშვი სტრესისგანაა დაცული, პირდაპირ არ ეჯახება დიდი სკოლის უცხო გარემოს.

კარგად მახსოვს ჩვენი სკოლის ეზოში დამწვარი პიონერული ყელსახვევების სუნი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 9 აპრილის ტალღამ ჩვენამდეც მოაღწია. პროტესტს ჩემებურად გამოვხატავდი – მეცვა ის, რაც მინდოდა და ვიკეთებდი საყურეს. არც მასწავლებლები გვიწევდნენ წინააღმდეგობას. თუმცა, ძვირად დამჯდარი თავისუფლებისა და სილაღის განცდის შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დაღმავალი ხაზიც დაიწყო და ეს ყველაზე თვალსაჩინოდ სკოლებზე აისახა – გაითიშა ცენტრალური გათბობა და მასთან ერთად მოიშალა სწავლების სისტემაც. კონტროლდაკარგულმა სივრცემ თავხედობის საშუალებაც მოგვცა: გაკვეთილზე შეუსვლელობის, მეცადინეობის მიშვების, ხშირი გაცდენის… ამ პერიოდს ომიც ახლდა და ხშირად შინიდან არც კი გვიშვებდნენ.

იმხანად დაუწერელი კანონი იყო უმაღლესისთვის რეპეტიტორებთან მომზადება. ამისთვის მეტი დრო რომ მქონოდა, სპორტულ სკოლაში გადამიყვანეს. იქ მოსწავლეებისგან აქტიურ დასწრებას არავინ ითხოვდა. ჩვენს მშობლებსაც არაფრის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ რეპეტიტორებისთვის საჭირო თანხას სადაღაც მაინც შოულობდნენ… პირველივე წელს თეატრალურში, კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა დამთავრების შემდეგ კინომცოდნის დიპლომი მომცეს – მისი გაცემის პროცესი ისე გაჭიანურდა ხან ფურცლების უქონლობისა და ხან სხვა მიზეზების გამო, რომ ამასობაში თეატრალურ ინსტიტუტს ჩამოერთვა უფლება, გაეცა დიპლომი ნებისმიერ სპეციალობაში, რომელშიც სიტყვა „ჟურნალისტიკა” ერია.
როგორი იყო პირველი დამრიგებელი და, საზოგადოდ, იგრძნობოდა თუ არა საბჭოთა სკოლებში მასწავლებლის ავტორიტეტით გამოწვეული ძალადობა?

ჩემი პირველი დამრიგებელი ლუიზა ქარჩავა გახლდათ, საოცრად შემოქმედებითი და ამ მხრივ დასაფასებელი ადამიანი. ერთხელ რამდენიმე ბავშვი შეარჩია და სკოლის კედლები მოახატვინა. ყოველ წელიწადს დგამდა კონცერტებს, სპექტაკლებს, გვაწერინებდა დღიურებს, გვახატვინებდა წიგნების ილუსტრაციებს… ფანატიკურად გვიყვარდა, თუმცა მახსოვს ეპიზოდიც, როდესაც სისასტიკე გამოიჩინა – ერთხელ ჩემ გვერდით მჯდომი მეგობარი თამამად შეეპასუხა და მასწავლებელი მთელი კლასის თვალწინ ქვედაკაბის გახდით დაემუქრა. მუქარა არ აუსრულებია, მაგრამ ეს ამბავი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში… უფროს კლასებში ჩვენი დამრიგებელი მაია თავაძე გახდა. ახალგაზრდა ქალი იყო, გათხოვდა და ქორწილში მთელი კლასი დაგვპატიჟა. ამ არაფორმალურმა სიტუაციამ ძალიან დაგვამეგობრა და შთამბეჭდავი ემოციებით დაგვტვირთა.
რაც შეეხება სკოლაში ძალადობას, განსაკუთრებული არაფერი მაგონდება, გარდა იმისა, რომ ჩემი თანაკლასელი სკოლიდან გააგდეს. ალბათ, რთული მოზარდი იყო, მაგრამ, ჩემი, აზრით, მასწავლებლებს მეტი მოთმინება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინათ. დღეს ასეთ შემთხვევას ჰიპერაქტიურობის ცნებას მოვარგებდით. ამ გადასახედიდან, შესაძლოა, ჩემს კლასში აუტისტებიც იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდში ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა და „ძნელად აღსაზრდელები” ერქვათ. 
გაიხსენეთ რომელიმე კოლორიტული მასწავლებელი. 

ერთი მათგანი იყო მათემატიკის მასწავლებელი კოტე ჯაფარიძე. სწავლის დღე რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს თუ დაემთხვეოდა, მათემატიკის გაკვეთილი კლასიკურ ჩარჩოებს სცდებოდა და ჩვენი მასწავლებელი 40 წუთის განმავლობაში გატაცებით გვესაუბრებოდა რელიგიაზე. ხშირად ბავშვები სარგებლობდნენ კოტე მასწავლებლის გატაცებით, გაკვეთილზე საგანგებოდ ისროდნენ რეპლიკებს, რათა მასწავლებელი რელიგიის თემაზე გადართულიყო. 
იყო თუ არა სკოლა ადგილი, სადაც ხალისით მიდიოდით? 
ამას ხალისს ვერ დავარქმევდი. კარგი იქნებოდა, სკოლა უფრო ხალისიანი ყოფილიყო, გაკვეთილზე გაძახებას არ გამოეწვია გულის აჩქარება, არ გვქონოდა შეფასების დამთრგუნველი კოეფიციენტი.
სკოლის მიმართ ყოველთვის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება მქონდა. ვიცოდი, რომ სწავლა სავალდებულო იყო და ვმეცადინეობდი, მაგრამ ისეთ სახლში ვცხოვრობდი, ისეთ დღესასწაულებს გვიწყობდნენ ჩვენი მშობლები, რომ სკოლის გარემო ვერასოდეს აჯობებდა. ჩვენს  ოთხსართულიან სახლში უამრავი ბავშვი იყო. ოჯახისა და დიდი სამეზობლო-სამეგობროს წყალობით ყველაფერს ვიყავით ნაზიარები. წარმოიდგინეთ, ჩემი მეზობელი იყო პირველი ჩელისტი თამარა გაბარაშვილი, იქვე ლამარა ჭყონია რეპეტიციობდა, მეორე სართულიდან კი ირაკლი კირცხალია თანამედროვე ვიდეოთი გვამარაგებდა… იმას, რაც სკოლაში დამატებითი საგნების სახით უნდა აგვეთვისებინა, სახლში ვიღებდით. 
რა კრიტერიუმებით შეარჩევთ სკოლას პირველკლასელი შვილისთვის?

იდეალური სკოლა ალბათ არ არსებობს. ამერიკელები პარალელს ავლებენ სკოლის შერჩევასა და სახლის შერჩევას შორის. სკოლაც სახლივითაა, სადაც დიდხანს უნდა იცხოვრო და როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ყოველთვის შეიძლება დაუწუნო რაღაც: ფანჯარა, რომელიც სხვა მხარეს გადის ან კიბე, რომელსაც მზე კარგად არ ეცემა. 
სკოლის არჩევისას უმთავრესად იმით ვხელმძღვანელობ, რას შეველევი. ვთქვათ, სკოლის აუზს, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი ბავშვად დარჩება, მასწავლებელი გააკონტროლებს მოსწავლეთა შორის ჯანსაღ ურთიერთობებს, ბავშვები ერთმანეთს არ დასცინებენ და არ შეურაცხყოფენ. ჩემი მეგობრის შვილები ძვირად ღირებულ სკოლებში დადიან, მაგრამ დაცინვის გამო თუ სხვა მიზეზით დროდადრო ისეთ სტრესს იღებენ, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ.

თავად მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი. ურთულესი პროფესიაა, დიდ ენერგიას მოითხოვს. სამი შვილი მყავს და ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაცაა ბავშვებთან ურთიერთობა. თანაც, ჩვენი განათლების სისტემა თავიდან არის ასაწყობი. მასწავლებელსაც ჯერ არ გააჩნია შესაბამისი სტატუსი.
სწავლების როგორი სისტემაა თქვენთვის მისაღები? 
ბედმა გამიღიმა და ყოველწლიურად ჩავდივარ გერმანიაში. ამ ქვეყანაში პირველიდან მეოთხე კლასამდე სწავლის მიმართ საკმაოდ ლიოალური მიდგომაა, ბავშვები ბევრ რამეს თამაშ-თამაშით სწავლობენ. ეს ძალიან მომწონს. პირველკლასელი, რომელიც ახლახან გამოვიდა სათამაშო მოედნიდან, სტრესული შეჯიბრის ატმოსფეროში არ უნდა ჩააგდო.

ერთხელ ბერლინში პარკში ვიჯექი. დავინახე მასწავლებელი, რომელმაც 3-4 წლის ბავშვები სასეირნოდ გამოიყვანა. ვიდრე მასწავლებელი პატარებს მეთვალყურეობდა, ჩემ გვერდით, სკამზე, აკინძული სახელმძღვანელო დადო. ძალიან დავინტერესდი, ვერ მოვითმინე და ჩავიხედე. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე მასწავლებელი ბავშვებს საგზაო მოძრაობის წესებს ასწავლიდა. ფურცლებზე შუქნიშნები, ველოსიპედები, გზები ეხატა. ბავშვებს ამას სულ მცირე ასაკიდან ასწავლიან, მერე კი ისინი ისეთ ადამიანებად იზრდებიან, როგორიც ქართველებს გვხიბლავს. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საუკუნის წინ გერმანია სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა, სულ სხვა სისასტიკით აავსო ისტორიის ფურცლები. იმის თქმა მინდა, რომ მათთვის განათლებითა და კანონმორჩილებით იწყება ყველაფერი, მათთვის ეს ბუნებრივია, რეფლექსია.

მაგალითად გერმანიაში მშობელს ბავშვი აუზზე რომ დაჰყავს, 2,5 ევროს იხდის. ეს არის თანხა, რომელიც თითოეული ბავშვისთვის გაზსა თუ ელექტროენერგიაში იხარჯება. საქართველოში აუზი ფუფუნებაა. გერმანიასა და საქართველოს არ ვადარებ, მაგრამ თუ მაგალითად მოვიყვანთ კერძო სკოლების ბუმს და საკმაოდ სოლიდურ გადასახადებს, მაშინ უნდა გვქონდეს ამბიცია, მეტი მოვითხოვოთ. ეს ალბათ მშობლებზეა დამოკიდებული, მათთვის სკოლის ღირებულებები გამოკვეთილი უნდა იყოს. 

სწავლება უფრო ხარისხიანი რომ გახდეს, რას შეცვლიდით? 

სკოლაში მეტად უნდა დაინერგოს სამოქალაქო კულტურა. ჩვენს ყოველდღიურ თოქშოუში შემოსული სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ ამ ქვეყნის კონტექსტს. მერწმუნეთ, სიტუაცია მძიმეა. სამწუხაროდ, ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ ეზოსთან ტერიტორიის დასუფთავებაზე, რადგან არ ესმით, რომ ეს მთელ ქალაქზე აისახება. 

ჩვენ არადეკვატურები ვართ ნაციონალურ ემოციებთან, პატრიოტიზმის გაგებასა და ქართულ ლიტერატურასთან მიმართებით. ვაჟა-ფშაველა საზეპიროებით არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ კოსმოსთან გვაქვს საქმე. 

მე მაინც ადვილი მგონია, მოიკითხო მსოფლიოში უკვე არსებული წარმატებული მოდელები, შემდეგ იშრომო მათი ადაპტირებისთვის და თუ ეს ვერ მოახერხე, გაიხსენო, რომ შენ გარშემოც ცხოვრობენ საინტერესო ადამიანები, შეკრიბო ისინი და რჩევა ჰკითხო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი