პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როცა გაკვეთილი გზაა

ყველა წარუმატებელი გაკვეთილი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი, ენერგიითა და მუხტით, სიახლეებითა და ძიებით სავსე გაკვეთილი კი სხვადასხვანაირია. საგაკვეთილო დრო-სივრცეს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად ქმნიან, თუმცა პედაგოგის წინასწარი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია. წინასწარ შედგენილი, გააზრებული, რეალისტური, სისტემატიზებული გეგმა, რა თქმა უნდა, ქმნის საიმისო პირობას, რომ გაკვეთილი იქცეს დასახული მიზნის მიღწევის გზად. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ქაღალდს მიჯაჭვულ უსიცოცხლო გეგმას მასწავლებელი და მოსწავლე ერთად შთაბერავენ სულს და ცოცხალ, მფეთქავ, აზრითა და ემოციით დატვირთულ პროცესად აქცევენ.

საგაკვეთილო მიზნების მისაღწევი გზებიც ისეთივე მრავალგვარია, როგორიც ცხოვრებისეული, ისინიც სავსეა დაუგეგმავი, საიდანღაც გამომხტარი დიდი და მცირე დაბრკოლებებით. ეს მოულოდნელობა მასწავლებელმა შეიძლება სტიმულადაც კი აქციოს, რადგან გაუთვალისწინებელი ფაქტორები ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რაც შემოქმედებით ნებას აღვიძებს და საკლასო ატმოსფეროს განმავითარებელ თუ გამაჯანსაღებელ იმპულსებს აძლევს.

ერთ დღეს ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორმა გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ცხოვრების გაკვეთილი ჩაეტარებინა. მან დაფაზე დაწერა დიდი ერთიანი და სტუდენტებს უთხრა, რომ ის მათ ადამიანურობას, ცხოვრებისთვის საუკეთესო თვისებას გამოხატავდა. შემდეგ ერთიანს ნული მიუწერა და თქვა, რომ ის გამოხატავდა მათ მიღწევებს, რომლებიც ერთიანის მნიშვნელობას აათმაგებდა. შემდეგ კიდევ ერთი ნული მიუწერა, გამოცდილების გამომხატველი, რომლის წყალობითაც ადამიანურობა ასჯერ გაიზარდა. მერე სიფრთხილის გამომხატველი ნული მიამატა, მერე – სიყვარულის აღმნიშვნელი, მერე – წარმატებისა და ა.შ. ყოველი ახალი ნული უფრო და უფრო მეტად აკეთილშობილებდა ადამიანს. მოულოდნელად პროფესორმა ერთიანი წაშალა და დაფაზე მხოლოდ არაფრისმთქმელი ნულები დარჩა. „ადამიანურობის გარეშე ყველა მიღწევა ნულია, – თქვა პროფესორმა, – და არავითარი ღირებულება არ გააჩნია“.

სკოლაში ამგვარი ერთიანი მასწავლებლისა და მოსწავლის ჰარმონიული ურთიერთობაა, რომელსაც მოჰყვება სასწავლო პროცესის ყველა დანარჩენი ელემენტი. თუ ეს ერთიანი, ე.ი. ურთიერთგაგება და პატივისცემა არ არსებობს, ყოველგვარი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაკვეთილი იქცეს გზად შემეცნების რთულ, წინააღმდეგობებითა და აღმოჩენებით სავსე სამყაროში, განწირულია. ამას სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაც ადასტურებს. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როცა მასწავლებელს სჯერა, რომ მოსწავლეები ცოდნის შეძენის გზაზე დააყენა. ეს ცოდნა მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საგნის ათვისებაში კი არა, არამედ, საზოგადოდ, თვითშემეცნებასა და სამყაროს მრავალფეროვნების აღქმაში ეხმარება, აქცევს გულღია, გულწრფელ ადამიანად, რომელიც მზადაა, მიიღოს და გასცეს, არ ჩაიკეტოს და, შესაბამისად, დესტრუქციულ, უსიცოცხლო, მექანიკურ სისტემად არ იქცეს.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი შთამაგონებელი, წამახალისებელი მოსწავლის ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში, იდენტობის გააზრების ურთულეს გზაზე. სწავლის უნარები უნდა ეფუძნებოდეს ნებისყოფას, რომელსაც პედაგოგი მოსწავლეს უწრთობს, რათა მან გაუძლოს სიზარმაცისა და დაღლილობის შეტევებს.

პედაგოგს, რასაკვირველია, გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს სწავლების გზის ერთგვარი მარშრუტები, უახლოესი ამოცანის ამოხსნისკენ მიმავალი სხვადასხვა ბილიკი, მაგრამ ასევე მონიშნული უნდა ჰქონდეს გლობალური პერსპექტივები, უნდა აცნობიერებდეს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს – ზნეობრივსა თუ ეკოლოგიურს. როგორც ჯემალ ქარჩხაძე წერდა, „ზნეობრივი ეკოლოგიის საფრთხე“ ყოველთვის უფრო მეტ საშიშროებას უქმნიდა ადამიანს.

ამ სწრაფად ცვალებად დროში, რომელიც ინფორმაციული ნაკადებით არის გადატვირთული, მასწავლებელს ევალება მუდმივი განახლება და ტრანსფორმაცია ახალი გამოწვევების გადასალახავად. მასშტაბური სააზროვნო კონტექსტი უბიძგებს მოსწავლეს, კრიტიკულად იფიქროს. ეს კი გულისხმობს სხვათა თვალსაზრისების მოსმენას, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შეჯერებას, არგუმენტირებულ მსჯელობას და საკუთარი პოზიციის გამოკვეთას. რას ფიქრობენ სხვები? მე რას ვფიქრობ? რატომ ვფიქრობ ასე? – ესენი უნდა იყოს მთავარი კითხვები ნებისმიერ სასწავლო გზაზე. „მიეცით მოსწავლეებს საკეთებელი და არა სასწავლი“, – ასე მახვილგონივრულად გამოკვეთს განათლების მკვლევარი ჯონ დიუი მასწავლებლის ძირითად ამოცანას. მოქმედება, საზოგადოდ, ისეთი ბუნებისაა, რომ თავისთავად გულისხმობს აზროვნებას. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იაქტიუროს, რამე აკეთოს. ეს „კეთება“, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას კი არ გულისხმობს, არამედ იმგვარ დავალებას, რომელიც გონებას გაააქტიურებს, აამოძრავებს, გახსნის.

ამიტომაც არის გამორჩეული თანამედროვე სასწავლო მეთოდიკაში „აქტიური სწავლება“, რომელიც ფოკუსირებულია არა იმაზე, რას სწავლობენ მოსწავლეები, არამედ იმაზე, როგორ სწავლობენ. ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს აქტიურად რთავს განათლების პროცესში და რთული სააზროვნო სისტემების ამოქმედებას უწყობს ხელს. მასწავლებელმა უნდა გამოიწვიოს მოსწავლეები, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი, გამოვიდნენ პერსონალური, კომფორტული, ჩვეული სიმყუდროვის ზონიდან და უცნობ გზას თამამად, უშიშრად დაადგნენ. ამგვარად, იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, მათ უჩნდებათ განცდა, რომ მათზევეა დამოკიდებული, რას და როგორ ისწავლიან, შესაბამისად, ისიც, მიაღწევენ თუ არა წარმატებას.

აქტიური სწავლების ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეს სწავლების პროცესში ჩართავს. ის გავლენას ახდენს იმაზე, რაც კლასში ხდება. მოსწავლე თანდათან ეჩვევა უცნობ გზაზე სიარულს, გრძნობს, რაოდენ მნიშვნელოვანია დაკვირვება, გამოცდილების მიღება, გზიდან გადახვევა, დაბნევა, შეცდომები, სხვებთან თანამშრომლობა, სხვათა რჩევების კრიტიკული განხილვა. რუსთაველი ამბობს: ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროსო. ამასაც რუსთაველს დავესესხები: რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასაო. საბოლოო ჯამში, მაინც პიროვნების სიმტკიცესა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა ახალი გამოცდილება ჩვევად, უნარად, რომელიც მოსწავლეს ერთი ადგილზე თავბრუდამხვევი ტრიალისგან იხსნის. პრობლემასთან შეჯახების შიშის გადალახვა, გამოსავლის ძიება ყოველთვის მნიშვნელოვანია – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, პროფესიულ სასწავლებელშიც, ოჯახშიც, სამსახურშიც…

პიტერ ლუკანტონის, პედაგოგისა და ტრენერის, მოსწრებული შენიშვნით, მასწავლებელი უნდა გაექცეს იმ როლს, რომელიც გულისხმობს ისე სწავლებას, თითქოს მოსწავლის კოვზით აწვდიდეს ულუფებს. ამ შემთხვევაში მოსწავლეს მხოლოდ კოვზის ფორმა დაამახსოვრდება და ვერაფერს ისწავლის. მასწავლებელმა მოსწავლე დამოუკიდებლად სწავლას უნდა მიაჩვიოს. სასწავლო ღონისძიებების განხორციელებისას ხშირად ჩნდება კითხვა: ფიქრობენ თუ არა მასწავლებლები იმაზე, რომ ძალიან ბევრს შრომობენ კლასში? ისინი ერთსულოვან თანხმობას იტყვიან და თუ კიდევ ჩაეკითხებით, მძიმეა თუ არა მათი ჯაფა, ამაშიც დაგეთანხმებიან. ეს კი „მატყუარა კვების“ დასტურია, ანუ მასწავლებელი ისე ეხმარება მოსწავლეს, იმდენ ძალისხმევას ახმარს, რომ მას დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას აღარ აძლევს. მოსწავლეები თავად აღარაფერს აკეთებენ და „კოვზით“ მიწოდებული ლუკმის მოლოდინში არიან.

„კოვზით კვება“ ხშირად განიხილება როგორც სწავლების ერთ-ერთი ტრადიციული და მოძველებული მეთოდი. ის, რა თქმა უნდა, ყველას გამოუცდია, რადგან იოლი და ხელმისაწვდომია. იუდიტ ნოირინგი თავის სტატიაში „კოვზით კვების მეთოდს“ შთამბეჭდავი ანალოგიით წარმოაჩენს: „ხანდახან მოსწავლეთა ჯგუფი მეჩვენებოდა… ბარტყებით სავსე ბუდედ. ბარტყებით, რომლებიც ფართოდ აღებდნენ ნისკარტებს, რათა მშობლის მოტანილი საკვები გადაეყლაპათ“. თუ მასწავლებელი მუდამ ამ მეთოდით ისარგებლებს, ვეღარ დავადანაშაულებთ მოსწავლეებს, რომლებიც პირდაღებულნი ელიან, როდის „გამოკვებავენ“. მოსწავლეები ხომ, როგორც წესი, იღებენ ყველაფერს, რასაც მიაწვდით, იმიტომ, რომ ეს ყველაზე იოლი გზაა, გამოჩნდნენ მორჩილ, ბეჯით მოზარდებად, რომლებიც უსიტყვოდ ნთქავენ საზრდოს.

აღმზრდელმა, მასწავლებელმა კი ეს საზრდო შესაძლოა დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოიპოვა (გააჩნია, იშურებს თუ არა ძალისხმევას ხარისხიანი საკვების მოსაპოვებლად. თუმცა ძალისხმევასთან ერთად, პედაგოგს, რა თქმა უნდა, განათლება, ერუდიცია, ინტელექტიც სჭირდება). მაგრამ გადის ხანი და „კოვზით კვების“ ეტაპი მთავრდება. მოსწავლე იძულებულია, იმოქმედოს დამოუკიდებლად, დასვას კითხვები, გაიაზროს, გაარკვიოს. ეს ხშირად ემართება მოსწავლეს, როდესაც დაწყებითი საფეხურიდან საბაზისოზე გადადის. ამ მდგომარეობას, როცა თითქოს სახლიდან გაგდებენ და გეუბნებიან, რომ ამიერიდან მარტო უნდა გაუყვე გზას, შეიძლება შოკი ვუწოდოთ. ამიტომ უფრო ადრეც უნდა ეცადოს მასწავლებელი, მოსწავლე უცნობ გზაზე მარტო სიარულს მიაჩვიოს. დაე, წაიქცეს, მაგრამ დამოუკიდებლად წამოდგომა ისწავლოს, დაცემის ტკივილიც განიცადოს და წამოდგომის სიხარულიც, საკუთარი ძალის შეგრძნებამ აღტაცება მოჰგვაროს და დაარწმუნოს, რომ „საკვებს“ დამოუკიდებლადაც მოიპოვებს, თუ გამბედაობა ეყოფა. გახსოვთ აღმოსავლური იგავი? მიეცით ადამიანს თევზი და დაანაყრებთ ერთი დღით, მაგრამ ასწავლეთ მას თევზის ჭერა და ეს მას მთელი ცხოვრება დაანაყრებს.

 

.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი