პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გელა ლომიაშვილი – კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტაცია

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მან უნდა აარჩიოს საქმიანობის სფერო. რა ფაქტორები განაპირობებს პროფესიულ ორიენტაციას ზოგადად? რა ვითარებაა ჩვენში? როგორ განიმარტება პროფესიული ორიენტაცია? რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გათვლა პროფესიის არჩევისას და როგორ შეიძლება ამის განსაზღვრა? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მათთვის იქნება, ვინც ახლა დგას არჩევნის წინაშე, რადგან პროფესიული სფეროს, პროფესიის ან უნივერსიტეტში მთავარი კურსის არჩევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მომავალი წარმატებისთვის. კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგს, ადამიანური რესურსის მართვის ცენტრის, PMC-ის წარმომადგენელს, გელა ლომიაშვილს მივმართეთ. ის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე მუშაობს და საკუთარ გამოცდილებას ინტერვიუში გვიზიარებს:

რას ნიშნავს პროფესიული ორიენტაცია?

პროფესიული ორიენტაცია ფართო ცნებაა და ის არ მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის სწორად არჩევას. სწორედ ამიტომ მოძველებული ტერმინი „პროფორიენტაცია” (რომელიც რიგ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში და ა.შ. ჯერ კიდევ გამოიყენება) იცვლება თანამედროვე ტერმინით პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა, რომელიც ბევრად კომპლექსურია, თუნდაც ტერმინიდან გამომდინარე, ვიდრე პროფესიული ორიენტაცია. 

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის?

ზოგადად, პროფკონსულტაციას და კარიერის დაგეგმვას სწორედ ამ პერიოდში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კარიერული და პროფესიული კონსულტაცია შეიძლება დასჭირდეს ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. უნდა ითქვას ისიც, რომ პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ის იწყება სკოლამდელი განათლების საფეხურიდან. კონსულტანტები ბავშვებს ეხმარებიან განივითარონ ისეთი საბაზო უნარები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებენ და მარტივი გზით აცნობენ სხვადასხვა პროფესიას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსულტანტი უბიძგებს ბავშვებს ჩარჩოებში მოექცნენ და რომელიმე კონკრეტულ პროფესიაზე კონცენტრირდნენ. რადგანაც ის ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეიცვლის ინტერესს. ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების შესახებ განათლების ამ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეიძლება იყოს და უნდა გრძელდებოდეს სასკოლო განათლების სხვა საფეხურებზეც. მაგალითად, საშუალო განათლების საფეხურზე, რომლის დასრულების დროსაც მოსწავლეებს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, უწევთ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. კონსულტაცია ამ ეტაპზე მეტად აქტუალური ხდება. 

კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს პროფკონსულტაციის პროცესი? 

სასკოლო განათლების საფეხურზე პროფკონსულტაცია უნდა მოიცავდეს საკუთარი უნარების, ინტერესების, ღირებულებების და პიროვნული მახასიათებლების შეფასებას, დაინტერესებულ პირს უნდა მიეწოდებოდეს დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო თუ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. უმნიშვნელოვანესია კვლევების და ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე და რა მოთხოვნაა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებზე. თუმცა აუცილებლად უნდა დავამატო ისიც, რომ პროფკონსულტაცია არ მთავრდება ფორმალური განათლების საფეხურებზე. ის ეხმარება სამუშაოს მაძიებლებსაც სამუშაოს მოძიებაში და ამზადებს მათ, რათა განივითარონ შესაბამისი უნარები, მიიღონ ცოდნა, შეესაბამებოდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და წარმატებით შეძლონ შრომის ბაზარზე დაბრუნება. ის ასევე ეხმარება დასაქმებულებსაც  კარიერის სწორად დაგეგმვაში.

თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორები განაპირობებს ჩვენში პროფესიულ არჩევანს? რას ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ახალგაზრდები?

მიღებული თვალსაზრისით, საქართველოში პროფესიას ძირითადად ირჩევენ ოჯახის წევრების, ახლობელების რჩევით ან პროფესიის მოდურობიდან გამომდინარე, მოტივით, რომ ეს პროფესია „რომანტიკული” ან  „ინტელექტუალურია”. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და კონკრეტულ რისკებთანაცაა დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს ახალგაზრდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ ასე არჩეულ პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის მათ მოუწევთ რუტინული, სრულიად „არარომანტიკული”  და „არაინტელექტუალური” სამუშაოების შესრულება. ამასთანავე, არსებობს იმის რისკიც, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესა თუ ის პროფესია აღარ იქნება „მოდური” ან „პრესტიჟული” ან თუნდაც, „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს.

რა შესაძლებლობები არსებობს ვითარების შესაცვლელად და რას სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ორგანიზაციები?

საქართველოში კარიერული კონსულტაცია ახლა იდგამს ფეხს. შექმნილია პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების ეროვნული კონცეფცია, რომლის განვითარებასაც სამი სამინისტრო (განათლების და მეცნიერების, შრომის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა) ახორციელებს. უფრო დეტალურად შემიძლია ვისაუბრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტზე, რადგანაც მე და ჩვენი ორგანიზაცია სწორედ მათთან ვთანამშრომლობთ. სამინისტროს ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა პროფკონსულტაციის ონლაინმომსახურების ვებგვერდი www.myprofession.ge, რომელიც მომხმარებლებს უფასო ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. ვებზე განთავსებულია აპრობირებული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი უნარების, ინტერესების შეფასების საფუძველზე ნახონ – რომელი პროფესია შეესაბამება ყველაზე მეტად. ამავდროულად ვებზე განთავსებულია პროექტის ფარგლებში შექმნილი პროფორიენტაციის პირველი სახელმძღვანელო საქართველოში  „აირჩიე პროფესია”, ასევე ვიდეოები პროფესიების შესახებ, საკითხავი მასალა, რეკომენდაციები, სავარჯიშოები და სხვა მრავალი რესურსი, რაც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი ამ არჩევნის წინაშე დღესდღეობით?

გეთანხმებით, ეს იყო და არის კიდეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ცხოვრებაში, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ პროფესიის არჩევა არ არის ერთჯერადი აქტი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში შეიძლება განახორციელო და მთელი ცხოვრება მიჰყვე. ეს არის პროცესი, რომელიც ხშირად წლებსაც მოიცავს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს. კვლევების მიხედვით 21-ე საუკუნეში ადამიანები საშუალოდ 3-ჯერ მაინც იცვლიან პროფესიას. ეს, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანებისთვის, რომლებიც ცვალებად, განვითარებად სამყაროში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ და, მეორე მხრივ, პროფესიის ხელახლა არჩევა, თუკი წინა პროფესია არასწორად აირჩიეთ, ნამდვილად დროის და ენერგიის ხარჯვაა.

უფრო კონკრეტულად – რისი ცოდნაა აუცილებელი არჩევნის გაკეთებამდე?

მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გამოყოფენ კარგი გადაწყვეტილების მიღების ოთხ მთავარ საფეხურს.
Øარსებული ალტერნატივების განხილვა – როდესაც მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, განიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი –  ყველა ის პროფესია, რომელიც გაინტერესებთ ან თქვენთვის შესაბამისი გგონიათ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, მაგალითად: „პრობლემის გადასაჭრელად ხომ არ არსებობს სხვა გზები?” „ხომ არ არსებობს გზები, რომლებზეც აქამდე არ მიფიქრია?”

Øშედეგების განხილვა: როდესაც არჩევანს რამდენიმე ალტერნარტივაზე (პროფესიაზე) გააკეთებთ, განიხილეთ თითოეული მათგანის უარყოფითი და დადებითი მხარეები.

Øინფორმაციის მოპოვება: მოიძიეთ საფუძვლიანი ინფორმაცია თითოეული შესაძლო ალტერნატივის (პროფესიის) შესახებ.

Øდაგეგმვა: როდესაც განხილული ალტერნატივებიდან (პროფესიებიდან) შეარჩევთ მხოლოდ ერთს, დაგეგმეთ ა) როგორ განახორციელებთ მიღებულ გადაწყვეტილებას და ბ) რას მოიმოქმედებთ, თუ განხორციელების პროცესში ნეგატიური შედეგები გამოვლინდება, რომლებიც თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ?

რა ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება გამოიყოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე? რამ შეიძლება განაპირობოს ის რისკი, რაზეც ზევით საუბრობდით – დროისა და ენერგიის დანაკარგს ვგულისხმობ…

არასწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ: 1. ახლობლების რჩევა  – ახალგაზრდები ხშირად პროფესიას ახლობლების რჩევით იღებენ. ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ ხშირად საერთოდ მშობლები წყვეტენ, რა პროფესიის უნდა გამოვიდეს შვილი. 2. მოდური პროფესიები – აბიტურიენტები ინტენსიურად აბარებენ რომელიმე ფაკულტეტზე, რომელიც მოდურად ითვლება მათ თაობაში, რეალურად კი შრომის ბაზარს არ სჭირდება ამდენი პროფესიონალი იმ მიმართულებით. 3. საინტერესო პროფესია – ხშირად პროფესიას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ მათთვის საინტერესოა. შეიძლება ინტერესი მართლაც მნიშვნელოვანი რამ იყოს, თუმცა მხოლოდ მასზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. ის, რომ მოგწონს რაიმე საქმე, არ ნიშნავს რომ მის შესრულებას შეძლებ. 4. პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა – მეტწილად ადამიანები კარგად არ იცნობენ იმ პროფესიებს, სადაც აბარებენ ან არ აქვთ ინფორმაცია სხვა ბევრი პროფესიის შესახებ, რომლებიც შეიძლება სწორედ რომ მათი შესაბამისი იყოს. 

როგორაა შესაძლებელი ამ რისკების შემცირება?

მოკლედ შევეცდები ამომწურავი პასუხის გაცემას. დავიწყოთ ინტერესებით – შესაძლებელია, რომელიმე პროფესია გვაინტერესებდეს და ამ მოტივით მივიღოთ გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად გასაანალიზებელია, რამდენად კარგად გვაქვს განვითარებული ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები და შესაძლებლობები. მაგალითად, შეიძლება მოგვწონდეს არქიტექტურა, თუმცა არ გვქონდეს კარგად განვითარებული სივრცითი უნარები, რაც გადამწყვეტია ამ პროფესიისთვის. შესაბამისად, უნდა შევარჩიოთ ის სფერო, რომელიც საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესაფერისია. ამიტომაა მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება. 

პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ – რა არის ჩვენთვის ღირებული, ანუ შევაფასოთ საკუთარი შრომითი ღირებულებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ღირებულია მატერიალური ანაზღაურება, ზოგისთვის საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა და ა.შ. უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ყველაზე ღირებული და შემდეგ უნდა მოვძებნოთ ის პროფესია, სადაც საკუთარი ღირებულებების დაკმაყოფილებას ყველაზე უკეთ შევძლებთ. მაგალითად თუ ჩვენთვის ღირებულია ადამიანების მართვა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა, აუცილებელი არ არის შევარჩიოთ შემოქმედებითი სფეროს რომელიმე პროფესია, რომელიც ძირითადად დამოუკიდებელ მუშაობას მოითხოვს, თუკი მატერიალური ინტერესი გვამოძრავებს, აუცილებელი არ არის ჩავაბაროთ მაგალითად, ფილოლოგიაზე, რომელიც საქართველოში სულაც არ არის შემოსავლიანი.

პროფესიის არჩევამდე აუცილებლად უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა პროფესია, რათა ზუსტად ვიცოდეთ  – თუ ამ პროფესიას ავირჩევთ, რა სამუშაოების შესრულება მოგვიწევს, როგორ გარემოში მოგვიწევს მუშაობა, როგორ სოციალურ წრეში ვიტრიალებთ და ა.შ. საქართველოში ეს ძალიან ხშირად ხდება პრობლემური პოსტფაქტუმ, რადგან ადამიანები ირჩევენ პროფესიას და სწავლის ან მუშაობის დაწყების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ამ პროფესიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ. შედეგად ვიღებთ არაპროდუქტულობას, კარიერულ წარუმატებულობას, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების კლებას და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი მიატოვებს ამ პროფესიას და სხვაგან შეეცდება რეალიზებას.

უმნიშვნელოვანესია ასევე შრომის ბაზრის შესწავლა. პროფესიული არჩევნის წინაშე მდგომი კარგად უნდა იცნობდეს შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს: იცოდეს როგორ ვითარდება ესა თუ ის პროფესია, დასაქმების რა შესაძლებლობები აქვს, იზრდება თუ მცირდება კონკრეტული პროფესიით დასაქმებულთა რაოდენობა, როგორია ამ პროფესიით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება… მსგავს ინფორმაციას ადამიანებს უნდა აწვდიდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა და მინიმუმ, ჩატარებული უნდა იყოს შრომის ბაზრის კვლევა, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არცერთი მიმართულებით არ არის ჩატარებული შესაბამისი სამუშაოები, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია. 

სწორედ ეს გახლავთ პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორების არასრული ჩამონათვალი. 

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს პროფესიას ან ინტერესის სფეროს?

გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი რესურსი იმის გასაცნობიერებლად, თუ რას გთავაზობთ გარემო. აუცილებლად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად, გამოიყენეთ სპეციალისტების დახმარება, გაესაუბრეთ თქვენთვის საინტერესო სფეროებში მოღვაწე ადამიანებს. გაიგეთ მეტი თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ და მიიღეთ გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი