პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მაია ქურციკიძე – ვიცავთ თუ არა ბავშვის უფლებებს?

ადამიანის უფლებები, მით უმეტეს – ბავშვისა, დაცული რომ უნდა იყოს, დღეს ეს სადავოდ აღარ მიიჩნევა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, იცავენ თუ არა ბავშვთა უფლებებს და რა მოეთხოვება სკოლას აღსაზრდელთა უფლებების დასაცავად, ამის შესახებ “mastsavlebeli.ge” გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს ესაუბრა.

 

ქალბატონო მაია, რა მდგომარეობაა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, აცნობიერებს თუ არა საზოგადოება მათ მნიშვნელობას, იცავს თუ არა მათ?

– მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, ბავშვთა უფლებები ასე თუ ისე რომ არ ირღვეოდეს. საქართველო 1994 წელს შეუერთდა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას და იკისრა ვალდებულება, დაეცვა მისი ძირითადი პრინციპები. კონვენციის ხელმომწერი ყველა ქვეყანა ვალდებულია, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს ხუთ წელიწადში ერთხელ ანგარიში წარუდგინოს კონვენციის განხორციელების შესახებ. საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიში კომიტეტისთვის 2011 წლის ივლისში უნდა წარედგინა, მაგრამ არ გაუგზავნია. იმედია, უახლოეს მომავალში მოხერხდება ამის გაკეთება. ის კი უდავოა, რომ საქართველოში ბავშვებისმდგომარეობა ამჟამად გაცილებით უკეთესია, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ. საგრძნობლად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა იზრდება, უმცროსი სასკოლასაკის თითქმის ყველა ბავშვი სკოლაში დადის. მიუხედავად ამისა, არსებობს პრობლემები,რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. საქართველოში ბავშვების მეოთხედზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს. ამდენად, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მიმდინარე რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესისდანერგვა მოზარდებში სპორტის, ჯანსაღი კვებისა და გუნდური მუშაობის პრინციპების პოპულარიზაციის გზით. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლ. სოფლად სანიტარიული პირობების საკითხებს დამატებითი ყურადღება უნდა მიექცეს. უნდა აღიკვეთოს სოციალური იზოლაცია, ანსაკუთრებითშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, რომლებიც ხშირად გარიყულნი არიან. ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა და მასზე რეაგირებაც მნიშვნელოვანია.

 

სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე ადამიანის და, კერძოდ, ბავშვის უფლებათა შესახებ. ეს მისი კონვენციით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაც არის. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოსახლეობა თითქმის არ იცნობს თავის უფლებებს და, საზოგადოდ, ადამიანის უფლებები განყენებულ ცნებად მიაჩნია. რასაკვირველია, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან მოვდივართ – საბჭოთა წარსულმა თავისი დაღი დაასვა ხალხის ცნობიერებას და მოქალაქეობრივი აქტივობისა და უფლებებისადმი მათ დამოკიდებულებას. ეს ბავშვთა უფლებებსაც ეხება. დროა, მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ ეს მათი უფლებებია და სახელმწიფოს მათი დაცვა მოსთხოვოს.

საჭიროა თუ არა,მოზარდი მოწაფეობიდანვე ეცნობოდეს ადამიანის უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობას? როგორია უცხოურიგამოცდილება ამ კუთხით?

– ყოველი ჩვენგანი ბავშვობიდან უნდა იღებდეს ასაკის შესაბამის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა შესახებ, მოქალაქეობრივი ცნობიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა ბავშვობიდან უნდა აღვზარდოთ ადამიანში. განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს. ამ ქვეყნებში საგანმანათლებლო დაწესებულებები ბავშვებს მარტო განათლებას კი არ აძლევენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულ აზროვნებას აჩვევენ, სამოქალაქო ცნობიერებას უყალიბებენ, თავიანთ უფლებებს აცნობენ და იმ უნარ-ჩვევებს უვითარებენ, რომლებიც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამოადგებათ. ბავშვის უფლებები ისწავლება ადამიანის უფლებების ან სამოქალაქო განათლების ფარგლებში. რაც მთავარია, ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში თვითმმართველობის მეშვეობით თუ სხვა მექანიზმით, თავად უწევენ ორგანიზებას სხვადასხვა ღონისძიებას, აქტიურად უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს სკოლის ხელმძღვანელობასა და მასწავლებლებს სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

სკოლაში ბავშვებზე ხშირად ძალადობენ – როგორც თანატოლები, ისე უფროსი ასაკის მოსწავლეებიც. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს სკოლის ხელმძღვანელობა და მასწავლებლები?

– გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშმა მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევის შესახებ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ეს ანგარიში თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდა, გაეგრძელებინა კვლევა და ბავშვების მიმართ ძალადობის მასშტაბი გაეანალიზებინა. 2007 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გამოიკვლია სკოლებში ბავშვების მიმართ არსებული ძალადობა. გაირკვა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, მაგრამ მათი 47.1% ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, ხოლო 47.5% – ფსიქოლოგიურს, უმეტესად – სხვა მოსწავლეებისგან, თუმცა მათზე ძალადობას ხშირად უფროსებიც ეწეოდნენ.

სკოლაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებასა და საკუთარ შესაძლებლობათა გამოყენებაში. ვინაიდან ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სწავლა, სკოლები უსაფრთხო უნდა იყოს, მათში უნდა სუფევდეს ბავშვებისადმი მეგობრული ატმოსფერო, სასწავლო პროგრამა ბავშვის უფლებათა გათვალისწინებით უნდა იყოს შემუშავებული, მოსწავლეებს ისეთ გარემოს უნდა უქმნიდნენ, სადაც შესაძლებელი იქნება ძალადობის ხელშემწყობ დამოკიდებულებათა შეცვლა და არაძალადობრივი ფასეულობებისა და ქცევების დამკვიდრება. ამისთვის საჭიროა, შემუშავდეს უსაფრთხო სკოლების ეროვნული პოლიტიკა და ამაში მონაწილეობა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ:

1. სკოლებმა უნდა შეიმუშაონ და ცხოვრებაში გაატარონ ქცევის კოდექსები, რომლებიც შეეხება ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს და დაუპირისპირდება ძალადობის ყოველგვარ ფორმას;

2. სკოლების დირექტორები და მასწავლებლები უნდა იყენებდნენ სწავლებისა და სწავლის ისეთ არაძალადობრივ სტრატეგიებს, საკლასო ოთახის მართვისა და დისციპლინის ისეთ ზომებს, რომლებიც არ ემყარება შიშს, მუქარას, დამცირებას ან ფიზიკურ ძალას;

3. სკოლებში უნდა დაინერგოს ისეთი სპეციფიკური სასწავლო პროგრამები, როგორიცაა კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარება, ტოლერანტობა, განსხვავებული აზრისადმი შემწყნარებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა. სკოლებში მხარი უნდა დაეჭიროს არამოძალადეობრივი და პროსოციალური ქცევის დადებით მოდელირებას, პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ბავშვების მიმართ ძალადობის გამოვლენისა და მართვის კუთხით პროფესიონალები უნდა გადამზადდნენ საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლების ჩათვლით. ეს ეხება სკოლის ფსიქოლოგებსაც, რომელთაც უნდა შეეძლოთ ძალადობის მსხვერპლთა ადეკვატური მხარდაჭერა, ასევე – ბავშვებისა და მოზარდების დახმარება კრიზისულ სიტუაციათა მართვაში.

4. აუცილებელია, სასწავლო პროგრამები, სწავლების პროცესი და სხვა პრაქტიკა შეესაბამებოდეს ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს და არ შეიცავდეს რაიმე ისეთს, რაც აქტიურად თუ პასიურად ხელს შეუწყობდა ძალადობასა და დისკრიმინაციას, მათ ნებისმიერ გამოვლინებას.

ბავშვზე ძალადობის პრევენციაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საზოგადოებას. როდესაც საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულია და მოქალაქეობრივი, ზნეობრივი პასუხისმგებლობა აკისრია, ამის თაობაზე აუწყოს შესაბამის სამსახურებს, რათა ამგვარი ფაქტები დროულად გამოვლინდეს და აღიკვეთოს.

 

ბავშვის უფლებებს ზოგჯერ მასწავლებელიც არღვევს…

სკოლებში ძალადობის შემცირების პოლიტიკა და სამოქმედო გეგმიმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ ხელი შეუწყოს პროსოციალურ ქცევას. ისინი არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სანქციებს ძალადობის აღმოსაფხვრელად – მათი მიზანი ძალადობისპრევენცია უნდა იყოს. ამისთვის კი უნდა ჩამოყალიბდეს და შენარჩუნდეს ისეთი კლიმატი, სადაც ძალადობა ვერ იარსებებს. გარდა ამისა, დროულად უნდა გამოვლინდეს ძალადობის შემთხვევები და მათზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს. სკოლებში უნდა მიმდინარეობდეს ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი, შემოღებულ იქნეს შიდა განხილვის მექანიზმი, რომელიც დროულად აღმოაჩენს ძალადობის ყველა ფაქტს და მასზე რეაგირებას მოახდენს. ყოველგვარი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, დროულად უნდა იქნეს აღკვეთილი და შესწავლილი.

ა უნდა იღონონ სკოლადა მასწავლებელმა, რომმოსწავლისგან დადგეს მოქალაქე, რომელც იცნობდა პატივს სცემს საკუთდა სხვისუფლებებს?

– სკოლა დიდ როლს ასრულებს ადამიანის პიროვნებად, თავისუფალ მოქალაქედ, დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებაში. დემოკრატიული საზოგადოება მარტო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კი არ არის, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელიც ქმედით მონაწილეობას იღებს ქვეყნის მშენებლობაში. ეს ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს. ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს აზრი უნდა გაითვალისწინონ იმ გადაწყვეტილებათა მიღებისას, რომლებიც მას ეხება, ამიტომ მოწაფეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის ცხოვრებაში. ეს მათ განუვითარებს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდეგ აქტიური მოაქალაქეობრივი ცხოვრებისთვის გამოადგებათ.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი