შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არსენ გვენეტაძე – ცვლილებები დოგმებისგან თავისუფალ ადამინებს შეუძლიათ

,,მასწავლებლის” სტუმარი გახლავთ ექიმი რეპროდუქტოლოგი, პროფესორი არსენ გვენეტაძე. სამუშაო მაგიდაზე საოჯახო ფოტოები იქცევს ყურადღებას, კედელზე კი მასპინძლის ქალიშვილის 9 წლის ასაკში შესრულებული ხელნაწერია გაკრული: „ნუ გადაყრით ტყუილად ფურცლებს, შეინარჩუნეთ ბუნება, რადგან ქაღალდი ხისგან კეთდება, ხე კი ბუნების ნაწილია!”

ბატონო არსენ,  როგორ ემოციებს აღძრავს სკოლა თქვენში?
– დავამთავრე ტყიბულის მე-6 საშუალო სკოლა, რომელთანაც დღესაც მუდმივი კავშირი მაქვს. უარყოფითზე საუბარს არ ვაპირებ. სკოლის მიმართ მქონდა კეთილგანწყობა და ამიტომაც მივუბრუნდი მას. ძალიან ხშირად მახსენდება ჩემი პედაგოგი სონია ბუხაიძე, რომელიც სულ გვიმეორებდა: ერთი სოფლის გზაჯვარედინზე იდგა ადამიანი, რომელსაც ხელფასს მხოლოდ იმაში უხდიდნენ, რომ გამვლელსაც და გამომვლელსაც ეუბნებოდა: „დღეის საქმეს ხვალისთვის ნუ გადადებ, დღეის საქმეს ხვალისთვის ნუ გადადებო”. ეს სიტყვები სულ მახსოვს და ჩემს შვილებსაც ხშირად ვუმეორებ. ახლახან ერთ-ერთ დიდ კონფერენციაზე მოვისმინე ბენჯამინ ფრანკლინის ერთერთი რჩევა  „დღეის გასაკეთებელი, არასდროს გადადო ხვალისთვის”. ეს არის ცხოვრების  სუპერფორმულა.

რას გულისხმობთ მშობლიურ სკოლასთან ურთიერთობაში?

– მეექვსე წელია, ტყიბულის მე-6 საჯარო სკოლაში გავაკეთეთ სკოლის ბიბლიოთეკის მოდერნიზება, მოვაწყვეთ ,,კარცერლუქსი” გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით, ანუ შევქმენით კომფორტული გარემო წიგნის კითხვისათვის, სადაც ხდება ყმაწვილების  წახალისება, მოტივირება საიმისოდ, რომ გახდნენ წიგნიერები. ,,კარცერლუქსში” არის წიგნები, სითბო, სინათლე, ჩაი, კანფეტი, რაზეც მე და ჩემი მეგობრები ვზრუნავთ. გარკვეული პერიოდულობით ჩავდივარ ტყიბულში. ახლაც მაისში ვაპირებ ჩასვლას. აქ ყოველ ჯერზე, ეწყობა შეხვედრები, მოსწავლეები წარმოადგენენ წაკითხულ ნაწარმოებებს, ახდენენ მათ პრეზენტაციას, რის საფუძველზეც ივითარებენ ორატორობის ხელოვნებას. მათგან საუკეთესოებს სტიპენდიის სახით გადავცემთ  ჰონორარს. შედეგი ის გახლავთ, რომ ბევრმა ყმაწვილმა, რომელიც მანამდე შორს იყო წიგნისაგან, დაიწყო კითხვა, ორატორული გამოსვლები. სკოლაში ჩამყავს ჩემი მეგობარი მხატვრები, პოეტები, რეჟისორები… ხშირად ვმართავთ გამოფენებს, შეხვედრებს. ამ  ყველაფრის შესახებ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ,,სკოლა ცხოვრებისა”. ზოგადად, სკოლა ითვლება წარმატებულად, როგორც ტყიბულში, ასევე იმერეთის რეგიონში. ამ ექვს წელიწადში ბევრი ყმაწვილი აღიზარდა. ვფიქრობ, მათთვის სასარგებლო გამოდგა ჩვენი მცდელობები, რადგან ყოველი წიგნის წაკითხვა ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იძლევა ცხოვრების შესახებ.  ბავშვები იწყებენ ფიქრსა და აზროვნებას იმაზე, როგორ უნდა მიაღწიო ცხოვრებაში წარმატებას. მეც ყოველ შეხვედრაზე ვესაუბრები მათ ჩემს ცხოვრებისეულ დასკვნებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო ცხოვრებაში წარმატებას. მაქვს მომზადებული და ვუკითხავ ლექციებს თემებზე: „რანი ვართ,  რანი გვინდა ვიყოთ და როგორ მივაღწიოთ მიზანს”, „შრომა და სიკეთის ქმნა – წარმატების ფორმულა”, „განათლების შესახებ” და სხვა. 

რა ცოდნასა და უნარს უნდა აძლევდეს დღევანდელი და მომავლის სკოლა მოსწავლეებს?
– დღევანდელი და მომავლის სკოლის ამოცანა იოლი არ არის.  რთულია სტერეოტიპების მსხვრევა იმ ხალხისათვის, რომელიც ნაცარქექიას ზღაპრის პათოსზე აღიზარდა. ამ პერსონაჟისათვის ტყუილი და უსაქმურობა არსებობის ხერხია. ამას გვიკითხავდნენ  ჩვენ, ამას ვუკითხავდით ჩვენ… ასეთ აზროვნებას თავი უნდა დავაღწიოთ.  ადამიანებმა უნდა იცოდნენ დროისა და შრომის ფასი. სკოლამ უნდა მისცეს ბავშვებს საგნობრივი ცოდნა და განუვითაროს კანონმორჩილების კულტურა.  სკოლისთვის ეს იოლი საქმე არ არის, რადგან გარემო ვერ იძლევა ადეკვატურ მაგალითს. ტელეეკრანიდან ძალიან მაღალჩინოსანი ადამიანები აცხადებენ, რომ კანონი არ ვარგა და ამით სხვადასხვა დარღვევების გამართლებას ცდილობენ. ეს ყოვლად მიუღებელია. მოქმედ კანონს ყველა განურჩევლად უნდა იცავდეს, მოსწონს ის თუ არა. სხვა საქმეა ხარვეზიანი კანონის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ზემოთ ნახსენები განაცხადებით კი, ხდება კანონდარღვევების წახალისება. ამას ახალგაზრდის შეცდომაში შეყვანა და დანაშაულის ჩადენინება შეუძლია. სკოლა თუ ბავშვებს კანონმორჩილებას ასწავლის, ეს მთელი ცხოვრების საგზალი იქნება… ის არ დაყრის ქუჩაში ნაგავს და ეცოდინება, რატომ არ უნდა დაყაროს, გაუფრთხილდება ბუნებას და ამით საკუთარ თავსაც. 

ახლახან დავბრუნდი იაპონიიდან, სადაც სრულიად სხვა ცხოვრების წესი ვიხილე. კერძოდ, იაპონიაში დაწყებით კლასებში პრაქტიკულად სამ ძირითად პოსტულატს ავითარებენ: 1. პატივისცემას ყველას მიმართ და საკუთარი თავის მიმართ; 2. ბუნების სიყვარულს; 3. პატრიოტიზმს. გამიჩნდა იდეა, იქნებ ჩემი ტყიბულის სკოლაც როგორმე ვაზიარო იქაური ცხოვრების წესს!

პირადად, ლექსების ორი მოკრძალებული კრებული მაქვს, მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი დავაბეჭდინე. მეკითხებიან – რატომ?  პოეტად დამკვიდრების პრეტენზია არ მაქვს. დღეს საქართველოში მწერალი და პოეტი მეტია, ვიდრე მკითხველი. არადა, სჯობს ქაღალდი დავზოგოთ, რადგან ის ბუნების ხარჯზე მზადდება.

მაშ, სად შეიძლება გავეცნოთ თქვენს პოეზიას?

– ვიმეორებ, პოეტობაზე პრეტენზია არ მაქვს, არც ელექტრონული ვერსია ამიტვირთავს სადმე, ჩემი მეგობრები კითხულობენ, მეც თუ დამჭირდა სადმე მოვიშველიებ ხოლმე. აი, ერთი ლექსი სტივ ჯობსის მოტივებზე:

გვახსოვდეს,  დრო შეზღუდულია,
მცირდება, როგორც შაგრენის ტყავი,
მაშ, ნუ გავფლანგავთ დროს უნიათოდ 
და ნუ ვიცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით.
ნუ გავებმებით დოგმის მახეში…
იგრძენი სული თავისუფალი,
პატივი ეცი გულისთქმას შენსას 
და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით;
იყავ “შიშველი”, იყავ “მშიერი”, 
იყავ “სულელი” და ბედნიერი!

მხოლოდ დოგმებისაგან თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ რამის შეცვლა, ისინი ეხმარებიან დედამიწას ბრუნვაში, არ იკიდებენ ხავსს…

ამიტომაც სკოლამ უნდა აღზარდოს კარგი მოქალაქე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რაც სულ არ ნიშნავს კანონების დარღვევას. საამისოდ კი, უპირველესად  თავად მასწავლებელი უნდა იყოს ასეთი პიროვნება, რადგან კანონდამრღვევმა რამდენიც არ უნდა ასწავლოს კანონმორჩილება, მას არავინ დაუჯერებს. ასევე, სტერეოტიპების ტყვე ვერ გაზრდის თავისუფალ მოაზროვნეს. აი, ეს ამოცანები დგას  სკოლის წინაშე. მაგრამ მასწავლებელს სერიოზული ხელშეწყობა სჭირდება პროფესიული განვითარებისათვის. 

სწორ პროფესიულ არჩევანზე დიდადაა დამოკიდებული  მოქალაქის წარმატება…
– აქაც სკოლა უნდა  მიეხმაროს მოსწავლეს, მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიებზე, შეახვედროს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც გულახდილად ისაუბრებენ თავიანთი კოლეგების სიძნელეებზეც და შედეგებზეც. სკოლამ უნდა დააფიქროს ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებზეც. ასე უნდა მიიღოს ახალგაზრდამ გადაწყვეტილება. არიან სტუდენტები, რომლებიც მესამე- მეხუთე კურსზეღა ხვდებიან, რომ ექიმობა მათი საქმე არ არის. რისთვის იკარგება დრო, თანხა, ენერგია… ან საჭიროა ყველამ უმაღლესს მიაშუროს? მყავს თანამშრომელი გოგონა, რომელიც  მგონი, ოცი წლისაც არ არის, მაგრამ უკვე დაამათავრა სამედიცინო კოლეჯი და მედდად მუშაობს, არის ძალიან ენერგიული, თავისი საქმის პროფესიონალი. ის სჭირდება კლინიკას, სჭირდება პაციენტს, აქვს მზარდი ანაზღაურება, ყველა პატივს სცემს… მაშინ, როცა მისმა თანატოლებმა კიდევ 5-6 წელი უნდა ისწავლონ, მერე პროფესიაში თავი დაიმკვიდრონ (რასაც, სამწუხაროდ, რეალობაში ერთეულები ახერხებენ). თუ სწორად იპოვი შენს ადგილს, ამაზე დიდი წარმატება არ არსებობს.

როგორ გესახებათ სკოლის როლი ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდაში? 

– ჩვენს საზოგადოებაში არის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კულტურის დიდი დეფიციტი. შედეგი მძიმეა – სტატისტიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სექსუალური განათლების დაბალი კულტურა, რაც გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზეც და ცხოვრების ხარისხზეც. ამერიკელი ავტორი ჰოფმანი ამბობს – „ათი განქორწინებიდან ცხრა სექსუალურ შეუთავსებლობაზე მოდის”. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება საქართველოში და მისი ტიპის ქვეყნებში. ახალგაზრდებთან აუცილებელია სერიოზული მუშაობა.

თქვენი აზრით, ვინ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით?
– რეალობის გათვალისწინებით, ამ თემებზე მათ ვერ ესაუბრება  ვერც დედა, ვერც მამა… რას ვიღებთ შედეგად? უამრავ პათოლოგიას, ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებს, უშვილობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხოვრების ხარისხის დაქვეითებაზე. მასწავლებელმა რომ მოინდომოს ამ თემაზე მოსწავლეების ინფორმირება, გაუჭირდება, რადგან, ჯერ ერთი, თავად არ არის გაცნობიერებული, მეორეც, თუ დაინტერესდა, მოიძია ინფორმაცია და დაიწყო მოზარდთან სქესობრივი განათლების საკითხებზე საუბარი, ის შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს საზოგადოებისა და მშობლების მხრიდან, რომელთა დიდი ნაწილი  ათას ბრალდებას წამოუყენებს. ჩემი აზრით, ასეთი საუბრები ახალგაზრდებთან სკოლის ან სოფლის ექიმმა უნდა წარმართოს.  მათ სჭირდებათ ასეთი ინფორმაცია, რომ თავი აარიდონ სხვადასხვა დაავადებებს.  ყველაზე უპრიანია, რომ სკოლამ ამ საკითხებში ექიმი ჩართოს, ოღონდაც მასაც გარკვეული გადამზადება სჭირდება, რომ ასაკის გათვალისწინებით, პოპულარული ენით მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია. შევხვდი თბილისის სკოლების მასწავლებლებს, საუბრის თემა  სექსუალური განათლება იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მათი უმრავლესობა  არ არის მზად ასეთი საუბრებისათვის. ჩემი აზრით, ყველაზე მართებული მიდგომა იქნება, თუ სკოლა და ექიმი ამ ინფორმაციას მიაწოდებს ახალგაზრდა მშობლებს, რომლებიც თავადაც განიცდიან სექსუალური განათლების დეფიციტს. შემდეგ ისინი გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიან შვილებს. საჭიროა მათთვის მომზადდეს სათანადოდ შედგენილი საინფორმაციო მასალა. 
აქვე მინდა შევეხო ნაადრევი ქორწინების თემას, რომელიც საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. ეს საკითხიც საჩუმათოდ ქცეულ შეხედულებებსა და ტრადიციებს უკავშირდება. ნაადრევი ქორწინება, რეალურად ეს არის  მოუმზადებელი ფსიქოლოგიის მოქცევა მძიმე ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოემოციურ წნეხში. ამ პრობლემებზე საუბარს მხოლოდ მასწავლებელს ვერ დავაკისრებთ, თუმცა მან სამართლებრივ და სოციალურ ჭრილში, ოჯახის, ქორწინების, ადამიანის უფლებების სწავლებისას ბევრი რამ შეიძლება გამოიყენოს მოსწავლეთა სწორი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენს პაციენტებში ნაადრევი ქორწინების შედეგებიც მწვავედ იჩენს თავს.

რას იტყვით ბავშვის აღზრდაში მშობლის მონაწილეობაზე?

– რა თქმა უნდა, აღზრდა არასრულყოფილია მშობლის მონაწილეობის გარეშე. მე პირადად, დაძაბული სამუშაო დღის მიუხედავად, აუცილებლად მიმაჩნია ურთიერთობა ჩემს ორ შვილთან. საქართველოში, ოჯახური ტრადიციით, მშობლები 40 წლის შვილსაც ბავშვად მიიჩნევენ. დედაც და მამაც სიცოცხლის ბოლომდე ცდილობენ აკონტროლონ და მართონ შვილი. ეს კონტროლი უფრო ძლიერადაა გამოხატული ოჯახის მარჩენალისგან. მერე ეს მსხვერპლი იქცევა მოძალადედ და ტრადიციის გამგრძელებლად. ასეთი ადამიანები ვერასდროს ხდებიან თავისუფალნი და თავიანთი კომპლექსებით საზოგადოებასაც პრობლემებს უქმნიან. ჩემი ვაჟი ლუკა 18-ის რომ გახდა, თავისუფლება მივეცი, ვუთხარი, რომ ის არის  დამოუკიდებელი პიროვნება, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ოღონდაც პასუხისმგებლობის ტვირთიც უნდა გაიზიაროს. მშობელს უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა შვილის აღზრდის მიმართ.

ესაუბრა ნინო კაპანაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი